მარია ანა პორტუგალიელი
მარია ანა პორტუგალიელი | |
---|---|
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 17 ნოემბერი, 1905 |
მმართ. დასასრული: | 25 თებერვალი, 1912 |
წინამორბედი: | ადელჰაიდ მარია ანჰალტ-დესაუელი |
მემკვიდრე: | ფელიჩე დე ბურბონ-პარმელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ივლისი, 1861 |
დაბ. ადგილი: | შტუტგარტი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 31 ივლისი, 1942, (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნიუ-იორკი, აშშ |
მეუღლე: |
ვილჰელმ IV, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი (ქ. 1893 - გარდ. 1912) |
შვილები: |
მარია ადელაიდა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია შარლოტა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ჰილდა, შვარცენბერგის პრინცესა ანტონია, ბავარიის კრონპრინცესა ელისაბედი, თურნ უნდ ტაქსისის პრინცესა სოფია, საქსონიის პრინცესა |
დინასტია: | ბრაგანსები |
მამა: | მიგელ I, პორტუგალიის მეფე |
დედა: | ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია ანა პორტუგალიელი (პორტ. Maria Ana de Bragança, ლუქს. Maria Ana vu Portugal; დ. 13 ივლისი, 1861, შტუტგარტი, გერმანიის კონფედერაცია ― გ. 31 ივლისი, 1942, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები) — პორტუგალიელი პრინცესა ბრაგანსის დინასტიიდან. პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ასული. ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია 1905-1912 წლებში როგორც დიდ ჰერცოგ ვილჰელმ IV-ის მეუღლე. თავისი ქმრის რეგენტი 1908-1912 წლებში. ლუქსემბურგის ორი მონარქის: მარია ადელაიდასა და შარლოტას დედა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ანა დაიბადა 1861 წლის 13 ივლისს შტუტგარტში. იგი იყო პორტუგალიის დამხობილი მეფის, მიგელ I-ისა და მისი მეუღლის, გერმანელი პრინცესა ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის მეექვსე შვილი. მამის მხრიდან იგი ბრაგანსის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო და შვილიშვილად ერგებოდა პორტუგალიის მეფე ჟუან VI-სა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელს. მისი დაბადებისას მამამისი უკვე დამხობილი იყო და გადასახლებაში ცხოვრობდა გერმანიაში. მოგვიანებით გადავიდნენ ავსტრია-უნგრეთის სამეფო კარზე, როგორც საპატიო სტუმრები.
მარია ანას და-ძმები იყვნენ: სან-ხაიმეს ჰერცოგინია მარია დას ნევესი, ბრაგანსის ჰერცოგი მიგელი, ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია ტერეზა, ბავარიის ჰერცოგინია მარია ჟუზეფა, ბარდის გრაფინია ადელგუნდეში და პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია მარია ანტონია, რომლის ხაზითაც მარია ანა დეიდად ერგებოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ზიტა დე ბურბონ-პარმელს.
მიუხედავად არასახარბიელო პოზიციისა და დამხობისა, მიგელი და ადელაიდა ახერხებდნენ თავიანთი შვილების სარფიანად და წარმატებულად დაქორწინებას, რაც უმეტესად განპირობებული იყო მათი სამეფო წარმომავლობითა და კათოლიკური აღმსარებლობით, რადგანაც ევროპაში კათოლიკე გასათხოვარი პრინცესები არც ისე ბევრნი იყვნენ დარჩენილნი. ამიტომაც, მათ მოახერხეს და ყველა ქალიშვილი ევროპის სხვადასხვა სამეფო კარზე გაათხოვეს.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უფროსი ქალიშვილების წარმატებულად გათხოვების შემდეგ დადგა მარია ანას ჯერიც. თავდაპირველად თავად ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა ითხოვა მარია ანას ხელი თავისი ერთადერთი ძის, კრონპრინც რუდოლფისათვის, თუმცა თავად რუდოლფს არ მოეწონა იგი და ბელგიის პრინცესა სტეფანიაზე ქორწინება არჩია, რის გამოც მარია ანას ქორწინება შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში შეფერხდა.
საბოლოოდ 1893 წლის 21 ივნისს მარია ანა შლოს-ფიშჰორნში დააქორწინეს ლუქსემბურგის კრონპრინც ვილჰელმზე, დიდ ჰერცოგ ადოლფისა და ადელჰაიდ მარია ანჰალტ-დესაუელის ძეზე. მართალია ვილჰელმი პროტესტანტი იყო, თუმცა საქორწინო კონტრაქტში დათანხმდა, მათი შვილები დედის კათოლიკური რწმენით აღზრდილიყვნენ. ეს ერთი მხრივ თავად ვილჰელმის ოჯახის მომავლის გარანტიაც იყო, რადგან ლუქსემბურგი კათოლიკური სახელმწიფო იყო და დიდად არ მოსწონდათ პროტესტანტების მმართველობა.
ცხრამეტწლიანი ქორწინებიდან მარია ანასა და ვილჰელმს სულ ექვსი ჯანმრთელი გოგონა შეეძინათ.
დიდი ჰერცოგინია და რეგენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წლის 17 ნოემბერს, ადოლფის გარდაცვალების შემდეგ ლუქსემბურგის ტახტი ვილჰელმ IV-მ დაიკავა და მარია ანაც დიდი ჰერცოგინია ხდება. იმის გამო, რომ წყვილს ვაჟი არ უჩნდებოდა, მარია ანამ თავიდანვე დაარწმუნა ვილჰელმი და 1907 წლის 10 ივლისს მან ოფიციალურად გამოაცხადა თავისი უფროსი ქალიშვილი, პრინცესა მარია ადელაიდა ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ.
მოგვიანებით ვილჰელმის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და ქვეყნის მართვას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც 1908 წლის 19 ნოემბერს ფაქტობრივ მმართველად მარია ანა დაინიშნა და მიენიჭა რეგენტის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმი აღარც გამოკეთებულა და მისი სიცოცხლის ბოლომდე მარია ანა მართავდა ქვეყანას, როგორც რეგენტი. 1912 წლის 15 თებერვალს ვილჰელმ IV აღესრულა და ტახტი მათმა ქალიშვილმა, მარია ადელაიდამ დაიკავა. იმის გამო, რომ იგი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, მის სრულწლოვანებამდე მარია ანას რეგენტის სტატუსი შეუნარჩუნდა და მხოლოდ 1912 წლის 18 ივნისს შეუჩერდა.
ქვრივობა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მსოფლიო ომის გადავლის შემდეგ, 1919 წელს მარია ადელაიდა ოფიციალურად გადადგა ტახტიდან და რადგანაც მას მეუღლე და შვილები არ ჰყოლია, ტახტი მარია ანას მეორე ქალიშვილმა, შარლოტამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ შარლოტა მარია ანას დის, პარმის ჰერცოგინია მარია ანტონიას ვაჟზე, პრინც ფელიჩეზე დაქორწინდა.
უკვე მეორე მსოფლიო ომის დრო სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ნაცისტური გერმანიის მიერ ლუქსემბურგის ოკუპაციის პირობებში სამეფო ოჯახმა თავს საფრანგეთში გაქცევით უშველა, თუმცა ვინაიდან ნაცისტები 1940 წელს იქაც შევიდნენ, სამეფო ოჯახმა საბოლოოდ დატოვა ევროპა და ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდნენ. თავად ხანში შესული მარია ანა ვეღარ მოესწრო ომის დასრულებას და 1942 წლის 31 ივლისს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ომის შემდეგ, როცა ლუქსემბურგი გათავისუფლდა, სამეფო ოჯახიც დაბრუნდა, რის შემდეგაც მარია ანა პორტუგალიელი გადაასვენეს და დაკრძალეს ლუქსემბურგში, ქმრის გვერდით.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი | სურათი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
მარია ადელაიდა | 14 ივნისი, 1894
ბერგი, ლუქსემბურგი |
24 იანვარი, 1924
ლენგრიესი, გერმანია (29 წლის) |
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია 1912-1919 წლებში. პირველი მსოფლიო ომის
დასრულების შემდეგ გადადგა ტახტიდან თავისი დის სასარგებლოდ. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. | |
შარლოტა | 23 იანვარი, 1896
ბერგი, ლუქსემბურგი |
9 ივლისი, 1985
ფიშბახი, ლუქსემბურგი (89 წლის) |
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია 1919-1964 წლებში. ქვეყანას
ხელმძღვანელობდა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. დაქორწინდა თავის დეიდაშვილზე, პრინც ფელიჩე დე ბურბონ-პარმელზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი. საბოლოოდ ტახტიდან გადადგა თავისი ძის, ჟანის სასარგებლოდ და გარდაიცვალა კიბოთი. | |
ჰილდა | 15 თებერვალი, 1897
ბერგი, ლუქსემბურგი |
8 სექტემბერი, 1979
ბერგი, ლიქსემბურგი (82 წლის) |
ცოლად გაჰყვა შვარცენბერგის მთავარ ადოლფს, თუმცა ოცწლიანი ქორწინების
განმავლობაში შვილები არ ჰყოლიათ. | |
ანტონია | 7 ოქტომბერი, 1899
ლენგრიესი, გერმანია |
31 ივლისი, 1954
ლენზერჰაიდი, შვეიცარია (54 წლის) |
ცოლად გაჰყვა ბავარიის მეფე ლუდვიგ III-ის უფროს ძეს, კრონპრინც რუპრეხტს,
რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი. | |
ელისაბედი | 7 მარტი, 1901
ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი |
2 აგვისტო, 1950
ჰოენბურგი, გერმანია (49 წლის) |
ცოლად გაჰყვა თურნ უნდ ტაქსისის მთავარ ლუდვიგ ფილიპეს, რომელთანაც
შეეძინა ორი შვილი. | |
სოფია | 14 თებერვალი, 1902
ბერგი, ლუქსემბურგი |
24 მაისი, 1941
მიუნხენი, გერმანია (39 წლის) |
ცოლად გაჰყვა საქსონიის პრინც ერნესტ ჰაინრიხს, რომელთანაც შეეძინა სამი
ვაჟი და გარდაიცვალა პნევმონიით. |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beschluß der Abgeordneten-Kammer die Einsetzung der Regentschaft betreffend - "Memorial des Großherzogtums Luxemburg" 24. November 1908 (PDF; 210 kB) abgerufen am 13. April 2011
- Jean-Louis Scheffen, Grundstein einer neuen Dynastie - Vor 125 Jahren „feierlicher Einzug“ von Wilhelm IV. und Maria-Anna von Braganza am Luxemburger Wort vum 21. Juli 2018, S. 18-19
|