მარგარიტა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტა დე ბურბონი
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1939 (1939-03-06) (85 წლის)
რომი, იტალია
ეროვნება ესპანელები
წოდება სორიას ჰერცოგინია
ერნანის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) კარლოს სურიტა
(ქ. 1972)
შვილ(ებ)ი ალფონსო
მარია
მშობლები მამა: ხუანი, ბარსელონას გრაფი
დედა: მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი

მარგარიტა დე ბურბონი (ესპ. Margarita de Borbón; დ. 6 მარტი, 1939) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ვაჟის, ბარსელონას გრაფ ხუან ესპანელისა და მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელის უმცროსი ასული. სორიასა და ერნანის ჰერცოგინია. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის უმცროსი და და ესპანეთის დღევანდელი მეფის, ფილიპე VI-ის მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა დაიბადა 1939 წლის 6 მარტს რომში. იგი იყო ესპანეთის ჩამოგდებული მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის უმცროსი ვაჟის, ბარსელონას გრაფ ხუან ესპანელისა და მისი მეუღლის, მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელის მესამე შვილი და მეორე გოგონა. მარგარიტა დაბადებიდანვე ბრმა იყო.

1972 წლის 12 ოქტომბერს, პორტუგალიის ზღვისპირა ქალაქ ეშტორილში მარგარიტა დაქორწინდა პორტუგალიელ ფიზიკოსზე, კარლოს სურიტაზე, რომელთანაც ბედნიერი ქორწინება აქვს. მათ მრავალწლიანი ქორწინებიდან სულ ორი შვილი ჰყავთ:

  1. ალფონსო (დ. 9 აგვისტო, 1973);
  2. მარია (დ. 16 სექტემბერი, 1975), იგი გათხოვდა და 2018 წელს შეეძინა ვაჟიც, სახელად კარლოსი;

1989 წელს მეუღლესთან ერთად დააარსა "სორიას ჰერცოგისა და ჰერცოგინიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი". იგი ასევე არის იუნისეფის ესპანეთის დელეგაციის პრეზიდენტი და ესპანეთის ჯანმრთელობის ფონდის პრეზიდენტი.

მარგარიტამ, იმისათვის რომ კარლოს სურიტაზე დაქორწინებულიყო, უარი განაცხადა თავის უფლებებზე ესპანეთის სამეფო ტახტზე, ვინაიდან ამის გარეშე მას უფლება არ ჰქონდა თავისზე დაბალი წოდების კაცზე ექორწინა.

1979 წელს მისი ბიძაშვილი, ერნანის ჰერცოგი მანფრედო დე ბურბონი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც მისი მემკვიდრეობა მარგარიტას გადაეცა, რომელიც დღემდე ატარებს ერნანის ჰერცოგინიის წოდებას. 1981 წელს კი მისმა ძმამ, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა მას სორიის ჰერცოგინიის წოდებაც მიანიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • de Badts de Cugnac, Chantal; Coutant de Saisseval, Guy (2002). Le Petit Gotha. Paris: Laballery. pp. 419–420. ISBN 2-9507974-3-1.
  • Enache, Nicolas (1999). La Descendance de Marie-Therese de Habsburg, Reine de Hongrie et de Boheme. Paris: ICC. pp. 532–534. ISBN 2-908003-04-X.