ჟანუარია ბრაზილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟანუარია ბრაზილიელი
წოდებები
ბრაზილიის პრინცესა
აკულიის გრაფინია
დაიბადა 11 მარტი, 1822
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
გარდაიცვალა 13 მარტი, 1901, (79 წლის)
ნიცა, საფრანგეთი
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) ლუდოვიკო, აკულიის გრაფი
შვილ(ებ)ი ოთხი შვილი
მამა პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი
დედა მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

ჟანუარია ბრაზილიელი (პორტ. Januária de Brazil, იტალ. Gennara di Braganza; დ. 11 მარტი, 1822 — გ. 13 მარტი, 1901) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და დედოფალ მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის ქალიშვილი. ბრაზილიისა და პორტუგალიის პრინცესა. აკულიის ჰერცოგინია როგორც პრინც ლუდოვიკო სიცილიელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანუარია დაიბადა 1822 წლის 11 მარტს სან-კრისტობალის სასახლეში, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში. იგი იყო პორტუგალიის დევნილი პრინცის, პედრუ დე ბრაგანსასა და მისი პირველი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის უმცროსი ქალიშვილი. მისი დაბადებისას პორტუგალიის სამეფო ოჯახი ნაპოლეონის ომების გამო ბრაზილიაში იყო გაქცეული, ჟანუარია კი ბრაზილიის დამოუკიდებლობამდე სულ რამდენიმე თვით ადრე დაიბადა. ამ დროს მამამისი, პედრუ I ბრაზილიის იმპერატორი გახდა. ვინაიდან მისი დაბადება და დამოუკიდებლობის მიღება თითქმის დაემთხვა ერთმანეთს, ჟანუარიამ მეტსახელად „დამოუკიდებლობის პრინცესა“ მიიღო.

1826 წელს დედამისი, იმპერატრიცა მარია ლეოპოლდინა გარდაიცვალა და ჟანუარია დაობლდა. 1829 წელს პედრუ I-მა მეორედ იქორწინდა ამალია ლოიხტენბერგელზე, რომლის ზემოქმედებითაც იმპერატორმა ჟანუარია თავის უფროს ქალიშვილს, პორტუგალიის დედოფალ მარია II-ს გაუგზავნა აღსაზრდელად. მარია II ჟანუარიას უფროს, ღვიძლ დად ერგებოდა და იმდენად დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო მათ შორის, რომ მარია მას თავისუფლად ერგებოდა დედად. 1831 წელს, ცხრა წლის ჟანუარიამ თავის დებთან, ფრანცისკასა და პაულასთან ერთად დატოვა რიო-დე-ჟანეირო და ლისაბონში გაემგზავრა, სადაც მიიღო განათლება და ხუთ წელიწადში კვლავ ბრაზილიაში დაბრუნდა. ამ დროს ბრაზილიის იმპერატორი უკვე მისი ღვიძლი ძმა, პედრუ II იყო.

პედრუ I-ის მმართველობის პერიოდში ბრაზილიაში გახშირდა საიმპერატორო ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებდა. ის აზრიც კი მუსირებდა, რომ პედრუ II ჩამოეგდოთ და ხელისუფლების სათავეში ჟანუარია დაესვათ, რომელიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჟანუარიამ განაცხადა, რომ არ სურდა აეღო პოლიტიკური ტვირთი და მის ძმას მშვიდობიანი მმართველობაც უსურვა.

1841 წლიდან პედრუ II-მ ევროპის სამეფო კარებთან დაიწყო ჟანუარიას საქორწინო მოლაპარაკებები. ეს უფრო იმითაც იყო გამოწვეული, რომ პედრუს მისი ბრაზილიიდან რაც შეიძლება შორს ყოფნა სურდა. ამავე წელს საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა სავოიელებთან, თუმცა მალევე დაიწყო იტალიელებთან. 1844 წელს ჟანუარია დაქორწინდა ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის უმცროს ვაჟზე, აკულიის გრაფ ლუდოვიკო დე ბურბონზე, რომელიც პედრუ II-ის ცოლის, იმპერატრიცა ტერეზა კრისტინას ძმა იყო.

1845 წელს, პედრუ II-ის ვაჟის, აფონსუს დაბადებასთან ერთად ჟანუარიამ საბოლოოდ დაკარგა ბრაზილიის მემკვიდრეობა. 1860 წელს, სავოიელებმა ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით დაამხეს ჟანუარიას მაზლის, მეფე ფრანჩესკო II-ს მმართველობა და სავოიური დინასტიის ქვეშ გააერთიანეს მთელი იტალია. ამის გამო სიცილიელმა ბურბონებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა სასწრაფოდ დატოვეს და ძირძველ სამშობლოს, ანუ საფრანგეთს შეაფარეს თავი. ჟანუარია თავის ქმარ-შვილთან ერთად საფრანგეთში, ნიცაში დასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები. ჟანუარია ბრაზილიელი გარდაიცვალა 1901 წლის 13 მარტს, 79 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუიჯი (1845-1909), როკაგულიელმას გრაფი, ცოლად შეირთო მარია ამალია ბელოვ-ჰამელი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  2. მარია იზაბელა (1846-1859), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ფილიპო (1847-1922), ცოლად შეირთო ფლორა ბუნენი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  4. მარია ემანუელა (1851), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Carlos Sarthou, Relíquias da cidade do Rio de Janeiro, Livraria Atheneu, 1965, p. 110 (Lire en ligne [archive]).
  • Collectif, Revista do Instituto Histórico e Geográfico Brasileiro, volumes 283 à 284, Instituto Histórico e Geográfico Brasileiro, 1970, p. 69 Lire en ligne [archive])
  • James McMurtry Longo, Isabel Orleans-Bragança: The Brazilian Princess Who Freed the Slaves, McFarland & Company, Inc., Jefferson, Caroline du Nord, 2008, p. 75-76.
  • Paul Bauer, Deux siècles d'histoire au Père Lachaise, Mémoire et Documents, 2006 (ISBN 978-2914611480), p. 139
  • La jeune femme étant une roturière américaine d'origine juive, le mariage du prince Louis est désapprouvé par sa famille. Voir Isidore Cahen (dir.), Archives israélites, revue politique, religieuse et littéraire, tome XXX, 1869, p. 358-359 (Lire en ligne [archive])