ანრიეტა მარია დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანრიეტა მარია დე ბურბონი
Henriette Marie de Bourbon
Attributed to Van Dyck - Queen Henrietta Maria as St Catherine.jpg
ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 13 ივნისი 1625
მმართ. დასასრული: 30 იანვარი 1649
წინამორბედი: ანა დანიელი
მემკვიდრე: კატარინა ბრაგანსა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 ნოემბერი 1609
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 10 სექტემბერი 1669 (59 წლის)
გარდ. ადგილი: კოლომბესი, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე: ჩარლზ I
შვილები: ჩარლზ II
მერი სტიუარტი
ჯეიმზ II
ელიზაბეტ სტიუარტი
ანა სტიუარტი
ეკატერინე სტიუარტი
ჰენრი სტიუარტი
ჰენრიეტა სტიუარტი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი IV
დედა: მარია მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

ანრიეტა მარია დე ბურბონი (ფრანგ. Henriette Marie de bourbon; ინგლ. Henrietta Maria of France; დ. 25 ნოემბერი 1609 — გ. 10 სექტემბერი 1669), აგრეთვე ცნობილი როგორც ჰენრიეტა მარია ფრანგი — დაბადებიდან იყო საფრანგეთისა და ნავარის პრინცესა. ანრი IV-ის და მისი მეორე, იტალიელი მეუღლის - მარია მედიჩის ნაბოლარა ქალიშვილი. 1625-1649 წლებში ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი, როგორც ჩარლზ I-ის მეუღლე. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის ორი მეფის - ჩარლზ II-ისა და ჯეიმზ II-ის დედა.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტა მარია 1611 წელს

ანრიეტა მარია იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV დე ბურბონისა და მისი მეორე იტალიელი მეუღლის - მარია მედიჩის ნაბოლარა შვილი. სწორედ მათის სახელების გაერთიანებაა მისი სახელი (ანრი -ანრიეტა, მარია - მარია). იგი დაიბადა 1609 წლის 25 ნოემბერს ლუვრის სასახლეში. ანრიეტა მარია მშობლებმა ჭეშმარიტ და ღვთისმოშიშ კათოლიკედ აღზარდეს. ანრიეტა მარია ღრმა ბავშვობაშივე დაობლდა, იგი სულ ერთი წლის იყო როდესაც 1610 წლის 14 მაისს ანრი IV მოკლეს. საფრანგეთისა და ნავარის მეფე მისი უფროსი ძმა - ლუი XIII ხდება, ხოლო მისი მცირეწლოვანების გამო რეგენტად დედამისი - მარია მედიჩი დაინიშნა.

1614 წელს დააქორწინეს ანრიეტა მარიას უფროსი და - ელიზაბეტა, იგი მიათხოვეს ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე - ფილიპე IV-ს. 1619 წელს ანრიეტა მარიას შუათანა და- კრისტინა მარია მიათხოვეს სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ს. ახლა უკვე ანრიეტა მარიას ამზადებდნენ გასათხოვებლად. მას ასწავლიდნენ ცხენოსნობას, ცეკვას, სიმღერას, წერა-კითხვას, აკადემიურ უნარებსა და სამეფო კარზე მოქცევის წესებს.

ინგლისის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტა მარია და ჩარლზ I თავიანთ შვილებთან ერთად. 1633 წელს ვან დაიკის მიერ შესრულებული ნახატი

ანრიეტა მარიამ თავისი საქმრო პირველად 1623 წელს იხილა, მაშინ როცა იგი თავის დასთან მიემგზავრებოდა ესპანეთში, სწორედ ამ დროს ჯერ კიდევ უელსის პრინცი ჩარლზ I მადრიდში იმყოფებოდა, ვინაიდან იგეგმებოდა ჩარლზის დანიშვნა ესპანეთის პრინცესა - მარია ანა ჰაბსბურგზე. თუმცა ეს შეხვედრა ცუდად დასრულდა ვინაიდან, ჩარლზ I-ს კონფლიქტი მოუვიდა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-სთან და ომი გამოუცხადა მას. განრისხებულმა ჩარლზმა საცოლის ძიება სხვაგან დაიწყო და იპოვა კიდეც ანრიეტა მარიას სახით. 1624 წელს ჩარლზის ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა პარიზში და ანრიეტა მარიას ხელი ითხოვეს, რაზეც ანრიეტა დათანხმდა. ამავე წელს ჩარლზი და ანრიეტა მარია დაქორწინდნენ, მაშინ ანრიეტა მხოლოდ 15 წლის იყო.

ანრიეტა მარიას გარეგნობას გამოეხმაურა ჩარლზის დის შვილი, ჰანოვერის დედოფალი - სოფია ჰანოვერელი. მან ანრიეტა მარიზე შემდეგი რამ დაწერა :

" ვან დაიკის მშვენიერი პორტრეტებიდან ჩანს, რომ ინგლისის ახალი მემკვიდრე ნამდვილად ულამაზესი ქალბატონია. როდესაც მისი პორტრეტი ვიხილე გავოცდი, რადგან იგი არ ჰგავს სხვა "მჭამელ" დედოფლებს. ანრიეტა მაღალი და თეთრანიანი გოგონაა, გამხდარია და კარგი კბილები აქვს. ასევე ძალიან მომწონს მისი სახის დახვეწილი ნაქუთები და ცხვირის ფორმა".

ახალმა დედოფალმა ინგლისში უამრავი ძვირფასეულობა ჩაიტანა, როგორც მზითვი. მის მზითვებზე საფრანგეთის სამეფო კარი მისი დაბადების დღიდანვე ზრუნავდა, ამიტომაც მას მზითვში გააყოლეს : უამრავი ძვირადღირებული ავეჯი, ბრილიანტები, მარგალიტის ბეჭდები, ალმასის ღილები, ატლასისა და ხავერდის კაბები და ფეხსაცმელები, უძვირფასესი ოქროს გვირგვინები, ოქროთი ნაქარგი შარფები, 10 000 ოქროს მონეტა, ალმასის ჭაღები, უძვირფასესი ნახატები, უიშვიათესი წიგნები, საძინებლის კომპლექსი, ამასთან მას გაჰყვა მისი ფრეილინები,12 ფრანგი ორატორი და მღვდელი.

ანრიეტა მარია კათოლიკე იყო, ჩარლზი კი ანგლიკანი. ინგლისური წესით დედოფალიც ანგლიკანი იყო, თუმცა ანრიეტა ღრმად მორწმნე კათოლიკე იყო და რელიგიის შეცვლას არ აპირებდა, ამიტომაც ჩარლზმა ნება დართო დარჩენილიყო კათოლიკე და სამეფო კარზე მესის ჩატარების ნებასაც რთავდა.

კათოლიციზმი და დედოფლის ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსული ანრიეტა მარია

ანრიეტა მარია კათოლიკური მრსწამსის ძლიერი მორწმუნე და ერთგული იყო, რაც დიდ როლს თამაშობდა მის ცხოვრებაში განსაკუთრებით კი ქორწინების შემდეგ. ჩარლზს ძალიან მოსწონდა ანრიეტა მარია, იგი მოფერებით "მერის" უწოდებდა, ხოლო ხალხში ყოფნის დროს მის "დედოფალ მერის". იქიდან გამომდინარე, რომ ანრიეტა მარია ძალიან მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, სხვა დედოფლებისაგან განსხვავებით იგი არ ხლართავდა ინტრიგებს, არამედ იყო გულღია და ფრაგმატული, ამასთან არასოდეს ერეოდა მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობებში. ანრიეტა მარიამ ხელი შეუშალა ყველა იმ ინგლისელ დიდგვაროვანს, რომელიც კათოლიკე იყო და აპირებდა პროტესტანტიზმის მიღებას. ანრიეტას წყალობით რელიგიის შეცვლა ინგლისის კანონდებოლობაში შევიდა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. 1620-იან წლებში მთელს ბრიტანეთში კათოლიკური რელიგია თითქმის ამოძირკვული იყო, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ანრიეტა მარია უშედეგოდ ცდილობდა ამ ხალხში ძველი რელიგიის დაბრუნებას.

ანრიეტა მარიას არ გაუწყვეტია ურთიერთობა საფრანგეთთან, ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ესპანეთში და სავოიაში მყოფ კათოლიკე დებთან. ამით იგი ცდილობდა დაჰკავშირებულიყო კათოლიკურ სამყაროს. ამას გარდა ანრიეტას გარს შემოკრებილი ჰყავდა უამრავი ფრანგი კათოლიკე, რაც ინგლისელთა უკმაყოფილებას იწვევდა. ჩარლზს საბოლოოდ ეს ყველაფერი მობეზრდა და ანრიეტა ქორწინების შეურაცყოფაში დაადანაშაულა. 1626 წლის 26 ივნისს ინგლისიდან განდევნა ანრიეტა მარიასთან ახლოსმყოფი ყველა ფრანგი კათოლიკე, თუმცა ანრიეტამ ეს ყველაფერი ძმას -ლუი XIII-ს შეატყობინა, იმის გამო რომ საფრანგეთთან ომი არ დაწყებულიყო ჩარლზმა ანრიეტას ნება დართო დაეტოვებინა 7 ფრანგი კათოლიკე.

ანრიეტა მარიას ისევე როგორც სხვა დედოფლებს ახასიათებდა ძვირფასი ნივთების შეძენისაკენ მიდრეკილება. 1629 წლისთვის ანრიეტას თითქმის მთლიანი ქონება იმაში დაიხარჯა, რომ მისი ბრძანებით აშენებულიყო გრანდიოზული სასახლე და უმაღლეს დონეზე გაერემონტებინათ. ანრიეტა მეფეს ძალიან ბევრ ფულს სთხოვდა ახალი ტანსაცმლისა და სამკაულების შესაძენად, რომლებიც საერთოდ არ იყო საჭირო. ამ მფლანგველობამ ინგლისის ხაზინას სერიოზული ზიანი მიაყენა. ანრიეტა მარიამ უზარმაზარი სასახლეები ააშენა გრინვინჩში, ოტლანდში, რიჩმონდში და ჰოლდენბდში. 1639 წელს ანრიეტამ ჩარლზისათვის ააშენებინათ უზარმაზარი სასახლე, რომელიც შემდეგ მას აჩუქა. იგი ასევე ყიდულობდა უამრავ უცხო ჯიშის ძაღლებს, ფრინველებსა და მაიმუნებს.

ანრიეტა მარია და ჩარლზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტა მარიას პორტრეტი

თავიდან ანრიეტასა და ჩარლზის ქორწინება საკმაოდ კარგად დაიწყო. თუმცა ჩავიდა თუ არა ანრიეტა ლონდონში გააძევა ჩარლზის ყოფილი საყვარელი. ამაში მას დაეხმარა ბუკენგემის ჰერცოგინია - ლუსი ჰეი. ლუსი ერთგული და ლამაზი ანგლიკანი ქალი იყო და მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედოფალთან. 1628 წლის ზაფხულში კი ანრიეტამ ლუსი საკუთარ ფრეილინად აიყვანა.

1628 წლიდან ანრიეტა მარიამ მეუღლესთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე დაიწყო ფიქრი, რასაც მალე მიაღწია სითბოთი, ხუმრობებით და სიყვარულით. 1628 წლის ზაფხულში ანრიეტა პირველად დაორსულდა. 1629 წლის 13 მარტს, რამდენიმე საათიანი მტანჯველი მშობიარობის შემდეგ დედოფალმა ვაჟი გააჩინა. ანრიეტა კინაღამ გადაჰყვა ამ მშობიარობას, რამდენიმე საათში კი ბავშვი გარდაიცვალა. 1630 წლის 29 მაისს დედოფალმა მეორე ვაჟი გააჩინა, ამჯერად ჯანმრთელი ტახტის მემკვიდრე რომელსაც ჩარლზი დაარქვეს (მამის პატივსაცემად). აქედან მოყოლებული ჩარლზს უფრო მეტად შეუყვარდა ანრიეტა, რომელმაც მალე მისი საუკეთესო მეგობრისა და მრჩევლის სტატუსიც შეითვისა. 1631 წლის 4 ნოემბერს ანრიეტამ გოგონა გააჩინა, რომელსაც მერი დაარქვეს. ამას მოჰყვა 1633 წელს მეორე ვაჟი სახელად ჯეიმზი, 1635 წელს ელიზაბეთი, 1637 წელს ანა, 1639 წელს ეკატერინე, 1640 წელს ჰენრი, ხოლო 1644 წელს კი ჰენრიეტა.

შვილების გაჩენით ანრიეტამ ჩარლზს უფრო მეტად შეაყვარა თავი. როცა ჩარლზი წასული იყო, იგი ანრიეტას ხშირად წერდა წერილებს რომლებშიც მას "ძვირფას გულს" უწოდებს.

ანრიეტა მარია და ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტა მარიას ბრძანებით აგებული სასახლე გრინვინჩში

ანრიეტა მარია ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა ხელოვნების მიმართ. ანრიეტა მარიასაც და ჩარლზაც განსაკუთრებულად უყვარდათ პორტრეტების შეგროვება. ასევე ანრიეტამ დაამკვიდრა ინგლისში ჭერის მოხატვა. ანრიეტა ფერმწერი ხელოვანების დიდი მფარველი და ქომაგი იყო. თუმცა იგი ასევე ძლიერ ეხმარებოდათ ინგლისელ კომპოზიტორებს. 1630 წლიდან ანრიეტას იტაცებს მოქანდაკეობაც, ამ წელს დამაზადდა ანრიეტაას გამოსახულების ბიუსტი რის შემდგომაც იგი მოქანდაკეების მფარველადაც იქცა. მისი დაფინანსებით სამეფო სასახლის ბაღებში დაიდგა უამრავი ულამაზესი ქანდაკება. მან ასევე დაასაქმა უამრავი ფრანგი მებაღე, რომლებმაც სამეფო სასახლის ბაღი ულამაზეს ადგილად აქციეს.

ინგლისის სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომამდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტა მარიას პორტრეტი. 1640 წელი

1640 წლიდან ინგლისში სიტუაცია ძალიან გამწვავდა. მეფესა და პარლამენტს შორის უთანხმოება დღითი დღე იზრდებოდა. ინგლისში ნელ-ნელა ფეოდალური სისტემა დაცემას იწყებდა და დგებოდა ახალი, კაპიტალიზმის ერა. ჩარლზ I იმის გამო, რომ როგორმე ხაზინა შეევსო სულ ახალ და ახალ გადასახადებს აწესებდა. ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პირობებმა თანდათან მეფე-დედოფლის წინააღმდეგ განაწყო როგორც მოსახლეობა, ისე პარლამეტი, რომელიც თავის მხრივ, მეფის უფლებების შემცირებას და საკუთარის გაზრდას ითხოვდა.

პარლამენტარი - ოლივერ კრომველი თავის სახალხო გამოსველბში განსაკუთრებულად უსვავდა ხაზს რელიგიურ თემას. იგი უკმაყოფილებას გამოთქვავდა იმის გამო, რომ ეპისკობოსი ლოდი და დედოფალი ჰენრიეტა მარია ქვეყანას კვლავ კათოლიკური წიაღისაკენ მიექაჩებოდნენ. ოლივერს მალევე აუბეს მხარი პროტესტანტმა პურიტანებმაც. იმ შემთხვევაში თუ, მეფესა და პარლამენტს შორის დაპირისპირება მოხდებოდა ოლივერი მათი მეთაური გახდებოდა. ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. კრომველი ჩარლზ იმ თვისების გამო, რომელსაც ოჯახის სიყვარული ჰქვია დიდ პატივს სცემდა, თუმცა მიიჩნევდა, რომ იგი არაეფექტური მმართველი იყო. ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა მალე ხელჩართულ სამხედრო დაპირისპირებად გადაიქცა.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარლზ I და ანრიეტა მარია

1642 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი. 1644 წელს მარსთონ-მურში გამართული ბრძოლისას, ოლივერ კრომველის უშუალო მეთაურობით დამარცხებულ იქნა მეფის ერთგული რეგულარული არმია. ოლივერმა ჩარლზ I-ს დამარცხება 1645 წლის 14 ივნისს გამართულ ბრძოლაშიც აგემა. თუმცა ჩარლზი ბრძოლას მაინც არ წყვეტდა. თუმცა მისი ძალაუფლება მხოლოდ მის მცირერიცხოვან მომხრეებზეღა ვრცელდებოდა. 1647 წელს დამარცხებული ჩარლზი ცოლ-შვილთან ერთად კუნძულ უაიტზე გაიქცა, თუმცა მეფე გზაში დააკავეს. ინგლისის სასამართლომ მეფეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, რომელიც მანამდე არცერთი ბრიტანელი მეფისთვის არ გამოუტანიათ. 1649 წლის 30 იანვარს, სუსხიან დღეს ჩარლზ I-ს სახალხოდ მოკვეთეს თავი, ეშაფოტზე. აქედან მოყოლებული ინგლისი, შოტლანდია და ირლანდია რესპუბლიკები გადხნენ და მათ მართავდა ლორდ-პროტექტორი ოლივერ კრომველი. ანრიეტას კი ჩამოერთვა დედოფლის ტიტული. ამ დროის მანძილზე ანრიეტა ცხოვრობდა ქალაქ ქაილოტში შვილებთან ერთად. იგი იქ 1651 წლამდე დარჩა.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტა დაქვრივების შემდგომ

1660 წელს სტიუარტთა დინასტიამ დაიბრუნდა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ტახტი. ამჯერად მეფე გახდა ანრიეტა მარიას უფროსი ვაჟი - ჩარლზ II სტიუარტი. ანრიეტა კვლავ დაბრუნდა ინგლისში, ოღონდ ამჯერად როგორც დედა დედოფალი. 1661 წელს საფრანგეთთან კავშირის გამყარების მიზნით ანრიეტამ ლუი XIV-ის უმცროს ძმას - ლუი-ფილიპეს მიათხოვა საკუთარი ნაბოლარა ქალიშვილი - ჰენრიეტა. ანრიეტა აპირებდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ინგლისში ეცხოვრა, თუმცა 1665 წელს ბრონქიტით დაავადდა, რაც ბრიტანეთის ნესტიანი ჰავის ბრალი იყო. ამავე წელს ანრიეტა მარია საფრანგეთში გადასახლდა თავის ქალიშვილ - ჰენრიეტასთან. იგი თავის სიძეს და საფრანგეთის მეფეს მამიდად ერგებოდა (ვინაიდან ისინი ლუი XIII-ის ვაჟები იყვნენ, ლუი კი ანრიეტას უფროსი ძმა იყო), ამიტომაც სიცოცხლის ბოლომდე ფუფუნებაში ცხოვრობდა. 1669 წელს ანრიეტა გარდაიცვალა, მიზეზი კი ისაა, რომ მისმა ექიმმა ზედმეტი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთა. იგი დაკრძალეს 1669 წლის 13 სექტემბერს, სენ დენის საფრანგეთის მეფეთა სასაფლაოზე.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტა მარიას გერბი
  • საფრანგეთის პრინცესა - 1609-1669 წლებში
  • ნავარის პრინცესა - 1609-1669 წლებში
  • უელსის პრინცესა - 1623-1625 წლებში
  • ინგლისის დედოფალი - 1625-1649 წლებში
  • შოტლანდიის დედოფალი - 1625-1649 წლებში
  • ირლანდიის დედოფალი - 1625-1649 წლებში

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ტიტული მეუღლე
_ ჩარლზ ჯეიმზ სტიუარტი 13 მარტი 1629 13 მარტი 1629 არ ჰქონია არ ჰყოლია
King Charles II by John Michael Wright or studio.jpg ჩარლზ II სტიუარტი 29 მაისი 1630 6 თებერვალი 1685 ინგლისის,

ირლანდიის და

შოტლანდიის

მეფე

ეკატერინე ბრაგანსა
Probably Mary, Princess of Orange by Gerrit van Honthorst.jpg მერი სტიუარტი 4 ნოემბერი 1631 24 დეკემბერი 1660 ორანჟისა და

როიალის პრინცესა

უილიამ II ორანჟ-ნასაუ
Prince James Francis Edward Stuart by Alexis Simon Belle.jpg ჯეიმზ II სტიუარტი 14 ოქტომბერი 1633 16 სექტემბერი 1701 ინგლისის,

ირლანდიისა და

შოტლანდიის მეფე

  1. ანა ჰაიდი
  2. მერი მოდენელი
Princess Elizabeth - NPG D28654.jpg ელიზაბეთ სტიუარტი 29 დეკემბერი 1635 8 სექტემბერი 1650 ინგლისის,

ირლანდიის და

შოტლანდიის

პრინცესა

არ ჰყოლია
Princess Anne - NPG D26443.jpg ანა სტიუარტი 17 მარტი 1637 8 დეკემბერი 1640 ინგლისის,

ირლანდიისა და

შოტლანდიის

პრინცესა

არ ჰყოლია
_ ეკატერინე სტიუარტი 29 იანვარი 1639 29 იანვარი 1639 არ ჰქონია არ ჰყოლია
Henry, Duke of Gloucester.jpg ჰენრი სტიუარტი 8 ივლისი 1640 18 სექტემბერი 1660 გლოსტერსის

ჰერცოგი

არ ჰყოლია
Mytens - Henrietta of England.jpg ჰენრიეტა სტიუარტი 16 ივნისი 1644 30 ივნსისი 1670 ორლეანის

ჰერცოგინია

ფილიპე I დე ბურბონი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Britland, Karen. (2006) Drama at the courts of Queen Henrietta Maria. Cambridge: Cambridge University Press.
  • Bone, Quinton. (1972) Henrietta Maria: Queen of the Cavaliers. Chicago: University of Illinois Press.
  • Fritze, Ronald H. and William B. Robison. (eds) (1996) Historical dictionary of Stuart England, 1603–1689. Westport: Greenwood Press.
  • Griffey, Erin. (2008) "Introduction" in Griffey (ed) 2008.
  • Griffey, Erin. (2008) Henrietta Maria: piety, politics and patronage. Aldershot: Ashgate Publishing.
  • Hibbard, Caroline. (2008) "'By Our Direction and For Our Use:' The Queen's Patronage of Artists and Artisans seen through her Household Accounts." in Griffey (ed) 2008.
  • Kitson, Frank. (1999) Prince Rupert: Admiral and General-at-Sea. London: Constable.
  • Maclagan, Michael Maclagan and Jiří Louda. (1999) Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. London: Little, Brown & Co. ISBN 1-85605-469-1.
  • Oman, Carola. (1936): Henrietta Maria. London: Hodder & Stoughton.
  • Purkiss, Diane. (2007) The English Civil War: A People's History. London: Harper.
  • Raatschan, Gudrun. (2008) "Merely Ornamental? Van Dyck's portraits of Henrietta Maria." in Griffey (ed) 2008.
  • Smuts, Malcolm. (2008) "Religion, Politics and Henrietta Maria's Circle, 1625–41" in Griffey (ed) 2008.
  • Stewart, George R. (1967) 'Names on the Land: A Historical Account of Place-Naming in the United States, 3rd edition. Houghton Mifflin.
  • Wedgwood, C. V. (1966) The King's Peace: 1637–1641. London: C. Nicholls.
  • Wedgwood, C. V. (1970) The King's War: 1641–1647. London: Fontana.
  • White, Michelle A. (2006) Henrietta Maria and the English Civil Wars. Aldershot: Ashgate Publishing.
  • Croft, Pauline (2003). King James. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]