ადელაიდა სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადელაიდა სავოიელი
Adéla savojská.jpg
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 3 აგვისტო, 1115
მმართ. დასასრული: 1 აგვისტო, 1137
წინამორბედი: ბერტრადა დე მონტფორტი
მემკვიდრე: ელეონორ აკვიტანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1092
დაბ. ადგილი: სენ-ჟენ-დე-მორიენი, სავოია
გარდ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1154, (62 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი VI, საფრანგეთის მეფე
მატიე I, მონმორანსის გრაფი
შვილები: ფილიპი, ფრანკთა მეფე
ლუი VII, საფრანგეთის მეფე
ანრი, რეიმსის არქიეპისკოპოსი
რობერ I, დრეს გრაფი
კონსტანსია, ტულუზის გრაფინია
ფილიპი, პარიზის ეპისკოპოსი
პიერი
მამა: უმბერტო II, სავოიის გრაფი
დედა: გიზელა ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადელაიდა სავოიელი (იტალ. Adelaide di Savoia, ფრანგ. Adélaïde de Savoie; დ. 18 ნოემბერი, 1092 — გ. 18 ნოემბერი, 1154) — სავოიური დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის გრაფ უმბერტო II-ისა და გიზელა ბურგუნდიელის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1115-37 წლებში როგორც ლუი VI-ის მეორე ცოლი. საფრანგეთის მეფე ლუი VII-ის დედა. დაქვრივების შემდეგ, იგი მეორედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან მატიე დე მონმორანსზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელაიდა დაიბადა 1092 წლის 18 ნოემბერს სავოიის საგრაფოში. იგი იყო გრაფ უმბერტო II-ისა და მისი მეუღლის, გიზელა ბურგუნდიელის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. დედამისი იყო ბურგუნდიის მეფე გულიელმო I-ის ასული. 1103 წელს მისი უფროსი ძმა, ამადეო III სავოიის გრაფი ხდება. ადელაიდას სახელი მისი დიდი ბებიის, ადელაიდა არდუნიჩის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ტურინისა და სუსას ერთპიროვნული მონარქი იყო. ასევე მის პატივსაცემად ერქვა სახელი იერუსალიმის დედოფალ ადელაიდა დელ ვასტოს. აღსანიშნავია, რომ მამის მხრიდან ადელაიდა საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ V-ის ბიძაშვილი იყო. დედის მხრიდან კი ბიძად ერგებოდა თვით რომის პაპი კალიქსტუს II. აგრეთვე ადელაიდას პირველი თაობის ბიძაშვილი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VII.

საფრანგეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1115 წლის 3 აგვისტოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ადელაიდა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის ახლადდაქვრივებულ და უშვილო მეფე ლუი VI-ს. მრავალწლიანი ქორწინებიდან მათ სულ ცხრა შვილი შეეძინა, მათ შორის საფრანგეთის მომავალი მეფე ლუი VII.

ადელაიდა საფრანგეთის დედოფლებს შორის პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მისი სახელით ლუის მეფობისას 45 სამეფო ქარტია გამოიცა. ერთ-ერთი ასეთი ქარტიით, მან სამუდამოდ გააუქმა სამეფო რეგნანული წელიწადი. ამას გარდა მან გამოსცა უამრავი რელიგიური ბონიფაციუმი, აგრეთვე პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში მან დააფუძნა წმინდა პეტრეს სახელობის მონასტერი.

საფრანგეთის დედა-დედოფალი და მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1137 წელს ლუი VI-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მათი ვაჟი ლუი VII ავიდა. ამ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ადელაიდა დიდად გლოვას არ მისცემია და დაუყოვნებლივ პირად ცხოვრებაზე ზრუნვა დაიწყო, ისევე როგორც სხვა დაქვრივებული დედოფლები აკეთებდნენ. მალევე იგი მეორედ დაქორწინდა საკმაოდ წარმოსადეგ ფრანგ დიდგვაროვან მატიე I დე მონმორანსზე. ამის მიუხედავად, იგი თავის ახალ ქმართან ერთად სამეფო კარზე დარჩა და განაგრძო პოლიტიკურ-რელიგიური საქმიანობა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1153 წელს ადელაიდამ თავის ვაჟ ლუისთან ერთად დააარსა მონმარტის სააბატო. მისი მშენებლობის დასრულებიდან სულ მალე, 1154 წლის 18 ნოემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე ადელაიდა სავოიელი გარდაიცვალა. ეს მისთვის 62-ე იუბილე იყო. იგი დაკრძალეს მის მიერვე დაარსებულ წმინდა პეტრეს მონასტერში. მისი საფლავი, ბევრი სხვა მეფე-დედოფლის მსგავსად საფრანგეთის რევოლუციის დროს განადგურდა და წაიბილწა, თუმცა ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ იგი კვლავ მონასტერში დაკრძალეს ყველა კათოლიკური წესის დაცვით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუისა და ადელაიდას სულ ცხრა შვილი შეეძინათ:

  1. ფილიპი (1116-1131), ფრანკების მეფე, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  2. ლუი VII (1120-1180), საფრანგეთის მეფე. პირველად ცოლად შეირთო ელეონორა აკვიტანიელი, რომელთან გაცილების შემდეგაც იქორწინა კონსტანსია კასტილიელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დაქორწინდა ადელ შამპანელზე. სულ სამივე ცოლთან ექვსი შვილი შეეძინა, აქედან ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, საფრანგეთის მეფე ფილიპ II;
  3. ანრი (1121-1175), რეიმსის არქიეპისკოპოსი;
  4. რობერი (1123-1188), დრეს გრაფი. ცოლად შეირთო ჯერ აგნეს დე გარლანდი, მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა ევიზ დე სალისბურზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი აგნეს დე ბედემონზე. სამივე ცოლთან სულ ცამეტი შვილი შეეძინა;
  5. კონსტანსია (1124-1176), პირველად დაქორწინდა ბოლონიის გრაფ ოსტას IV-ზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ტულუზის გრაფ რაიმონ IV-ზე;
  6. ფილიპი (1125-1161), პარიზის ეპისკოპოსი;
  7. მკვდარშობილი გოგონა;

მატიესა და ადელაიდას მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინათ:

  1. ალისა, მის შესახებ ისტორიული ცნობები არ არსებობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kathleen Nolan, 'The Queen’s Body and Institutional Memory: The Tomb of Adelaide of Maurienne,' in Elizabeth Valdez del Alamo and Carolo Stamatis Pendergast, eds., Memory and the Medieval Tomb (Brookfield, Aldershot, 2000), pp. 249-267.
  • Nolan, Kathleen D. Capetian Women (Palgrave MacMillan, 2004).
  • Kathleen Nolan, 'The Tomb of Adelaide of Maurienne and the Visual Imagery of Capetian Queenship,' in Kathleen Nolan, ed., Capetian Women (Palgrave Macmillan, 2004), pp. 45-76.
  • Lois L. Huneycutt, 'The Creation of a Crone: The Historical Reputation of Adelaide of Maurienne,' in Kathleen Nolan, ed., Capetian Women (Palgrave Macmillan, 2004), pp. 27-43.
  • Facinger, Marion F. 'A Study of Medieval Queenship: Capetian France, 987–1237,' Studies in Medieval and Renaissance History 5 (1968): 3–48.
  • A. Thiele, Erzählende genealogische Stammtafeln zur europäischen Geschichte Band II, Teilband 2 Europäische Kaiser-, Königs- und Fürstenhäuser II Nord-, Ost- und Südeuropa
  • Laurent Ripart, 'La tradition d’Adélaïde dans la maison de Savoie,' in Adélaïde de Bourgogne, genèse et représentations d’une sainteté impériale (Actes du colloque international du Centre d’études médiévales, Auxerre, 10-11 décembre 1999), ed. P. Corbet - M. Goullet - D. Iogna-Prat (Dijon, 2002), pp. 55-77.
  • Andrew W. Lewis, 'La date du mariage de Louis VI et d'Adelaïde de Maurienne', Bibliothèque de l'École des chartes 148 (1990), 5-16.
  • Michel Germain, Personnages illustres des Savoie (Autre Vue, 2007).