მარგარიტა ანჟულიმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტა ანჟულიმელი
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 იანვარი, 1527
მმართ. დასასრული: 21 დეკემბერი, 1549
წინამორბედი: ხუანა ენრიკესი
მემკვიდრე: მარგარიტა ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 აპრილი, 1492
დაბ. ადგილი: ანგულემი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 21 დეკემბერი, 1549, (57 წლის)
გარდ. ადგილი: ოდო, საფრანგეთი
მეუღლე: შარლ IV, ალანსონის ჰერცოგი
ანრი II, ნავარის მეფე
შვილები: ჟანა III, ნავარის დედოფალი
ჟანი
დინასტია: ვალუები
მამა: შარლი, ანჟულემის გრაფი
დედა: ლუიზა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი, თუმცა ძლიერი გადახრა ჰქონდა კალვინიზმისკენ

მარგარიტა ანჟულიმელი (ფრანგ. Marguerite d'Angoulême), აგრეთვე ცნობილია როგორც მარგარიტა ალანსონელი (ფრანგ. Marguerite d'Alençon) და მარგარიტა ნავარელი (ბასკ. Margarita Nafarroakoa; დ. 11 აპრილი, 1492 — გ. 21 დეკემბერი, 1549) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის პრინცესა დაბადებით, ნავარის დედოფალი 1527-49 წლებში როგორც ანრი II-ის მეუღლე, ასევე ალანსონისა და ბერის ჰერცოგი როგორც შარლ IV-ის მეუღლე. ნავარის დედოფალ ჟანა III-ის დედა და საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ბებია. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის უფროსი და.

იგი პოლიტიკურად აქტიური და გამოჩენილი პიროვნება იყო. გარდა იმისა, რომ საფრანგეთის ბურბონ მეფეთა წინაპარი იყო, ასევე წარუშლელი კვალი დატოვა ფრანგულ რენესანსზე. ისტორიკოსმა სამუელ პუნტანმა მას პირველი თანამედროვე ქალი უწოდა. როდესაც მისი ძმა ესპანეთის მეფემ ტყვედ ჩაიგდო, იგი თავად ჩავიდა მადრიდში და ძმის განთავისუფლება შეძლო. ასევე იგი აქტიურად ფიგურირებს ჰენრი VIII-ისა და ანა ბოლეინის სკანდალშიც, რა დროსაც იგი დედოფლის დასჯას აპროტესტებდა.

მარგარიტას დიდი გადახრა ჰქონდა კალვინიზმისკენ და მიუხედავად იმისა, რომ თავად კათოლიკედ დარჩა, მისი ასული შემდგომში პროტესტანტთა ლიდერი იყო, მისი შვილიშვილი კი პირდაპირ ებრძოდა კათოლიკეებს. თავად მარგარიტა, გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა ამგვარ სისხლისღვრას და ამასთან დაკავშირებით წიგნიც კი დაწერა, თუმცა პაპმა იგი ერეტიკოსად შერაცხა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა დაიბადა 1492 წლის 11 აპრილს ანგულემში. იგი იყო ანჟულემის გრაფ შარლ დე ვალუასა და მისი მეუღლის, ლუიზა სავოიელის პირველი შვილი. აღსანიშნავია, რომ მარგარიტას მამა საფრანგეთის მეფე შარლ V-ის შვილთაშვილი იყო და უშვილო მეფე შარლ VIII-ის რიგით მესამე ტახტის მემკვიდრე (მისი ორი სიძის შემდეგ).

მისი დაბადებიდან სულ ორ წელიწადში მისი ოჯახი კონიაკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის და მისი უმცროსი ძმა, ფრანსუა ერთად იზრდებოდნენ იტალიელი განმანათლებლის, ჯოვანი ბოკაჩოს ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამიტომ იყო, რომ მათ ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდათ იტალიისადმი და ამასთან დიდად დახვეწილი პიროვნებებიც იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მარგარიტას აგრეთვე, მამის მხრიდან ნახევარ-და-ძმებიც ჰყავდა. თავად ლუიზა სავოიელს ამაზე გართულება არასდროს ჰქონია, პირიქით, ქმრის უკანონო შვილებს თავისებთან ერთად განურჩევლად ზრდიდათ და ბოლოს ისე გააკეთა, რომ მათაც შეძლეს მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრება. უნდა აღინიშნოს მარგარიტას განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა თავის ნახევარ-დასთან, ჟანა ანჟულიმელთან, რომელიც შარლს თავისი ცოლის ერთ-ერთი სეფექალისგან ჰყავდა.

როდესაც მარგარიტა მხოლოდ ოთხი წლის იყო, 1496 წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტის მემკვიდრე მისი ძმა გახდა. დაქვრივებულმა ლუიზამ მაინც განაგრძო თავისი შვილებისათვის კლასიკური განათლების მიცემა. ცნობილია, რომ ლუიზა სავოიელი განსაკუთრებულ ყურადღებას მათთვის უცხო ენების შესწავლას აქცევდა. როდესაც მარგარიტას ათი წელი შეუსრულდა, იგი ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის საცოლედ მოიაზრებოდა, თუმცა მან თავისი ძმის ქვრივზე, ესპანეთის პრინცესა კატალინა არაგონელზე ქორწინება არჩია. ამის შემდეგ მარგარიტას საქმროდ ნემურის ჰერცოგი გასტონ დე ფუა მოიაზრებოდა, რომელიც საფრანგეთის ახალი მეფის, ლუი XII-ის დის შვილი იყო. ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გასტონი მეფეს იტალიაში გაჰყვა საბრძოლველად, სადაც იგი ესპანეთისა და იტალიის გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა ქალაქ რავენასთან.

პირველი ქორწინება და ალანსონის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას პირველი ქმარი შარლ ალანსონელი

ჩვიდმეტი წლის ასაკში, მარგარიტა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფის გარე ბიძაშვილ შარლ IV-ს, ალანსონის ჰერცოგს, რომელიც ამ დროს ოცი წლისა იყო. ამავდროულად მარგარიტას ძმა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა საფრანგეთის ტახტს და ლუი XII-ის უფროს ასულ კლაუდიაზე დაინიშნა, რომელიც უვაჟობის გამო მეფის მემკვიდრედ ითვლებოდა. შარლი კეთილი და მოსიყვარულე მეუღლე აღმოჩნდა, თუმცა რეალურად მათ ერთმანეთი არ ხიბლავდათ.

1515 წელს, მეფე ლუი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, საფრანგეთის მეფე მისი ძმა, ფრანსუა I გახდა, რომელმაც თავის საყვარელ დასა და სიძეს არმანიაკის საგრაფო უბოძათ. 1524 წელს, ტრაგიკულად გარდაიცვალა მისი რძალი, დედოფალი კლაუდია დე ვალუა, რის გამოც თავის მცირეწლოვან ძმიშვილებზე: შოტლანდიის მომავალ დედოფალ მადლენაზე და სავოიის მომავალ ჰერცოგინია მარგარიტაზე (რომელსაც სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს) ზრუნვა მარგარიტამ იკისრა.

ვინაიდან მარგარიტას ქმართან შვილები წლების მანძილზე არ უჩნდებოდა, იგი თავის დაობლებულ ძმიშვილებს საკუთარი შვილებივით ზრდიდა და ზრუნავდა მათ აღზრდა-განათლებაზე.

ნავარის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ქორწინება და შემეცნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი II, ნავარის მეფე და მარგარიტას მეურე მეუღლე

მას შემდეგ, რაც 1525 წელს მისი მეუღლე, ჰერცოგი შარლ IV გარდაიცვალა, მარგარიტა მეორედ გათხოვებას აღარ აპირებდა. 1527 წელს, საფრანგეთის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე ანრი II დ'ალბრეს. 1512 წლიდან მოყოლებული, ნავარის სამეფოს 90% პროცენტი ესპანეთის მიერ იყო ოკუპირებული და ესპანეთის მეფე თავს ნავარის მმართველად აცხადებდა, თუმცა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ, ნავარის დარჩენილი მცირე ნაწილი კვლავ განაგრძობდა არსებობას. ამრიგად, მარგარიტა მხოლოდ ოფიციალურად იყო ნავარის დედოფალი, რეალურად კი მისი, როგორც დედოფლის გავლენები მხოლოდ ბეარნსა და სამხრეთ გასკონიაზე ვრცელდებოდა. 1528 წლის 16 ნოემბერს დედოფალმა თავისი პირველი ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ჟანა დაარქვეს.

მაშინდელი ვენეციის ელჩი, დედოფალ მარგარიტას თავის ჩანაწერებში დიდად აქებდა, როგორც ყველა დიპლომატიური საიდუმლოს მცოდნეს, ასევე როგორც თავშეკავებულ და დახვეწილ ქალს.

ფრანსუას გამოხსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას ცხოვრებაში ყველაზე მძაფრი თავგადასავალი მისი ძმის ტყვეობიდან გამოხსნა იყო. 1525 წელს ფრანსუა I საღვთო რომის იმპერატორსა და ესპანეთის მეფე კარლ V-ს პავიის ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა. ესპანელებმა მეფე დაიჭირეს და მადრიდში გამოკეტეს საპატიო ტყვეობაში.

სწორედ ამ მეტად კრიტიკულ მომენტში, საფრანგეთ-ესპანეთის მოლაპარაკებებში ნავარის დედოფალი ჩაერთო. იგი ცხენზე შემოჯდა და მადრიდისკენ გაემართა. დედოფალი დაუღალავად მიაჭენებდა ცხენს საათებისა და დღეების განმავლობაში, იგი ღამით უღრან ტყეებში გავლასაც არ შეუშინდა და საბოლოოდ ჩააღწია ესპანეთის დედაქალაქამდე. მრავალდღიანი ლოდინის შემდეგ, ესპანეთის მეფეს დიპლომატიური წერილი მიწერა და აუდიენცია სთხოვა.

დედოფალი მარგარიტა თავის ძმასთან, მეფე ფრანსუა I-თან ერთად

მთელი ღამის განმავლობაში, მარგარიტა კარლთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის მიხედვითაც იგი ფრანსუას გაანთავისუფლებდა და უკანაც დააბრუნებდა, თუმცა სანაცვლოდ ფრანგებს რამდენიმე პუნქტი უნდა შეესრულებინათ. პირველი ეს იყო, რომ ფრანსუას ცოლად კარლის უფროსი და, პორტუგალიის მეფის ქვრივი ელეონორა ავსტრიელი უნდა შეერთო, მეორე კი ის იყო, რომ საფრანგეთის მეფე მის ვაჟებს უნდა ჩაენაცვლებინათ, რის გამოც მისი განთავისუფლებისთანავე მადრიდის საპატიო სამწლიან ტყვეობაში ჩავიდნენ ფრანსუას უფროსი ვაჟები: ფრანსუა და ანრი. 1530 წელს, მარგარიტა დაესწრო ფრანსუასა და ელეონორას ქორწინებას, რის შემდეგაც მალევე, 1530 წლის 7 ივნისს მშობიარობა დაეწყო. დედოფალმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც ჟანი დაარქვეს, თუმცა იგი სულ რამდენიმე თვეში, ამავე წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამოწვეულმა უსაზღვრო მწუხარებამ, დედოფალ მარგარიტას უბიძგა თავისი ყველაზე სადავო ნაწარმოების შექმნისკენ, რომელიც 1531 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო, როგორც ერესი. საბოლოოდ, იგი იძულებული გახდა ბრალდებების მოსახსნელად ეკლესიისათვის ბოდიში მოეხადა.

ურთიერთობა ინგლისთან და რეფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ნავარის დედოფლობისა, მარგარიტა დიდ დროს საფრანგეთის სამეფო კარზე ატარებდა, სადაც იგი ჯერ კიდევ დედოფალ კლაუდია ვალუას სიცოცხლეში დაუახლოვდა მის ინგლისელ სეფექალ ანა ბოლეინს. ანა საფრანგეთში თავის დასთან ერთად იყო ჩასული და ფრანგებს თავი მალე მოაწონა. მარგარიტასთან დაახლოვებულმა ანამ კლაუდიადან მალევე გადაინაცვლა მის სამსახურში, ვინაიდან მას ძალიან მოსწონდა მარგარიტა და მისგან ბევრ რამეს სწავლობდა, მათ შორის კაცების მართვასაც. ანა ბოლეინს მთელი ცხოვრება ძალიან უყვარდა მარგარიტა და თვლიდა, რომ იგი დედოფლობის თვალსაჩინო გამოხატულება იყო.

1538 წელს საფრანგეთსა და ინგლისში დევნილი პროტესტანტები, მათ შორის ჟან კალვინი და უილიამ ფარელი ნავარის დედოფალმა თავის სამეფო კარზე შეიფარა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა დედოფალი კალვინიზმით და სურდა კიდევაც მის მხარეზე გადასვლა, თუმცა ამას ოჯახის ღალატად თვლიდა, რის გამოც მართალია თავად არა, თუმცა თავისი ქალიშვილი ჟანა კალვინისტური რწმენით აღზარდა. ასევე, პირველად ევროპელი მონარქების ისტორიაში, მარგარიტამ გაბედა და თავის შვილს ებრაული ენის სწავლა დააწყებინა. მიუხედავად ამისა, ნავარაზე საფრანგეთის ძლიერი გავლენის გამო, მარგარიტას მაინც მოუწია პროტესტანტების ქვეყნიდან გაძევება. 1539 წელს დედოფალმა თავისი პროტესტანტული წერილი დაწერა, რომელიც დღეისათვის ცნობილია როგორც მარგარიტა ნავარელის ეპისტოლე. ამ ეპისტოლეში დედოფალი აქტიურად აკრიტიკებდა მაშინდელ კორუმპირებულ სასულიერო პირებს. ამასთან იგი ქალთა უფლებების გაზრდას და განათლების ხელმისაწვდომობას ითხოვდა.

1533 წელს ინგლისის მეფე ჰენრი VIII, დედოფალ კატალინა არაგონელთან განქორწინების გამო განუდგა კათოლიკურ ეკლესიას და საკუთარი ანგლიკანური ეკლესია დააარსა. მის მიბაძვას აპირებდა მარგარიტაც, თუმცა ამ შემთხვევაში მას საფრანგეთი მიატოვებდა და ესპანეთის ლუკმა გახდებოდა, რის გამოც იძულებული გახდა კათოლიკურ რწმენაზე დარჩენილიყო. ამავე წელს ჰენრიმ ცოლად მარგარიტასთან დაახლოვებული ანა ბოლეინი შეირთო, რამაც ნავარის დედოფალი დიდად გაახარა და ინგლისის ახალ დედოფალთან მიმოწერა გააჩაღა. მაგრამ, სულ მალე ჰენრის ანაც მობეზრდა, რადგან კატალინას მსგავსად მანაც მხოლოდ ერთი გოგონას, ელიზაბეთის გაჩენა შეძლო, რის გამოც 1536 წელს მეფემ დედოფალი ანა ბოლეინი სიკვდილით დასაჯა ღალატის ბრალდებით და ცოლად მისი სეფექალი ჯეინ სეიმური შეირთო, რომელთანაც ნანატრი ვაჟი შეეძინა. დედოფალ ანას მოკვლის შემდეგ ნავარასა და ინგლისს შორის ურთიერთობები დაიძაბა. მიუხედავად ამისა, 1544 წელს, ანას გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ, რა დროსაც ინგლისის დედოფალი უკვე ჰენრის მეექვსე ცოლი ქეთრინ პარი იყო, მარგარიტამ განაახლა დედოფალთან და ანას ასულ ელიზაბეთთან მიმოწერა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის ბოლო წლებში, დედოფალი მარგარიტა ძირითადად ხელოვანი ადამიანების მფარველობით იყო გატაცებული. თავის ძმასთან ერთად, იგი პატრონობდა ლეონარდო და ვინჩის. ასევე ხელს უწყობდა ენციკლოპედიური ტიპის წიგნების გამოცემას. 1547 წელს ფრანსუა I გარდაიცვალა, რამაც კატასტროფულად იმოქმედა მარგარიტაზე. იგი გარდაიცვალა 1549 წელს, 57 წლის ასაკში, პარიზისკენ მიმავალ გზაზე, ქალაქ ოდოში. მისი ქმარი, მეფე ანრი II 1555 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მათი ერთადერთი ასული ჟანა III ადის.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 1515 წელს მისი ძმა, ფრანსუა I საფრანგეთის მეფე გახდა, დედასთან ერთად მარგარიტა ქვეყნის ყველაზე გავლენიან ქალად გვევლინება. სულ მალე, საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიაში პირველად, მარგარიტამ დააარსა თავისი სალონი, რომელიც მალე გახდა ცნობილი და სხვა მონარქებმაც დაიწყეს მისი მიბაძვა.

ფრანგი ისტორიკოსი პიერ ბრანტომი მარგარიტას შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„იგი დიდი პრინცესა იყო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის ძალიან კეთილი, მშვიდი, გულთბილი, ქველმოქმედი, დიდებული და კეთილგანწყობილი იყო.“

ლეგენდარული ჰოლანდიელი ჰუმანისტი ერასმუსი კი მის შესახებ ამბობდა:

ვიკიციტატა
„დიდი ხნის მანძილზე არ მღირსებია ისეთი პატივი, როგორიც მასთან შეხვედრა იყო. ღმერთმა მას ყოველივე საუკეთესო უბოძა: ფილოსოფიური აზროვნება, წმინდა და ზომიერი დამოკიდებულება ღვთისადმი, თითქოს, სამყაროს ყოველივე საუკეთესო მასშია თავმოყრილი. საფრანგეთის მეფის და, თავისი ხასიათით ისე აღაფრთოვანებს ყველას, რასაც ბერ-მონაზვნებიც ვერ ახერხებენ.“

დედოფალმა მარგარიტამ ასევე უამრავი ლექსი და პიესა დაწერა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია მოთხრობათა კრებული, ჰეპტამერონი და რელიგიური პოემა, სახელად „სულის სარკე“. ეს არის პირველ პირში მონათხრობი მისტიკური ლექსების კრებული, რომელიც ქალებს მოუწოდებს ქრისტეს სახის დანახვას მათ მამებში, ძმებსა და ქმრებში. მისი ეს ნაწარმოები მალევე ითარგმნა ინგლისურად და ლონდონის სამეფო კარზე სწრაფად გავრცელდა, სწორედ ამიტომ ითვლება, რომ გარკვეულწილად, ამით დედოფალმა ხელი შეუწყო ინგლისის რეფორმაციის დაწყებას.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას თავის პირველ ქმართან, ალანსონის ჰერცოგ შარლ IV-თან შვილები არ ჰყოლია, მეორე ქმართან, ნავარის მეფე ანრი II-თან კი ორი შვილი შეეძინა:

  1. ჟანა III (1528-1572), ნავრის დედოფალი. პირველად იქორწინა იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგ ვილჰელმზე, თუმცა მას მალევე გაეყარა და ცოლად ვანდომის გრაფ ანტუან დე ბურბონს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV და ლოთარინგიის პრინცესა კატრინი;
  2. ჟანი (1530), გარდაიცვალა ჩვილი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალანსონის ჰერცოგინია: 1525-1549;
  • არმანიაკის გრაფინია: 1525-1549;
  • პერჩეს გრაფინია: 1525-1549;
  • ნავარის დედოფალი: 1527-1549;

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიქმნა:

მარგარიტასა და ანრი II-ის ქორწინებისას და იგი მას გარდაცვალებამდე იყენებდა.

სიმბოლიკა:

მარგარიტა ნავარელის გერბი შედგება ორი მთავარი ნაწილისგან: დაფისა და გვირგვინისგან. ცხადია, თავზე გვირგვინი

იმის მანიშნებელია, რომ გერბის მფლობელი პიროვნება სამეფო ტახტზე იჯდა. რაც შეეხება დაფას, იგი გაყოფილია ორ ნაწილად.

მის მარჯვენა მხარეს წარმოდგენილია სამი ფრანგული ჯვარი ლურჯ ფონზე, რაც ვალუებისა და ზოგადად საფრანგეთის

სიმბოლოა და მისი ამ მხარეს განთავსება მიგვანიშნებს, რომ გერბის მფლობელი დაბადებით საფრანგეთის სამეფო ოჯახის

წევრია. მარცხენა მხარეს ერთდროულად წარმოდგენილია ნავარის, ზოგადად ბასკების, ბურგუნდიის, ალბრეების, კატალინიისა

და არაგონის გერბები. როგორც წესი, ის ფაქტი, რომ ყოველივე ეს მარცხენა მხარესაა მოთავსებული მანიშნებელია, რომ

პიროვნება ამ ქვეყნების მონარქი ქორწინებით გახდა, თუმცა ვინაიდან ჩამოთვლილთაგან მარგარიტა მხოლოდ ნავარის

დედოფალი იყო, სავარაუდოა, რომ მას ამ ქვეყნების ტახტზეც ჰქონდა პრეტენზია და მათი გერბები ამიტომ გამოსახა

თავისაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reid, Jonathan A. (2009). Gow, Andrew Colin (ed.). King's Sister - Queen of Dissent: Marguerite of Navarre (1492-1549) and her Evangelical Network. Vol. 1. Brill.
  • Durant, Will, The Story of Civilization, v. VI, The Reformation, p. 501, Simon and Schuster, New York, 1953.
  • Jourda, Pierre, Une princesse de la Renaissance, Marguerite d'Angoulême, reine de Navarre, 1492–1549, Genève, Slatkine Reprints, 1973.
  • Michelet, Jules, Histoire de France, n.d., 5 v.
  • Putnam, Samuel, Marguerite of Navarre, Grosset & Dunlap, New York, 1936.
  • Hackett, Francis, Francis The First, pages 48–52, Doubleday, Doran and Company, Inc., Garden City, New York, 1937.
  • Patricia F. Cholakian and Rouben C. Cholakian. Marguerite de Navarre: Mother of the Renaissance. New York, Columbia University Press, 2006. 448 pp.
  • Anderson Magalhães, Le Comédies bibliques di Margherita di Navarra, tra evangelismo e mistero medievale, in La mujer: de los bastidores al proscenio en el teatro del siglo XVI, ed. de I. Romera Pintor y J. L. Sirera, Valencia, Publicacions de la Universitat de València, 2011, pp. 171–201.
  • Anderson Magalhães, «Trouver une eaue vive et saine»: la cura del corpo e dell’anima nell’opera di Margherita di Navarra, in Le salut par les eaux et par les herbes: medicina e letteratura tra Italia e Francia nel Cinquecento e nel Seicento, a cura di R. Gorris Camos, Verona, Cierre Edizioni, 2012, pp. 227–262.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა ანჟულიმელი
დაიბადა: 11 აპრილი, 1492 გარდაიცვალა: 21 დეკემბერი, 1549
წინამორბედი:
ხუანა ენრიკესი
ნავარის დედოფალი
1527-1549
შემდეგი:
მარგარიტა ვალუა
წინამორბედი:
შარლ IV
ალანსონის ჰერცოგინია, პერჩესა და არმანიაკის გრაფინია
1525-1549
შემდეგი:
შეუერთდა საფრანგეთს