კონსტანსია დ’არლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კონსტანსია დ’არლი
Konstancie Arles.jpg
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1001
მმართ. დასასრული: 1031
წინამორბედი: ბერთა ბურგუნდიელი
მემკვიდრე: მატილდა ფრიზიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 986
დაბ. ადგილი: არლი, პროვანსი
გარდ. თარიღი: 28 ივლისი, 1032
გარდ. ადგილი: მელუნი, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: რობერ II, საფრანგეთის მეფე
შვილები: უგო მაგნუსი
ანრი I, საფრანგეთის მეფე
ადელა, ფლანდრიის გრაფინია
რობერ I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დინასტია: ბოსონიდები
მამა: გულიელმ I, პროვანსის გრაფი
დედა: ადელაიდა ანჟუელი
რელიგია: ქრისტიანობა

კონსტანსია დ’არლი (ფრანგ. Constance d'Arles; დ. 986 — გ. 28 ივლისი, 1032) — პროვანსის გრაფ გულიელმ I-ისა და ადელაიდა ანჟუელის ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1001-31 წლებში როგორც რობერ II-ის მესამე ცოლი. საფრანგეთის მეფე ანრი I-ისა დედა და პორტუგალიის მეფე აფონშუ I-ის დიდი ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანსია დაიბადა 986 წელს, პროვანსის ქალაქ არლში. იგი იყო პროვანსის გრაფ გულიელმ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ანჟუს გრაფ ფულკ II-ის ასულ ადელაიდა-ბლანშ ანჟუელის უფროსი ქალიშვილი. 1000 წელს საფრანგეთის მეფე რობერ II უკვე მეორე ცოლს, დედოფალ ბერთა ბურგუნდიელს გაშორდა უშვილობის მიზეზით, რის გამოც 1001 წელს მან ცოლად შეირთო კონსტანსია. ამ ქორწინებას დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგანაც ბერთა ბურგუნდიელი და მისი ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მათ ერთად ყოფნას.

1010 წელს რობერი რომში წავიდა და პაპს საბოლოოდ ააყრევინა ჯვარი მასსა და ბერტას შორის. მალევე პაპმა სერგიუს IV-მ რობერისა და კონსტანსიას ქორწინების ლეგიტიმაცია მოახდინა. ეს საქმე თავიდან ძალიან გართულდა, რადგან მას უკვე ორი ცოლი ჰყავდა, თუმცა როგორც თავად განაცხადა, რობერს "უყვარდა ცოლი" ამიტომაც პაპი კომპრომისზე წავიდა.

მესამე ქორწინება მართლაც იღბლიანი აღმოჩნდა რობერისთვის. მასა და კონსტანსიას ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ, ამასთან დედოფალმა მას ექვსი შვილიც გაუჩინა. კონსტანსიას ყოველთვის ძალიან უნდოდა, რომ მისი ვაჟი მეფე გამხდარიყო. 1017 წელს მისი ზეგავლენით რობერმა მათი უფროსი ვაჟი — უგო მაგნუსი თავის თანამმართველად დაინიშნა. 1025 წელს მათი კიდევ ორი ვაჟი: ანრი და რობერი ხელისუფლების ჩასაგდებად აჯანყდნენ, რამაც კონსტანსია დიდად გაანაწყენა და ცნობილია, რომ პირველად ცხოვრებაში მან თავის შვილებს სახალხოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ამბიდან მალევე, 1026 წელს 18 წლის უგო მაგნუსი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტის მემკვიდრე ანრი გახდა. ვაჟის გარდაცვალებამ კატასტროფულად უარყოფითი გავლენა მოახდინა დედოფალზე, რომელსაც ამის შემდეგ ფსიქიკა შეერყა და გამუდმებით სულიერად იტანჯებოდა.

მონარქიული წესების თანახმად და რობერის სურვილითაც, საფრანგეთის მომავალი მეფე ანრი იყო, თუმცა კონსტანსია მეორე ვაჟს, პრინც რობერს უჭერდა მხარს. მიუხედავად დედოფლის დიდი პროტესტისა, 1027 წელს ეპისკოპოსთან მხარდაჭერით ანრი საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ პროტესტის ნიშნად ამ ცერემონიალს კონსტანსია არ დაესწრო.

რობერ II 1031 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა და ტახტზე ანრი I ავიდა. საყვარელი მეუღლის დაკარგვამ კიდევ უფრო უარეს დღეში ჩააგდო დედოფალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ძალიან დამძიმდა. კონსტანსიამ გადაწყიტა დარჩენილი დრო კარგად გამოეყენებინა და ტახტზე რობერი დაესვა. მალევე მან დატოვა სამეფო კარი და რობერთან გაემგზავრა ნორმანდიაში, სადაც იგი ჯარებს აგროვებდა. როდესაც დედა-დედოფალი ჯერ კიდევ პუასუში იყო, ანრი ჩავიდა ნორმანდიაში და სასტიკად დაამარცხა რობერი. ამის შემდეგ კონსტანსია პუატიეში გაიქცა. საბოლოოდ იგი ანრის ჩაბარდა, თუმცა დაიფიცა, რომ ყველა მის მომხრეს გაანადგურებდა.

ყოველივე ეს მას არ დასცალდა და 1032 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია იგი ხოხბის წვნიანმა მოწამლა. იგი დაკრძალეს რობერ II-ის გვერდით, სენ დენის სამეფო ბაზილიკაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ადვიზა (1003-1063), ცოლად გაჰყვა ნევერისა და ოქსერის გრაფ რენოლდ I-ს;
  2. უგო მაგნუსი (1007-1026), საფრანგეთის მეფის თანამმართველი;
  3. ანრი I (1008-1060), საფრანგეთის მეფე, პირველად იქორწინა მატილდა ფრიზიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ანა კიეველზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის საფრანგეთის მეფე ფილიპ I;
  4. ადელა (1009-1079), პირველად იქორწინა ნორმანდიის ჰერცოგ რიჩარდ III-ზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ფლანდრიის გრაფ ბალდუინ V-ს;
  5. რობერ I (1011-1076), ბურგუნდიის ჰერცოგი და ბურგუნდიული დინასტიის დამაარსებელი. მისი შვილთაშვილი იყო პორტუგალიის მეფე აფონშუ I, ხოლო პორტუგალიის ყველა დანარჩენი მონარქი მისი შთამომავალი იყო;
  6. ოდე (1013-1056);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gerd Treffer: Die französischen Königinnen. Von Bertrada bis Marie Antoinette. Pustet, Regensburg 1996, ISBN 3-7917-1530-5.
  • Carsten Woll: Die Königinnen des hochmittelalterlichen Frankreich. Steiner, Stuttgart 2002, ISBN 3-515-08113-5.