კუნიგუნდა ავსტრიელი
კუნიგუნდა ავსტრიელი | |
---|---|
ბავარიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 3 იანვარი, 1487 |
მმართ. დასასრული: | 18 მარტი, 1508 |
წინამორბედი: | ჰედვიგია იაგელონი |
მემკვიდრე: | მარია ბადენ-სპონჰაიმელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 მარტი, 1465 |
დაბ. ადგილი: | ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 6 აგვისტო, 1520, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარია |
მეუღლე: | ალბერტ IV, ბავარიის ჰერცოგი |
შვილები: | შვიდი შვილი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფრიდრიხ III, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | ელეანორა პორტუგალიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კუნიგუნდა ავსტრიელი (გერმ. Kunigunde von Österreich; დ. 16 მარტი, 1465, ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია — გ. 6 აგვისტო, 1520, მიუნხენი, ბავარია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და დედოფალ ელეანორა პორტუგალიელის ქალიშვილი. იმპერატორ მაქსიმილიან I-ის უმცროსი და. ბავარიის ჰერცოგინია 1487-1508 წლებში როგორც ალბერტ IV-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნიგუნდა დაიბადა 1465 წლის 16 მარტს ვინერ-ნოიშტადტში, ავსტრიაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორა პორტუგალიელის ასული. მას მხოლოდ ერთი უფროსი ძმა ჰყავდა მაქსიმილიანის სახით. იგი თავიდან ვინერ-ნოიშტადტში იზრდებოდა, თუმცა შემდეგ გრაცის კარზე გააგზავნეს, რათა მანერები და ეტიკეტი ესწავლა. მისი განათლება მხოლოდ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით შემოიფარგლებოდა, როგორებიცაა: წერა-კითხვა, მათემატიკა, ნადირობა, ცხენით ჯირითი, ქარგვა და ასტრონომია.
თავისი დროის ევროპელი პრინცესების მსგავსად, კუნიგუნდაც ადრეული ასაკიდანვე მონაწილეობდა სამეფო კარის ინტრიგებში. მასზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა იქონია დედამისმა, დედოფალმა ელეანორამ, რომლის „საყვარელ საქმიანობასაც“ სწორედ ინტრიგების ხლართვა წარმოადგენდა. 1470 წელს კუნიგუნდას ხელი უნგრეთისა და ხორვატიის მეფე მატიაშ ჰუნიადმა ითხოვა. ქალიშვილის სანაცვლოდ ფრიდრიხმა მას ბოჰემიისა და სან-სტეფანოს მიწები მოსთხოვა, რაზეც უარის მიღების შემდეგ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა.
1480 წელს ფრიდრიხის „მდიდარ“ საიმპერატორო კარს ბავარიის ჰერცოგი გეორგი ეწვია. საზეიმო დახვედრის შემდეგ მამამისმა კუნიგუნდა მისივე უსაფრთხოებისათვის გააგზავნა გრაცში, გრაფ ულრიხ III გრაცელის თანხლებით. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვენაში მართლაც იგეგმებოდა იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულება, სამეფო ოჯახი ლინცში გადავიდა. ამ დროს მამამისმა კუნიგუნდა ინსბრუკში გააგზავნა თავის ბიძაშვილთან, ერცჰერცოგ ფრიდრიხთან.
ინსბრუკში კუნიგუნდა შეხვდა ჰერცოგ გეორგის ვაჟს, ბავარია-მიუნხენის მმართველ ალბერტ IV-ს, რომელიც მასზე 18 წლით უფროსი იყო. მიუხედავად ამ ასაკობრივი სხვაობისა, წყვილი მალე დაახლოვდა და იმპერატორის ნებართვის შემდეგ 1487 წლის 2 იანვარს დაიწერეს ჯვარი. როგორც ცნობილია, იმპერატორი თავიდან თანახმა არ იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც უარის საპასუხოდ ბავარიელებმა რეგენსბურგი დაიკავეს იგი დასთანხმდა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოფბურგის სასახლეში დასახლდა, ისევ იმპერატორის ნების საწინააღმდეგოდ. მოგვიანებით კუნიგუნდას ძმამ, ერცჰერცოგმა მაქსიმილიანმა მამასა და სიძეს შორის შუამავლობა ითავა, რათა სამოქალაქო ომი თავიდან აეცილებინათ.
მოგვიანებით კუნიგუნდა ქმართან ერთად გადასახლდა ბავარიაში, სადაც 1493 წელს თავისი მეოთხე შვილი და პირველი ვაჟი გააჩინა. ამავე წელს დაიღუპა იმპერატორი ფრიდრიხ III და ტახტი მაქსიმილიან I-მა დაიკავა, რის შემდეგაც ბავარიასა და ავსტრიას შორის ურთიერთობები შედარებით დათბა. მიუხედავად ბავარიაში ცხოვრებისა, კუნიგუნდა კვლავ ეპოტინებოდა ვენას და ცდილობდა თავისი ინტრიგებით კვლავ მოეხდინა გავლენა სახელმწიფოს მართვაზე. მას ასევე მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის ძმასთან, იმპერატორ მაქსიმილიან I-თან.
1508 წლის 18 მარტს მისი მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც კუნიგუნდამ დატოვა მიუნხენის სამეფო კარი და პიუტრიხის დედათა მონასტერში გადასახლდა, რომელსაც მანამდე თავად აფინანსებდა. მან სწორედ აქ გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1520 წლის 6 აგვისტოს, 55 წლის ასაკში. იგი მოესწრო თავისი ძმისა და მისი ვაჟის, ფილიპე I-ის გარდაცვალებასა და ტახტზე მაქსიმილიანის შვილიშვილის, კარლ V-ის ასვლას.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიდონია (1488-1505), დანიშნული იყო პფალცის კურფიურსტ ლუდვიგ V-ზე, თუმცა ქორწილამდე გარდაიცვალა;
- სიბილა (1489-1519), ცოლად გაჰყვა პფალცის კურფიურსტ ლუდვიგ V-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- საბინა (1492-1564), ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის ჰერცოგ ულრიხ I-ს, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
- ვილჰელმ IV (1493-1550), ბავარიის ჰერცოგი 1508-1550 წლებში. მარია იაკობა ბადენელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
- ლუდვიგ X (1495-1545), ძმის თანამმართველი და ბავარიის ჰერცოგი 1508-1545 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ერნესტი (1500-1560), ზალსბურგის არქიეპისკოპოსი;
- სუსანა (1502-1543), პირველად იქორწინა ბრანდენბურგის მარკგრაფ კაზიმირზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ნოიბურგის პფალცგრაფ ოტო ჰაინრიხზე. მას ხუთი შვილი ჰყავდა, თუმცა მხოლოდ პირველი ქმრისგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Constantin von Wurzbach: Habsburg, Kunigunde von Oesterreich. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 404–406 (Digitalisat).
- Karl Möckl: Kunigunde, Herzogin von Bayern. In: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger. Ein biographisches Lexikon. Ueberreuter, Wien 1988, ISBN 3-8000-3247-3, S. 238–240.
- Thea Leitner: Blutige Mitgift. Kunigunde 1465–1520. In: Habsburgs verkaufte Töchter. Piper, München und Zürich 1994, ISBN 3-492-11827-5, S. 9–56
- Karina Graf: Kunigunde, Erzherzogin von Österreich und Herzogin von Bayern-München (1465–1520). Eine Biographie. Dissertation, Universität Mannheim 2000
|