კარლოტა ხოაკინა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლოტა ხოაკინა ესპანელი
Carlota Joaquina.jpg
პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი 1816
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი 1822
წინამორბედი: მარია ბრაგანსა
მემკვიდრე: მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
პორტუგალიისა და ალგარვეს დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 7 სექტემბერი 1822
მმართ. დასასრული: 10 მარტი 1826
წინამორბედი: მარიანა ვიქტორია ესპანელი
მემკვიდრე: მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
ბრაზილიის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 15 ნოემბერი 1825
მმართ. დასასრული: 10 მარტი 1826
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აპრილი 1775
დაბ. ადგილი: არანხუესი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 7 იანვარი 1830, (54 წლის)
გარდ. ადგილი: სინტრა, პორტუგალია
დაკრძ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ჟუან VI, პორტუგალიის მეფე
შვილები: მარია ტერეზა, ბეირას პრინცესა
ანტონიო
მარია ისაბელი, ესპანეთის დედოფალი
პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი
მარია ფრანსისკა, მონილას გრაფინია
მიგელ I, პორტუგალიის მეფე
მარია
ანა
სრული სახელი: კარლოტა ხოაკინა ტერეზა კაიეტანა დე ბურბონ ი ბურბონ-პარმა
დინასტია: ბურბონები
მამა: კარლ IV, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ლუიზა პარმელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Assinatura D. Carlota Joaquina, 1823.svg

კარლოტა ხოაკინა ესპანელი (ესპ. Carlota Joaquina de España, პორტ. Carlota Joaquina de Espahna; დ. 25 აპრილი, 1775 — გ. 7 იანვარი, 1830) — ბურბონთა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა დაბადებით, პორტუგალიისა და ალგარვეს დედოფალი, ბრაზილიის იმპერატრიცა ქორწინებით.

ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უფროსი ქალიშვილი. 1785 წლის 10 მაისს დაქორწინდა პორტუგალიის დედოფალ მარია I-ისა და პედრუ III-ის ვაჟზე, ბეჟას ჰერცოგ ჟუან დე ბრაგანსაზე. მათი ქორწინებით გამყარდა ესპანეთ-პორტუგალიის ალიანსი.

პორტუგალიაში ჩასვლიდან მალევე ხალხის დიდი ზიზღის ობიექტი გახდა, თუმცა მან შეძლო, გადააბიჯა საზოგადოების ანტიპათიას და ქმარზე გავლენის მოხდენით იცავდა ესპანეთის ინტერესებს.

პორტუგალიის სამეფო კარიდან ბრაზილიაში გაქცევის შემდეგ კარლოტა ხოაკინამ ქმრის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დაიწყო და აცხადებდა, რომ ჟუანი ფსიქიკურად არ იყო ჯანმრთელი, ის ვერ შესძლებდა პორტუგალიის დაბრუნებას, რის გამოც იგი რეგენტად უნდა ეცნოთ. მან მართლაც შეძლო და დაიბრუნა პორტუგალიის ტახტი. ამბიციურმა კარლოტა ხოაკინამ ასევე თავის ძმიშვილს დაუბრუნა ესპანეთის გვირგვინი, რომელიც მას ნაპოლეონმა წაართვა და თავის ძმას - ჟოზეფ ბონაპარტეს დაადგა თავზე.

1817 წელს, ჟუანმა დააქორწინა ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი და თავისი ვაჟი პედრუ, რაზეც კარლოტა ხოაკინა განრისხდა. 1821 წლიდან იგი მარტო გადავიდა კელუზოს სასახლეში, სადაც 1830 წელს გარდაიცვალა ყველასგან მიტოვებული.

გარდაცვალების შემდეგ, კარლოტა ხოაკინა ბრაზილიურ და პორტუგალიურ კულტურაში მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა გახდა. მასზე დაიწერა უამრავი წიგნი, გადაიღეს ფილმები და დადგეს სპექტაკლები. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იმის მიზეზი, რომ იგი ყველას სძულდა, იყო მისი ძალიან უხეში და ზედაპირული ხასიათი.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლოტა ხოაკინა 1775-76 წლებში

კარლოტა ხოაკინა დაიბადა 1775 წლის 25 აპრილს არანხუესის სამეფო სასახლეში. იგი იყო ასტურიის პრინც კარლ დე ბურბონისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ლუიზა პარმელის უფროსი ქალიშვილი. იგი მოინათლა კარლოტა ხოაკინა ტერეზა კაიეტანას სახელით. მას სახელი ბაბუის, კარლ III-ის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მისი საყვარელი შვილიშვილი გახდა. მიუხედავად სუსტი განათლებისა და სამეფო ეტიკეტის ცუდად ცოდნისა, ინფანტა კარლოტა აღწერილია, როგორც არაჩვეულებრივი და სასიამოვნო.

მან მიიღო მკაცრად ღრმა კათოლიკური განათლება. იგი შეისწავლიდა რელიგიას, გეოგრაფიას, უცხო ენებს, მხატვრობასა და ცხენით ჯირითს. ესპანეთის სამეფო ოჯახი დახურული და ძალიან მკაცრი იყო. აქ ყველა თავშეკავებულად და ეტიკეტის ზუსტი დაცვით მოქმედებდა. მეფე კარლ III ძალიან თავშეკავებული კაცი იყო და მასზე დიდი გავლენა ჰქონდა რძალს, კარლოტას დედას — მარია ლუიზა პარმელს. კარლოტას დედამ სამეფო კარზე მალევე აამოქმედა გასართობი ოთახები, ძვირადღირებული ბაზრობები და საოცარი ბანკეტები, "სადაც მორალის დავიწყება ძალიან მარტივი იყო". მალევე სამეფო კარზე სკანდალი აგორდა, რომ მარია ლუიზას საყვარელი ჰყავდა. ამას ემატებოდა, ისიც, რომ 1784 წლამდე ვაჟს ვერ აჩენდა. იგი ესპანეთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული დედოფალია. მისი ცუდი რეპუტაცია კი ყველაზე ძლიერ მის უფროს ქალიშვილ კარლოტას შეეხო.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფანტა კარლოტა ხოაკინა 1784 წელს

კარლოტა ხოაკინას ქორწინება აუცილებელი საქმე იყო. ამ საკითხის მოგვარება თავის თავზე კარლ III-მ და მისმა დამ, პორტუგალიის მეფის ქვრივმა — მარიანა ვიქტორია ესპანელმა აიღეს. მარიანა ვიქტორია ესპანეთში ჩავიდა, რათა დინასტიური ქორწინებებით ესპანეთისა და პორტუგალიის კავშირი გაემყარებინა. დაიგეგმა ორმაგი დინასტიური ქორწინება. კარლოტა ხოაკინა ცოლად მიჰყვებოდა პორტუგალიის ინფანტ ჟუან დე ბრაგანსას, დედოფალ მარია I-ის ვაჟს, ხოლო კარლოტა ხოაკინას ბიძას, ინფანტ მიგელ დე ბურბონს ცოლად რთავდნენ პორტუგალიის ინფანტა მარიანა ვიქტორია დე ბრაგანსას.

კარლოტამ სანამ პორტუგალიის მომავალ მეფეზე დაქორწინდებოდა, ესპანეთის სამეფო კარზე დიდი შემოწმება გაიარა. ესპანელების შემდეგ, დედოფალმა მარია I-მა მადრიდში ელჩობა გაგზავნა, რათა შეემოწმებინათ მისი სარძლო. 1785 წლის ოქტომბერში ლისაბონის გაზეთმა გამოაქვეყნა კარლოტას გამოცდის შემდგომი, ელჩის მიერ დაწერილი დახასიათება:

ვიკიციტატა
„ყველაფერი ისეთი იდეალურია, არ შემიძლია არ გამოვხატო აღფრთოვანება, რომელიც ასეთი მცირეწლოვანი გოგონათია გამოწვეული, მაგრამ... მას არ აქვს რაიმე ღვთისგან ნაბოძები ნიჭი, რაც მას უფრო დიდებულად აქცევდა. თუმცა მას ყველაფერი კარგად ესმის და ამახსოვრდება, რის გამოც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასში ნიჭიერება მალე გამოიღვიძებს, მიუხედავად ამისა იგი დიდებული ადამიანია და დიდ სარგებელსაც მოუტანს ჩვენს ქვეყანას“

პატარძლის ტალანტის დამტკიცების შემდეგ მის პორტუგალიის პრინცთან ქორწინებას უკვე აღარაფერი აყოვნებდა, ამიტომაც 1785 წლის 8 მაისს შედგა მათი მარიონეტული ქორწინება. სამი დღის შემდეგ, 11 მაისს 10 წლის კარლოტამ ამალითურთ დატოვა მადრიდი და ლისაბონისკენ გაემართა. კარლოტა ხოაკინამ დედამისს სთხოვა, რომ გამგზავრებისას მისთვის ზუსტად ისეთი კაბა ჩაეცმია, როგორიც ერთ დროს მარგარიტა ტერეზა ესპანელს ეცვა ავსტრიაში გამგზავრების წინ (რომელიც კარლოტაზე ბევრად ლამაზი ქალი იყო). ოფიციალური საქორწინო ცერემონიალი 1785 წლის 9 ივნისს შედგა ლისაბონში. ამ დროს კარლოტა მხოლოდ 11 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 18-ის. პატარძლის მცირეწლოვანების გამო წყვილის სქესობრივი ურთიერთობა 1790 წლის 9 იანვრამდე გადაიდო, რის შემდეგაც კარლოტა დაფეხმძიმდა და გოგონა გააჩინა.

ცხოვრება პორტუგალიის სამეფო კარზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლოტა ხოაკინა 1787 წელს

პორტუგალიის სამეფო კარი ბევრად უფრო ბნელი და ერთფეროვანი იყო ვიდრე ესპანეთის. ესპანეთსა და სრულიად ევროპის სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპები განათლებას ეფუძნებოდა, პორტუგალიაში კი, როგორც ბნელ შუა საუკუნეებში, ყველაფერს კათოლიკური ეკლესია განაგებდა. სასტიკად იყო აკრძალული კომედიების დადგმა, ცეკვა, აზარტული თამაშები, ბალ-მასკარადები და ზოგადად ყველაფერი რაც გართობას უკავშირდება. პორტუგალიაში ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროს მეფე-დედოფალი და სასულიერო პირები წყვეტდნენ. სამეფო კარზე იყო "უსაქმურობის" საოცარი გარემო, ვინაიდან დიდგვაროვნებს სხვა საქმე არაფერი ჰქონდათ, გარდა გართობისა, ეს კი იკრძალებოდა. ამგვარი გარემო დედა-დედოფალმა მარიანა ვიქტორია ესპანელმა შექმნა, რომელიც ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო. ამრიგად ექსტრავაგანტული და თავისუფალი გარემოდან კარლოტა უეცრად აღმოჩნდა უმკაცრეს კათოლიკურ გარემოში. მიუხედავად ამისა მას მარიანა ვიქტორია ესპანელთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა.

პორტუგალიის სამეფო კარზე მცხოვრები ქალბატონებისგან განსხვავებით, იგი ძალიან ლიბერალური იყო. ტრადიციული ქალისაგან განსხვავებით, კარლოტა ხოაკინა ხშირად ერეოდა მამაკაცების საქმეში, პოლიტიკასა და საჯარო ყრილობებში. მას შემდეგ რაც პორტუგალიელებს თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრება წაართვეს, სამეფო კარზე კარლოტაზე საშინელი ჭორაობა დაიწყეს, რადგან მათ შურდათ მისი ასე თუ ისე თავისუფლების. ბევრი მათგანი მას ქმრის ღალატში სდებდა ბრალს, რაც მართალია სიცრუე იყო, მაგრამ სახელს მაინც ძალიან ულახავდა. ამ დროს იგი ძალიან დამეგობრდა ფრანგი გენერლის მეუღლესთან. მალე მის მეგობარზეც დაიწყეს საშინელი ჭორების გავრცელება. ამბობდნენ, რომ კარლოტა მას მხოლოდ იმიტომ ემეგობრებოდა, რომ ეცოდებოდა, ვინაიდან ისეთი მახინჯი იყო, რომ სხვა არავინ ეკარებოდა.

ბრაზილიის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლოტა ბრაზილიაში, 1824 წელს

1788 წელს გარდაიცვალა კარლოტას მაზლი, რომელიც პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე იყო და ატარებდა ბრაზილიის პრინცისა და ბრაგანსის ჰერცოგის წოდებას. აქედან მოყოლებული 1816 წლამდე ის და მისი ქმარი ატარებდნენ ბრაზილიის პრინც-პრინცესისა და ბრაგანსის მეთხუთმეტე ჰერცოგ-ჰერცოგინიის წოდებას.

კარლოტა ხოაკინას ქმარი კარგი ხასიათების, ზარმაცი, მსუქანი და თითქმის მახინჯი შესახედაობის კაცი იყო. ცოლ-ქმარი ერთმანეთს განსაკუთრებით რელიგიურ საკითხებში ვერ ეწყობოდნენ. მიუხედავად ამისა მათ ცხრა შვილი გააჩინეს, რომელთაც საბედნიეროდ მამის გარეგნობა არ დაჰყვათ.

1792 წლიდან დედოფალი მარია I შიშობდა, რომ კარლოტას მის ვაჟზე ზედმეტად დიდი გავლენა ჰქონდა. 1799 წლიდან კი ჟუანმა რეგენტის წოდება მიიღო, რამაც მათი ძალაუფლება ერთი-ორად გაზარდა. ამან დიდი ცვლილებები გამოიწვია კარლოტას ხასიათში. იგი საშინლად ამბიციური და ზოგჯერ მოძალადეც გახდა. პორტუგალიის სამეფო კარზე ის ხშირად ერეოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ცდილობდა ქმრის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა. მისი პოლიტიკაში ჩარევის სურვილით უკმაყოფილო იყვნენ როგორც არისტოკრატი, ისე დაბალი ფენის პორტუგალიელები.

ვინაიდან კარლოტას სამეფოს მართვის საკითხებში უკვე დიდი გავლენა ჰქონდა, მას პრეტენზიებიც გაუჩნდა. მან თავისი ქმრის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა სცადა, ვინაიდან ისიც დედამისის მსგავსად მართავდა ქვეყანას.

1805 წელს ეს საქმე გაიხსნა და მისი გამოძიებაც დაიწყო. გამოძიების უფროსმა დააპატიმრა ყველა შეთქმული და თავად კარლოტას დაპატიმრებასაც აპირებდა, თუმცა ჟუანმა შეაჩერათ ისინი, რადგან მისი ცოლის დაპატრიმრებას დიდი სახალხო სკანდალი მოჰყვებოდა, რაც მას არ აწყობდა. ამის სანაცვლოდ მან კარლოტა სასახლეში თავისი ზედამხედველობის ქვეშ გამოკეტა. ამ დროს კარლოტას გამწარებული მოკავშირეები მას ღალატსა და უკან დახევაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ყოველივე ამას თავად მან გაუწია ორგანიზება.

ცხოვრება ბრაზილიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1807 წელს პორტუგალიაში ნაპოლეონის მეთაურობით ფრანგების დიდი ლაშქარი შევიდა. სამეფო ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა ლისაბონი და ბრაზილიაში გაქცევით ეშველა თავისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კარლოტა ოჯახთან ერთად ბრაზილიაში იყო, მას სურდა სამხრეთ ამერიკაში არსებული ესპანეთის კოლონიები მიეთვისებინა. ვინაიდან ესპანეთის ტახტზე ნაპოლეონის ძმა — ჟოზეფ ბონაპარტე იჯდა, კარლოტა თვლიდა, რომ ესპანეთის ამერიკული კოლონიები სწორედ მას ეკუთვნოდა. იგი გეგმავდა ჯარების შეყვანას არგენტინასა და ურუგვაიში, რის შემდეგაც თავს "ლა პლატას დედოფლად" გამოაცხადებდა. პორტუგალიისა და ბრაზილიის გაერთიანებულმა ჯარებმა 1822 წელს ურუგვაი დაიკავეს, მაგრამ არგენტინაში შეჭრა ვეღარ შესძლეს. მათ ვერც დაპყრობილი ტერიტორიის დიდხანს შენარჩუნება შესძლეს და ურუგვაიმ 1828 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა და ურუგვაის რესპუბლიკად გამოცხადდა.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი კარლოტა ჯირითისას

როდესაც სამეფო ოჯახი 1821 წელს, 14 წლიანი გადასახლებიდან პორტუგალიაში დაბრუნდა, კარლოტა აღმოჩნდა სახელმწიფოში, სადაც ყველაფერი გადასხვაფერებული იყო. 1807 წლამდე პორტუგალიაში ვითარება მშვიდად მიმდინარეობდა, სანამ მეზობელი ესპანეთიდან რევოლუციურმა იდეება არ შეაღწია. 1820 წელს პორტუგალიის ქალაქ ოპორტოდან დაიწყო ე.წ. "ლიბერალური რევოლუცია", რაც მალე მთელს ქვეყანას მოედო. 1821 წელს პორტუგალიის პარლამენტმა პირველი კონსტიტუცია მიიღო. დედოფალ ხოაკინას სურდა რევოლუციონერები მკაცრად დაესაჯა და კვლავ აბსოლუტური მონარქია აღედგინა. თუმცა ჟუან VI საფრანგეთის რევოლუციის შედეგებით (სადაც მეფე ლუი XVI-სა და დედოფალ მარი ანტუანეტს თავები მოჰკვეთეს) იყო შეშინებული და კონსტიტუციის გაუქმებას არ აპირებდა. 1824 წელს კარლოტამ და მისმა ვაჟმა მიგელმა ჟუანის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და მისი მოკვლა სცადეს. მეფემ ბრიტანელებისგან დროული დახმარება მიიღო, დაამარცხა ისინი და ცოლიც და ვაჟიც ქვეყნიდან გააძევა.

საბოლოოდ დედოფალმა ქვეყანაში დაბრუნდა, მაგრამ მიგელი კვლავ დევნილობაში იყო. ჟუანი ბემპოსტას სასახლეში ცხოვრობდა, კარლოტა კი კუელუცის სასახლეში. მიუხედავად იმისა, რომ იგი მშვიდად ცხოვრობდა, აშკარად ექსტრავაგანტული ჩაცმულობა და ქცევები დასჩემდა. მისი უფროსი ვაჟი — პედრუ, ბრაზილიის პრინცად გამოცხადდა, 1822 წლის 1 დეკემბერს მან თავი ბრაზილიის დამოუკიდებელ იმპერატორად გამოაცხადა. 1826 წელს ჟუანი გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ქმრის მონახულებაზე დედოფალმა უარი განაცხადა, რამაც ააგორა ჭორები, რომ მან მეფე მოწამლა.

პედრუ ბრაზილიის იმპერატორთან ერთად პორტუგალიისა და ალგევრის მეფეც გახდა, თუმცა იცოდა, რომ ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებოდა. თავად ბრაზილიაში დარჩა, პორტუგალიაში კი რეგენტად თავისი უმცროსი და, ინფანტა ისაბელ მარია დანიშნა. რამდენიმე წელიწადში პედრუმ ბრაზილიის ტახტი დაკარგა, რის შემდეგაც პორტუგალიაში დაბრუნდა და თავად დაიწყო მისი მართვა. მას დიდი გავლენა ჰქონდა ვაჟზე, რის გამოც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ახერხებდა პოლიტიკაში ჩარევას.

დედოფალი კარლოტა ხოაკინა ესპანელი გარდაიცვალა 1830 წლის 7 იანვარს. ბევრი ვარაუდობს, რომ იგი ბუნებრივად გარდაიცვალა, რადგან უკვე ხანში იყო შესული, თუმცა უამრავი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მან თავი მოიკლა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი ცნობები
Maria Teresa de Braganca.jpg მარია ტერეზა 29 აპრილი 1793 17 იანვარი 1874 80 წლის იყო პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე, ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძაშვილს,

ესპანეთის პრინც სებასტიანს, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა.

Antònio Pio, Príncipe da Beira.png ფრანსისკო

ანტონიო

21 მარტი 1795 11 ივნისი 1801 6 წლის პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე, ბეირას პრინცი, ბარსელოს ჰერცოგი,

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

Maria Isabel of Braganza.jpg მარია ისაბელი 19 მაისი 1797 26 დეკემბერი 1818 21 წლის ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ს, რომელთანაც ორი

მკვდარი გოგონა შეეძინა, მეორე მშობიარობას კი თავადვე გადაჰყვა.

DpedroI-brasil-full.jpg პედრუ IV 12 ოქტომბერი 1798 24 დეკემბერი 1834 35 წლის პორტუგალიისა და ალგავრეს მეფე, ბრაზილიის იმპერატორი, ცოლად

შეირთო მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი, შვიდი შვილი, თუმცა ასევე ჰყავდა

შვიდი უკანონო შვილიც, 1831 წელს მან დაკარგა ბრაზილიაც და მისი ტახტიც,

რის შემდეგაც იგი პორტუგალიაში გადასახლდა.

Infanta Maria Francisca of Portugal.jpg მარია

ფრანცისკა

22 აპრილი 1800 4 სექტემბერი 1834 34 წლის ცოლად გაჰყვა მონილას გრაფ კარლოსს, რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა,

ის და მისი ქმარი ესპანეთის ტახტის დასაპყრობად მოკავშირეებს აგროვებდნენ,

რის გამოც ბრიტანეთში გაემგზავრნენ, სადაც მას განუკურნებელი დაავადება

შეეყარა და იქვე გარდაიცვალა.

Isabel Maria de Braganza.jpg ისაბელ მარია 4 ივლისი 1801 22 აპრილი 1876 74 წლის იყო თავისი ძმის, პედრუ IV-ის რეგენტი პორტუგალიაში და 1831 წლამდე

ფაქტობრივად თავად მართავდა ქვეყანას, ძმის დაბრუნების შემდეგ მას ეს

სტატუსი ჩამოერთვა. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო

Retrato de D. Miguel I - Johann Nepomuk Ender (digitally restored).png მიგელ I 26 ოქტომბერი 1802 14 ნოემბერი 1866 64 წლის ძმის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ გახდა პორტუგალიისა და ალგარვეს მეფე,

ცოლად შეირთო ამალია ლიხტენბურგელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი,

მიუხედავად ამისა ტახტისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა მასსა და მის

ძმის შვილს, მარია II-ს შორის.

Maria da Assunção of Portugal.jpg მარია

ასუნსიო

25 ივნისი 1805 7 იანვარი 1834 28 წლის გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, იყო არაპოლიტიკური პიროვნება.
Infanta D. Ana Jesus Maria.jpg ანა მარია 23 ოქტომბერი 1806 22 ივნისი 1857 50 წლის ცოლად გაჰყვა ლულეს მარკიზ ხოსე დე მენდოსას, რომელთანაც შეეძინა

ხუთი შვილი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 25 აპრილი 1775 - 8 მაისი 1785: მისი უმაღლესობა კარლოტა ხოაკინა, ესპანეთის ინფანტა
  • 8 მაისი 1785 - 11 სექტემბერი 1788: მისი უმაღლესობა კარლოტა ხოაკინა, პორტუგალიის ინფანტა
  • 11 სექტემბერი 1788 - 20 მარტი 1816: მისი სამეფო უმაღლესობა ბრაზილიის პრინცესა და ბრაგანსას ჰერცოგინია
  • 20 მარტი 1816 - 15 ნოემბერი 1825: მისი უერთგულესი უდიდებულესობა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგავრეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი
  • 12 ოქტომბერი 1822 - 15 ნოემბერი 1825: ბრაზილიის ტიტულარული დედოფალი
  • 15 ნოემბერი 1825 - 10 მარტი 1826: მისი საიმპერატორო და უაღრესად ერთგული უდიდებულესობა, პორტუგალიისა და ალგავრეს დედოფალი, ბრაზილიის იმპერატრიცა
  • 10 მარტი 1826 - 2 მაისი 1826: მისი საიმპერატორო და უაღრესად ერთგული უდიდებულესობა, პორტუგალიის, ალგავრეს დედა-დედოფალი და ბრაზილიის იმპერატრიცა
  • 2 მაისი 1826 - 7 იანვარი 1830: მისი საიმპერატორო და უაღრესად ერთგული უდიდებულესობა, პორტუგალიისა და ალგავრეს ქვრივი დედოფალი, ბრაზილიის ქვრივი იმპერატრიცა

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Azevedo, Francisca Nogueira de. Carlota Joaquina na Corte do Brasil. Rio de Janeiro: Civilização Brasileira, 2003.
  • Azevedo, Francisca Nogueira de. Carlota Joaquina: cartas inéditas. Rio de Janeiro, Casa da Palavra, 2007.
  • Cassotti, Marsilio. Carlota Joaquina – o Pecado Espanhol. Lisboa, A Esfera dos Livros, 2009.
  • Cheke, Marcus. Carlota Joaquina: Queen of Portugal. London: Sidgwick & Jackson, 1947.
  • (Portuguese) Carlota Joaquina, a Rainha Intrigante; tradução de Gulnara Lobato de Morais Pereira. Rio de Janeiro: José Olympio, 1949.
  • Lima, Oliveira. D. João VI no Brasil. Topbooks.
  • Pereira, Sara Marques (2008), D. Carlota Joaquina Rainha de Portugal, Livros Horizonte, Lisboa, 2008.
  • Pereira, Sara Marques (1999), D. Carlota Joaquina e os Espelhos de Clio: Actuação Política e Figurações Historiográficas, Livros Horizonte, Lisboa, 1999.