მარია ანა ავსტრიელი (1718-1744)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ანა ავსტრიელი
Maria Anna of Austria Piaristenkeller Wien.jpg
ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი
მმართ. დასაწყისი: 1744
მმართ. დასასრული: 1744
წინამორბედი: ფრიდრიხ ავგუსტ ფონ არახ-რონაუ
მემკვიდრე: შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი
თანამმართველი: შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 სექტემბერი, 1718
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 16 დეკემბერი, 1744, (26 წლის)
გარდ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
დაკრძ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი
სრული სახელი: მარია ანა ელეონორა ვილჰელმინა იოზეფა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ VI, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ანა ავსტრიელი (გერმ. Maria Anna von Österreich; დ. 18 სექტემბერი, 1718 — გ. 16 დეკემბერი, 1744) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ისა და დედოფალ ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ქალიშვილი. ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი თავის ქმარ შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელთან ერთად. ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას და.

ავსტრიის ერცჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა 1729 წელს

მარია ანა დაიბადა 1718 წლის 18 სექტემბერს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის უმცროსი ქალიშვილი. ის და მისი უფროსი და, ერცჰერცოგინია მარია ტერეზია ერთად იზრდებოდნენ საიმპერატორო კარზე. ბავშვობაში ის და მისი და ხშირად ხვდებოდნენ თავიანთ მომავალ ქმრებს, ფრანც შტეფან და შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელებს. ორი პრინცი ავსტრიაში კარგ განათლებას იღებდა, მაშინ, როდესაც მათი დედა, მადამ ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი მშობლიურ საფრანგეთში ცხოვრობდა ქალიშვილებთან ერთად.

1725 წლიდან დაიწყო მარია ანას საქორწინო მოლაპარაკებები. ზემოთ ხსენებული მოლაპარაკებები ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს სურვილით დაიწყო, რომელსაც სურდა მისი დაქორწინება თავის უმცროს ვაჟზე, პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგ ფილიპ I-ზე, რომელიც ამ დროს მხოლოდ ხუთი წლის იყო. მათი ქორწინებით უნდა მომხდარიყო ესპანეთ-ავსტრიის ალიანსის კვლავ აღდგენა. ამრიგად, 1725 წლის 30 აპრილს დაიდო საქორწინო კონტრაქტი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით მარია ანა და მისი შთამომავლობა უარს ამბობდა ავსტრიულ მემკვიდრეობაზე, სანაცვლოდ კი ჰაბსბურგები შეწყვეტდნენ ესპანეთის ტახტზე პრეტენზიის განცხადებას. ამავე შეთანხმებით, ესპანეთი ავსტრიელების დახმარებით უნდა შესულიყვნენ გიბრალტარში, რომელიც მათ ბრიტანეთმა წაართვა ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს. საბოლოოდ, ინგლისის ელჩმა შეძლო ისაბელ ფარნეზეს ამბიციების მოთოკვა, რაც 1729 წლის 9 ნოემბერს სევილიის ხელშეკრულებით დასრულდა, რითაც მარია ანასა და ფილიპეს ნიშნობა გაუქმდა.

1736 წელს მისი და, მარია ტერეზია ცოლად გაჰყვა ფრანც შტეფან ლოთარინგიელს, რითაც დაიწყო მარია ანასა და შარლ ალექსანდრე ლოთარინგიის დაახლოვება, რაც საბოლოოდ სასიყვარულო ურთიერთობად იქცა. მათ ქორწინებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ყველა მხრიდან, თუმცა განსაკუთრებით კარლ VI ეწინააღმდეგებოდა, რადგან მას მარია ანას უფრო სარფიანად გათხოვება სურდა.

ამ ყოველივეს ისიც ერთვოდა, რომ მარია ანა და შარლ ალექსანდრე მესამე თაობის ბიძაშვილები იყვნენ. ორივე მათგანი საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის შვილთაშვილი იყო, რადგან მარია ანას პაპა, იმპერატორი ლეოპოლდ I იყო ძმა შარლ ალექსანდრეს ბებიის, პოლონეთის დედოფალ ელეანორა მარია ავსტრიელისა.

ნიდერლანდების შტატჰალტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანას ქმარი, შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი 1743 წელს

1740 წელს გარდაიცვალა მარია ანას მამა, იმპერატორი კარლ VI, რის შემდეგაც ტახტზე მისი უფროსი და და სიძე ადიან. ვინაიდან ამ პერიოდში მარია ანა ჯერ კიდევ გაუთხოვარი იყო, დედამისმა, ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგელმა მას საბოლოოდ ნება დართო დაქორწინებულიყო მის საყვარელ შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელზე. მათი ქორწინება 1744 წლის 7 იანვარს შედგა ვენაში, წმინდა ავგუსტინეს სახელობის კათედრალში.

ქორწინების შემდეგ, იმპერატრიცა მარია ტერეზიამ წყვილი ავსტრიული ნიდელანდების შტატჰალტერებად დანიშნა, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ბელგიისა და ლუქსემბურგის ტერიტორიებს. მათ ჩაანაცვლეს ფრიდრიხ ავგუსტ ფონ არახ-რონაუ, რომელიც ნიდერლანდებს 1741 წლიდან, მათი მამიდის, მარია ელიზაბეთ ავსტრიელის გარდაცვალების შემდეგ მართავდა. ამის გამო, 1744 წლის 3 თებერვალს წყვილმა დატოვა ვენა და ჩავიდნენ ავსტრიული ნიდერლანდების ქალაქ ვუშტვეცელში. ამავე წლის 24 მარტს, ისინი შეხვდნენ ფრიდრიხ ავგუსტს, რომელმაც მათ გააცნო ნიდერლანდებში არსებული სიტუაცია და სამეფო ეტიკეტი. მათ ნიდერლანდებში ჩასვლას საყოველთაო ზეიმი მოჰყვა.

წყვილი ნიდერლანდებში ერთად მხოლოდ ორი თვე იყო, რის შემდეგაც ავსტრია-პრუსიის ომის გამო შარლ ალექსანდრე იძულებული გახდა მარია ანა დაეტოვებინა და ომში წასულიყო. ამ დროს მარია ანა უკვე ორსულად იყო, რის გამოც თავად ბრიუსელში დარჩა. შარლმა ბრიუსელი 1744 წლის 4 მაისს დატოვა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1744 წლის 16 დეკემბერს მარია ანამ ბრიუსელში მკვდარი ბავშვი გააჩინა. 26 წლის ერცჰერცოგინიას იმდენად გაურთულდა პირველი მშობიარობა, რომ იგი იმავე დღეს, ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ის მალევე გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში. ამის შემდეგ შარლი მეორედ აღარ დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია.

შარლ ალექსანდრე დაბრუნდა ნიდერლანდებში და გარდაცვალებამდე მართავდა იქაურობას. იგი მეტად პოპულარული მმართველი იყო და გარდაიცვალა 1780 წელს, ბრიუსელში, რის შემდეგაც ის მარია ტერეზიას ქალიშვილმა, მარია კრისტინამ და მისმა საქსონიელმა ქმარმა ჩაანაცვლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Iby, Elfriede: Maria Theresa, Biography of a Monarch Schönbrunn Palace 2009 ISBN 3-901568-57-3, p. 11.
  • Levy, Allison Mary: Widowhood and visual culture in early modern Europe, Issue 7630 Ashgate Publishing Ltd. 2003 ISBN 0-7546-0731-3, p. 122.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 3.