მარია ანტონია ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანტონია ავსტრიელი
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 15 ივლისი, 1685
მმართ. დასასრული: 24 დეკემბერი, 1692
წინამორბედი: ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი
მემკვიდრე: ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 იანვარი, 1669
დაბ. ადგილი: ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 24 დეკემბერი, 1692, (23 წლის)
გარდ. ადგილი: ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრია
მეუღლე: მაქსიმილიან II, ბავარიის კურფიურსტი
შვილები: იოზეფ ფერდინანდი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარგარიტა ტერეზა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ანტონია ავსტრიელი (გერმ. Maria Antonia von Österreich; დ. 18 იანვარი, 1669, ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრია — გ. 24 დეკემბერი, 1692, ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-სა და მისი ცოლის, დედოფალ მარგარიტა ტერეზა ესპანელის ქალიშვილი. ბავარიის კურფიურსტი 1685-1692 წლებში, როგორც მაქსიმილიან II ემანუელის პირველი მეუღლე. 1673 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, როგორც კარლ II-ის ღვიძლი დის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის ერცჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანტონია დაიბადა 1669 წლის 18 იანვარს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდგარ ჰოფბურგის სასახლეში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგარიტა ტერეზა ესპანელის ერთად-ერთი ქალიშვილი. მის დაბადებას წინ უძღვოდა XVI-XVII საუკუნეებში ჰაბსბურგთა შორის მიმდინარე მთელი რიგი ინცესტური ქორწინებები. დედამისის მამა, ესპანეთის მეფე ფილიპე IV და მისი ცოლი, მარგარიტა ტერეზას დედა, დედოფალი მარიანა ავსტრიელი ერთმანეთის ღვიძლი ბიძა-დიშვილი იყვნენ. გარდა ამისა ლეოპოლდის დედ-მამაც ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ, რომ აღარაფერი თქვათ სხვა უამრავ ინცესტურ ქორწინებებზე ესპანელ და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის. მიუხედავად ამისა, მარია ანტონია ძალიან გონიერი და ცოცხალი გოგონა იყო, რომელიც მშობლების მსგავსად მუსიკაზე გიჟდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მარია ანტონიას დედა სრულიად ჯანმრთელი ქალი იყო, მისი მშობლების ასეთი ახლო ნათესაური კავშირის გამო მისი ძმა (ანუ მარია ანტონიას ბიძა), ესპანეთის მეფე კარლ II უამრავი დაავადებით იყო დასნეულებული, რომელთა შორის უშვილობაც იყო. როგორც მისი მშობლები და სხვა ჰაბსბურგები, ასევე ესპანელები თვლიდნენ, რომ ესპანეთის ღირსეული ტახტის მემკვიდრე სწორედ მარია ანტონია იყო. თუმცა კარლ II-ს ასევე ჰყავდა ერთი ნახევარ-და (რომელიც ფილიპე IV-ს პირველი ცოლისგან ჰყავდა), მარია ტერეზა ესპანელი, რომელიც საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს მიათხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო კონტრაქტის მიხედვით ლუისა და მარია ტერეზას შთამომავლებს ეკრძალებოდათ ესპანეთზე პრეტენზიის ქონა, ლუი მაინც იბრძოდა ესპანეთის ტახტისთვის. თავიანთი პოზიციების გასამყარებლად მარია ანტონიას მშობლებმა მისი მითხოვება მეფე კარლისთვის მოისურვეს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, 1673 წელს კარლმა თავის მემკვიდრედ მარია ანტონია გამოაცხადა.

მარია ანტონიას კიდევ ერთ საქმროდ განიხილებოდა სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო II, თუმცა მანაც კარლ II-ის მსგავსად ცოლად ლუი XIV-ის ძმის შვილი შეირთო.

ბავარიის კურფიურსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოოდ მარია ანტონია 1685 წლის 15 ივლისს, ქალაქ ვენაში დაქორწინდა ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II ემანუელზე. თავად მაქსიმილიანმა იგი ცოლად იმიტომ შეირთო, რომ მისი საშუალებით ესპანეთში გამეფება სურდა. მათი ქორწინება თავიდანვე ძალიან უიღბლო იყო, რადგანაც ძალიან მხიარულ და უდარდელ მაქსიმილიანს, გონიერ და სერიოზულ მარია ანტონიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მარია ანტონია ძალიან შეურაცხყოფილი იყო მაქსიმილიანის გაუთავებელი ღალატის გამო, რაც მას შემდეგ გამძაფრდა, რაც იგი ბრიუსელში გაემგზავრა თავის საყვარელთან ერთად. მარია ანტონიამ მას დაბრუნება სთხოვა, თუმცა იგი სულაც არ აპირებდა ამას.

როგორც ესპანეთის მეფე კარლ II-ის დის შვილსა და მის მემკვიდრეს, მარია ანტონია ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო ესპანეთის ტახტისთვის ბრძოლაში, რაც XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ევროპის უმნიშვნელოვანესი თემა იყო. მარია ანტონია 1692 წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში, მშობიარობის შემდგომი ინფექციით. მისი ვაჟი იოზეფ ფერდინანდი დასახელდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ, თუმცა 1699 წელს ისიც გარდაიცვალა. 1700 წელს თავად კარლ II-ც გარდაიცვალა, რასაც მოჰყვა ლეოპოლდსა და ლუის შორის დაწყებული ომი ესპანური მემკვიდრეობისთვის, რომელიც 1714 წელს დასრულდა ფრანგების გამარჯვებით, ტახტზე კი ლუი XIV-ის შვილიშვილი, ფილიპე V ბურბონი ავიდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეოპოლდ ფერდინანდი (22 მაისი, 1689), გარდაიცვალა დაბადებისას;
  2. ანტონი (19 ნოემბერი, 1690), გარდაიცვალა დაბადებისას;
  3. იოზეფ ფერდინანდი (დ. 28 ოქტომბერი, 1692 — გ. 6 თებერვალი, 1699), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Friedrich Weissensteiner: Liebeshimmel und Ehehöllen - Heyne Taschenbuchverlag 1999 - ISBN 3-453-17853-X