მარია იოჰანა გაბრიელა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია იოჰანა გაბრიელა ავსტრიელი
Johanna Gabriele of Habsburg Lorraine1 copy.jpg
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 4 თებერვალი, 1750
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 23 დეკემბერი, 1762, (12 წლის)
ვენა, ავსტრია
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა
რელიგია კათოლიციზმი

მარია იოჰანა გაბრიელა ავსტრიელი (გერმ. Maria Johanna Gabriele von Österreich; დ. 4 თებერვალი, 1750, ვენა, ავსტრია — გ. 23 დეკემბერი, 1762, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას შუათანა ქალიშვილი. საღვთო რომისა და ავსტრიის ორი იმპერატორის: იოზეფ II-ისა და ლეოპოლდ II-ის, ასევე საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის და, ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ის მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია იოჰანა გაბრიელა თავის საყვარელ დასთან, იოზეფასთან ერთად 1759 წელს

მარია იოჰანა გაბრიელა დაიბადა 1750 წლის 4 თებერვალს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. იგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და მისი მეუღლის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის შუათანა ქალიშვილი. თავისი მრავალი და-ძმიდან იგი განსაკუთრებულად ახლოს იყო თავის უმცროს დასთან, ერცჰერცოგინია მარია იოზეფასთან.

ის და იოზეფა გამუდმებით ერთად იყვნენ და შემდგომში განათლებასაც ერთად იღებდნენ. ერცჰერცოგინიები შეისწავლიდნენ: წერა-კითხვას, ლათინურს, უცხო ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, სამხედრო არქიტექტურას, მათემატიკას, მუსიკას, ცეკვასა და გრამატიკას. მას შემდეგ, რაც სამი წელი შეუსრულდათ, ღრმადმორწმუნე დედის გავლენით შეისწავლიდნენ რელიგიასაც, თუმცა მხოლოდ კათოლიციზმს.

როგორც კი მარია იოჰანა გაბრიელას ათი წელი შეუსრულდა, დედამისმა მისი გათხოვებისა და თავის პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა მოისურვა. მარია ტერეზიასა და ესპანეთის მეფე კარლოს III-ს შორის მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თავიანთი შვილების საქორწინო მოლაპარაკებები. გადაწყვეტილი იყო, რომ მარია ტერეზიას შუათანა ასული, ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელი ცოლად უნდა გაჰყოლოდა კარლოსის ვაჟს, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ს. ისინი დაინიშნენ კიდევაც, მაგრამ მოულოდნელად, კარლოს III-მ ნიშნობა გააუქმა და მარია ამალია თავის შვილიშვილზე, პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ ფერდინანდზე დააქორწინა, შემდეგ კი განაცხადა, რომ თავისი ვაჟის, მეფე ფერდინანდის დაქორწინება მარია იოჰანა გაბრიელაზე სურდა. მარია ტერეზია ამ შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდა და მარია იოჰანას სასწრაფოდ დაუწყო იტალიაში გასათხოვებლად მომზადება, თუმცა მოულოდნელად, 1762 წელს ერცჰერცოგინიას ყვავილი შეეყარა და იმავე წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა, 12 წლის ასაკში.

აღსანიშნავია, რომ მისი დაღუპვის მიუხედავად, მარია ტერეზიამ ფარ-ხმალი არ დაყარა და კარლოს III-თან მოლაპარაკებები განაგრძო. შეთანხმდნენ, რომ ფერდინანდს ცოლად მარია იოჰანა გაჰყვებოდა, თუმცა 1767 წელს ისიც მოულოდნელად გარდაიცვალა, 16 წლის ასაკში. საბოლოოდ, ფერდინანდ I-ს ცოლად მარია ტერეზიას უმცროსი ქალიშვილი მარია კაროლინა ავსტრიელი შერთეს, რომელიც ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი გახდა და მრავალი შვილი გააჩინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Iby, Elfriede (2009). Maria Theresa: Biography of a Monarch (1st ed.). Schloß Schönbrunn. ISBN 3-901568-57-3.
  • Magiels, Geerdt (2010). From Sunlight to Inlight (1st ed.). VUBPrint. ISBN 9789054876458.