ელეანორა კასტილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელეანორა კასტილიელი
Leonor de trastamara.jpg
ნავარის დედოფალი
კორონაცია: 3 ივნისი, 1403, პამპლონა
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი, 1387
მმართ. დასასრული: 5 მარტი, 1416
წინამორბედი: ჟანა დე ვალუა
მემკვიდრე: აგნესა კლეველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1363
გარდ. თარიღი: 5 მარტი, 1416
მეუღლე: კარლ III, ნავარის მეფე
შვილები: ჟანა, ფუას გრაფინია
ბლანკა I, ნავარის დედოფალი
იზაბელა, არმანიაკის გრაფინია
ბეატრისი, ლა მარკის გრაფინია
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ენრიკე II, კასტილიის მეფე
დედა: ხუანა მანუელა კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეანორა კასტილიელი (ესპ. Leonor de Castile, ფრანგ. Éléonore de Castille; დ. 1363 — გ. 5 მარტი, 1416) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და ლეონის მეფე ენრიკე II-ის ასული. ნავარის დედოფალი 1387-1416 წლებში როგორც კარლ III-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიშნობები და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორა დაიბადა 1363 წელს. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ენრიკე II-ისა და დედოფალ ხუანა მანუელა კასტილიელის მეორე შვილი და ერთადერთი ასული. როგორც ყველაზე ძლიერი ესპანური სამეფოს პრინცესა, იგი დაბადების დღიდან სასურველი სარძლო იყო ნებისმიერი ევროპელი მონარქისთვის, ამიტომაც, მისი საქორწინო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ელეანორას ბავშვობიდან იწყება. 1371 წელს იგი დანიშნეს პორტუგალიის მეფე ფერნანდუ I-ზე, თუმცა მან მოულოდნელად ადგილობრივი დიდგვაროვნის ქალიშვილ ლეონორ ტელესზე იქორწინა.

1373 წელს, ქალაქ ბურგოსში შედგა ელეანორასა და ნავარის მომავალი მეფის, კარლ III-ის ნიშნობა. წყვილი სორიაში დაქორწინდა 1375 წელს. ზოგადად, ქორწილი 1374 წლის 24 მაისს უნდა შემდგარიყო, თუმცა მისი გადადება მეფე ენრიკეს ავადმყოფობამ გამოიწვია.

კასტილიაში ცხოვრების წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორას გერბი

ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა და წყვილს ერთმანეთი მალე შეუყვარდა, თუმცა მაღალმთიან ნავარაში ცხოვრებას ელეანორა ვერ უძლებდა. 1388 წელს, ელეანორამ კარლს თავის ძმასთან, მეფე ხუან I-თან წასვლისა და გარკვეული დროით იქ დარჩენის ნებართვა სთხოვა, რადგან ნავარის კლიმატმა მისი ჯანმრთელობა შეარყია და უფრო ცხელ ადგილას გადასვლა ერჩივნა. მან თან თავისი სამი ქალიშვილიც თან წაიყვანა და გარკვეული დროით სამშობლოში დარჩა. ქორწინების პირველი ცამეტი წლის მანძილზე, ელეანორამ მხოლოდ გოგონების გაჩენა მოახერხა. იგი ვალიადოლიდში თავის ასულებთან ერთად 1390 წლამდე ცხოვრობდა და ნავარაში დაბრუნების შემდეგ, მალევე დაორსულდა და მეოთხე გოგონაც გააჩინა. მიუხედავად ამისა, იგი მალევე გაბრუნდა კასტილიაში, თუმცა კარლმა მას ნავარაში ჩასვლა სთხოვა, რათა მისი დედოფლად კურთხევა მოხერხებულიყო. ამასთან მამამისი, ნავარის მეფე კარლ II-ც გარდაიცვალა და მეფეს ვაჟი მემკვიდრე სჭირდებოდა, რისთვისაც ცოლის გვერდით ყოფნა იყო საჭირო. ამრიგად, 1390 წლის თებერვალში ელეანორა თავის გოგონებთან ერთად ჩავიდა პამპლონაში. 1390-იანი წლების ბოლოსთვის, ელეანორას უკვე ექვსი გოგონა ჰყავდა გაჩენილი მაგრამ იმ ეპოქაში ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან მას ვაჟი არ ჰყავდა. ამრიგად, მეფე-დედოფალი იძულებული გახდა ნავარის ტახტის მემკვიდრედ თავიანთი უფროსი ასული, პრინცესა ჟანა გამოეცხადებინათ.

1390 წლის 13 ოქტომბერს ელეანორის ძმა, კასტილიის მეფე ხუან I გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ვაჟი ენრიკე III ავიდა. ამ ამბავთან დაკავშირებით ელეანორა კვლავ კასტილიაში ჩავიდა, თუმცა ამჯერად კარლმა მალევე მოსთხოვა ნავარაში დაბრუნება, რაზეც დედოფლისგან უარი მიიღო. როგორც აღმოჩნდა, მას კასტილიის ტახტზე პრეტენზია ჰქონდა და ენრიკეს წინააღმდეგ ლილოს ლიგა ჩამოაყალიბა თავის ნახევარ-ძმა ფერდინანდთან და ბიძაშვილ პედროსთან ერთად. მეფე ენრიკე ლიგას დაუპირისპირდა და 1394 წელს მათ მთავარ რეზიდენციას ალყა შემოარტყა. როას ციხესიმაგრე დაეცა და 1395 წლის დამდეგს ელეანორა ქმარს დაუბრუნდა.

ნავარის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავარაში დაბრუნების შემდეგ ელეანორა კარლზე მეტად შეყვარებული და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული იყო. ქმართან ურთიერთობის გაუმჯობესების შემდეგ დიდი ხნის ნანატრი ორი ვაჟი გააჩინა, თუმცა ორივენი ჩვილობაში დაიღუპნენ. 1403 წლის 3 ივნისს პამპლონას კათედრალში შედგა მისი ნავარის დედოფლად კურთხევა. რამდენჯერმე, როცა კარლი საფრანგეთში იყო, ელეანორა ქვეყანას რეგენტის სტატუსით მართავდა. იგი ასევე დაეხმარა კასტილიასა და ნავარას შორის ურთიერთობების დათბობას. კარგი ურთიერთობის შედეგად, ბევრი კასტილიელი დიდგვაროვანი ოჯახებთან ერთად ნავარაში გადასახლდა და იქ დაფუძნდა.

როგორც ტახტის მემკვიდრე, მათი ასული ჟანა ხშირად ინიშნებოდა რეგენტად, რათა ქვეყნის მართვა ესწავლა. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, 1413 წელს ჟანა დაიღუპა და ტახტის მემკვიდრე მათი მეორე ქალიშვილი ბლანკა გახდა, რომელიც საბოლოოდ მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნავარის ტახტზე ავიდა.

ელეანორა კასტილიელმა უფროსი ქალიშვილის გარდაცვალება დიდად განიცადა და შეარყია მისი ჯანმრთელობა. იგი გარდაიცვალა 1416 წლის 5 მარტს ქალაქ ოლიტეში. მისი ქმარი კარლ III ამის შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შესაბამისად 1425 წელს უვაჟოდ დაიღუპა, რის გამოც დედოფალი ბლანკა I ხდება.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლსა და დედოფალ ელეანორას რვა შვილი ჰყავდათ:

  1. ჟანა (1382-1413), ცოლად გაჰყვა ფუას გრაფ ჟან I-ს;
  2. მარია (1383-1425);
  3. ბლანკა I (1385-1441), ნავარის დედოფალი 1425-41 წლებში. პირველად იქორწინა სიცილიის მეფე მარტინ I-ზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი არაგონის მეფე ხუან II-ს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
  4. იზაბელა (1395-1435), ცოლად გაჰყვა არმანიაკის გრაფ ჟან IV-ს;
  5. ბეატრისი (1392-1412), ცოლად გაჰყვა ლა მარკის გრაფ ჟაკ II-ს;
  6. მარგარიტა (1390-1403);
  7. კარლი (1397-1402), ვიანის პრინცი;
  8. ლუი (1402), ვიანის პრინცი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • López de Ayala (1780), Tome II, Crónica del rey Enrique II, Año Sexto, Cap. VI, VII, pp. 25-6.
  • López de Ayala (1780), Tome II, Crónica del rey Enrique II, Año Octavo, Cap. VIII, p. 47, Año Decimo, Cap. II, pp. 75-6.