მარია ტერეზია ავსტრიელი (1801-1855)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ტერეზია ავსტრიელი
სარდინიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 27 აპრილი, 1831
მმართ. დასასრული: 23 მარტი, 1849
წინამორბედი: მარია კრისტინა ნეაპოლელი
მემკვიდრე: ადელჰაიდ ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 მარტი, 1801
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრიის იმპერია
გარდ. თარიღი: 12 იანვარი, 1855, (53 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, სარდინიის სამეფო
დაკრძ. ადგილი: სუპერგის ბაზილიკა, ტურინი, იტალია
მეუღლე: კარლო ალბერტო I, სარდინიის მეფე
შვილები: ვიტორიო ემანუელე II, სარდინიის მეფე
ფერდინანდო, გენუის ჰერცოგი
სრული სახელი: მარია ტერეზია ფრანცისკა იოზეფა იოჰანა ბენედიქტა
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგია
მამა: ფერდინანდო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
დედა: ლუიზა მარია ნეაპოლელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ტერეზია ავსტრიელი (გერმ. Maria Theresia von Österreich, იტალ. Maria Teresa d'Austria; დ. 21 მარტი, 1801, ვენა, ავსტრია — გ. 12 იანვარი, 1855, ტურინი, იტალია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ისა და ლუიზა მარია ნეაპოლელის ქალიშვილი. კარინიანოს პრინცესა 1817-1831 წლებში და სარდინიის დედოფალი 1831-1849 წლებში როგორც კარლო ალბერტო I-ის მეუღლე. გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის, ვიტორიო ემანუელე II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარია ტერეზია

მარია ტერეზა დაიბადა 1801 წლის 21 მარტს ვენაში. იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ისა და მისი ცოლის, ლუიზა მარია ნეაპოლელის ქალიშვილი. მამამისი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ვაჟი (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი) და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ის ბიძა. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა ტოკსნა დაიპყრო, იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ვენის საიმპერატორო კარზე.

მარია ტერეზიას დაბადებიდან ერთ წელიწადში დედამისი მშობიარობას გადაჰყვა, რის შემდეგაც მამამისს მეორე ცოლი აღარ შეურთავს.

1814 წელს, ნაპოლეონის ჩამოგდების შემდეგ ევროპაში ძველი საზღვრები აღდგა და ფერდინანდოსაც დაუბრუნდა ტოსკანის ტახტი, რის შემდეგაც იგი თავის შვილებთან ერთად ფლორენციაში გადასახლდა. 1817 წლის 30 სექტემბერს, ფლორენციაში შედგა მარია ტერეზიასა და კარინიანოს პრინც კარლო ალბერტო სავოიელის ქორწინება.

1820-22 წლებში მარია ტერეზიამ ზედიზედ ორი ვაჟი გააჩინა. ამას მალევე მოჰყვა მესამე გოგონას დაბადება, თუმცა იგი ჩვილობაში გარდაიცვალა. 1824 წელს სარდინიის უშვილო მეფე კარლო ფელიჩე I-მა თავის მემკვიდრედ საკუთარი ბიძაშვილი, ანუ კარლო ალბერტო სავოიელი დაასახელა. 1831 წელს კარლო ფელიჩე უშვილოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც კარლო ალბერტო I და მარია ტერეზია სარდინიის მეფე-დედოფალი გახდნენ.

1849 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი სარდინიის დედა-დედოფალი გახდა. მარია ტერეზია იმდენად განიცდიდა მეუღლის გარდაცვალებას, რომ საჯაროდ საერთოდ აღარ გამოდიოდა და მთელ დღეებს საკუთარ ოთახში ატარებდა. დარჩენილი ცხოვრება ტურინის სამეფო კარზე გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1855 წლის 12 იანვარს, 53 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს კარლო ალბერტოს გვერდით, სუპერგის ბაზილიკაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიტორიო ემანუელე II (1820-1878), გაერთიანებული იტალიის პირველი მეფე. ცოლად შეირთო ადელჰაიდ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ფერდინანდო მარია (1822-1855), გენუის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ელიზაბეთ საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის იტალიის დედოფალი მარგერიტა სავოიელი;
  3. მარია კრისტინა (1826-1827), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Theresia von Toscana. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 7. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1861, S. 82 f. (Digitalisat).
  • Maria Theresia, in: Brigitte Hamann (Hg.), Die Habsburger, 1988, S. 346.