ელიზაბეტ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ელიზაბეტა დე ბურბონი)
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეტ დე ბურბონი
Rodrigo de Villandrando - Isabel of France - WGA25100.jpg
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი, 1621
მმართ. დასასრული: 6 ოქტომბერი, 1644
წინამორბედი: მარგარეტ ავსტრიელი
მემკვიდრე: მარიანა ავსტრიელი
პორტუგალიის და ალგარვის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი, 1621
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1640
წინამორბედი: მარგარეტ ავსტრიელი
მემკვიდრე: ლუიზა დე გუსმანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ნოემბერი, 1602
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 6 ოქტომბერი, 1644, (41 წლის)
გარდ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე IV, ესპანეთის მეფე
შვილები: ბალთაზარ კარლოსი, ასტურიის პრინცი
მარია ტერეზა, საფრანგეთის დედოფალი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი IV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეტ დე ბურბონი (ფრანგ. Élisabeth de Bourbon, ესპ. Isabel de Borbón; დ. 22 ნოემბერი, 1602, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი — გ. 6 ოქტომბერი, 1644, ესკორიალის სასახლე, მადრიდი, ესპანეთი), აგრეთვე ცნობილია, როგორც ისაბელიბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მედიჩის უფროსი ასული. საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის უმცროსი და. ესპანეთის დედოფალი 1621-44 და პორტუგალიის დედოფალი 1621-40 წლებში როგორც ფილიპე IV-ის პირველი მეუღლე. ასტურიის პრინც ბალთაზარ კარლოსისა და საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის დედა, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ბებია და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის დიდი ბებია.

1615 წელს ესპანეთ-საფრანგეთის ალიანსის გასაგრძელებლად ელიზაბეტი ცოლად შერთეს ესპანეთის პრინც ფილიპეს, ხოლო საფრანგეთის მეფე ლუი XIII-მ ესპანეთის ინფანტა ანა ავსტრიელზე იქორწინა. 1660 წელს ამავე ალიანსის გასაგრძელებლად, უკვე მათმა შვილებმა, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ და ესპანეთის ინფანტა მარია ტერეზამ იქორწინეს.

მართალია, იგი პოლიტიკურად დიდად აქტიური პიროვნება არ იყო, თუმცა აქტიურად ერეოდა კატალონიის კრიზისში. თავისი წარმატებული სტრატეგიის და ასევე ჰერცოგ დე ნოჩერასა და ჰერცოგ დე ოლივარესის დახმარებით, მან შესძლო კატალონიური პრობლემის მოგვარება.

დედოფალი ელიზაბეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, კარგი ფიზიკური აღნაგობით, ინტელიგენტობითა და კეთილშობილებით, რომელმაც ესპანელი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისი ქმრისთვის, მეფე ფილიპე IV-ისათვის, რომ მისთვის არაერთხელ ეღალატა, რაზეც ფილიპეს ქორწინების პერიოდში გაჩენილი უკანონო შვილებიც მეტყველებენ.

საფრანგეთისა და ნავარის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ელიზაბეტი

ელიზაბეტი დაიბადა 1602 წლის 22 ნოემბერს ფონტენბლოს სასახლეში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. იგი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ მარია მედიჩის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. დედამისი უკმაყოფილო იყო მისი დაბადებით, რადგან მას უწინასწარმეტყველეს, რომ ზედიზედ სამ ვაჟს გააჩენდა, მეორე გოგონას დაბადებამ კი იმედები გაუცრუა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, ელიზაბეტი მამის საყვარელი შვილი გახდა, რის გამოც მეფე მას ყველაფერს უსრულებდა.

როგორც საფრანგეთის მეფის ასული, იგი ატარებდა საფრანგეთის ქალიშვილის, ხოლო როგორც უფროსი და გასათხოვარი პრინცესა, იგი ატარებდა მადამ როიალის წოდებას. ელიზაბეტმა თავისი ბავშვობა აღმზრდელ ფრანსუაზ დე მონლატთან ერთად გაატარა, პარიზის გარეუბანში მდებარე სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში. საფრანგეთის სამეფო ოჯახის ტრადიციის მიხედვით, სამეფო კარი, ბავშვების ადგილი არ იყო, ამიტომაც, 11-12 წლამდე უმაღლესი არისტოკრატები ქალაქგარე სასახლეებში ზრდიდნენ ხოლმე, რის შემდეგაც უკვე სამეფო კარზე გადაჰყავდათ საცხოვრებლად. ელიზაბეტი უმაღლეს განათლებას იღებდა და თამაშობდა ხოლმე თავის ღვიძლ და-ძმებთან: კრისტინასთან (მომავალში სავოიის ჰერცოგინია), გასტონთან (მომავალში ორლეანის ჰერცოგი), ანრიეტასთან (მომავალში ინგლისის დედოფალი) და ნიკოლასთან ერთად, რომელიც ნაადრევად დაიღუპა. აღსაღნიშნავია ისიც, რომ ელიზაბეტს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნახევარ-და-ძმებთან, რომლებიც, ქალების მოყვარულ ანრი IV-ს უამრავი სხვადასხვა საყვარლისაგან ჰყავდა.

პრინცესა ელიზაბეტი 1614 წელს

1610 წლის 14 მაისს, ფრანგმა ფანატიკოსმა მეფე ანრი მოკლა, რის გამოც საფრანგეთისა და ნავარის მეფე ელიზაბეტის უფროსი, 9 წლის ძმა — ლუი XIII გახდა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად დედამისი, დედოფალი მარია მედიჩი დაენიშნა. სწორედ აქედან მოყოლებული დაიწყეს ფრანგებმა ფიქრი ელიზაბეტის გათხოვებაზე, რათა მისი სარფიანი ქორწინებით, ქვეყანაში არსებული ანარქია როგორმე დაესტაბილურებინათ.

საქორწინო მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დაბადებიდან ძალიან მალე, დაიწყო მოლაპარაკებები ელიზაბეტისა და პიემონტის პრინც ფილიპო ემანუელეს ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ისა და მისი ცოლის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და დედოფალ ელიზაბეტ ვალუას ასულ კატალინა მიკაელა ესპანელის უფროსი ვაჟი იყო. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი წარმატებებით მიმდინარეობდა, მაგრამ 1605 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, ფილიპო ემანუელე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ელიზაბეტის მშობლებმა სამუდამოდ გადაიფიქრეს მისი სავოიაში გათხოვება.

უკვე 1610, ესპანეთისა და საფრანგეთის სამეფო კარებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები ორმაგი დინასტიური ქორწინების თაობაზე. საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დაიდო საქორწინო კონტრაქტებიც. ელიზაბეტი ცოლად ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის უფროს ვაჟს, ასტურიის პრინც ფილიპეს მიჰყვებოდა ცოლად, ელიზაბეტის ძმა, საფრანგეთის მეფე ლუი XIII კი ქორწინდებოდა ასევე ფილიპე III-ის ასულ ანა ავსტრიელზე.

1611 წელს გაფორმდა საქორწინო ხელშეკრულება, რომლის შესახებაც, საჯაროდ ცნობილი მხოლოდ 1612 წლის 25 მარტს გახდა. მარია მედიჩი იმედოვნებდა, რომ ამგვარი ქორწინებით შეიქმნებოდა ფრანკო-ესპანური კოალიცია, რომელიც ფრანგული მიწიდან სამუდამოდ აღმოფხვრიდა პროტესტანტიზმს. თუმცა, სასიძოებისა და საპატარძლოების მეტად მცირე ასაკის გამო, ქორწინება სამი წლით გადავადდა.

პეტერ პაულ რუბენსის მიერ შესრულებული ელიზაბეტისა და ფილიპეს ქორწინების სცენა, 1615 წელი

ზემოთ ხსენებული შეთანხმება, იყო 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის მშვიდობის გაგრძელება, რასაც საფუძველი ჩაეყარა მაშინ, როდესაც ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ცოლად შეირთო საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ ვალუა.

ორმაგი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1615 წლის 13 აგვისტოს, ლუვრის სასახლეში, შედგა ელიზაბეტისა და ფილიპეს, ასევე ლუისა და ანას მარიონეტული ქორწინებები, რის შემდეგაც დადგა ნამდვილი ქორწინების ჯერიც, რომელიც ტრადიციისამებრ ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე გამავალ მდინარეზე არსებულ კუნძულზე უნდა შემდგარიყო, რადგან სწორედ ეს იყო ყველაზე შუალედური ადგილი, ერთმანეთს გადამტერებული ფრანგებისა და ესპანელებისათვის.

პატარა პრინცესამ თავის ძმასთან ერთად დატოვა პარიზი და ესპანეთის საზღვრისაკენ გაემართა. ცნობილია, რომ მარია მედიჩი შვილებს არ გაჰყოლია და პარიზში დარჩენა ამჯობინა. მგზავრობისას ელიზაბეტი საშინლად გადაიღალა, პუატიესთან კი იძულებულები გახდნენ შეჩერებულიყვნენ, რადგან პრინცესას მძიმე სენი შეეყარა და მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. როდესაც ელიზაბეტის შესაძლებელი გარდაცვალების შესახებ მარია მედიჩის ამცნეს, მან სასწრაფოდ გაამგზავრა თავისი მეორე ქალიშვილი — კრისტინა, რომელიც მისი დის დაღუპვის შემთხვევაში ფილიპეს უნდა გაჰყოლოდა ცოლად.

საბედნიეროდ, ელიზაბეტი გამოჯანმრთელდა, ისე, რომ დაავადებას არანაირი კვალი არ დაუტოვებია. ელიზაბეტმა დაჟინებულად მოითხოვა კრისტინას უკან, პარიზში დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო გზა ესპანეთისაკენ. გზად, ბორდოში მას კარდინალ ფრანსუა დე სურდის მეთაურობით 4 000 ჯარისკაცი და 1 200 რაინდი დახვდა, რომელმაც ის და ლუი დანიშნულების ადგილამდე ჩააცილეს.

1615 წლის 25 ნოემბერს, მდინარე ბადასოაზე მდებარე პეაზანტის კუნძულზე, შედგა ასტურიის პრინც ფილიპესა და ელიზაბეტ დე ბურბონის, ასევე საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ისა და ანა ავსტრიელის ქორწინება. ქორწილის შემდეგ ფრანგებმა და ესპანელებმა პატარძლები გაცვალეს და დაიშალნენ, რის შემდეგაც დიდებული ქორწილები გადაიხადეს: ფრანგებმა იქვე მდებარე ქალაქ ენდაიეში, ხოლო ესპანელებმა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ ფუენტერაბიაში. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ელიზაბეტმა ლუი და თავისი ოჯახის წევრები იხილა.

ასტურიის პრინცესა ისაბელ დე ბურბონი 1620 წელს

ესპანელებმა რელიგიური ცერემონიალი წმინდა მარიას კათედრალში განაგრძეს, ქალაქ ბურხოსთან. მას შემდეგ, რაც ელიზაბეტმა ფილიპეზე იქორწინა, იგი ესპანეთისა და პორტუგალიის მომავალი დედოფალი, ანუ ასტურიის პრინცესა გახდა.

ასტურიის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინების დროს, ელიზაბეტი 13-ის, ხოლო ფილიპე 10 წლის იყო. ცხადია, მათი ქორწინება ამ პერიოდისათვის კონსუმირებული ვერ იქნებოდა, ამიტომაც, დასაწყისისათვის ისინი სხვადასხვა საძინებლებში დააბინავეს.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს ფრანგებთან არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ასტურიის ახალმა, ლამაზმა, გონიერმა და ტანადმა პრინცესამ მალე მოხიბლა მადრიდის სამეფო კარი. ელიზაბეტს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის მულთან, ინფანტა მარია ანა ესპანელთან, რომელიც მასსავით ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო და მასთან ერთადაც ხშირად დადიოდა მესაზე.

ელიზაბეტმა ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა ოჯახის წევრებთან, რომელთაც ხშირად სწერდათ და ატყობინებდათ სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენებდა და ფილიპე III-ის სამომავლო გეგმებს. ამის გამო, მარია მედიჩი ხშირად აქებდა მას, თუმცა მას ასევე ისიც აშინებდა, რომ ასტურიის პრინცესა ჯერ კიდევ ქალწულად რჩებოდა.

1617 წელს მოხდა ფილიპესა და ელიზაბეტის ქორწინების კონსუმირება, რითაც ცხადია ალიანსი უფრო გამყარდა, მაგრამ მდომარეობას ის ფაქტი ართულებდა, რომ შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე პრინცესა ბავშვს ვერ აჩენდა. წლების მანძილზე, ახალგაზრდა ელიზაბეტი ათასგვარ ნაყენს სვამდა, რაც ექიმბაშთა რჩევით დაფეხმძიმებაში უნდა დახმარებოდა. 1620 წლის დამლევს კი სამეფო კარმა საზეიმოდ გამოაცხადა ელიზაბეტის პირველი ორსულობის ამბავი.

ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ელიზაბეტი 1632 წელს

1621 წლის 31 მარტს, როდესაც ელიზაბეტი პირველ ბავშვზე იყო ორსულად, მისი მამამთილი, მეფე ფილიპე III გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი მეუღლე, ფილიპე IV ავიდა, რითაც ელიზაბეტი ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიური იმპერიების დედოფალი გახდა, რაც იმ პერიოდისათვის ნახევარ მსოფლიოს უდრიდა. ამავე წლის 14 აგვისტოს დედოფალმა გოგონა გააჩინა, რომელიც მეორე დღესვე დაიღუპა. ამან მეფესა და დედოფალს შორის დიდი უფსკრული გააჩინა, რამაც ფილიპეს ახალი საყვარლების გაჩენისაკენ უბიძგა. მიუხედავად ამისა, ელიზაბეტი თითქმის ყოველ წელს აჩენდა ბავშვებს, რომელთა რაოდენობამაც საბოლოოდ 11-ს მიაღწია, თუმცა მათგან მხოლოდ ორი გადარჩა.

ელიზაბეტი ცნობილი გახდა თავისი ჭეშმარიტად მეგობრული და ახლო ურთიერთობით პოეტ პერალტასთან (იგივე ხუან დე ტასისი, ვილამედიანას მეორე გრაფი). 1622 წლის 14 მაისს, დედოფლის პალატებს გაურკვეველი მიზეზებით ცეცხლი გაუჩნდა. ელიზაბეტი, ცოცხლად დაწვას სწორედ მისმა ფავორიტმა პერალტამ გადაარჩინა, რამაც სამეფო კარზე არაერთი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სამეფო კარზე, პერალტა უგუვებელყოფდა მეგობრების გაფრთხილებებს, რომლებიც მეფის განრისხების შესახებ ეუბნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტი ფილიპესგან განსხვავებით ერთგული მეუღლე იყო, მეფე მაინც ძალიან ეჭვიანობდა მასზე, რამაც მას საბოლოოდ პერალტას მოკვლის ბრძანებისაკენ უბიძგა. ცხადია, საუკეთესო მეგობრისა და დამცველის დაკარგვამ, დედოფალზე საშინლად იმოქმედა.

1623 წელს მადრიდს ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზ სტიუარტი ეწვია, რომელსაც ელიზაბეტის მულის, ინფანტა მარია ანას ცოლად შერთვა სურდა. თუმცა, მარია ანამ იგი ცივი უარით გაისტუმდა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ არ შეეძლო "ღვთის მგმობელზე" (ანუ პროტესტანტზე) ქორწინება. ჩარლზმა მალევე დატოვა ესპანეთი და ინგლისისაკენ დაიძრა. ელიზაბეტმა დრო იხელთა და სასწრაფოდ საფრანგეთში გააგზავნა წერილი, რითაც მომხდარი სიტუაცია ამცნო მარია მედიჩის. ელიზაბეტმა იცოდა, რომ დედამისს მისი ნაბოლარა დის, ანრიეტა მარია ფრანგის გათხოვება სურდა, ინგლისზე უკეთეს მოკავშირეს კი საფრანგეთი ვერ იპოვნიდა. ამავე წელს, ფრანგებმა ჩარლზი მიიპატიჟეს, სადაც იგი 1624 წელს დაქორწინდა ანრიეტაზე, ყოველივე ამაში კი უდიდესი წვლილი ელიზაბეტს მიუძღვოდა, რომელიც კვლავ საფრანგეთისათვის თავდადებულად რჩებოდა. თავად მარია ანა კი 1637 წელს გათხოვდა საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ზე, რომელიც სწორედ მისთვის შესაფერისი მეუღლე აღმოჩნდა.

კატალონიის კრიზისი და რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხენზე ამხედრებული ელიზაბეტ დე ბურბონი 1635 წელს

1641 წელს დედოფალი ელიზაბეტი იყო ესპანეთის რეგენტი, როდესაც ქვეყანაში სეგადორების აჯანყება მძვინვარებდა, რომელიც მიმართული იყო კატალონიის დამოუკიდებლობისაკენ. ყველაზე უცნაური ისაა, რომ საფრანგეთის მეფე ლუი XIII კატალონიელთა მხარეს იბრძოდა, რომლებიც მას დახმარების სანაცვლოდ თავიანთ მმართველად დასმას ჰპირდებოდნენ. 1641 წლის იანვარში, ფრანგული ჯარები კატალონიაში შეიჭრნენ და ესპანელები დაამარცხეს, ლუიმ კი თავი ბარსელონას გრაფად გამოაცხადა. აქამდე, დედოფალს პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. რეგენტობისას, იგი ქვეყანას ჰერცოგ დე ნოჩერასა და ჰერცოგ გასპარ დე გუსმან ოლივარესის დახმარებით მართავდა. ცხადია, ფილიპე მათზეც ეჭვიანობდა და ელიზაბეტის დასამცირებლად ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ "მღვდლები ლოცვისთვის იბადებიან, ისევე, როგორც დედოფლები ბავშვების გასაჩენად".

1640-41 წლებში, სეგადორების აჯანყების დროს ელიზაბეტი რეგენტი იყო, რა დროსაც ჰერცოგ დე ოლივარესთან ერთად ამხილა ე.წ. "ქალთა შეთქმულება", რომელიც სამეფო ოჯახის წინააღმდეგ იგეგმებოდა და რომელშიც მონაწილეობდნენ მანტუას ჰერცოგინია, ანა დე გუევარა, მარია დე აგრედა და ასევე პარედეს გრაფინია ლუისა დე ლარა.

დედოფალი ელიზაბეტი 1643 წელს

1643 წელს კატალონიაში სიტუაციის დაძაბვის გამო მეფეს მადრიდის კვლავ დატოვება მოუხდა, რეგენტად კი ისევ ელიზაბეტი დაინიშნა, თუმცა ეჭვიანმა ფილიპემ ოლივარესი სასახლიდან გააგდო და დედოფლის დამხმარედ თავისი ნდობით აღჭურვილი ჰერცოგი დე ჩუმასერო დანიშნა. დედოფალმა ამჯერადაც გაამართლა მოლოდინები და ჩუვასეროსთან ერთად დიდი მოლაპარაკებები აწარმოა ბანკირებთან, რომელთა ფულითაც მან ფილიპეს ჯარები დააფინანსა. ესპანელები მას ისაბელ კასტილიელსაც კი ადარებდნენ, რომელიც არამხოლოდ ესპანეთის, არამედ მთლიანად მსოფლიო ისტორიაში უძლიერესი ქალი მმართველი იყო.

გარდაცვალება და შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ელიზაბეტი გარდაიცვალა 1644 წლის 6 ოქტომბერს, 41 წლის ასაკში. იგი თავის მეთერთმეტე მშობიარობას გადაჰყვა, თუმცა მშობიარობისას დედოფალთან ერთად ბავშვიც დაიღუპა. ელიზაბეტმა სულ ორი შვილი დატოვა — ბალთაზარ კარლოსი და მარია ტერეზა. ბალთაზარი დანიშნული იყო თავისი მამიდის, მარია ანა ესპანელის ასულ მარიანა ავსტრიელზე, თუმცა ელიზაბეტის გარდაცვალებიდან სულ ორ წელიწადში, 1646 წელს ბალთაზარიც გარდაიცვა, ტახტის მემკვიდრე კი მარია ტერეზა ხდება. 1649 წელს ფილიპე IV ცოლად ირთავს საკუთარი ვაჟის საცოლესა და ღვიძლი დის შვილ მარიანა ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კარლ II.

1660 წელს ფილიპემ მარია ტერეზა მისსავე ბიძაშვილს, ლუი XIII-ისა და ანა ავსტრიელის ვაჟ ლუი XIV-ს მიათხოვა, რომელთაც ექვსი საერთო შვილიდან მხოლოდ ერთიღა შერჩათ, ეს იყო ლუი დოფინი. სწორედ დოფინის ვაჟი, ფილიპე V ავიდა ესპანეთის ტახტზე 1700 წელს, როდესაც ფილიპე IV-ის ავადმყოფი და უნაყოფო ვაჟი გარდაიცვალა. ასევე მისი შთამომავალია ესპანეთის დღევანდელი მეფე ფილიპე VI, რომელიც შეგვიძლია ელიზაბეტის პირდაპირ შთამომავლად მივიჩნიოთ. ასევე ელიზაბეტის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV და მისი შვილები — ლუი XVI, ლუი XVIII და შარლ X.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია მარგარიტა (დ. 14 აგვისტო, 1621 — გ. 15 აგვისტო, 1621), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. მარგარიტა მარია კატალინა (დ. 25 ნოემბერი, 1623 — გ. 22 დეკემბერი, 1623), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. მარია ეუხენია (დ. 21 ნოემბერი, 1625 — გ. 21 აგვისტო, 1627), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. მკვდარშობილი გოგონა (16 ნოემბერი, 1626)
  5. ისაბელ მარია ტერეზა (დ. 31 ოქტომბერი, 1627 — გ. 1 ნოემბერი, 1627), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. ბალთაზარ კარლოსი (დ. 17 ოქტომბერი, 1629 — გ. 9 ოქტომბერი, 1646), ასტურიის პრინცი, გარდაიცვალა გარდატეხის ასაკში;
  7. ფრანსისკო ფერნანდო (12 მარტი, 1634), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  8. მარია ანა ანტონია დომინიკა ხაკინტა (დ. 17 იანვარი, 1636 — გ. 5 დეკემბერი, 1636), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  9. მარია ტერეზა (დ. 10 სექტემბერი, 1638 — გ. 30 ივლისი, 1683), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს, რომელთანაც შეეძინა დოფინი ლუი. სწორედ დოფინ ლუის ვაჟი იყო ესპანეთის შემდგომი მეფე ფილიპე V, ხოლო საფრანგეთის მეფე ლუი XV მისი შვილიშვილი იყო;
  10. მკვდარშობილი გოგონა (1640);
  11. მკვდარშობილი ვაჟი (1644).

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფრანგეთის პრინცესა: 22 ნოემბერი, 1602 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ნავარის პრინცესა: 22 ნოემბერი, 1602 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ასტურიის პრინცესა: 25 ნოემბერი, 1615 — 31 მარტი, 1631;
  • პორტუგალიის დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 1 დეკემბერი, 1640;
  • ალგარვის დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 1 დეკემბერი, 1640;
  • კასტილიის დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • კასტილიის გვირგვინში მოიაზრებოდა შემდეგი წოდებები: დედოფალი კასტილიის, ლეონის, გრანადის, ტოლედოს, გალისიის, მურსიის, ხაენის, ალგარვეს, ალგერსიას, გიბრალტარის, კანარის კუნძულების, ინდიელთა, სრულიად კუნძულებისა და ოკეანეებისა. მონილას ლედი.
  • ბისკაის ლედი;
  • არაგონის დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • არაგონის გვირგვინში მოიაზრებოდა შემდეგი წოდებები: დედოფალი არაგონის, ვალენსიის, ნავარისა და მაიორკისა. გრაფინია ბარსელონისა და რუსოლინისა;
  • ნეაპოლის დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ორივე სიცილიის დედოფალი
  • კორსიკას დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • სარდინიის დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ჯოსეანოს გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ორისტანოს მაკგრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • იერუსალიმის დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ათენის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • მილანის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • სიენას მონარქი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ავსტრიის ერცჰერცოგინია: 25 ნოემბერი, 1615 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ჰაბსბურგის გრაფინია: 25 ნოემბერი, 1615 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ტიროლის გრაფინია: 25 ნოემბერი, 1615 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • შვაბიის პრინცესა: 25 ნოემბერი, 1615 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ლოთერის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ბრაბანტის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ლიმბურგის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ლუქსემბურგის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • გელდერსის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ფლანდრიის გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • არტუას გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ენოს გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ჰოლანდიის გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ზელანდიის გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ზუტპენიის გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ფრიზიის ლედი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • სალინსის ლედი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ომელანდენის ლედი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • უტრეხტის ლედი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ოვერიხლესის ლედი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • გრონინგენის ლედი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ბურგუნდიის ჰერცოგინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ბურგუნდიის გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ბურგუნდიის პფალცგრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • შაროლის გრაფინია: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ჩილეს დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • ფილიპინების დედოფალი: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;
  • სამხრეთ ამერიკის იმპერატრიცა: 31 მარტი, 1621 — 6 ოქტომბერი, 1644;

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Coat of Arms of Elisabeth of France (1602-1644), Queen Consort of Spain.svg ცნობები:

ელიზაბეტის გერბი შეიქმნა მისი ფილიპეზე ქორწინებისთანავე, 1615 წლის 25 ნოემბერს და მოქმედებაში იყო მის

გარდაცვალებამდე, ანუ 1644 წლის 6 ოქტომბრამდე.

სიმბოლიკა:

დედოფალ ელიზაბეტ დე ბურბონის გერბი შეიქმნა მისი და ფილიპე II-ის ქორწინებისთანავე. გერბის ცენტრში წარმოდგენილია მრგვალი დაფა, რომელიც ორადაა გაყოფილი. მის მარჯვენა მხარეს წარმოდგენილია სამი ყვითელი ფრანგული ჯვარი ლურჯ ფონზე, რაც ბურბონთა დინასტიის სიმბოლო და იმის მინიშნებაა, რომ ელიზაბეტი ამ დინასტიის წარმომადგელია. დაფის მარცხენა მხარე გაყოფილია ხუთ ნაწილად. მის ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა კუთხეებში დატანილია იისფერი გვირგვინოსანი ლომი თეთრ ფონზე, ხოლო ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა კუთხეებში წარმოდგენილია ყვითელი ციხესიმაგრე წითელ ფონზე, ყოველივე ეს კი ესპანეთის გაერთიანებული სამეფოს სიმბოლოა, მის ქვემოთ კი წარმოდგენლია გრანადის ემირატის სიმბოლო, რომელიც ჯერ კიდევ ისაბელ კასტილიელმა და ფერდინანდ არაგონელმა დაიმორჩილეს. ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მარცხენა მხარესაა მოთავსებული, იმაზე მიანიშნებს, რომ იგი ესპანეთის დედოფალი იყო და არა მემკვიდრეობით, არამედ ქორწინებით. მთელი ამ დაფის თავზე მოთავსებულია სამეფო გვირგვინი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი საფრანგეთის პრინცესა და ესპანეთის გვირგვინოსანი დედოფალი იყო. საბოლოოდ კი დაფის გარშემო შემოვლებულია მცენარის ორი რტო, რომელიც წითელი ბაფთითაა შეკრული. წითელი ბაფთა სისხლისღვრის ნიშანია, მწვანე მცენარე კი იმ მშვიდობის, რომელიც მისი ქორწინების შემდეგ დამყარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Frédérique Sicard, « Une reine entre ombres et lumières ou le pouvoir au féminin : le cas d’Isabelle [de] Bourbon, reine d’Espagne, première femme de
  • Philippe IV (1603-1644) », Genre & Histoire [En ligne], vol. 4, printemps 2009.
  • André Castelot, Maria de' Medici: un'italiana alla corte di Francia, Milano, Rizzoli, 1996.
  • Benedetta Craveri, Amanti e regine. Il potere delle donne, Milano, Adelphi, 2007, ISBN 88-459-1999-4.
  • Antonia Fraser, Gli amori del Re Sole. Luigi XIV e le donne, Milano, Mondadori, 2007, ISBN 88-459-1999-4.
  • Janine Garrisson, Enrico IV e la nascita della Francia moderna, Milano, Mursia, 1987.
  • Guido Gerosa, Il Re Sole. Vita privata e pubblica di Luigi XIV, Milano, Mondadori, 1998, ISBN 88-04-47181-6.
  • Maria Luisa Mariotti Masi, Maria de' Medici, Milano, Mursia, 1994, ISBN 88-425-3520-6.
  • Marcello Vannucci, Caterina e Maria de' Medici regine di Francia, Roma, Newton&Compton Editori, 2002, ISBN 88-8289-719-2.
  • Éliane Viennot, Margherita di Valois. La vera storia della regina Margot, Milano, Mondadori, 1994, ISBN 88-04-37694-5.
ელიზაბეტ დე ბურბონი
დაიბადა: 22 ნოემბერი 1602 გარდაიცვალა: 6 ოქტომბერი 1644
წინამორბედი:
მარგარეტ ავსტრიელი
ესპანეთის დედოფალი
1621-1644
შემდეგი:
მარიანა ავსტრიელი
წინამორბედი:
მარგარეტ ავსტრიელი
პორტუგალიის დედოფალი
1621-1640
შემდეგი:
ლუიზა დე გუსმანი