მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე (1849-1919)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე
Queen Maria Theresa of Bavaria.jpg
ბავარიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 ნოემბერი, 1913
მმართ. დასასრული: 7 ნოემბერი, 1918
წინამორბედი: მარია პრუსიელი
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ივლისი, 1849
დაბ. ადგილი: ბრნო, ჩეხეთი
გარდ. თარიღი: 3 თებერვალი, 1919, (69 წლის)
გარდ. ადგილი: ხიემგაუ, გერმანია
მეუღლე: ლუდვიგ III, ბავარიის მეფე
შვილები: ცამეტი შვილი
დინასტია: ჰაბსბურგ-ესტე
მამა: ერცჰერცოგი ფერდინანდ დე ჰაბსბურგ-ესტე
დედა: ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე (გერმ. Marie Therese von Österreich-Este; დ. 2 ივლისი, 1849, ბრნო, ბოჰემია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია — გ. 3 თებერვალი, 1919, ხიემგაუ, ბავარია, ვაიმარის რესპუბლიკა) — ჰაბსბურგ-ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიელი ერცჰერცოგინია. ბავარიის უკანასკნელი დედოფალი 1913-1918 წლებში როგორც ლუდვიგ III-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა დაიბადა 1849 წლის 2 ივლისს ბრნოში. იგი იყო ერცჰერცოგ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელის ქალიშვილი. მშობლებმა მას კარგი განათლება მისცეს. მას თავისუფლად შეეძლო საუბარი გერმანულ, უნგრულ, ჩეხურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე.

მარია ტერეზა 1870 წელს.

1868 წლის 20 თებერვალს, ვენაში იგი ცოლად შერთეს პრინც ლუდვიგ ბავარიელს, ბავარიის რეგენტ ლუიტპოლდისა და ავგუსტა ფერდინანდა ავსტრიელის ვაჟს. მარია ტერეზასა და ლუდვიგს ერთმანეთი ჯერ კიდევ თავიანთი პირველი შეხვედრისას, ერცჰერცოგინია მატილდას გასვენებაში შეუყვარდათ, რის შემდეგაც გადაწყვიტეს დაქორწინება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფ I მის ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფრანჩესკო IV-თვის მითხოვებას გეგმავდა.

წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა მიუნხენის სამხრეთით მდებარე ლოიტშტეტენის სასახლეში, სადაც მარია ტერეზას ვარდების დიდი ბაღი ჰქონდა გაშენებული.

1913 წელს მისი მეუღლე ბავარიის ტახტზე ავიდა ლუდვიგ III-ის სახელით, რითაც მარია ტერეზა ბავარიის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ იგი ბავარიის სამეფოს ისტორიაში პირველი კათოლიკე დედოფალი იყო, რის გამოც თავიდან ხალხის დიდი სიმპათია დაიმსახურა.

1914 წელს დედოფალმა ბავარიის სამეფოს დაარსების იუბილეს უმასპინძლა, რასაც მალევე მოჰყვა პირველი მსოფლიო ომის დაწყება. ომის პერიოდში იგი წითელი ჯვრის ორგანიზაციაში მსახურობდა და დაჭრილი ჯარისკაცების სანახავად დადიოდა ხოლმე. იგი ასევე საკვებითა და სამოსით უზრუნველყოფდა ომით დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ბავარიელებს.

1918 წლის 7 ნოემბერს მეფე ლუდვიგ III იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო და თავის ცოლ-შვილთან ერთად მიუნხენიდან სასწრაფოდ გაქცეულიყო ვილდენვარტის სასახლეში, ფრაშდორფში, რათა თავი გადაერჩინა ბოლშევიკებისაგან. ასე დასრულდა ბავარიის სამეფოს არსებობა, რამაც მარია ტერზა მის უკანასკნელ დედოფლად აქცია. ტახტის დაკარგვამ საშინლად იმოქმედა მასზე, რამაც შეარყია დედოფლის ჯანმრთელობა, რომელიც ამ ამბიდან სულ სამ თვეში, 1919 წლის 3 თებერვალს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ადგილობრივ ხიემგაუს კათედრალში დაკრძალეს, თუმცა მოგვიანებით, 1921 წლის 5 ნოემბერს მისი ნეშტი მიუნხენში გადაასვენეს და მეუღლესთან ერთად დაკრძალეს, რომელიც მარია ტერეზამდე სულ ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დედოფალი მარია ტერეზა თავის შვილებთან ერთად
    რუპრეხტი (1869-1955), ბავარიის კრონპრინცი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია გაბრიელა ბავარიელი, რომლის დაღუპვის შემდეგაც იქორწინა ანტონია ლუქსემბურგელზე. ორივე ცოლთან ჰყავდა სულ თერთმეტი შვილი;
  2. ადელგუნდა (1870-1958), ცოლად გაჰყვა ჰოენცოლერნ-ზინგმარინგენის მთავარ ვილჰელმს;
  3. მარია (1872-1954), ცოლად გაჰყვა კალაბრიის ჰერცოგ ფერდინანდო პიუსს;
  4. კარლი (1874-1927), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ფრანცი (1875-1957), ცოლად შეირთო იზაბელა ანტონია დე კროი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. მატილდა (1877-1906), ცოლად გაჰყვა საქსენ-კობურგ-გოთას მთავარ ლუდვიგს;
  7. ვოლფგანგი (1879-1895), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  8. ჰილდეგარდა (1881-1948), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  9. ნოტბურგა (1883), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. ვილტრუდი (1884-1975), ცოლად გაჰყვა ურახის ჰერცოგ ვილჰელმს;
  11. ჰელმტრუდი (1886-1977), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  12. დიეტლინდა (1888-1889), გარდაიცვალა ჩვილი;
  13. გუნდელინდა (1891-1983), ცოლად გაჰყვა პრისინგ-ლიხტენეგ-მუსის გრაფ იოჰან გეორგს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Karl Möckl: Maria Theresia, Königin von Bayern. In: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger. Ein biographisches Lexikon. Ueberreuter, Wien 1988, ISBN 3-8000-3247-3, S. 348 f.
  • Martha Schad: Bayerns Königinnen (= Piper 4598). Durchgesehene Taschenbuchausgabe, Neuausgabe. Piper, München 2005, ISBN 3-492-24598-6.
  • Stefan März: Das Haus Wittelsbach im Ersten Weltkrieg: Chance und Zusammenbruch monarchischer Herrschaft. Pustet, Regensburg 2013, ISBN 978-3-7917-2497-3.
  • Manfred Berger: Marie Therese von Österreich-Este (1849–1919). In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 24, Bautz, Nordhausen 2005, ISBN 3-88309-247-9, Sp. 1054–1059.