შინაარსზე გადასვლა

მარია დელ პილარ ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია დელ პილარ ესპანელი
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1861
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 5 აგვისტო, 1879, (18 წლის)
გიპუსკოა, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ინფანტა
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი
დედა: ისაბელ II, ესპანეთის დედოფალი

მარია დელ პილარ ესპანელი (ესპ. María del Pilar de España; დ. 6 აპრილი, 1861 — გ. 5 აგვისტო, 1879) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ისა და მისი მეუღლის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისის შუათანა ასული. განიხილებოდა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ერთადერთი ვაჟის საცოლედ, რომელიც საფრანგეთ-ზულუს ომში დაიღუპა.

მარია დელ პილარი დაიბადა 1861 წლის 6 აპრილს მადრიდის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ისა და მისი ქმრის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. იგი მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც 1868 წელს ესპანელებმა დედამისის, ისაბელ II-ის მმართველობა დაამხეს და მთელი სამეფო ოჯახი ქვეყნიდან გააძევეს. ამ დროს მათ საფრანგეთის სამეფო კარს შეაფარეს თავი. სწორედ აქ, პარიზის სასულიერო სასწავლებელში მიიღო განათლება მარია დელ პილარმა. მალევე, მისი გარეგნობითა და თვისებებით მოხიბლულმა საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ წამოჭრა მარია დელ პილარისა და თავისი ერთადერთი ვაჟის, საიმპერატორო პრინც ნაპოლეონის ქორწინების იდეა, რომელიც მალევე დაადასტურა რომის პაპმა პიუს IX-მ. ამის შემდეგ, საქორწინო მოლაპარაკებები აქტიურად გაჩაღდა დედოფალ ისაბელსა და საფრანგეთის იმპერატრიცა ეუხენია დე მონტიხოს შორის, რომელიც ასევე ესპანელი ქალბატონი იყო.

ამ ამიდან ორ წელიწადში ესპანეთში ბურბონთა რესტავრაცია განხორციელდა და მეფე მისი ძმა ალფონსო XII ხდება, რის გამოც მარია დელ პილარი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მისი მშობლები კვლავ საფრანგეთში დარჩნენ. ესპანეთში მარია დელ პილარი თავის დებთან ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა სევილიასა და მადრიდში. 1879 წლის ივლისში მარია დელ პილარი და მისი და-ძმები: ისაბელი, ალფონსო, მარია დე ლა პასი და ეულალია ჩრდილო ესპანეთის საზღვაო კურორტ გიპუსკოაში წავიდნენ დასასვენებლად. ამ ბედნიერი დასვენებისას, 3 აგვისტოს, გამთენიისას საკუთარ საწოლში მარია დელ პილარი კრუნჭხვებში ჩავარდა და ცნობიერება დაკარგა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მზის ძლიერი დარტყმის მიზეზით მოხდა. ამ ამბიდან ორ დღეში, 5 აგვისტოს 18 წლის მარია დელ პილარი გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი გარდაცვალება ტუბერკულოზმა, ან მენინგიტმა გამოიწვია.

ამ ამბამდე სულ ორ თვით ადრე, მარია დელ პილარის საქმრო, პრინცი ნაპოლეონი საფრანგეთ-ზულუს ომში წავიდა, სადაც იგი ადგილობრივმა აბორიგენებმა მოკლეს ბრძოლაში, 23 წლის ასაკში. მარია დელ პილარი დაკრძალეს ესკორიალის სამეფო აკლდამაში. მის დაკრძალვას საფრანგეთის იმპერატრიცა და მისი სადედამთილო ეუხენია დე მონტიხოც დაესწრო.

წლების შემდეგ, მისი უმცროსი და, მარია დე ლა პასი ცოლად გაჰყვა ბავარიის პრინც ლუდვიგ ფერდინანდს, რომელთან შეძენილ პირველ ქალიშვილს თავისი საყვარელი განსვენებული დის, მარია დელ პილარის სახელი დაარქვა.

  • Balansó, Juan (mayo de 1999). «Capítulo VI. Las hijas de Isabel». Las perlas de la corona (2ª edición). Plaza Janés. p. 126. ISBN 84-01-54071-2.
  • De Borbón, María de la Paz; Adalberto de Baviera (1935). «Primera parte. Capítulo segundo. ¡Abajo Bonaparte!». Cuatro revoluciones e intermedios. Espasa-Calpe. p. 24.