მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (1632-1649)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი და ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 2 ივლისი 1648
მმართ. დასასრული: 7 აგვისტო 1649
წინამორბედი: მარია ანა ესპანელი
მემკვიდრე: ელეონორა მანტუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 აპრილი 1632
დაბ. ადგილი: ინსბრუკი, ტიროლია
გარდ. თარიღი: 7 აგვისტო 1649 (17 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: კარლ იოზეფ ავსტრიელი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ლეოპოლდ V, ტიროლიის გრაფი
დედა: კლაუდია დე’ მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (გერმ. Maria Leopoldine von Österreich; დ. 6 აპრილი 1632 - გ. 7 აგვისტო 1649) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ტიროლიის გრაფ ლეოპოლდ V-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია კლაუდია მედიჩის ნაბოლარა ქალიშვილი. მიათხოვეს თავის ბიძაშვილს, საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ს. ქორწინებიდან ერთ წელიწადში მარია ლეოპოლდინა თავის პირველ მშობიარობას გადაჰყვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეოპოლდინა დაიბადა 1632 წლის 6 აპრილს ინსბრუკში. იგი იყო ტიროლიის გრაფ ლეოპოლდ V-ისა და მისი ცოლის, კლაუდია მედიჩის მესამე, მაგრამ მეორე გადარჩენილი ქალიშვილი. მამამისი მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში, 1632 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. მამის ხაზით მას ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ავსტრიის ერცჰერცოგი კარლ II და მისი ცოლი - მარია ანა ბავარიელი, ხოლო დედის ხაზით ტოსკანის ჰერცოგი ფერდინანდო I და მისი ცოლი კრისტინა ლოთარინგიელი. ასევე დედის ხაზით მას ჰყავდა ნახევარდა - ვიტორია დელა როვერე, რომელიც კლაუდია მედიჩის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

ორსული მარია ლეოპოლდინა

მარია ლეოპოლდინას უფროსმა ძმამ ფერდინანდ კარლმა მემკვიდრეობით ტიროლიის გრაფობა მიიღო, მაგრამ 1641 წლამდე მისი მცირეწლოვანების გამო ტიროლიას კლაუდია მედიჩი მართავდა, როგორც მისი რეგენტი. ამავე წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები 9 წლის მარია ლეოპოლდინას ქორწინებასთან დაკავშირებით. იგეგმებოდა მისი მითხოვება კურპფალცის კურფიურსტ კარლ I-ისთვის, რომელიც ინგლიის მეფე ჩარლზ I-ის დის შვილი იყო. თუმცა ეს ქორწინება არასოდეს შემდგარა და კარლმა შარლოტა ჰესენ-კასელელი შეირთო ცოლად.

ქორწინება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1648 წლის 2 ივლისს მარია ლეოპოლდინა მიათხოვეს მის ბიძაშვილს, ახლად დაქვრივებულ საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ს. გარდა ამისა იგი ასევე ატარებდა უნგრეთის, გერმანიის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფის და ავსტრიის ერცჰერცოგის წოდებას. მათ თავბრუდამხვევი ქორწილი გადაიხადეს. როგორც კომპოზიტორმა ანდრეა რახმა განაცხადა, ეს იყო ოცდაათწლიანი ომის ბრწყინვალე დასასრული. მათი შეუღლების აღსანიშნავად უნდა დადგმულიყო დიდებული წარმოდგენა, რომელიც ჩაიშალა ფერდინანდის სიძის, პოლონეთის მეფე ვლადისლავ IV-ის გარდაცვალების გამო. მარია ლეოპოლდინას და ფერდინანდის ურთიერთობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის პირველ ცოლთან - მარია ანა ესპანელთან. ფერდინანდის ორივე ქორწინება მიმართული იყო ჰაბსბურგთა დინასტიის გაერთიანებისაკენ.

ქორწილიდან მალევე დედოფალი დაფეხმძიმდა. 1649 წელს შეიქმნა ორსული მარია ლეოპოლდინას პორტრეტი. 1649 წლის 7 აგვისტოს მან თავისი ერთად-ერთი ვაჟი - კარლ იოზეფი გააჩინა. მშობიარობა ძალიან გართულდა, რასაც 17 წლის მარია ლეოპოლდინა გადაჰყვა. ამის შემდეგ ფერდინანდმა კიდევ ერთი ცოლი შეირთო. მისი და მარია ლეოპოლდინას ვაჟი კი 14 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wurzbach 1861, p. 52.
  • Hartland 1854, p. 69.
  • Lundy, Darryl (20 February 2010). Maria Leopoldina Erzherzogin von Österreich. ThePeerage.Com. cites Louda, Jirí; MacLagan, Michael (1999). Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.). London, U.K.: Little, Brown and Company. table 80.
  • Akkerman, Nadine (2011). The Correspondence of Elizabeth Stuart, Queen of Bohemia. Oxford University Press.
  • Barthold, Friedrich Wilhelm (1843). Geschichte des großen deutschen Krieges vom Tode Gustav Adolfs. Liesching.
  • Weaver, Andrew H. (2012). Sacred Music as Public Image for Holy Roman Emperor Ferdinand III: Representing the Counter-Reformation Monarch at the End of the Thirty Years' War. Ashgate Publishing.
  • Wedgwood, Cicely Veronica (1967). The thirty years war. Jonathan Cape.
  • Coxe, William (1807). History of the House of Austria, from the Foundation of the Monarchy by Rhodolph of Hapsburgh, to the Death of Leopold the Second.
  • Kunisch, Hermann (1971). Literarisches Jahrbuch. Duncker & Humblot.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (1632-1649)
დაიბადა: 6 აპრილი 1632 გარდაიცვალა: 7 აგვისტო 1649
წინამორბედი:
მარია ანა ესპანელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი და ავსტრიის ერცჰერცოგინია
2 ივლისი 1648 - 7 აგვისტო 1649
შემდეგი:
ელეონორა მანტუელი