მარია ანა ავსტრიელი (1738-1789)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანა ავსტრიელი
დაიბადა 6 ოქტომბერი, 1738
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 19 ნოემბერი, 1789, (51 წლის)
კლაგენფურტი, ავსტრია
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა
რელიგია კათოლიციზმი

მარია ანა ავსტრიელი (გერმ. Maria Anna von Österreich; დ. 6 ოქტომბერი, 1738, ვენა, ავსტრია — გ. 19 ნოემბერი, 1789, კლაგენფურტი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას უფროსი ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა დაიბადა 1738 წლის 6 ოქტომბერს ვენაში. იგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და მისი მეუღლის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის უფროსი ქალიშვილი. თავისი უფროსი დის გარდაცვალებიდან უმცროსი ძმის, ერცჰერცოგ იოზეფის დაბადებამდე, მარია ანა 1740-1741 წლებში იყო ჰაბსბურგთა უზარმაზარი მონარქიის ტახტის პირველი მემკვიდრე. ოჯახურ წრეში იგი „მარიანას“ სახელით იყო ცნობილი.

მართალია იგი მეტად ინტელექტუალი იყო, თუმცა დაბადებიდანვე ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულად აწუხებდა ზურგის პრობლემები, რაც შემდეგში ზურგის ტვინის სიმსივნეში გადაიზარდა. 1757 წელს მარია ანამ პნევმონია გადაიტანა, რამაც საგრძნობლად შეარყია მისი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მისმა ფიზიკურმა ნაკლოვანებებმა მისი ევროპელ მონარქზე დაქორწინება შეუძლებელი გახადა, უფრო დაბალი წოდების მქონე მამაკაცთან შეუღლებაზე კი ოჯახისაგან უარი მიიღო. იმ პერიოდის ევროპელი მონარქებისათვის ტახტის მემკვიდრის გაჩენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენდა, მარია ანას ჯანმრთელობა კი საეჭვოს ხდიდა მის ამ შესაძლებლობას.

დედოფალმა მარია ტერეზიამ, რომელმაც იცოდა, რომ მარია ანას გარდა კიდევ მრავალ მემკვიდრეს გააჩენდა, რომელთაც შემდგომში კარგად გამოიყენებდა პოლიტიკური კავშირებისათვის, თავისი უფროსი ქალიშვილის მდგომარეობის გამო სულაც არ მიეცა სასოწარკვეთას. მან გადაწყვიტა, რომ მარია ანასათვის სასულიერო განათლება მიეცა, რაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო კათოლიკე მონარქთათვის, როგორც პოლიტიკური კავშირები. ამრიგად, დედის გადაწყვეტილებით მარია ანა თავის და-ძმასთან: მარია ელიზაბეთთან და მაქსიმილიან ფრანცთან ერთად იღებდა სასულიერო განათლებას.

მოგვიანებით მარია ანა თავის დასთან ერთად აღიკვეცა მონაზვნად და მონასტერში გადასახლდა, სადაც რამდენიმე წელიწადში დები ერთმანეთს დაშორდნენ და საკმაოდ პრესტიჟული დედათა მონასტრების აბატისები გახდნენ.

როგორც ცნობილია, მარია ანა მამის საყვარელი შვილი იყო, რადგან იგი მასავით იზიარებდა სამეცნიერო ინტერესებს. სწორედ მარია ანამ მიიღო 1765 წელს, ფრანც შტეფანის დაღუპვის შემდეგ მისი მონეტების კოლექცია. ასევე მან დაწერა წიგნი დედის პოლიტიკაზე და მამის ექსპერიმენტებზე ქიმიასა და ფიზიკაში. მოგვიანებით, იგნას ფონ ბორნის დახმარებით მან არქეოლოგია და მხატვრობაც შეისწავლა.

მარია ანა გარდაიცვალა 1789 წლის 19 ნოემბერს კლაგენფურტში, 51 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brigitte Hamann (1990), "Maria Anna", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 16, Berlin: Duncker & Humblot, pp. 191–192;
  • Thea Leitner: Habsburgs vergessene Kinder. Piper, München 1996, ISBN 3-492-21865-2
  • Friedrich Weissensteiner: Die Töchter Maria Theresias. Kremayer & Scheriau, Wien 1991, ISBN 3-218-00591-4
  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Anna (1738–1789) in: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich, vol. 7. Imperial and Royal Court and State Printing House, Vienna 1861, p 26.