ფილიპ I (ორლეანი)
ფილიპ I | |
---|---|
Philippe I | |
ორლეანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მაისი 1661 |
მმართ. დასასრული: | 9 ივნისი 1701 |
წინამორბედი: | გასტონ დე ბურბონი |
მემკვიდრე: | ფილიპ II ორლეანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 სექტემბერი 1640 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 9 ივნისი 1701 (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | სენ-კლუ, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ჰენრიეტა ინგლისელი (ქ. 1661 - გარდ. 1670) ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი (ქ. 1671) |
შვილები: |
მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი ანა მარია, სარდინიის დედოფალი ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი ელიზაბეთ შარლოტი, ლოთარინგიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ჯერ ბურბონები შემდეგ ორლეანელები |
მამა: | ლუი XIII, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ანა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ფილიპ I ორლეანელი (ფრანგ. Philippe I d'orléans; დ. 21 სექტემბერი, 1640, პარიზი, საფრანგეთი — გ. 9 ივნისი, 1701, სენ-კლუ, საფრანგეთი) — საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა ავსტრიელის ნაბოლარა ვაჟი. საფრანგეთის „მეფე მზის“ ლუი XIV-ის უმცროსი ძმა. 1661 წლიდან მიიღო ორლეანის ჰერცოგობა, ასევე ვალუასა და შარტრის საჰერცოგოები. 1671 წელს ფილიპის სახელოვანი გამარჯვების აღსანიშნავად კიდევ უბოძა ნემურის, დუკედომის, კუსისა და ფოლემბრეის საჰერცოგოები. მისი ძმის მეფობისას იგი ასევე ატარებდა მონსინიორის წოდებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპი ღიად აცხადებდა თავის ჰომოსექსუალობას და კაცი საყვარლებიც ჰყავდა, იგი ორჯერ დაქორწინდა, რითაც შეასრულა თავისი სამეფო მოვალეობა და დატოვა მემკვიდრეები. მან ჯერ ცოლად შეირთო ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის ასული ჰერნრიეტა ინგლისელი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ გერმანელი დიდგვაროვანი ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი. მას ორივესთან ხუთი შვილი შეეძინა. გარდა ამისა მან დააარსა ორლეანების დინასტია, რომელიც დღემდე არ შემწყდარა. სწორედ მისი შთამომავალი იყო საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I. ფილიპი ასევე იყო საოცარი მებრძოლი და უამრავი სახელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა, როგორიცაა 1677 წელს კასელის ბრძოლა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაბადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპი დაიბადა 1640 წლის 21 სექტემბერს შატო დე-სენ-ჟერმენ-ან-ლაიში, თავისი დედის დაბადების დღის წინა დღეს. იგი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ისა და მისი ცოლის, დედოფალი ანა ავსტრიელი ნაბოლარა ვაჟი. როგორც მეფის ვაჟი, იგი ატარებდა Fils de France-ს (ანუ საფრანგეთის შვილის) წოდებას. მას ჰყავდა უფროსი ძმა, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი, ამიტომ იგი ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე.
დაბადებიდან სულ ერთ საათში იგი მეფის მოძღვარმა, მეუფე დომენიკმა იგი კათოლიკედ მონათლა და სწორედ მან უწოდა სახელი ფილიპი. ლუი XIII-ს სურდა, რომ ფილიპი არტუას გრაფად დაენიშნა, თუმცა მან პატივი სცა ტრადიციებს და მას ანჟუს ჰერცოგის წოდება უბოძა, რაც წესად იყო, რომ საფრანგეთის მეფეთა მეორე ვაჟებს ეს წოდება უნდა ჰქონოდათ. ნათლობის შემდეგ ფილიპი სამეფო აღმზრდელს მარკიზა დე ლანსაკს მიაბარეს, რომელმაც თავის მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა. ფილიპი მასთან 1643 წლამდე იზრდებოდა.
პატარა მონსინიორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1643 წელს მამამისი, მეფე ლუი XIII გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ხუთი წლის ძმა, მეფე ლუი XIV ავიდა, მისი მცირეწლოვანების გამო კი რეგენტად მათი დედა, დედოფალი ანა ავსტრიელი დაინიშნა. ანამ ქვეყნის მართვა ფაქტობრივად თავის ფავორიტს, კარდინალ ჯულიო მაზარინს უბოძა. ამ პერიოდში გავრცელდა ჭორები რომ ანა და ჯულიო დაქორწინდნენ. ანა თავის ვაჟებს მკაცრი კონტროლის ქვეშ ზრდიდა. როგორც წესი, რადგანაც ფილიპი მეფის ძმა იყო, ორლეანის ჰერცოგის წოდება უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამ დროისთვის ამ ტიტულს ჯერ კიდევ ლუი XIII-ის ძმა, ფილიპის ბიძა, გასტონ დე ბურბონი ატარებდა, რის გამოც მას მიენიჭა პატარა მონსინიორის წოდება. ამ დროისთვის გასტონს ჰქონდა დიდი მონსინიორის წოდება.
ბავშვობაში ფილიპი საყოველთაოდ იყო აღიარებული როგორც მიმზიდველი და ინტელექტუალური. მონტესპიერის ჰერცოგინიამ მას "მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ბავშვი" უწოდა. ხოლო მოგვიანებით, დედამისის მეგობარმა და მრჩეველმა, მადამ დე მოტევილმა ფილიპს "ცოცხალი ინტელექტი" უწოდა.
1647 წელს იგი ძალიან მძიმედ დაავადდა. იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, რის შემდეგაც სამეფო კარის ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ღმერთი მისი ნაჩქარევი ნათლობის გამო სჯიდა მას, ამიტომაც 1648 წლის 11 მარტს ფილიპი ხელმეორედ მონათლეს. მისი ნათლიები იყვნენ ბიძამისი, ჰერცოგი გასტონი და მამიდამისი, ინგლისის დედოფალი ანრიეტა მარია დე ბურბონი. დედამისმა ფილიპის განათლებაზე თვალყურის დევნება მაზარინს დაავალა, რომელმაც პატარა უფლისწულს საუკეთესო რეპეტიტორები დაუქირავა. მას საფუძვლიანად შეასწავლეს ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, უცხო ენები და ცეკვა. მიუხედავად ამისა ანა ავსტრიელი და მაზარინი ფილიპს დიდ დროს არ უთმობდნენ და ძირითადად ლუიზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
როცა ფილიპი რვა წლის იყო, 1648 წელს საფრანგეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 1653 წლამდე გაგრძელდა. ომის პერიოდში, 1651 წელს დიდებულები იმდენად გათავხედდნენ, რომ მეფის სასახლეს შემოარტყეს ალყა. ამ დროს სამეფო ოჯახი სასწაულებრივად გადაურჩა ამოხოცვას, მაზარინის საიდუმლო გვირაბის წყალობით, რომლითაც სამეფო ოჯახი სასახლიდან გაიპარა. აქედან მოყოლებული, უსაფრთხოების მიზნით სამეფო ოჯახი ლუვრის სასახლიდან გადასახლდა. 1654 წლის 7 ივნისს, ლუი XIV-ის კორონაციის დროს სწორედ ფილიპმა დაადგა თავის ძმას თავზე საფრანგეთის მეფის გვირგვინი. მთელი ცხოვრების მანძილზე, ფილიპი ცნობილი იყო ეტიკეტისა და წესების მკაცრი დაცვის სიყვარულით.
1658 წლის ივნისის ბოლოს ლუი მძიმედ დაავადდა. ხალხი ფიქრობდა, რომ მას განუკურნებელი დაავადება ტიფუიდი ჰქონდა, რის გამოც ტახტის მემკვიდრედ ფილიპი განიხილებოდა. როგორც მომავალი მეფე, ფილიპი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა. ინფექციის გადადების შიშით ლუისთან აღარავინ შედიოდა. ამგვარი კრიზისის დროს დედოფალი ანა თავისი უმცროსი ვაჟისადმი საოცრად ყურადღებიანი და მოსიყვარულე გახდა. თუმცა სულ რამდენიმე კვირაში ლუი საოცრად მომჯობინდა, მალე კი მთლიანად განიკურნა. ამის შემდეგ ფილიპი ყველას, მათ შორის ანა ავსტრიელსაც მიავიწყდა. 1658 წლის 25 ოქტომბერს სენ კლოდში ფილიპმა შეისყიდა დიდი მიწები, სადაც საკუთარი სასახლის მშენებლობა დაიწყო, რაც მომავალში მისი რეზიდენცია და საყვარელი ადგილი გახდა.
ორლეანის ჰერცოგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1660 წლის თებერვალში, ფილიპის ბიძა, გასტონ დე ბურბონი გარდაიცვალა. ვინაიდან გასტონს მამრობითი სქესის მემკვიდრე არ დარჩა, ორლეანის ჰერცოგი ფილიპი გახდა. ტრადიციულად, ორლეანის ჰერცოგი ყოველთვის მეფის ძმა, ან მისი შთამომავალი იყო. ამრიგად, გასტონის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1661 წლის 10 მაისს, პარიზის პარლამენტში ლუი XIV-მ თავისი ძმა, ფილიპ I აკურთხა ორლეანისა და ვალუას ჰერცოგად. მან აგრეთვე მიანიჭა მონტრაგის ლორდის წოდებაც.
გასტონის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა სამეფო კარზე არსებული მარადიული დაპირისპირება, რომელიც გასტონსა და ანა ავსტრიელს შორის მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გასტონის მთელი ქონება ავტომატურად გადავიდა სახელმწიფოს (ანუ ლუი XIV-ის) კუთვნილებაში. მასში შედიოდა დიდძალი თანხა და ოქროულობა, სასახლეები ლანგედოკში, ბლუასა და შამბორდში.
ქორწინებები და სიყვარული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰომოსექსუალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღრმა ბავშვობიდანვე დედოფალი ანა ფილიპს მიმართავდა მეტსახელებით, როგორიცაა "ჩემი პატარა გოგო" და ასევე აცმევდა როგორც ქალს. იგი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ლუი ფილიპს არ დაეჩრდილა. სწორედ ამიტომ ფილიპს გაუჩნდა მიდრეკილება მამაკაცებისა და ქალური აქსესუარებისადმი, რაც მთელი სიცოცხლე შეინარჩუნა. საფრანგეთის სამეფო კარზე გამართულ წვეულებებსა და ბანკეტებზე ფილიპი ძალიან ხშირად ჩნდებოდა ქალის კაბაში გამოწყობილი და მორთულ-მოკაზმული, რაც უკვე აღარავის უკვირდა (მისი ცოლების ჩათვლით). გარდა ამისა მის კაბინეტში ხშირად რჩებოდნენ მამაკაცები. იგი დაუფარავად და საჯაროდ ეფლირტავებოდა კიდეც სამეფო კარის მამაკაცებს. თუმცა მიუხედავად მისი ორიენტაციის საჯაროობისა, ლუი და სამეფო ოჯახის წევრები მაინც ცდილობდნენ მისი ამ ქმედებების დამალვას და ამისთვის მას ცოლიც კი შერთეს, რომელთანაც შვილებიც შეეძინა. 1658 წლიდან ფილიპის ჰომოსექსუალობა უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა, მას შემდეგ რაც ჯულიო მაზარინიმ მას კაცთან შეუსწრო საწოლში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა, გაიჩინა კაცი საყვარელი შევალიერ დე გიზის სახით, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ჰყავდა.
პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ვაჟი მემკვიდრის გაჩენის მიზნით ლუიმ ფილიპს ცოლად გერმანელი დიდგვაროვანი ქალი შერთო ცოლად, რომელთანაც შეეძინა შვილები. თუმცა ახალი ცოლის მიუხედავად, ფილიპს შევალიერი კვლავ გვერდით ჰყავდა. როცა მათ კრიტიკაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, შევალიერი ყოველთვის ანრი III-ის (საფრანგეთის მეფე 1574-89 წლებში) სამეფო კარს ახსენებდათ, რომელზეც ასევე დადიოდა საფუძვლიანი ჭორები, რომ ჰომოსექსუალი იყო. მალე ფილიპმა კიდევ ერთი საყვარელი გაიჩინა ანტუან კოიფერის სახით, რომელიც შემდგომში ძალიან დაეხმარა ფილიპის ქვრივს მისი სიკვდილის შემდეგ.
მიუხედავად ორი ცოლისა და უამრავი კაცი საყვარლისა, აღსანიშნავია შევალიერისა და ფილიპის ურთიერთობა. შევალიერს უყვარდა ის და გამუდმებით იცავდა მას. სამეფო კარზე მას აღწერდნენ როგორც :" შურისმაძიებელი, ბრუტალური და ზიზღიანი". შევალიერი გიზების უძლიერესი დინასტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც ბატონობდა საფრანგეთსა და ლოთარინგიაში. თავდაპირველად მისი ორიენტაციის გამჟღავნებას უდიდესი სკანდალების სერია და შეურაცყოფა მოჰყვა. ცნობილია, რომ მისმა ძმამ, შევალიერის მოკვლაც კი სცადა. 1670 წელს შევალიერი ლუის წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს, რის გამოც დაატუსაღეს, თუმცა ფილიპმა გაანთავისუფლებინა. ამის შემდეგ იგი დროებით ლიონში გადასახლდა. თუმცა მომავალი წლის თებერვლიდან იგი კვლავ დაუბრუნდა ფილიპსა და სამეფო კარს.
ქორწინება პრინცესა ჰენრიეტა ინგლისელზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1660 წლის 9 ივნისს ლუი XIV-ისა და მარია ტერეზა ესპანელის ქორწინების შემდეგ, დედოფალმა ანა ავსტრიელმა ყურადღება გაამახვილა მისი მეორე ვაჟის, ფილიპის ქორწინებაზე. თავიდან იგი ფიქრობდა ფილიპისა და მისი ბიძაშვილის, გასტონის ასულის ანა მარია ლუიზა დ'ორლეანის დაქორწინებას. ანა მარია დედამისის, მარი დე ბურბონის ერთად-ერთი მემკვიდრე იყო მონტესპიერის ტახტზე, რის გამოც ანას სარძლოდ მოეწონა. თუმცა მადმუაზელ ანა მარიამ ქორწინებაზე უარი თქვა, მიზეზად კი განაცხადა, რომ ფილიპი ბავშვივით იყო მიჯაჭვული დედამისზე. ყოველივე ამის შემდეგ, მას მერე რაც 1660 წელს ინგლისში სტიუარტების რესტავრაცია განხორციელდა, ანა ავსტრიელმა მოისურვა თავისი მულის, ჩარლზ I-ის ქვრივის, დედა-დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის ნაბოლარა ასულის, პრინცესა ჰენრიეტა ინგლისელის ფილიპზე დაქორწინება. ინგლისელებმა წინადადება მიიღეს, თუმცა მათ სურდათ ჰენრიეტა ლუიზე დაქორწინებულიყო, მაგრამ რადგან მას ცოლი უკვე ჰყავდა, მისი ძმაც გამოდგებოდა. მათი ქორწილი დააყოვნა ჰენრიეტას უფროსი დის, ორანჟ-ნასაუს პრინცესა მერი სტიუარტის გარდაცვალებამ. გლოვის გადავლის შემდეგ, 1660 წლის 22 ნოემბერს საფრანგეთის სამეფო კარმა ფილიპის სახელით ითხოვა ჰენრიეტას ხელი. ჩარლზ II დის გათხოვებას დათანხმდა, თუმცა, საკმაოდ დიდი კომპენსაციის სანაცვლოდ. ფრანგებმა ამისათვის გადაიხადეს 840,000 ეკიუ, ხოლო ჰენრიეტას კომფორტულად მგზავრობაზე 20,000 ეკიუ დახარჯეს, ამასთანავე ჰენრიეტას დაენიშნა 40,000-იანი ყოველთვიური პენსია და კერძო რეზიდენციად გადაეცა მონგარსის სასახლე. ჰენრიეტამ ინგლისი 1661 წლის იანვარში დატოვა. 1661 წლის 30 მარტს, ჰენრიეტა და ფილიპი დაქორწინდნენ. ჰენრიეტამ დიდი პოპულარობა მოიპოვა საფრანგეთში. ჰენრიეტა ყოველთვის ეფლირტავებოდა ლუი XIV-ს და ისიც იმავით ჰპასუხობდა. ამით იგი ქმარს აეჭვიანებდა და დროებით მას მამაკაცებსაც კი ავიწყებდა.
ჰენრიეტამ მეფესთან ფლირტაობა 1661 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამას დაემატა ისიც, რომ ის და ლუი განმარტოვებით წავიდნენ ფონტენბლოს სასახლეში. ამან ისედაც ეჭვიანი ფილიპი ძალიან განარისხა და საჩივრით დედამისს, დედოფალ ანა ავსტრიელს მიმართა. ცხადია ანამ ძალიან უსაყვედურა რძალს და ქმრის ერთგულებისაკენ მოუწოდა (რასაც თავის დროზე თავად არ აკეთებდა). ამის შემდეგ რძალსა და დედამთილს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.
1662 წლიდან ჰენრიეტა და ფილიპი სენ-კლოდის სასახლეში გადასახლდნენ, სადაც ამავე წლის 26 მარტს ფილიპი პირველად გახდა მამა. ჰენრიეტამ მას გოგონა გაუჩინა, სახელად მარია ლუიზა, რომელიც შემდგომში ესპანეთის დედოფალი გახდა. ის ფაქტი, რომ მან გოგონა გააჩინა, ჰენრიეტას იმედი ძალიან გაუცრუა და ისიც კი განაცხადა, რომ შეუძლიათ ბავშვი მდინარეში გადაეგდოთ. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი გახდა დედოფალ ანასთვის, რომლისთვისაც მარია ლუიზა პირველი შვილიშვილი იყო. ამის შემდეგ, ფილიპისათვის მარია ლუიზა მთელი ცხოვრების მანძილზე უსაყვარლეს შვილად დარჩა. 21 მაისს გოგონა კათოლიკედ მოინათლა, ამავე დღეს ნათლობის აღსანიშნავად საოცარი კარნავალი მოეწყო, სადაც ფილიპს პრუსიის მეფესავით ეცვა და მასავით იქცეოდა, ასევე საოცარი კოსტიუმებით იყვნენ წარმოდგენილნი სხვა სტუმრებიც.
1664 წელს ჰენრიეტამ ვაჟი გააჩინა, ფონტენბლოს სასახლეში, რომელსაც დაბადების თანავე მიენიჭა ვალუას ჰერცოგის წოდება. ამის აღსანიშნავად ფილიპმა ჰენრიეტას ძმას, ინგლისის მეფე ჩარლზ II-ს მისწერა: " შენმა დამ გამთენიისას მოულოდნელად მშვენიერი ვაჟი გააჩინა, ორივე კარგადაა, ბავშვი ჯანმრთელია". 1666 წელს ბავშვი მოულოდნელად საშინელ კრუნჩხვებში ჩავარდა და გარდაიცვალა კიდეც. პატარა ჰერცოგის დაკარგვა ჰენრიეტამ დიდად არ განიცადა. თუმცა ცოლისგან განსხვავებით, ფილიპი დიდ ხანს გლოვობდა გარდაცვლილ შვილს. ამავე წლის 20 იანვარს გარდაიცვალა ფილიპის დედაც, დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი.
1667 წელს ფილიპი მონაწილეობდა დევოლუციურ ომში, რა დროსაც ორსული ჰენრიეტა სენ-კლოდში ცხოვრობდა. ფილიპმა თავი გამოიჩინა ტურნეისა და დოას ბრძოლებში. მიუხედავად ბრძოლისა, ფილიპს კარავში შეატყობინეს, რომ მისი მეუღლე სენ-კლოდში ძლიერ ავადმყოფობდა. ფილიპმა მიატოვა ბრძოლა და ცოლთან წავიდა, მისი გამოჯანმრთელების შემდეგ კი კვლავ ბრძოლის ველზე დაბრუნდა. ახლად დაბრუნებულმა ფილიპმა 1667 წელსვე აიღო ქალაქი ლილი.
1670 წლის იანვარში, ფილიპის საყვარელი შევალიერ დე გიზი მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რის შემდეგაც იგი ჯერ ხმელთაშუა ზღვის პირეთში, შემდეგ კი ლიონში გადასახლდა. იგი საბოლოოდ რომშიც კი ჩავიდა და პაპს ჰენრიეტას და ფილიპის განქორწინება სთხოვა. ამან ფილიპიც და მეფეც ძალიან განარისხა და მაღალი წრიდან გააძევეს, თუმცა მალევე ფილიპს გული მოულბა და დაარწმუნა ლუი, რომ შევალიერი სამეფო კარზე კვლავ დაებრუნებინა.
1669 წლის 27 აგვისტოს ჰენრიეტამ კიდევ ერთი გოგონა გააჩინა, სახელად ანა მარია, რომელიც 1670 წლის 8 აპრილს მონათლეს.
ჰენრიეტა მალევე პოლიტიკაშიც ჩაება. 1670 წელს ლუიმ იგი გააგზავნა ინგლისში, სადაც ამავე წლის 1 ივნისს დადო დუვრის საზეიმო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით ინგლისი და საფრანგეთი მოკავშირეები ხდებოდნენ, ინგლისი კი კვლავ რომის კათოლიკურ ეკლესიას უბრუნდებოდა. ასევე ეს ხელშეკრულება გამიზნული იყო ჰოლანდიის წინააღმდეგ, რომელსაც ფრანგები ებრძოდნენ, თუმცა ამას მოჰყვა შემდგომში ანგლო-ჰოლანდიური ომის დაწყება. საფრანგეთში დაბრუნებიდან მალევე ჰენრიეტა და შევალიერი საშინლად გადაემტერნენ ერთმანეთს, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი მაინც ერთ სასახლეში ცხოვრობდნენ. 1670 წლის 26 ივნისს, იგი ქმრის საძინებელში დარჩა. 29 ივნისს, საღამოს ხუთ საათზე ჰენრიეტამ ერთი ჭიქა შაქრიანი წყალი დალია, რის შემდეგაც მალევე იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი თავის არეში, საწოლზე დაემხო და სიმწრისაგან ატირდა. ამავე დროს, მასთან გაჩნდა მისი ქმარი, მეფე ლუი XIV, დედოფალი მარია ტერეზა და სამეფო კარის მკურნალი. ღრმადმორწმუნე დედოფალმა, როცა ასე გატანჯული ჰენრიეტა იხილა, დაუყოვნებლივ მოაყვანინა მოძღვარი და ჰენრიეტა აზიარებინა. ექიმმა განაცხადა, რომ ჰერცოგინია მოწამლული იყო. ჰენრიეტას კუჭის ამოურეცხეს, მაგრამ დაგვიანებული იყო. საბოლოოდ, 1670 წლის 30 ივნისს, შუადღის 2 საათზე, ჰენრიეტა ინგლისელი გარდაიცვალა.
მეორე საცოლის ძიება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის სამეფო კარზე ჰენრიეტას გარდაცვალებას ყველა ძალიან გლოვობდა, თუმცა არა მისი ქმარი. სწორედ ამიტომ ლუი XIV-მ მალევე დაიწყო მისთვის მეორე საცოლის ძებნა, რათა მამრობითი სქესის მემკვიდრე გაჩენილიყო. ლუიმ კვლავ თავიანთ ბიძაშვილს, მონტესპიერის ჰერცოგინიას მიმართა და ვაკანტური ადგილის დაკავება შესთავაზა. მეორე შეთავაზებაზეც ჰერცოგინიამ უარი განაცხადა. ამ ამბიდან მალევე, ლუიმ ძმისთვის ახალი საცოლე შეარჩია. ეს იყო კურპფალცის კურფიურსტ კარლ I ლუისის და, პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი. მას რეკომენდაცია გაუწია ანა გონძაგამ, რომელიც სამეფო კარზე გავლენიანი ქალი იყო. ელიზაბეთ შარლოტას (შემოკლებით ლიზელოტა), ძალიან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა თავის მამიდასთან, ჰანოვერის დედოფალ სოფია კურპფალცელზე. მთელი ცხოვრების მანძილზე, ლიზელოტამ სოფიას 50 000 წერილი მისწერა, სადაც აღწერდა საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრებას. ლიზელოტა ფილიპის პირველი განსვენებული მეუღლის, ჰენრიეტას ბიძაშვილი იყო, რადგან ჰენრიეტას მამა ჩარლზ I და ლიზელოტას ბებია, დედოფალი ელიზაბეთ სტიუარტი და-ძმანი იყვნენ.
ქორწინება პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანამ ფილიპი და ლიზელოტა დაქორწინდებოდნენ, ლიზელოტა კათოლიციზმზე მოექცა. ამის შემდეგ, 1671 წლის 16 ნოემბერს ისინი დაქორწინდნენ. იგი არ იყო ისეთი მიმზიდველი და ქარიზმატული, როგორიც ჰენრიეტა. როცა ფილიპმა ის პირველად დაინახა განაცხადა: "როგორ შევძლებ მასთან ერთად ?". თუმცა მიუხედავად ამისა, ლიზელოტამ სამეფო კარზე დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ცნობილი გახდა თავისი გაუთლელობით, ხისტი ხასიათითა და თავდაპირველად ძველმოდურობითაც. ცნობილია, რომ ფილიპი მასთან სარეცელის გაყოფისგან თავს იკავებდა, თუმცა მან მოვალეობის შესრულება მოსთხოვა და განუცხადა, რომ საფრანგეთში მხოლოდ მემკვიდრის გასაჩენად იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მათ შვილები შეეძინათ, ლიზელოტამ განაცხადა, თუ რა საშინელებაა, როცა ქმარს კაცი საყვარელი ჰყავს.
ასეა თუ ისე, წყვილი ქორწინების პირველ წლებში ბედნიერად ცხოვრობდა. ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდა, სანამ შევალიერ დე გიზი 1672 წელს იტალიიდან გაბრუნდა. 1673 წელს ლიზელოტამ ვაჟი გააჩინა სახელად ალექსანდრე ლუი, რომელიც მალევე აკურთხეს ვალუას ჰერცოგად. ალექსანდრე ლუი 1676 წელს გარდაიცვალა, თუმცა ლიზელოტამ 1674 წელს მეორე ვაჟი გააჩინა, სახელად ფილიპი. ამას მოჰყვა 1676 წელს გოგონას, ელიზაბეთ შარლოტას გაჩენა. ამის შემდეგ წყვილი შეთანხმდა და ცალკე საწოლებში იწვნენ. ლიზელოტა არა მხოლოდ კარგი დედა, არამედ გადასარევი დედინაცვალიც იყო და საოცრად ზრუნავდა ფილიპის და ჰენრიეტას გოგონებზე. ლიზელოტას და ფილიპის ვაჟი, ფილიპი მომავალში ორლეანის ჰერცოგი და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტი გახდა. ასევე ფილიპმა, ლიზელოტას კარნახით დააარსა საკუთარი, ორლეანების დინასტია.
კასელის ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაფართოება და ქონება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკანასკნელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ქორწინებიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად დაქორწინდა პრინცესა ჰენრიეტა ინგლისელზე, რომელიც იყო მისი მამიდის, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალ ანრიეტა მარია დე ბურბონისა და მეფე ჩარლზ I-ის ნაბოლარა ასული, მასთან 6 შვილი ჰყავდა:
- მარია ლუიზა (დ. 26 მარტი 1662 - გ. 12 თებერვალი 1689), ცოლად შერთეს ესპანეთის მეფე კარლ II-ს;
- მოშლილი ორსულობა (1663);
- ფილიპ შარლი (დ. 16 ივლისი 1664 - გ. 8 დეკემბერი 1666), ვალუას ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მკვდარშობილი გოგონა (დ./გ. 9 ივლისი 1665);
- მოშლილი ორსულობა (1668)
- ანა მარია (დ. 27 აგვისტო 1669 - გ. 26 აგვისტო 1728), ცოლად შერთეს სარდინიისა და სავოიის მეფე ვიტორიო ამადეო II-ს.
მეორე ქორწინებიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორედ დაქორწინდა პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელზე, რომელიც იყო პფალცის კურფიურსტ კარლ ლუის I-ისა და მისი ცოლის, შარლოტა ჰესენ-კასელის ასული. მასთან სულ 3 შვილი შეეძინა:
- ალექსანდრე ლუი (დ. 2 ივნისი 1673 - გ. 16 მარტი 1676), ვალუას ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფილიპ II (დ. 2 აგვისტო 1674 - გ. 2 დეკემბერი 1723), ორლეანის ჰერცოგი და ლუი XV-ის რეგენტი, ცოლად შეირთო ლუი XIV-ის უკანონო ქალიშვილი ფრანსუაზ მარი დე ბურბონი;
- ელიზაბეთ შარლოტი (დ. 13 სექტემბერი 1676 - გ. 24 დეკემბერი 1744), ცოლად შერთეს ლოთარინგიის, ბარისა და ტესჩენის ჰერცოგ ლეოპოლდს;