მარია ლეშჩინსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ლეშჩინსკა
Maria Leszczyńska
Carle Van Loo - Marie Leszczinska, reine de France (1703-1768) - Google Art Project.jpg
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 სექტემბერი, 1725
მმართ. დასასრული: 24 ივნისი, 1768
წინამორბედი: მარია ტერეზა ესპანელი
მემკვიდრე: მარია ანტონია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ივნისი, 1703
დაბ. ადგილი: სილეზია, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 24 ივნისი, 1768, (65 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
შვილები: ლუიზა ელიზაბეტი, პარმის ჰერცოგინია
ანა ანრიეტა ფრანგი
ლუი, საფრანგეთის დოფინი
მარი ადელაიდა, ლუვუას ჰერცოგინია
ვიქტორია ფრანგი
სოფი, ლუვუას ჰერცოგინია
ლუიზა, სენ დენის აბატი
სრული სახელი: მარია კაროლინა სოფია ფელიჩა
დინასტია: ლეშჩინსკები
მამა: სტანისლავ I, პოლონეთის მეფე
დედა: კატარინა ოპალინსკა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature Marie Leszczynska.png

მარია ლეშჩინსკა (პოლ. Maria Leszczyńska, ფრანგ. Marie Leszczynska; დ. 23 ივნისი, 1703, სილეზია, პოლონეთი – გ. 24 ივნისი, 1768, ვერსალი, საფრანგეთი) — ლეშჩინსკთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე სტანისლავ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კათარინა ოპელინსკას ნაბოლარა ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1725-1768 წლებში, როგორც ლუი XV-ის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით, 42 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, მისი ქორწინებით შედგა ფრანკო-პოლონური ალიანსი, რასაც სხვა სახელმწიფოთა პროტესტი და საფრანგეთის მიერ ლოთარინგიის საბოლოო დაპყრობა მოჰყვა შედეგად.

მარიას მამა სტანისლავ ლეშჩინსკი 1704 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, 1709 წელს კი იგი თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც იგი თავის ოჯახთან ერთად შვედეთში დასახლდა. მან თავისი ძალაუფლების დასაბრუნებლად თავისი ძველი კავშირები გამოიყენა. 1725 წელს კი ბურბონის ჰერცოგის ხელშეწყობით მარია საფრანგეთის მეფეზე დააქორწინეს, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო სტანისლავისთვის ტახტი უნდა დაებრუნებინა, თუმცა ასე არ მოხდა და მას ლუიმ ლოთარინგია უბოძა. დედოფალმა მარიამ 1727 წლიდან 1737 წლამდე ათი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, აქედან ერთი კი მცირეწლოვანი დაიღუპა. 1733 წელს საფრანგეთი პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში ჩაება ავსტრიის წინააღმდეგ, რათა სტანისლავისთვის ტახტი დაებრუნებინათ. საბოლოოდ იგი ტახტზე მაინც ვერ დასვეს და 1738 წელს ოფიციალურად გახდა ლოთარინგიის ჰერცოგი.

ქორწინებიდან მალევე ლუიმ თავისი დედოფლისადმი ინტერესი დაკარგა და მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე მას მრავალფეროვან საყვარლებთან ღალატობდა. მარიას ოჯახური მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ გართულდა, რაც მისი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი გარდაიცვალა, ამ ამბიდან სულ რაღაც სამ წელიწადში თავად მარიაც გარდაიცვალა.

მართალია მარია აპოლიტიკური პიროვნება იყო, მაგრამ იგი მფარველობდა ხელოვნებას და ეწეოდა უდიდეს საქველმოქმედო საქმიანობებს, რის გამოც იგი ფრანგებს ძალიან უყვარდათ. აგრეთვე იგი ვერ მოესწრო თავისი ვაჟის გამეფებას, თუმცა იგი იყო საფრანგეთის სამი მეფის ბებია — ლუი XVI-ის, ლუი XVIII-ისა და შარლ X-ის.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეშჩინსკა

მარია ლეშჩინსკა დაიბადა 1703 წლის 23 ივნისს პოლონეთში. იგი იყო პოლონეთისა და ლიტვის მეფე სტანისლავ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კათარინა ოპელინსკას მეორე და ნაბოლარა ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა — ანა ლეშჩინსკა, რომელიც 1717 წელს გარდაიცვალა პნევმონიით.

პატარა მარია ადრევე წარმოადგენდა მამამისისათვის თავისი წარუმატებელი პოლიტიკური კარიერის გამოსწორების გზას, რადგან მისი პოლიტიკური კავშირები თანდათან იშლებოდა, მარიას სარფიანი გათხოვებით კი იგი ახალი და ძლიერი მოკავშირის გაჩენას შეძლებდა.

მარიას დაბადებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1704 წელს მამამისი, სტანისლავ ლეშჩინსკი პოლონეთის მეფედ აირჩიეს. მისი მეფობა ძალიან ხანმოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან 1709 წელს პოლონეთში იმ პერიოდის ევროპის უძლიერიესი სახელმწიფოს, ანუ შვედეთის არმია შეიჭრა და სტანისლავი ტახტიდან ჩამოაგდეს. მამამისი კი პირდაპირ შვედეთის მეფე კარლ XII-ის სამეფო კარზე ჩავიდა და იქ დასახლდა ცოლ-შვილთან ერთად. შვედეთში, სამეფო კარზე ისინი საკმაოდ კარგად მიიღეს, მარიასა და კათარინას მიმართ კი განსაკუთრებულ სითბოს შვედეთის დედა-დედოფალი ჰედვიგია ელეონორა ჰოლშტეინ-გოტორპელი იჩენდა. მალე მისი დამსახურებით ისინი შვედური არისტოკრატიის ღირსეული წევრები გახდნენ. 1712 წელს მარია და კათარინა ოფიციალური მოწვევით ჩავიდნენ საკურორტო ქალაქ მედევში დედა-დედოფალთან. ამ პერიოდში პატარა მარია მშობლიური პოლონურივით დაეუფლა შვედურ ენას. ცნობილია, რომ როცა საფრანგეთში მის სამეფო კარზე შვედეთის ელჩობა ჩავიდა, იგი მათ შვედურ ენაზე მიესალმათ და უთხრათ: "მოგესალმებით, გულწრფელი გულით !".

1714 წელს კარლ XII-მ მათ ნება დართოთ საღვთო რომის იმპერიაში გადასახლებულიყვნენ, სადაც ისინი 1718 წლამდე, ანუ კარლ XII-ის გარდაცვალებამდე დარჩნენ. მოგვიანებით ამ მიწებზე, როგორც ისტორიულ პოლონურ ტერიტორიებზე სტანისლავმა პრეტენზია განაცხადა და მის დასაბრუნებლად ომში დასახმარებლად შვედეთის დედოფალსა და ორლეანისა და ლოთარინგიის ჰერცოგებს მიმართათ.

1718 წელს ლოთარინგიის ჰერცოგის დახმარებით სტანისლავმა ვაისემბურგი დაიპყრო და ოჯახთან ერთად იქ დასახლდა. ისინი პატარა შატოში ცხოვრობდნენ, მთლიანად საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი რეგენტის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ს ხარჯზე.

მათი ცხოვრება ვაისემბურგში აღწერილია როგორც მონარქთათვის შეუსაბამო და სამარცხვინო. ისინი მთლიანად საფრანგეთის მეფეზე იყვნენ დამოკიდებულნი, ამასთან ძალიან ხელმომჭირნედ და ღარიბულად ცხოვრობდნენ პატარა შატოში, სადაც სულ რამდენიმე მოახლე და დაცვა ჰყავდათ. საბოლოოდ იმდენად გაუჭირდათ, რომ ყოფილმა დედოფალმა კათარინა ოპელინსკამ თავისი სამკაულების გაყიდვაც კი დაიწყო.

მარიას ბებია, ანა ლეშჩინსკა, რომელიც კვლავ პოლონეთში ცხოვრობდა, აცხადებდა, რომ ძალიან დიდ სიმწარეს ჰგვრიდა მათი ასეთი გაჭირვება და დევნილობაში ცხოვრება, რის გამოც მას თავის ვაჟთან, სტანისლავთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა. იგი სტანისლავს უხეიროს უწოდებდა და აცხადებდა, რომ მისი ოჯახის ასეთი უბედურება მხოლოდ მისი ბრალი იყო. თუმცა მარია თავად კმაყოფილი იყო და მამასთან ხშირად საათობითაც საუბრობდა. მამა-შვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ცდილობდნენ ერთმანეთისათვის ასეთი განცხადებებით ტკივილი არ მიეყენებინათ.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეშჩინსკა 1726 წელს

მარიას მაშინდელი მემატიანეები არ აღწერენ როგორც ლამაზ ქალს, სამაგიეროდ იგი დახასიათებულია როგორც სასიამოვნო თვისებების, კარგად განათლებული, გემოვნებიანი, მოხდენილი და დახვეწილი, რაც საქორწინო ბაზარზე ბევრ პრინცესასთან შედარებით უპირატესობაში აყენებდა. 1720 წელს მისი ხელი ითხოვა საფრანგეთის მეფის ბიძაშვილმა, კონდეს პრინცმა ლუი ანრი დე ბურბონმა, თუმცა თავად სასიძოს დედამ არ დართო მათ ქორწინების უფლება. ამის შემდეგ მისი ხელი ფრანგმა კავალერისტმა და კურტავოქსის მარკიზმა ითხოვა, თუმცა ეს ნიშნობაც ჩაიშალა. მომავალ წლებში მისი ხელი ითხოვა ბადენ-ბადენის მაკგრაფმაც, თუმცა ქორწინება შედგებოდა, მაგრამ მარიას არასაკმარისი მზითვის გამო ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. წარუმატებელი აღმოჩნდა მოლაპარაკებები შაროლის გრაფთან ქორწინებაზეც. საბოლოოდ მისი ხელი კიდევ ერთმა ჰერცოგმა ითხოვა, მაგრამ ასევე უმზითვობის გამო ჩაიშალა მოლაპარაკებები.

მარია ლეშჩინსკა

1723 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტი მის სრულ წლოვანებამდე ბურბონის ჰერცოგი გახდა. ჰერცოგზე დიდი გავლენა ჰქონდა მის საყვარელს მადამ დე პრიეს, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მარიასთან. სწორედ მან შესთავაზა ჰერცოგს ჯერ კიდევ დაუქორწინებელი ლუის მარია ლეშჩინკაზე დანიშვნა, თუმცა ჰერცოგმა ამაზე უარი განაცხადა. რამდენიმე წლის შემდეგ ლუი ძლიერ დაავადდა და იმის შიშით, რომ უმემკვიდრეოდ არ გარდაცვლილიყო, სასწრაფოდ მისი დაქორწინება განიზრახეს. სწორედ ამ დროს წამოიჭრა, მარიას, როგორც ლუის საცოლის კანდიდატურა, მაგრამ იგი მალევე დაჩრდილეს. ლუი მალევე დანიშნეს ესპანეთის ინფანტა მარიანა ვიქტორია ესპანელზე, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის უფროსი ქალიშვილი იყო და უამრავ მზითვს ატანდნენ. მარიანა ვიქტორია მალევე ჩავიდა საფრანგეთის სამეფო კარზე და იქ დასახლდა, იგი უკვე დედოფლად მოიხსენიებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ლუიზე დაქორწინებული არ იყო. ყველასაგან მოულოდნელად, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ლუიმ მარიანა ვიქტორიაზე ქორწინებაზე უარი თქვა და იგი ესპანეთში დააბრუნა. სწორედ ამ დროს მადამ დე პრიემ დრო იხელთა და ლუის საცოლეთა სიის თავში მარია ლეშჩინსკა მოაქცია. მალევე მარიასა და ლუის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო.

ქორწინება საფრანგეთის მეფეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეშჩინსკა იმ 99 ევროპელი პრინცესის სიაში აღმოჩნდა, რომლებიც ლუი XV-ის საცოლეებად მოიაზრებოდნენ. იგი სიის თავში არ იყო და ზოგადად მხოლოდ იმიტომ ჩასვეს სიაში, რომ იგი კათოლიკე პრინცესა იყო, რაც მინიმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. თავდაპირველად 99 პრინცესიდან რაოდენობა 17-მდე შეამცირეს, შემდეგ კი მხოლოდ ოთხი პრინცესა დატოვეს, მათ შორის კი მარიაც აღმოჩნდა. ახლა უკვე თავად ლუის გადასაწყვეტი იყო თუ რომელს აირჩევდა ოთხი პრინცესიდან. თავდაპირველად ლუიმ დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანაზე, შემდეგ კი მის დაზე, პრინცესა ამელიაზე დაქორწინება მოისურვა, მაგრამ ფრანგება მას ამის ნება არ დართეს ვინაიდან ისინი ანგლიკანები იყვნენ ლუი კი კათოლიკე. მიუხედავად ამისა ბურბონის ჰერცოგი და მადამ დე პრიე მარია ლეშჩინსკას კანდიდატურას სთავაზობდნენ მეფეს, ასევე მარიას უჭერდნენ მხარს პარიზელი დიდგვაროვნების დიდი ნაწილი. მადამ დე პრიემ და ბურბონის ჰერცოგმა მეფეს მარტივად გადააფიქრებინეს ბრიტანეთის პრინცესებზე ქორწინება მათი რელიგიის გამო, თუმცა კარდინალმა ფლორმა ლუის მისსავე ბიძაშვილებზე, ანრიეტა ლუიზა ბურბონზე, ან ტერეზა ალექსანდრინა ბურბონზე ქორწინება შესთავაზა მაგრამ მეფემ ეს იდეა მაშინვე უარყო. კარდინალმა მაშინვე შესთავაზა იტალიელ პრინცესაზე, მარია ვიტორია სავოიელზე ქორწინებაც, თუმცა მისი გარეგნობის გამო ლუიმ ქორწინება არ ისურვა.

მარია ლეშჩინსკა ვერსალში, პორტრეტი შესრულებულია 1726 წელს ფრანსუა ალბერტ სტეიმარის მიერ

საბოლოოდ ასეთ რთულ ვითარებაში მადამ დე პრიემ და ბურბონის ჰერცოგმა მარია ლეშჩინსკას კანდიდატურა წინა პლანზე წამოსწიეს, ამას დაეთანხმა თავად კარდინალიც და სრულიად ფრანგული არისტოკრატია, რადგან იგი რეალურად მოქმედი მეფის ასული არ იყო, შესაბამისად მისი ქორწინებით ლუი ახალ ალიანსს ვერ შეჰქმნიდა და ამით არცერთ ფრანგულ და უცხოურ პარტიას არ გააღიზიანებდა. საბოლოო ჯამში დიდი განსჯის შემდეგ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ლუი და მარია დაქორწინებულიყვნენ, ვინაიდან პრინცესა მარია იყო ჭეშმარიტი კათოლიკე, კარგი და მოხდენილი შესახედაობის, ჯანმრთელი, განათლებული, დახვეწილი და თანაც ქალწული. ამ დროს მადამ დე პრიემ მარიას პორტრეტი შეუკვეთა, სადაც მისი ბრძანებით მხატვარმა მარიას ყველა ნაკლი გაუქრო და ამის შემდეგ ლუის მისი საცოლის პორტრეტი წარუდგინა. აღტაცებულმა ლუიმ განაცხადა: "ის ყველა მათგანზე საყვარელია !". ლუი ულამაზესი საცოლის ხილვის შემდეგ ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს და საქორწინო მოლაპარაკებებიც გაჩაღდა.

დედოფალი მარია ლეშჩინსკა 1730 წელს, შესრულებულია ალექს საიმონ ბელეს მიერ

1725 წლის 2 აპრილს საფრანგეთის სამეფო კარმა ოფიციალურად ითხოვა მისი ხელი. მამამისს, სტანისლავ ლეშჩინსკს ეს ამბავი ახარებდა, რადგან იმედი მიეცა კვლავ მონარქად გახდომისა და ამ "სამარცხვინო" მდგომარეობიდან გამოსვლისა. ცხადია ის ფაქტი, რომ მისი ქალიშვილი თვით საფრანგეთის, ანუ ამ პერიოდის ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს დედოფალი გახდებოდა, ეს მას ძლიერ წაადგებოდა. თუმცა ლოთარინგიის ქვრივმა ჰერცოგინია, რომელიც ორლეანის ჰერცოგის და იყო, ერთობ შეურაცხყოფილი დარჩა, როცა ლუის საცოლედ მისი ქალიშვილი მარია ტერეზა არ აირჩიეს. მარიასა და საფრანგეთის მეფის ქორწინების გამო, ესპანეთმა და რუსეთმა საფრანგეთთან ალიანსი გაწყვიტეს ვინაიდან მარიას გამო ლუიმ მათ პრინცესებზე თქვა უარი. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ამ ქორწინებიდან ვერც სიმდიდრეს და ვერც ახალ ალიანსს ვერ მიიღებდა. სწორედ ამის გამო ფრანგების ნაწილს მარიაზე გული აუცრუვდა და აცხადებდნენ, რომ მათი ქორწინება ეპიკური და ტრაგიკული იქნებოდა. 1725 წლის 6 მაისს მარია ლეშჩინსკამ აუცილებელი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რითაც დადასტურდა, რომ მას არ ჰქონდა ეპილეფსია, იყო ჯანმრთელი, ქალწული და ჰქონდა მენსტრუალური ციკლი, რის მიხედვითაც იგი მემკვიდრის გაჩენას მალევე შესძლებდა. ამ ქორწინებიდან ლუიმ გაცილებით ნაკლები მოგება ნახა, ვიდრე ესპანეთის ინფანტ მარიანა ვიქტორიაზე ქორწინების შემდეგ ნახავდა. ესპანელები თავიანთ პრინცესას მზითვში სწორედ დედოფლისთვის საკადრის უამრავ ძვირფასეულობასა და ხუთასი ათას ოქროს მონეტას ატანდნენ, მარიას კი მხოლოდ ოცი ათასი გაატანეს ყოველგვარი ალიანსისა და ძვირფასეულობის გარეშე.

პირადი ურთიერთობა ლუი XV-თან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათი მარიონეტული ქორწინება 1725 წლის 15 აგვისტოს შედგა სტრასბურგის საკათედრო ტაძარში, სადაც ლუი XV-ს მისი ბიძაშვილი, ორლეანის ჰერცოგი ლუი დ'ორლეანი წარმოადგენდა. ქორწინების შემდეგ მარიამ თავისი პოლონური სახელი მარია შეიცვალა და ფრანგულ მარიზე გადავიდა. ასევე ისიც აღსაღნიშნია, რომ ფრანგებისათვის მისი გვარი ლეშჩინსკი ძალიან რთული წარმოსათქმელი იყო, რის გამოც ისინი მას უბრალოდ დედოფალს, ან სულაც პოლონელს უწოდებდნენ. ქორწინების დღიდანვე მარიას შვიდი ფრანგი ფრეილინა მიუჩინეს, რომელთაგან იგი განსაკუთრებით მადმუაზელ დე კლერმონთან დაახლოვდა. მან სწრაფად აითვისა ფრანგული ადათ-წესები, ქცევის მანერები და სამეფო კარზე გადარჩენის ხრიკებიც. მან თავიდანვე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სრულიად ფრანგებზე, რაზეც ისიც მოწმობს, რომ ქორწინებიდან მალევე მას ფონტენბლოს სასახლე აჩუქეს.

დედოფალი მარია ლეშჩინსკა, შესრულებულია კარლ ვან ლოს მიერ

ლუი და მარია პირველად ერთმანეთს მარიონეტული ქორწინებიდან ერთ თვეში, 1725 წლის 15 სექტემბერს შეხვდნენ ფონტენბლოს სასახლეში. ამ დროს მარია ოცდაორის, ხოლო ლუი თხუთმეტი წლის იყო. თავიდანვე ლუისა და მარიას ერთმანეთი ძალიან მოეწონათ და მალე ეს გრძნობა სიყვარულშიც გადაეზარდათ. ლუი ცოლის მოსიყვარულე და მხიარული მეუღლე აღმოჩნდა, მეტიც, იგი მარიას ერთგული იყო ქორწინების პირველი რვა წლის მანძილზე. ახალგაზრდა მეფე ძალიან მოუთმენელი ხასიათის იყო, რის გამოც მან სამეფო კარის პროტოკოლი დაარღვია და მეფისა და დედოფლის ოთახები გააერთიანა. 1727 წლის 14 აგვისტოს მარიამ მათი პირველი შვილები გააჩინა, ტყუპი გოგონები — ლუიზა ელიზაბეტი და ანა ანრიეტა. ლუი XV ძალიან ბედნიერი იყო, ვინაიდან მან განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოედგინა თუ ოდესმე მამა გახდებოდა, ახლა კი ერთდროულად ორი გოგონას მამა იყო. მიუხედავად ამისა, სამეფო კარი და განსაკუთრებით კი კარდინალი ფლორი უკმაყოფილო დარჩა, რადგან დედოფალმა ვაჟი ვერ გააჩინა. ამას მოჰყვა მომავალ წელს კიდევ ერთი გოგონას დაბადება, რომელსაც მარი ლუიზა დაარქვეს. მესამე გოგონამ ლუის უკვე იმედი გაუცრუა და გულიც კი დასწყვიტა. თუმცა ამ ამბიდან მალევე, 1729 წლის 4 სექტემბერს მარიამ ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, სახელად ლუი, რომელიც მაშინვე საფრანგეთის დოფინი გახდა. ამას მოჰყვა სულ ერთ წელიწადში ანჟუს ჰერცოგ ფილიპის გაჩენა. ვაჟების გაჩენამ დედოფლის მდგომარეობა საგრძნობლად გამოაკეთა და გაამყარა. საბოლოოდ დედოფალმა მარიამ 1737 წლამდე სულ ათი შვილი გააჩინა, რომელთაგან რვა გოგონა, ხოლო ორი ვაჟი იყო. მისი ათი შვილიდან სამი მცირეწლოვანი დაიღუპა, დანარჩენი შვიდის აღზრდა კი დედოფალმა თავად აიღო თავის თავზე. მან თავისი ყველა შვილი საოცრად სათნო, კეთილშობილ, ღვთისმოშიშ და განათლებულ ადამიანებად აღზარდა, განსაკუთრებით კი ქალიშვილები. მისი გოგონები ხასიათით ძალიან ჰგავდნენ დედას, უფროსი ვაჟი კი მიჯაჭვულიც კი იყო მასზე. საბოლოოდ მარია ნამდვილი დედა იყო, განსხვავებით სხვა დედოფლებისგან, რომლებიც დიდ გულგრილობას იჩენდნენ ხოლმე შვილების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ სახეზე მარია შეუხედავი იყო, იგი გაცილებით უფრო მოხდენილი და ნაყოფიერი იყო ვიდრე მისი ქმრის საყვარლები. მრავალმა ორსულობამ და ღვთის ფანატიკურმა მორწმუნეობამ თანდათან დიდი ბზარი გააჩინა მეფესა და დედოფალს შორის. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, მარიას ლუისთან სარეცელის გაყოფა ხშირად არ სურდა და ამას მხოლოდ მოვალეობის გამო აკეთებდა. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო, მეფემ თავის დედოფალზე გული აიყარა. წლების შემდეგ ლუიმ საყვარლები გაიჩინა. პირველად ღალატზე მარიამ მას მთელ სასახლესთან ერთად წაასწრო, როდესაც ბაღში მოსეირნე არისტოკრატებმა მეფე და მისი საყვარელი პირდაპირ ფანჯარაში შენიშნეს ინტიმური კავშირისას. ამას მარიას მწვავე რეაგირება მოჰყვა, თუმცა ლუიმ მას განუცხადა, რომ იგი მას ისე ვერ აკმაყოფილებდა როგორც სხვა ქალები. ამით კარდინალმა ფლორმა ისარგებლა და მეფე-დედოფალი თანდათან ერთმანეთს დააშორა, რადგან მას არ სურდა ლუიზე ცოლს ჰქონოდა გავლენა, თუმცა მარია ამის გარეშეც მეტად აპოლიტიკური პიროვნება იყო.

მარია ლეშჩინსკა თავის ვაჟთან, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონთან ერთად

ლუი XV საბოლოოდ ძალიან მოღალატე მეუღლე გახდა. 1733 წელს, მან მარიას პირველად უღალატა მარი ჟულია დე მაილისთან. 1737 წლამდე მათი ეს ურთიერთობა ცნობილი არ იყო და საიდუმლოდ ინახებოდა. მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე მარია ლეშჩინსკა უშედეგოდ ცდილობდა გაერკვია ვინ იყო ქალი, რომელიც მის ქმართან დადიოდა. ამის გარკვევაში მას მისი პირადი მოძღვარი დაეხმარა, რომელმაც ახსარების წმინდა საიდუმლო გატეხა და მარი ჟულიას ახსარება პირდაპირ თავის საყვარელ დედოფალს მოახსენა. ამით მარიამ გაიგო კიდევ როდის აპირებდა მარი ჟულია ლუისთან ვიზიტს და პირდაპირ თავზე დაადგათ. 1737 წელს მარიას მეათე მშობიარობა კატასტროფულად გაურთულდა და კინაღამ გადაჰყვა პრინცესა ლუიზაზე მშობიარობას. ამის შემდეგ იგი ექიმებმა გააფრთხილეს, რომ კიდევ ერთი მშობიარობა მას აუცილებლად შეიწირავდა, რის გამოც 1738 წლიდან დედოფლისა და მეფის ოთახები კვლავ გაიყო და მარიამ ლუის თავის ოთახში მისვლა აუკრძალა. ამით შეიძლება ითქვას, რომ მათი ცოლ-ქმრული ცხოვრება დასრულდა და ეს ქორწინება წმინდა წყლის ფორმალობად გადაიქცა.

ამის პარალელურად ლუიმ მარი ჟულიასთან არსებული რომანი გაასაჯაროვა და იგი თავის სამეფო საყვარლად გამოაცხადა. ამით მეფესა და დედოფალს შორის ყველანაირი კავშირი გაწყდა. მიუხედავად ამისა, ისინი სახალხოდ საკმაოდ საზეიმოდ წარმოაჩენდნენ და ერთმანეთს მხარს უმშვენებდნენ. ამის მიუხედავად მეფე დედოფლის აპარტამენტებს აღარ სტუმრობდა და ისინი სალონში კარტსაც აღარ თამაშობდნენ, რაც ამ წლების მანძილზე მათი საყვარელი გასართობი იყო. მარია ლეშჩინსკა, ისევე როგორც ბევრი მისი წინამორბედი საფრანგეთის დედოფალი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციის ფიგურა გახდა სამეფო კარზე, რომელსაც ოფიციალური ვიზიტებისას მეფის მხარი უნდა დაემშვენებინა. მარი ჟულია დე მაილის მოჰყვა ლუის რომანი პოლინ ფელიჩიტა დე მაილთან (1739 წელს), მარი ანა დე მაილთან (1742 წელს) და ასევე დიანა ადელაიდა დე მაილთან (1742 წელს). 1744 წელს მეცში სტუმრობისას ლუი XV სერიოზულად დაავადდა და მისი გარდაცვალების საფრთხე წარმოიქმნა. ამიტომაც მისმა მხლებლებმა სამეფო ოჯახის წევრები სასწრაფოდ მეცში გამოიძახეს. მარიასა და ლუის ვაჟმა, საფრანგეთის დოფინმა, რომელსაც მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, უარი განაცხადა წასვლაზე, მარია და მისი ქალიშვილები კი მეცისაკენ გაემგზავრნენ, რათა უკანასკნელად ენახათ ლუი, თუმცა როცა მათ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს, მეფე უკვე სრულიად გამოჯანმრთელებულიყო. მარიამ და მისმა მღვდლებმა ლუის შთააგონეს, რომ ღმერთმა მრუშობისათვის იგი ასე დასაჯა და თუკი სასწრაფოდ არ შეწყვეტდა თავის რომანს მარი ანა დე მაილთან ღმერთი მას მოკლავდა. მართალია მეფე მაინც და მაინც მორწმუნე არ იყო, მაგრამ ამ ამბავმა შეაფიქრიანა და მალევე მიატოვა საყვარელი, რის შემდეგაც მათი ქორწინება შედარებით გაუმჯობესების გზაზე დადგა.

საბოლოოდ მათი ქორწინება 1745 წელს მადამ დე პომპადურის გამოჩენამ დაანგრია, რომელიც 1745 წლიდან მოყოლებული 1764 წლამდე (სანამ არ დაიღუპა) ლუის ერთგული საყვარელი იყო და ძალიან დიდი გავლენა მოიპოვა მეფეზე, სამეფო კარსა და პოლიტიკაზე. პომპადურმა თავისი უდიდესი ძალაუფლება არ იკმარა და თავად დედოფალსაც კი უწევდა კონკურენციას. ლუის საყვარლებიდან პომპადური პირველი იყო, რომელმაც დედოფალს კონკურენცია გაუწია და მის ადგილსაც კი ეპოტინებოდა, რაც მარიას ძალზედ რთულ მდგომარეობაში აყენებდა. მიუხედავად ამისა, მარიასა და პომპადურს ურთიერთობა საკმაოდ დაულაგდათ. მარიას ქმრის პირველ საყვარელთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან იგი პირველი იყო, მეორესთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მესამე კი ძალიან თავხედი და ამაყი იყო, რასაც პომპადურზე ვერ ვიტყვით. განსხვავებით ლუი XV-ის სხვა სამეფო საყვარლებისგან, მარიას პომპადურთან ძალიან მეგობრული და გულითადი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა 1756 წელს მარიამ უარი თქვა პომპადურის თავის ფრეილინად დანიშვნაზე. თავად მარიას, ნაკლებად ჰქონდა ექსტრემალური სასიყვარულო თავგადასავლები. საფრანგეთი იმ დროში ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ხშირად უწევდა ომები ასევე უძლიერეს ავსტრიასთან, რის გამოც ვერსალში ავსტრიის ელჩი ფლორიმონდ კლოდი, მერს-არგენტუს კონტი ხშირად ჩნდებოდა. ამგვარი ხშირი ურთიერთობის გამო მარიას, საკმაოდ მიმზიდველ ელჩთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თუმცა იყო ჭორებიც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ რომანი ჰქონოდათ.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეშჩინსკა

დედოფალმა მარიამ ვერასდროს შესძლო პოლიტიკური ძალაუფლების თავის ხელში აღება. ქორწინების შემდეგ, იგი მიხვდა, რომ სამეფო კარსა და სრულიად საფრანგეთს ლუის სახელით მისი ფავორიტები, ანუ ბურბონის ჰერცოგი, მადამ დე პრიე და კარდინალი ფლორი მართავდნენ. თავად დედოფალმა შეიქმნა თორმეტი უმაღლესი რანგის არისტოკრატი ქალებისაგან შემდგარი ფრეილინების კამპანია და მათთან ერთად გადაადგილდებოდა. დედოფალი თავის ქმარზეც კი ვერ ახდენდა გავლენას, არა თუ პოლიტიკაზე, ვინაიდან ლუი ამ პერიოდში მთლიანად კარდინალის განკარგულებაში იყო.

მარიამ მამის რჩევა გაითვალისწინა და ყოველთვის ბურბონის ჰერცოგისა და მადამ დე პრიეს ერთგულ მოკავშირედ დარჩა, ვინაიდან პირველებმა სწორედ მათ წამოაყენეს მარიას კანდიდატურა და რომ არა ისინი, მარიაც ვერ გახდებოდა საფრანგეთის დედოფალი. მალევე მარიას პირველი პოლიტიკური მოქმედების დრო დადგა. ბურბონის ჰერცოგმა და მადამ დე პრიემ იგი შეთქმულებაში ჩაითრიეს, რომელიც კარდინალ ფლორის წინააღმდეგ იმართებოდა. 1725 წლის 17 დეკემბერს დედოფალმა მარია ლეშჩინსკამ მეუღლე შეღამებისას თავის პალატებში დაიბარა,სადაც მას დედოფალი და ბურბონის ჰერცოგი დახვდნენ. მათ ყველა კარი და ფანჯარა საგულდაგულოდ ჩარაზეს, თუმცა ჯაშუშებმა ამ საღამოს მომხდარი ამბავი მაინც შეიტყვეს. ჰერცოგი მეფის გადმობირებას ცდილობდა და მოახსენა, რომ რომთან საფრანგეთის მწვავე მარცხი მხოლოდ კარდინალის ბრალი იყო. ამიტომაც ბურბონის ჰერცოგმა ლუის კარდინალის დაპატიმრება, ან სულაც სამეფო კარიდან გაძევება სთხოვა და ამის შესაბამისი საბუთიც წარუდგინა, რომელსაც მხოლოდ მეფის ხელმოწერა სჭირდებოდა. კარდინალს ეს ამბავი იმ წუთასვე შეატყობინეს და მან სასწრაფოდ დატოვა ვერსალი, თუმცა მეფემ თავისი საყვარელი კარდინალი ამისათვის ვერ გასწირა. სამაგიეროდ მან განკვეთა და ჩამოაქვეითა როგორც ბურბონის ჰერცოგი, ისე მადამ დე პრიე. ცხადია ასეთი ძლიერი მოკავშირეების გარეშე, სამეფო კარზე მარია სრულიად დაუცველი დარჩა, ამ დროს უკვე უძლიერესი კარდინალი კი მისი მოსისხლე მტერი გახდა. ამის საპასუხოდ კარდინალმა მეფე დაარწმუნა, რომ ქალი პოლიტიკურ საქმიანობებთან არ უნდა მიეშვა და საერთოდაც, ქალების ლაპარაკისთვის ყური არ დაეგდო. ლუი მართლაც ასე მოიქცა, რამაც მარიას მთელი პოლიტიკური ძალაუფლება წაართვა.

1726 წლის ივნისში, ფლორმა დაარწმუნა მეფე და ბურბონის ჰერცოგი პირველი მინისტრობიდან მოხსნეს. მადამ დე პრიემ მაშინვე გამოიყენა დედოფალთან კავშირი და მეფესთან სასაუბროდ მივიდა. მან გააპროტესტა ბურბონის თანამდებობიდან მოხსნა და განუცხადა, რომ იგი სრულიად კარდინალის გავლენის ქვეშ იყო, თუმცა ლუი ამ დროს უკვე ფლორის მითითებით ხელმძღვანელობდა და ქალის ლაპარაკს დიდად არ უგდებდა ყურს. ამის შემდეგ თავად დედოფალმაც სცადა მეფესთან დალაპარაკებით ბურბონის დაბრუნება მაგრამ სულ ამაოდ, ამ დროს ლუი თავიდან ბოლომდე კარდინალის ზემოქმედების ქვეშ იყო.

დედოფალი მარია ლეშჩინსკა 1740 წელს

მიუხედავად ამისა, 1726 წლის მოვლენების დროს დედოფალმა მარიამ მაინც მოახერხა სახელმწიფო საქმეებში ჩარევა. იგი ლუი XV-ს ურჩევდა, თუ როგორ მოქცეულიყო კარიგნანოს პრინცესასთან მიმართებაში, რომელსაც სავოიელები ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს და მის დასჯას მოითხოვდნენ. პრინცესა ამ დროს თავს ვერსალს აფარებდა, სადაც იგი დედოფალს ძალიან დაუახლოვდა. კარიგნანოს პრინცესამ დედოფალ მარია ლეშჩინსკას ურჩია, რომ ამის შემდეგ უფრო ნაკლებად ჩართულიყო სამეფო კარის ინტრიგებსა და ბინძურ საქმეებში, ამის ნაცვლად კი სათნო და ღვთისმოსავი ყოფილიყო. მარია ასეც მოიქცა და ამის შემდეგ დიდად აღარ ჩარეულა არც პოლიტიკაში და მითუმეტეს არც ინტრიგებში. 1727 წლიდან 1729 წლამდე მიიჩნევა, რომ მარია ლეშჩინსკას კრიზისი იყო, რადგან იგი ვაჟს ვერ აჩენდა, თუმცა 1729 წელს დოფინის გაჩენამ ეს მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა. კარდინალი ფლორი, რომელიც დედოფალს ვერ იტანდა, ამ წლების მანძილზე მეფეს გამუდმებით ჩასჩიჩინებდა, რომ მარიას ვაჟის გაჩენა არ შეეძლო, ამიტომაც გასცილებოდა მას და ცოლად კარლოტა ჰესენ-როტენბურგელი შეერთო, თუმცა მეფემ კარდინალს ამ საკითხში არ დაუჯერა. თუმცა ყოველი მშობიარობისას, კარდინალი მეფეს ახალ საცოლეს სთავაზობდა, იმ შემთხვევისთვის, თუ მარია მშობიარობას გადაჰყვებოდა.

საბოლოოდ დედოფალი მარია კარდინალ ფლორს შეურიგდა, როდესაც დედოფალმა მას წერილი მისწერა, სადაც იგი პატიებას სთხოვდა და მეფის საკეთილდღეოდ მოქცევას შესთხოვდა. ფლორმა და მარიამ ძალიან გულითადი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს, კარდინალი დედოფალს ხშირად უჭერდა მხარს და იცავდა კიდეც, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მარია ლუისთვის უვნებელი იყო. ამის მაგალითაც 1742 წელს დედოფლის თხოვნით, კარდინალმა მეფე დაარწმუნა და მან თავისი სამეფო საყვარლები მიატოვა და დროებით მეუღლეს დაუბრუნდა. ასევე მარიას თხოვნითა და კარდინალის შუამავლობით, ლუიმ მარიას ფრეილინებს ყოველთვიური პენსია გაუზარდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემთხვევებში მარიას პოლიტიკური ძალაუფლება არ ჰქონდა, იგი ხანდახან მაინც ახერხებდა პოლიტიკაში ჩარევას. 1733-36 წლებში ატეხილ პოლონეთის მემკვიდრეობის ომში, მარიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ტახტზე კვლავ მამამისი დაესვა. მან ჯერ კარდინალი ფლორი, შემდეგ კი თავად ლუი XV-ც დაითანხმა და ამ ომში სტანისლავის სასარგებლოდ ჩაებნენ, რაშიც გაიმარჯვეს კიდეც და სტანისლავ ლეშჩინსკი უკვე მეორედ გახდა პოლონეთისა და ლიტვის მეფე. მიუხედავად ამისა, იგი პოლონეთის ტახტზე სულ ერთი წელი იჯდა, რის შემდეგაც 1734 წელს კვლავ ჩამოაგდეს. ამის შემდეგ მარია კვლავ მშობლებისათვის გვირგვინის მიღებისათვის იბრძოდა, რასაც მიაღწია კიდეც და სტანისლავი ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1766 წელს, ვინაიდან იგი საფრანგეთის მეფის სიმამრი იყო, ლოთარინგია საბოლოოდ და სამუდამოდ გადავიდა საფრანგეთის შემადგენლობაში. იგი როგორც ღრმადმორწმუნე კათოლიკე, ყოველთვის უჭერდა მხარს პარიზის პარლამენტსა და სამეფო კარზე სასულიერო წოდების წარმომადგენელთა რაოდენობის ზდას და ასევე დიდ სიმპათიას გამოთვამდა იეზუიტთა ორდენის მიმართ. იგი ასევე გაურკვეველი მიზეზის გამო, ყოველთვის ემზადებოდა, რომ გამხდარიყო თავისი ვაჟის რეგენტი. თუმცა მას შემდეგ რაც მისი ვაჟი ცამეტი წლის გახდა (იმ ეპოქაში სრულწლოვანების ასაკად ვაჟებში ცამეტი, ხოლო გოგონებში თოთხმეტი წელი მიიჩნეოდა), ეს ოცნება ჩაეშალა.

დედოფლის როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარია ლეშჩინსკა 1748 წელს

როგორც შედარებით დაბალი წარმომავლობის ადამიანი, დედოფალი მარია ლეშჩინსკა საფრანგეთის სამეფო კარზე თავდაპირველად პატივცემული არ იყო. მისი დინასტია უბრალო პოლონელი მთავრებისაგან იყო შემდგარი, მამამისმა ტახტი არჩევნების გზით მიიღო და არა მემკვიდრეობით და ამას ისიც ემატებოდა, რომ ახლა უკვე მამამისი მეფეც აღარ იყო. აქედან გამომდინარე ფრანგები მას, როგორც თავიანთზე მაღლა მდგომ ადამიანს ვერ აღიქვამდნენ.

როგორც დედოფალმა, მარია ლეშჩინსკამ დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით შეასრულა ყველა თავისი მოვალეობა. მას ძალიან მოსწონდა მკაცრად გაწერილი ფრანგული ეტიკეტი და რეგულარულად და პუნქტუალურად ასრულებდა მის ყველა პუნქტს. იგი პატივს სცემდა ფრანგულ წესებსა და ტრადიციებს, აგრეთვე ხშირად დადიოდა თეატრში. ყველა ამ თვისებით, მარიამ მოახერხა და ფრანგებს თანდათან თავი შეაყვარა. ვინაიდან იგი დიდი ევროპული დინასტიის წარმომადგენელი არ იყო და არც უცხო სამეფო კარებთან არ ჰქონდა კავშირები, მას თავად უწევდა ვერსალში თავის დამკვიდრება. მისი შემდგომი დედოფალი მარია ანტონია ავსტრიელი, რომელიც ჰაბსბურგთა უძლიერესი დინასტიის წარმომადგენელი იყო, ადვილად დამკვიდრდა საფრანგეთში და ფრანგული ეტიკეტის ძალიან ბევრ პუნქტს აიგნორებდა, იმ საბაბით, რომ უბრალოდ საჭირო არ იყო. ეს იმიტომ, რომ ფრანგებისათვის თავის მოწონებით მას არ სჭირდებოდა თავისი სტატუსისა და მდგომარეობის გამყარება, განსხვავებით მარიასაგან.

დედოფალი მარია, ისევე როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი დედოფლები, ძალიან დიდ სიამოვნებას პოულობდა საქველოქმედო საქმიანობასა და აზარტულ თამაშებში. მის ამ საქმიანობებს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვეში 100 000 ლივრი სჭირდებოდა. ამდენი ფული დედოფლის ყოველთვიურ პენსიაზე მეტს წარმოადგენდა, რის გამოც ხშირად იგი ლუისაგან ვალს იღებდა, თუმცა არასდროს უბრუნებდა. მან ასევე ვერსალში თავისი აპარტამენტები 1737 წელს სრულიად შეცვალა და გაარემონტა, რასაც ასევე დიდძალი ფული დასჭირდა. ცხადია მან ეს ფულიც ლუის სთხოვა და არც ეს დაუბრუნებია.

იქიდან გამომდინარე, რომ მარია საფრანგეთის დედოფალი იყო, იგი არასდროს იყო მარტო, იგი ან თავისი ფრეილინების, ან სულაც კედლებიდან მოთვალთვალე ჯაშუშების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. რამდენჯერმე მან ჯაშუში გამოიჭირა, თუმცა მათ ძალიან თბილად და თავაზიანად მოექცათ. იგი თავის წარმომადგენლობით როლს ძალიან ფრთხილად ეპყრობოდა. იგი არასდროს არ მონაწილეობდა სამეფო კარის საქმიანობებსა და ბინძურ საქმეებში. თუმცაღა მას ძალიან მოსწონდა წვეულებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩენა ლუისთან ერთად. იგი დიდ დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ერთად, რომელსაც მხოლოდ ქალბატონები არ წარმოადგენდნენ. ხშირად თავის მამაკაც მეგობრებთან ერთად მთელ ღამესაც კი ატარებდა, რაც სამეფო კარზე ათასნაირ მითმა-მოთქმას იწვევდა. დედის მსგავსად, მარიამ მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა მიმოწერა შვედეთის უმნიშვნელოვანესი დიპლომატის არვიდ ბერნჰარდ ჰორნის მეუღლესთან, მარგარეტა გაილენსტიერნთან, რომელსაც შვედეთში ცხოვრებისას ძალიან დაუახლოვდა.

დედოფალი მარია ლეშჩინსკა ბიბლიით ხელში გამოწყობილია მონაზვნის ფორმაში

დედოფალმა მარიამ საბოლოოდ ეტიკეტის უმკაცრესი დაცვისა და ფრანგული წესების უდიდესი პატივისცემით ფრანგული არისტოკრატიის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. 1747 წელს, ცნობილი ფრანგი განმანათლებელი ვოლტერი სამეფო კარიდან გააძევეს. გაძევების მიზეზს ორი ინცინდენტი წარმოადგენდა. პირველად ეს სამეფო სალონში მოხდა, სადაც აზარტული თამაშისას, რომელშიც დედოფალმა გაიმარჯვა, ვოლტერმა ინგლისურად წაიჩურჩულა, რომ მარიამ ითაღლითა, რაც ცხადია დედოფლის შეურაცხყოფა იყო. ამას გარდა რამდენჯერმე ვოლტერმა დედოფალზე ცუდი რამ განაცხადა, თუმცა საბოლოო წვეთი მის მიერ დაწერილი პოემა იყო, რომელშიც ლუი XV-ისა და მადამ დე პომპადურის სქესობრივი ცხოვრება ძალიან ღიად იყო აღწერილი, რამაც ჩირქი მოსცხო მთელს სამეფო ოჯახს. ამგვარი ქცევების გამო ვოლტერი სამუდამოდ იქნა გაძევებული სამეფო კარიდან.

როდესაც 1746 წელს მისი რძალი, საფრანგეთის დოფინი მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი მშობიარობას გადაჰყვა, ლუი XV-მ თავისი ვაჟისთვის მეორე ცოლის ძებნა დაიწყო. საბოლოოდ ლუიმ თავისი ვაჟი პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ის ქალიშვილ მარია ჟოზეფინა საქსონიელზე დააქორწინა. ამან მარიას განრისხება გამოიწვია, რადგან მისი ახალი რძალი მისი და მისი ოჯახის მოსისხლე მტრის, ავგუსტ III-ის შვილი იყო, რომლის წყალობითაც ჩამოაგდეს სტანისლავი ტახტიდან. დედოფალი მარია ჟოზეფინას ხშირად ძალიან სასტიკადაც ეპყრობოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი მაინც დაახლოვდნენ და კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

გარკვეულწილად დედოფალმა მარიამ საფრანგეთში კულტურის პატრონაჟის როლიც ითამაშა. მარია ხელოვნების მფარველი იყო, ხოლო მისი საყვარელი მხატვარი ჟან მარკ ნატიერი იყო, რომელსაც 1748 წელს თავისი პორტრეტი დაუკვეთა. იგი ასევე დიდად სწყალობდა მრავალ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და მხატვარს. იგი 1737 წელს შეხვდა კასტრატო ფარინელს, ხოლო 1764 წელს ახალგაზრდა მოცარტს, რომელმაც თავისი ნიჭით ერთობ მოხიბლა დედოფალი. საბოლოოდ ვენაში ვიზიტისას, მარიამ თავის და ლუის თარჯიმნად სწორედ მოცარტი დაიქირავა, რადგან მათ გერმანული არ ესმოდათ. მისი განსაკუთრებული კულტურული წვლილი ვერსალში ყოველკვირეული პოლონური საგუნდო კონცერტების გამართვა იყო, რითაც მან ფრანგებს თავისი პოლონური კულტურა გააცნო.

დედოფალმა მარია ლეშჩინსკამ მთელი ცხოვრების მანძილზე უბრალო და ღირსეული კათოლიკე ქალის რეპუტაცია შეინარჩუნა. იგი ყოველდღე ესწრებოდა მესას და ასევე დაკავებული იყო ქველმოქმედებითაც. იგი თავადაც დადიოდა ღარიბებში და ფულს ურიგებდათ. ამით მან საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, რაც მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარია ლეშჩინსკა 1768 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა ვერსალის სასახლეში, 65 წლის ასაკში. იგი ხალხს ძალიან უყვარდა, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. მისივე ანდერძის თანახმად, მისი სხეული სენ დენის სამეფო ბაზილიკაში დაკრძალეს, პარიზში, ხოლო გული ნოტრ-დამ-დე-ბონსეკურის ტაძარში, ნანსში, სადაც განისვენებენ მისი მშობლებიც.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ცნობები
ლუიზა ელიზაბეტი Louise Elisabeth of France Parma.jpg 14 აგვისტო, 1727,

ვერსალი, საფრანგეთი

(ანა ანრიეტას

ტყუპისცალი)

6 დეკემბერი, 1759,

ვერსალი, საფრანგეთი,

(32 წლის)

1748 წელს ცოლად შერთეს პარმის ჰერცოგ ფილიპე ესპანელს, რომელთანაც

სამი შვილი შეეძინა

ანა ანრიეტა Anne Henriette de France.jpg 14 აგვისტო, 1727,

ვერსალი, საფრანგეთი

(ლუიზა ელიზაბეტის

ტყუპისცალი)

10 თებერვალი, 1752,

ვერსალი, საფრანგეთი,

(24 წლის)

გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, მუცლის ტიფისაგან
მარი ლუიზა Madame Troisième, Marie Louise de France, (1728-1733).jpg 28 ივლისი, 1728,

ვერსალი, საფრანგეთი

19 თებერვალი, 1733,

ვერსალი, საფრანგეთი,

(4 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, საშინლად ცივი ზამთრის გამო მძიმედ

დაავადდა და სისხლისგან დაიცალა

ლუი Portrait dauphin louis france hi.jpg 4 სექტემბერი, 1729,

ვერსალი, საფრანგეთი

20 დეკემბერი, 1765,

ფონტენბლო,

საფრანგეთი, (36 წლის)

საფრანგეთის დოფინი, პირველად ცოლად შეირთო მარია ტერეზა

რაფაელა ესპანელი, რომელიც პირველივე მშობიარობას გადაჰყვა,

შემდეგ კი იქორწინა მარია ჟოზეფა საქსონიელზე, რომელთანაც 13 შვილი

შეეძინა, მათ შორის საფრანგეთის სამი მეფე ლუი XVI, ლუი XVIII და შარლ X

ფილიპი Philippe de France by Barrière.jpg 30 აგვისტო, 1730,

ვერსალი, საფრანგეთი

7 აპრილი, 1733,

ვერსალი, საფრანგეთი,

(2 წლის)

ანჟუს ჰერცოგი, კიბეზე საშინელი დაგორების შედეგად შინაგანი ორგანოები

გაუსკდა და ადგილზევე გარდაიცვალა

მარი ადელაიდა Nattier, Jean-Marc - Marie Adélaïde of France - Versailles MV 8376.jpg 23 მარტი, 1732,

ვერსალი, საფრანგეთი

27 თებერვალი, 1800,

ტრიესტი, იტალია,

(67 წლის)

ლუვუას ჰერცოგინია, საფრანგეთის რევოლუციის გამო ქვეყნიდან

გაქცევა მოუწია, იგი გარდაიცვალა დევნილობაში, გაუთხოვარი და

უშვილო

ვიქტორია Jean-Marc Nattier, Madame Victoire de France (1748).jpg 11 მაისი, 1733,

ვერსალი, საფრანგეთი

7 ივნისი, 1799,

ტრიესტი, იტალია,

(66 წლის)

საფრანგეთის რევოლუციის გამო ქვეყნის იძულებით დატოვება მოუხდა,

იგი გარდაიცვალა დევნილობაში, გაუთხოვარი და უშვილო

სოფი Jean-Marc Nattier, Madame Sophie de France (1748) - 01.jpg 27 ივლისი, 1734,

ვერსალი, საფრანგეთი

2 მარტი, 1782,

ვერსალი, საფრანგეთი,

(47 წლის)

ლუვუას ჰერცოგინია, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო
მარი ტერეზა Grand Royal Coat of Arms of France & Navarre.svg 16 მაისი, 1736,

ვერსალი, საფრანგეთი

28 სექტემბერი, 1744,

ფონტენბლო,

საფრანგეთი, (8 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი მუცლის ტიფისაგან
ლუიზა მარი Madame Louise de France (1748) by Jean-Marc Nattier.jpg 15 ივლისი, 1737,

ვერსალი, საფრანგეთი

23 დეკემბერი, 1787,

სენ დენი, საფრანგეთი,

(50 წლის)

სენ დენის აბატი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, სიცოცხლის

ბოლო წლები მონასტერში გაატარა მონაზვნად აღკვეცილმა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • According to Polski Słownik Biograficzny which agrees with the entry for Louis XV in Burke's Royal Families of the World, where she appears as Marie-Caroline-Sophie-Félicité.
  • Lundh-Eriksson, Nanna: Hedvig Eleonora. Wahlström & Widstrand (1947)
  • Clarissa Campbell Orr: Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press (2004)
  • Latour, Louis Therese, Princesses Ladies And Salonnieres of The Reign of Louis XV, 1927
  • Norrhem, Svante (2007). Kvinnor vid maktens sida : 1632-1772. (Women alongside power: 1632-1772) Lund: Nordic Academic Press. Libris 10428618. ISBN 978-91-89116-91-7 (Swedish)
  • David Bodanis: Passionate Minds: Emilie du Chatelet, Voltaire, and the Great Love Affair of the Enlightenment (2007)
  • Alexander J. Nemeth: Voltaire's Tormented Soul. A Psychobiographic Inquiry (2010)
  • Żychliński, Teodor (1882). Złota księga szlachty polskiéj: Rocznik IVty (in Polish). Jarosław Leitgeber. p. 1. Retrieved 1 August 2018.
  • Michel Antoine, Louis XV, Paris, Hachette, coll. « Pluriel », 1997 (1re éd. 1989), 1053 p. (ISBN 2012788602). Document utilisé pour la rédaction de l’article
  • Simone Bertière, La Reine et la Favorite, Marie Leszczynska, Madame de Pompadour, Paris, de Fallois, coll. « Les reines de France au temps des Bourbons, n° 3 », 2000 (ISBN 978-2-253-15287-3).
  • Jacques Levron, Marie Leszczynska, « Madame Louis XV », Paris, Perrin, 2006 (ISBN 978-2-262-02420-8).
  • Anne Muratori-Philip, Marie Leszczyńska, épouse de Louis XV, Paris, Pygmalion, 2010 (ISBN 978-2-7564-0170-6).
  • Benoît Dratwicki, Les Concerts de la reine, Versailles, Centre de musique baroque, Cahiers Philidor, 2012.
  • Irena Tatiboit, Ambroise Perrin "Il faut marier Maria, Madame Louis XV, Princesse de Wissembourg", 250 pages, 800 photos, Éditions Bourg Blanc 2012, Prix spécial du Jury Salon Livres Marlenheim (ISBN 9782953764413).
  • Cécile Berly, Les femmes de Louis XV, Perrin, 2018, 350 p.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეშჩინსკა
ლეშჩინსკები
დაიბადა: 23 ივნისი 1703 გარდაიცვალა: 24 ივნისი 1768
წინამორბედი:
მარია ტერეზა ესპანელი
საფრანგეთის დედოფალი
1725-1768
Marie Leczsinska.png
შემდეგი:
მარია ანტონია ავსტრიელი