შინაარსზე გადასვლა

მარია კრისტინა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია კრისტინა ესპანელი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1833
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 1902, (68 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსა
შვილ(ებ)ი ფრანსისკო, მარჩენას ჰერცოგი
პედრო, დურკალის ჰერცოგი
ლუისი, ანსოლას ჰერცოგი
ალფონსო
გაბრიელი
მშობლები მამა: ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი
დედა: ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი

მარია კრისტინა ესპანელი (ესპ. María Cristina de España; დ. 5 ივნისი, 1833 — გ. 19 იანვარი, 1902) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის მული და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამიდა. ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტა როგორც სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსას მეორე ცოლი და მისი ხუთი ვაჟის დედა.

მარია კრისტინა დაიბადა 1833 წლის 5 ივნისს მადრიდში. იგი იყო კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უმცროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-პაპა ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი მარია ლუიზა პარმელი, ხოლო დედის მხრიდან ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და მისი მეორე ცოლი, დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი იყვნენ.

მარია კრისტინას უფროსი ძმა, ფრანსისკო დე ასისი, რომელიც 1846 წელს დაქორწინდა ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ზე.

1860 წლის 19 ნოემბერს იგი ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე კარლ III-ის შვილთაშვილსა და პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ის შვილიშვილს, ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტ სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსას. სებასტიანი აქამდე დაქორწინებული იყო მარია კრისტინას დეიდაზე, მარია ამალია დე ბურბონ-სიცილიელზე, რომელიც უშვილოდ გარდაიცვალა. თავისი მემკვიდრული უფლებების გამო ესპანეთის ტახტზე, სებასტიანს კონფლიქტი ჰქონდა როგორც პორტუგალიის მეფესთან, ასევე ესპანეთის დედოფალ-რეგენტ მარია კრისტინა სიცილიელთან. თუმცა, სებასტიანი და მარია კრისტინა სამეფო კარზე ცხოვრობდნენ, როგორც დედოფალ ისაბელ II-ის ბიძაშვილები.

1868 წელს ესპანეთში მონარქიის დამხობასთან ერთად, მარია კრისტინამ და მისმა ოჯახმა დატოვა ესპანეთი და საფრანგეთში გაიქცა. სწორედ აქ, 1875 წელს გარდაიცვალა სებასტიანი. შემდგომში, ესპანეთში ბურბონთა რესტავრაციასთან ერთად, მარია კრისტინა ესპანეთში დაბრუნდა და სამეფო კარზე დასახლდა, სადაც 1902 წელს გარდაიცვალა 68 წლის ასაკში.

  1. ფრანსისკო (1861-1923), ცოლად შეირთო მარია დელ პილარ დე მახუირო;
  2. პედრო (1862-1892), ცოლად შეირთო მარია დე ლა კარიდად დე მადანი;
  3. ლუისი (1864-1889), ცოლად შეირთო მარია ანა ბერნალდო დე კიროს ი მუნიოსი;
  4. ალფონსო (1866-1934);
  5. გაბრიელი (1869-1889);
  • Lundy, Darryl. "The Peerage: Maria Cristina de Borbón, Infanta de España". Retrieved 28 July 2010.