ჟუანა პორტუგალიელი (1452-1490)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუანა პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 6 თებერვალი, 1452
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 12 მაისი, 1490, (38 წლის)
ავეირუ, პორტუგალია
საგვარეულო ავისები
მამა აფონსუ V, პორტუგალიის მეფე
დედა იზაბელ კოიმბრელი
რელიგია კათოლიციზმი

ჟუანა პორტუგალიელი (პორტ. Joana de Portugal), აგრეთვე ცნობილია როგორც წმინდა პრინცესა ჟუანა (პორტ. Santa Joana Princesa; დ. 6 თებერვალი, 1452 — გ. 12 მაისი, 1490) — კათოლიკური ეკლესიის პორტუგალიელი წმინდანი. ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე აფონსუ V-ისა და დედოფალ იზაბელ კოიმბრელის უფროსი ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუანა დაიბადა 1452 წლის 6 თებერვალს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე აფონსუ V-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ იზაბელ კოიმბრელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. ვინაიდან მისი უფროსი ძმა ჩვილობაში დაიღუპა, 1452-55 წლებში, სანამ მისი მეორე ძმა, ჟუანი დაიბადებოდა ჟუანა იყო პორტუგალიის ტახტის პირველი მემკვიდრე.

ჯერ კიდევ ბავშვობაში, იგი აცხადებდა, რომ მონაზვნობა სურდა, მაგრამ ვინაიდან იგი ტახტის მეორე მემკვიდრე იყო მონაზონი ვერ გახდებოდა. 1471 წელს, აფონსუ V-ის სამხედრო კამპანიისას პორტუგალიას ჟუანა მართავდა, როგორც რეგენტი.

1475 წელს დაიწყო ჟუანას საქორწინო მოლაპარაკებები. თავდაპირველად მის საქმროდ მოიაზრებოდა საფრანგეთის მეფე ლუი X-ისა და დედოფალ შარლოტა სავოიელის ერთადერთი ვაჟი, მომავალში მეფე შარლ VIII, რომელიც ჟუანაზე 18 წლით უმცროსი იყო. მას შემდეგ, რაც 1483 წელს ლუი X გარდაიცვალა, გამეფებულმა შარლმა კატეგორიული უარი თქვა ჟუანას ცოლად შერთვაზე და მარგარეტ ავსტრიელზე დაინიშნა. 1485 წელს გარდაიცვალა ინგლისის დედოფალი ანა ნევილი, რომელსაც შვილი არ დარჩენია. ანას ქვრივმა, მეფე რიჩარდ III-მ გადაწყვიტა ჟუანაზე დაქორწინება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რიჩარდს თავის ძმისწულ ელისაბედ იორკელთან ჰქონდა რომანი და მის ცოლად შერთვას აპირებდა. რიჩარდი ოფიციალურად ამბობდა, რომ თავად ჟუანაზე იქორწინებდა, ელისაბედი კი ჟუანას ბიძაშვილ მანუელზე უნდა დაექორწინებინა, მაგრამ რეალურად მოლაპარაკებებიც კი არ მიმდინარეობდა. ამავე წელს რიჩარდი ბრძოლაში მოკლეს და მისი საქორწინო გეგმებიც ჩაიშალა.

საბოლოოდ, ჟუანამ განაცხადა, რომ არასოდეს გათხოვდებოდა. დარჩენილი ცხოვრება მან თავისი ძმის, მეფე ჟუან II-ისათვის პოლიტიკური რჩევების მიცემასა და ქველმოქმედებაში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1490 წლის 12 მაისს ავიედოში, 38 წლის ასაკში.

1693 წელს, რომის პაპმა ინოკენტი XII-მ ჟუანა წმინდანად შერაცხა. როგორც წმინდანი, იგი ცნობილია როგორც წმინდა პრინცესა ჟუანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Capes, Florence. "Blessed Joanna of Portugal." The Catholic Encyclopedia. Vol. 8. New York: Robert Appleton Company, 1910. 25 Jul. 2014
  • The Portuguese Princess's Dream, Richard III Society - American Branch Web Site. Richard III Society. Retrieved 2010-02-26.