ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი
Elisabeth Charlotte von der Pfalz
Liselotte von der pfalz.jpg
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 16 ნოემბერი 1671
მმართ. დასასრული: 9 ივნისი 1701
წინამორბედი: ჰენრიეტა ინგლისელი
მემკვიდრე: ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 მაისი 1652
დაბ. ადგილი: ჰაიდელბერგის ციხესიმაგრე, კურპფალცი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 8 დეკემბერი 1722 (70 წლის)
გარდ. ადგილი: შატო დე-სენ-კლოდი, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთის სამეფო
დაკრძ. ადგილი: სენ დენის ბაზილიკა
მეუღლე: ფილიპ I
შვილები: ფილიპ II
ელიზაბეტ შარლოტი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: კარლ I ლუისი
დედა: შარლოტა ჰესენ-კასელი
რელიგია: კალვინიზმი, შემდეგ კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Madame, Duchess of Orléans.jpg

ელიზაბეტ შარლოტა კურპფალცელი (გერმ. Elisabeth Charlotte von der Pfalz, ფრანგ. Élisabeth Charlotte du Palatinat; დ. 27 მაისი 1652 — გ. 8 დეკემბერი 1722), მეტსახელად ლიზელოტავიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. კურპფალცის პრინცესა. ორლეანის ჰერცოგინია 1671-1701 წლებში როგორც ფილიპ I-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ელიზაბეტი დაიბადა 1652 წლის 27 მარტს, ჰაიდელბერგის ციხესიმაგრეში. მისი მშობლები იყვნენ კურპფალცის კურფიურსტი კარლ I ლუისი და შარლოტა ჰესენ-კასელი. მას პირდაპირი ნათესავური კავშირი ჰქონდა ევროპის უამრავ სამეფო დინასტიასთან. მაგალითად: მამის ხაზით მისი ბებია იყო ელისაბედ სტიუარტი, ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის ასული, რომელიც შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალ მარია სტიუარტის ვაჟი იყო. მისი ბიძაშვილი იყო ჰანოვერის მეფე გეორგ I. ელიზაბეტი თავისი ქალიშვილის შთამომავლობით, გამოდის საფრანგეთის ლეგენდარული დედოფლის - მარია ანტუანეტის დიდი ბებია. მისი მშობლები თავიანთი სუსტი მმართველობის გამყარებას შვილების სარფიანად დაოჯახებით აპირებდნენ, როგორც იყო მონარქთა ჩვეულება იმ ეპოქაში. პრინცესა ლიზელოტა (ელიზაბეთ შარლოტის შემოკლებითი ფორმა) სულ ხუთი წლის იყო როდესაც დაიწყო მისი და ჰანოვერის პრინცის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.

იგი ყოველთვის იხსენებდა თავის საყვარელ მამიდას, რომელთანაც გაატარა ბავშვობის ბედნიერი წლები თავის დებთან ერთად. 1663 წლიდან ლიზელოტა თავის ძმასთან ერთად ჰაიდელბერგში გადაიყვანეს საცხოვრებლად. ელიზაბეთის მამას სურდა იგი ორანჟ-ნასაუს პრინცის უილიამ III-ისთვის მიეთხოვებინა, რომელიც შემდგომში ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე გახდა, თუმცა ეს ქორწინება არ შემდგარა. ამ მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ დაიწყო ელიზაბეტისა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის უმცროსი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. 1571 წელს ფილიპის პირველი ცოლი, პრინცესა ჰენრიეტა ანა ინგლისელი გარდაიცვალა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა 1673 წელს

1671 წლის 16 ნოემბერს ქალაქ მეცში ფილიპ I და ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი დაქორწინდნენ. სანამ ელიზაბეთი საფრანგეთის ინტრიგებით სავსე სამეფო კარზე ჩავიდოდა, ქმრის სურვილით იგი კათოლიკედ მონათლეს. ქორწინება მოაწყო ელიზაბეთის ბიცოლამ - ანა გონძაგამ. ანა ფილიპის პირველი ცოლის მეგობარიც იყო, თუმცა ახლა მან ელიზაბეთი კათოლიციზმზე მოაქცია და ასწავლა როგორ უნდა მოქცეულიყო ვერსალში. საფრანგეთის სამეფო კარზე მისი ქმარი სარგებლობდა მონსინიორის პატივით.

მისი მეუღლის წოდებიდან გამომდინარე, სამეფო კარზე ელიზაბეთი მადამის პატივით სარგებლობდა. ელიზაბეთ შარლოტა ძალიან ახლოს იყო თავის გერებთა, პრინცესებთან - მარია ლუიზასთან და ანა მარიასთან, რომელთაც დედის სითბო მისგან მიიღეს. 1679 წელს მარია ლუიზა მიათხოვეს ესპანეთის მეფე კარლ II-ს. ის ფაქტი, რომ მისი ქმარი ჰომოსექსუალი იყო მთელს ევროპასა და განსაკუთრებით კი საფრანგეთში კარგად იყო ცნობილი და ელიზაბეთიც არ დარჩენილა იმედგაცრუებული. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეგუებოდა ქმრის ამგვარ მდგომარეობას.

ელიზაბეთ შარლოტამ გააპროტესტა მისი ქმრის კაც საყვარლებზე უამრავი ფულის ფლანგვა. მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„მე შემიძლია მოვითმინო მისი ქმედებები, თუმცა მონსინიორი ხშირად ფულზე თამაშობს, ზოგჯერ ის ან მისი ფავორიტი 100 000 ფრანკს აგებს და ყველა ეს ვალი მემკვიდრეობით მე და ჩემს შვილებს გადმოგვეცემა. ეს არ არის სასიამოვნო, და ღმერთია მოწმე, რომ იგი ჩემს რჩევას ყურს არ უგდებს. სწორედ ამიტომ იძულებული ვარ მთლიანად ჩემი მეფის ქველმოქმედების ხარჯზე ვიცხოვრო, რაც საშინელებაა !“
ლიზელოტა 1578 წელს

ელიზაბეთ შარლოტას ვერსალის სამეფო სასახლეში ჰქონდა აპარტამენტები და გარდა ამისა მას რამდენიმე პარიზის სასახლეში საკმაოდ დიდი პალატი ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, მისი საყვარელი რეზიდენცია იყო შატო დე სენ-კლოდი. იგი ძირითადად ან სენ-კლოდში იყო, ან ვერსალში. ელიზაბეთს დეპარტამენტები ჰქონდა ლუი XIV-ის სანადირო რეზიდენცია შატო დე მარლიში. ელიზაბეთი დიდ დროს ატარებდა თავის მაზლთან, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან, რომელთანაც მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე. ქორწინება თავიდან კარგად დაიწყო, რაზეც ორი ვაჟის გაჩენამ საკმაოდ კარგი გავლენა იქონია. წყვილს სულ სამი შვილი ჰყავდა. იმ დროს როცა ელიზაბეთი მესამედ იყო ორსულად გარდაიცვალა მისი პირველი ვაჟი, რამაც იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, თუმცა ამას მუცლად მყოფ გოგონაზე გავლენა არ მოუხდენია. მას შემდეგ რაც მან გოგონა გააჩინა, ელიზაბეთსა და ფილიპს შორის აღარასდროს ყოფილა ისეთი ახლო ურთიერთობა როგორიც იყო. პრინცესა ელიზაბეტ შარლოტის დაბადების შემდეგ, ფილიპი და ელიზაბეთი ორმხრივ თავისუფალ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა ფილიპი ელიზაბეთის ჯაშუშების ალყაში აღმოჩნდა, რომლებიც ლიზელოტას ყველაფერს ატყობინებდნენ.

მისი მამიდა, სოფია ჰანოვერელი, იმდენად ხშირად წერდა ლიზელოტას, რომ თავისუფლად შეიძლება მათი წერილებიდან ლუი XIV-ისა და მისი ძმის, ფილიპ I-ის პიროვნებაზე და მმართველობაზე თვალნათელი წარმოდგენის შექმნა. მათში ასახულია თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ლიზელოტას სამეფო ოჯახის წევრებთან და ასევე ისიცაა აღწერილი თუ თავად ოჯახის წევრებს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

ცხოვრება სამეფო კარზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მეფის ძმა და რძალი, წყვილი აუცილებლად უნდა დასწრებოდა ყველა ღონისძიებას სამეფო კარზე. მისი მეუღლის რანგიდან გამომდინარე, ელიზაბეთი თვით დედოფლის შემდეგ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი იყო საფრანგეთში. თუმცა ეს მანამდე სანამ მეფის ვაჟმა, დოფინმა ლუიმ ცოლი არ შეირთო, რომელიც დედოფლის შემდეგ მეორე ქალი იყო.

ლუი XIV-ის საყვარლის, მადამ დე მონტესპანის ქალიშვილი, რომელიც მას მეფესთან უკანონოდ ჰყავდა, პრინცესა ფრანსუაზა მარია დე ბურბონი საბოლოოდ დაქორწინდა ელიზაბეთის ვაჟ ფილიპ II-ზე. ლიზელოტას არ სურდა, რომ მისი ვაჟი ფრანსუაზზე დაქორწინებულიყო. მოგვიანებით კი გაიგო, რომ მისი ვაჟი ქორწინებას მხოლოდ მეფის დაჟინებული მოთხოვნით დათანხმდა. როცა გაიგო, რომ ამ საქმეში მეფის ხელი ერია უკან დაიხია და მშვიდად მიესალმა ამ საქმეს. მოგვიანებით ამ თემაზე წერდა:

ვიკიციტატა
„თუ, მათი სისხლი ჩემსას არ შეერევა, მე შევძლებდი ჩემი ვაჟისთვის თავად ამერჩია საცოლე. თუმცა რაც მოხდა, ვერაფრით შევცვლი, ჰარმონია უნდა შევინარჩუნო ყველასთან“

მას შემდეგ რაც მადამ დე მონტესპანს სამეფო საყვარლის წოდება გადაეცა, თითქოს გამოსწორდა მისი და მისი ქალიშვილის მდგომარეობა, მაგრამ ელიზაბეთი მათ მაინც ვერ იტანდა და წერილებში მონტესპანს უწოდებს "მეფის ძველ ნაჭერს", "ძველი სურვილს" და "ძველ კახპას".

ელიზაბეთი გამუდმებით სწერდა წერილებს მამიდას, სოფია ჰანოვერელსა და უმცროს დებს. 1685 წელს ელიზაბეთის ერთად-ერთი ძმის, კურპფალცის კურფიურსტ კარლ II-ის უშვილოდ სიკვდილის შემდეგ, ვიტელსბახების პოზიციების კურპფალცში დასაცავად ლუი XIV-მ დიდი ჯარები გაგზავნა. მიუხედავად ამისა, დაიწყო ომი კურპფალცის მემკვიდრეობისთვის, რომელიც 1697 წლამდე გაგრძელდა და მათი დამარცხებით დაგვირგვინდა.

ელიზაბეთ შარლოტა 1680 წელს

1701 წლის 9 ივნისს მისი მეუღლე, ფილიპ I გარდაიცვალა შატო დე სენ-კლოდში, 60 წლის ასაკში. ელიზაბეთი თავის ვაჟს, რომელიც მეფის ძმიშვილიც იყო და სიძეც, ურჩევდა ფრთხილად მოქცეულიყო, რათა ლუის კეთილგანწყობა არ დაეკარგა. მისი ნათესავები საზღვარგარეთიდან ატყობინებდნენ, რომ დაეთბო ურთიერთობები მადამ დე მონტესპანთან.

იგი დაბრუნდა ვერსალში და სცადა მონტესპანთან ურთიერთობის დალაგება. მეფის საყვარელთან კარგი ურთიერთობით, ლიზელოტამ შეძლო წოდებისა და წლიური შემოსავლის, წელიწადში 40 000 ლივრის შენარჩუნება. ლუი XIV-მ მისი შემოსავალი 250 000 ლივრამდე, ხოლო მისი შვილების 200 000-მდე გაზარდა.

ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, ლიზელოტამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„მათ, ვინც ახლა უკვე სხვა სამყაროში ცხოვრობენ, იციან რა ხდება აქ, ვფიქრობ რომ ჩემი მონსინიორის მადლი დამეხმარება და კმაყოფილი იქნება იმით რასაც მისთვის და მისი შვილებისთვის ვაკეთებ... იმ დიდმა კომფორტმა რასაც მეფისგან ვიღებ, მთლიანად შეცვალა ჩემი მდგომარეობა, თუმცა როცა მონსინიორზე საუბარი ჩამოვარდება, მეფე ყოველთვის დუმს...“

1715 წელს 77 წლის ასაკში ლუი XIV ვერსალში გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი შვილთაშვილი ლუი XV. ახალი მეფე სულ 5 წლის იყო, ამიტომაც რეგენტი ლიზელოტას ვაჟი, ფილიპ II გახდა, რამაც მათ საოცარი ძალაუფლება მიანიჭა. ამან ლიზელოტა მონტესპანისგან გაანთავისუფლა. მან მონტესპანის დევნა და ჩაგვრა დაიწყო. საფრანგეთმა კი ახალ ეპოქაში შეაბიჯა. ლიზელოტამ მონტესპანი სასახლიდან გააძევა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1722 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, თავის საყვარელ შატო დე სენ-კლოდში. ლიზელოტას შთამომავლები შემდგომში მთელი ევროპის და არა მხოლოდ ევროპის, ბრაზილიის მმართველებიც კი გახდნენ. მათ შორის არიან მარია ანტუანეტა, ფრანც I, პედრო II და ა.შ.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსანდრე ლუი (დ. 2 ივლისი 1673 - გ. 16 მარტი 1676), ვალუას ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ფილიპ II (დ. 2 აგვისტო 1674 - გ. 2 დეკემბერი 1723), ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანსუაზა მარია დე ბურბონი რომელთანაც შეეძინა შვილები. იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტი;
  3. ელიზაბეტ შარლოტი (დ. 13 სექტემბერი 1676 - გ. 23 დეკემბერი 1744), ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდს, რომელითანაც შეეძინა შვილები, იგი იყო საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტ ავსტრიელის ბებია.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 27 მაისი 1652 - 16 ნოემბერი 1671: კურპფალცის პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა, პფალცის სიმერნის გრაფინია;
  • 16 ნოემბერი 1671 - 9 ივნისი 1701: მისი სამეფო უმაღლესობა ორლეანის ჰერცოგინია;
  • 9 ივნისი 1701 - 8 დეკემბერი 1722: მისი სამეფო უმაღლესობა ორლეანის ქვრივი ჰერცოგინია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Spanheim, Ezechiel (1973). Le Temps retrouvé XXVI: Relation de la Cour de France. Paris, France: Mercure de France. pp. 74–79, 305–308.
  • Fraser, Dame Antonia, Love and Louis XIV, Anchor Books, 2006, pp. 134, 137, 140.
  • Crompton, Louis, Homosexuality and Civilization Belknap, Cambridge, Massachusetts, 2003, p. 348.
  • Barker, Nancy Nichols. Brother to the Sun King: Philippe, Duke of Orleans, Johns Hopkins University Press, 1998.
  • Pas, Leo van de. "Alexandre Louis d'Orléans, Duke of Valois". Genealogics.org. Archived from the original on 2012-08-01. Retrieved 2009-12-22.
  • Life and letters of Charlotte Elisabeth, Princess Palatine and mother of Philipp d'Orléans, régent de France 1652–1722, compiled, translated, and gathered from various published and unpublished, Chapman & Hall, London, 1889.
  • A woman's life in the court of the Sun King: letters of Liselotte von der Pfalz, 1652–1722, Elisabeth Charlotte, Duchesse d'Orléans, translated by Elborg Forster, Johns Hopkins University Press, 1984.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ჰენრიეტა ინგლისელი
ორლეანის ჰერცოგინია
16 ნოემბერი 1671 - 9 ივნისი 1701
Arms of Élisabeth Charlotte of the Palatinate, Princess Palatine as Duchess of Orléans.png
შემდეგი:
ფრანსუაზ მარი დე ბურბონი