შინაარსზე გადასვლა

მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი
სარდინიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 თებერვალი, 1773
მმართ. დასასრული: 19 სექტემბერი, 1785
წინამორბედი: ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელი
მემკვიდრე: მარი კლოტილდა ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 ნოემბერი, 1729
დაბ. ადგილი: სევილია, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1785 (55 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, სარდინია
დაკრძ. ადგილი: სუპერგის ბაზილიკა, ტურინი
მეუღლე: ვიტორიო ამადეო III, სარდინიის მეფე
შვილები: 12 შვილი
სრული სახელი: მარია ანტონია ფერნანდა დე ბურბონ ი ფარნეზე
დინასტია: ბურბონები
მამა: ფილიპე V, ესპანეთის მეფე
დედა: ისაბელ ფარნეზე
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი (ესპ. María Antonia Fernanda de España; იტალ. Maria Antonia Fernanda di Spagna; დ. 17 ნოემბერი, 1729, სევილია, ესპანეთის სამეფო — გ. 19 სექტემბერი, 1785, ტურინი, სარდინიის სამეფო) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ნაბოლარა ქალიშვილი. სარდინიის დედოფალი 1773-85 წლებში როგორც ვიტორიო ამადეო III-ის მეუღლე. სარდინიის ორი მეფის, კარლო ემანუელე IV-ისა და ვიტორიო ემანუელე I-ის დედა.

მარია ანტონია დაიბადა 1729 წლის 17 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ სევილიის ალკასარის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ნაბოლარა ქალიშვილი. მარია ანტონია წესით მადრიდში უნდა დაბადებულიყო, თუმცა სევილიაში იმიტომ დაიბადა, რომ ამ დროს ხდებოდა ანგლო-ესპანური ომის დასრულების დამადასტურებელი ხელშეკრულების დადება და ორსულ დედოფალს მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო. 1733 წელს იგი მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ღვიძლ, ისე ნახევარ და-ძმებთან. როგორც ესპანეთის მეფის ასული, იგი ატარებდა მისი სამეფო უმაღლესობა ესპანეთის ინფანტას წოდებას.

ფრანგულ და ესპანურ სამეფო კარებს შორის იგეგმებოდა ორმაგი დინასტიური ქორწინება, რის მიხედვითაც მარია ანტონია ცოლად გაჰყვებოდა საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს, ხოლო მარია ანტონიას ძმა, ინფანტი ფილიპე ცოლად შეირთავდა საფრანგეთის პრინცესა ლუიზ ელიზაბეტ ფრანგს. დედოფალი ისაბელ ფარნეზე ამ ქორწინებას დათანხმდა, თუმცა დაჟინებით მოითხოვდა, რომ სანამ მარია ანტონია მოწიფულ ასაკამდე არ მიაღწევდა არ გაეთხოვებინათ. ინფანტას ხელს ასევე ითხოვდა საქსონიის კურფიურსტის ვაჟიც. 1739 წელს შედგა ინფანტი ფილიპესა და ლუიზ ელიზაბეტ ფრანგის ქორწინება, ასაკთა გათვალისწინებით კი საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს მარია ანტონიას უფროსი და, ინფანტა მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი მიათხოვეს. 1745 წელს მარია ტერეზა რაფაელა გარდაიცვალა. მომავალ წელს მისმა ძმამ, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI-მ ლუისა და მარია ანტონიას ქორწინების საკითხი წამოჭრა, თუმცა ლუი XV-მ ეს წინადადება უარყო, როგორც ინცესტი. ამის ნაცვლად მეფე ლუიმ თავისი ვაჟს მიათხოვა მარია ჟოზეფა საქსონიელი.

სავოიის ჰერცოგინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1750 წლის 12 აპრილს მადრიდში შედგა მარია ანტონიასა და სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო III-ის ქორწინება, რომელიც სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III-ის ვაჟი იყო. ეს ქორწინება ფერდინანდ VI-მ სარდინიასთან კავშირის გასამყარებლად გამოიყენა, რომელიც მიმართული იყო ავსტრიის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში ჰაბსბურგების წინააღმდეგ. როგორც საქორწინო საჩუქარი, ვიტორიო ამადეომ ახალ მეუღლეს ნება დართო ტურინის სამეფო სასახლე თავისი გემოვნებით გაერემონტებინა, რისთვისაც მას საუკეთესო არქიტექტორი დაუქირავა. მარია ანტონიას ესპანელებმა მზითვში 3 500 000 პიემონტური ლივრი და მილანის საჰერცოგოს ნახევარი გაატანეს.

ქორწინება უიღბლო იყო და ორივე მათგანი სიცოცხლის ბოლომდე უსიყვარულოდ და უხალისოდ ცხოვრობდა. მათი ბედნიერი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ბანკეტებზე ცეკვით გამოიხატებოდა. სავოიის ახალმა ჰერცოგინიამ ქვეყანაში უმკაცრესი ესპანური ეტიკეტი და დისციპლინა შემოიტანა. იგი ძალიან რელიგიური, ცივი და მორცხვი იყო. მან თორმეტი შვილი გააჩინა, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, გადარჩენილთაგან კი მხოლოდ ორს შეეძინა შვილები. მისი შთამომავლები არიან რუმინეთის, ლუქსემბურგის, პარმისა და ავსტრიის მონარქები.

სარდინიის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1773 წელს გარდაიცვალა მარია ანტონიას მამამთილი, სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III, რის შემდეგაც მარია ანტონია და მისი ქმარი სარდინიის მეფე-დედოფალი გახდნენ. მიუხედავად ამისა, 1741 წლიდან მოყოლებული, რაც მისი დედამთილი, დედოფალი ელიზაბეთ ტერეზა ლოთარინგიელი დაიღუპა, მარია ანტონია ისედაც იყო სარდინიის პირველი ლედი. 1775 წელს მისი უფროსი ვაჟი კარლო ემანუელე დააქორწინეს საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის დაზე, პრინცესა მარი კლოტილდ ფრანგზე. მარი კლოტილდი და მარია ანტონია მალევე ძალიან დაახლოვდნენ. დედოფალი მარია ანტონია გარდაიცვალა 1785 წლის 19 სექტემბერს, დაკრძალეს ქალაქ ტურინის სუპერგის ბაზილიკაში, ვიტორიო ამადეო ცოლის სიკვდილიდან 11 წელიწადში გარდაიცვალა.

  1. კარლო ემანუელე IV (დ. 24 მაისი 1751 - გ. 6 ოქტომბერი 1819), სარდინიის მეფე, 1773 წელს იქორწინა ლუი XV-ის ქალიშვილ მარი კლოტილდ ფრანგზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. მარია ელისაბეტა კარლოტა (დ. 16 ივლისი 1752 - გ. 17 აპრილი 1753), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. მარია ჯუზეპინა ლუიჯია (დ. 2 სექტემბერი 1753 - გ. 13 ნოემბერი 1810), 1771 წელს ცოლად გაჰყვა პროვანსის გრაფ ლუი დე ბურბონს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  4. ამადეო ალესანდრო (დ. 5 ოქტომბერი 1754 - გ. 29 აპრილი 1755), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. მარია ტერეზა (დ. 31 იანვარი 1756 - გ. 2 ივნისი 1805), 1773 წელს დაქორწინდა არტუას გრაფ შარლ დე ბურბონზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  6. მარია ანა კაროლინა გაბრიელა (დ. 17 დეკემბერი 1757 - გ. 11 ოქტომბერი 1824), 1775 წელს ცოლად გაჰყვა პიემონტის პრინც ბენედეტო სავოიელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია.
  7. ვიტორიო ემანუელე I (დ. 24 ივლისი 1759 - გ. 10 იანვარი 1824), სარდინიის მეფე, 1789 წელს ცოლად შეირთო მარია ტერეზა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
  8. მარია კრისტინა ფერდინანდა (დ. 21 ნოემბერი 1760 - გ. 19 მაისი 1768), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. მაურისიო (დ. 13 დეკემბერი 1762 - გ. 1 სექტემბერი 1799), გარდაიცვალა დაუქორწინებელი მალარიით;
  10. მარია კაროლინა ანტუანეტა ადელაიდა (დ. 17 იანვარი 1764 - გ. 28 დეკემბერი 1782), 1781 წელს ცოლად გაჰყვა საქსონიის პრინც ანტონ ვეტინს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  11. კარლო ფელიჩე (დ. 6 აპრილი 1765 - გ. 27 აპრილი 1831), 1807 წელს დაქორწინდა მარია კრისტინა ნეაპოლელზე, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  12. ჯუზეპე (დ. 5 ოქტომბერი 1766 - გ. 29 ოქტომბერი 1802), გარდაიცვალა დაუქორწინებელი მალარიით.
  • 17 ნოემბერი 1729 - 31 მაისი 1750: მისი სამეფო უდიდებულესობა ინფანტა დონა მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი
  • 31 მაისი 1750 - 20 თებერვალი 1773: მისი სამეფო უდიდებულესობა სავოიის ჰერცოგინია
  • 20 თებერვალი 1773 - 19 სექტემბერი 1785: მისი უმაღლესობა სარდინიის დედოფალი
  • Morselli. Mario: Amedeo Avogadro, a scientific biography, Springer, 1984, p 6.
  • Armstrong. Edward: Elisabeth Farnese: The Termagant of Spain, 1892, p. 256.
  • Kamen. Henry:Philip V of Spain. The King who Reigned Twice, Yale University Press, New Haven, 2001, p. 191.
  • La temi veneta contenente magistrati, 1770, p. 26.
  • van de Pas, Leo. "Maria Antonietta of Spain". Genealogics .org. Retrieved 2010-09-10.
  • Rozoir, Charles du:Le dauphin, fils de Louis XV et père de Louis XVI et de Louis XVIII, 1815, p. 56.
  • Beatson. Robert: A political index to the histories of Great Britain and Ireland Volume 2, G. G. J. & J. Robinson, 1788, p. 360.
  • Nichols. John: Gentleman's magazine and historical chronicle, Volume 20, E. Cave, 1750, p. 236.
  • Coxe, William: Memoirs of the kings of Spain of the House of Bourbon, Longman, Hurst, Rees, Orme, and Brown, 1815, p. 72.
  • Campbell. John: The present state of Europe, London, 1761, p. 341.
  • Artemont. Louis Leopold d' :A sister of Louis XVI, Marie Clotilde of France, Queen of Sardinia (1759–1802), 1911, p. 111, 190.
  • Bertolotti. Davide:Istoria della R. Casa di Savoia, Antonio Fontana, 1830, p. 289.