მარგარიტა პროვანსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგარიტა პროვანსელი
Marguerite de Provence
MarketaProv.jpg
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 28 მაისი 1234
მმართ. დასაწყისი: 27 მაისი 1234
მმართ. დასასრული: 25 აგვისტო 1270
წინამორბედი: ბლანკა კასტილიელი
მემკვიდრე: ისაბელა არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: გაზაფხული 1221
დაბ. ადგილი: ფოლსალკიერი, პროვანსი
გარდ. თარიღი: 20 დეკემბერი 1295, (74 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი IX, საფრანგეთის მეფე
შვილები: იზაბელა, ნავარის დედოფალი
ლუი
ფილიპ III, საფრანგეთის მეფე
პიერი, პერჩეს ჰერცოგი
ბლანკა, კასტილიის ინფანტა
მარგარიტა, ბრაბანტის ჰერცოგინია
რობერი, კლერმონის ჰერცოგი
აგნესი, ბურგუნდიის ჰერცოგინია
დინასტია: ბარსელონები
მამა: რამონ IV, პროვანსის გრაფი
დედა: ბეატრიჩე სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა პროვანსელი (ფრანგ. Marguerite de Provance; დ. 1221 - გ. 20 დეკემბერი 1295) — პროვანსის გრაფის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1234-1270 წლებში როგორც ლუი IX-ის მეუღლე. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის დედა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა დაიბადა 1221 წლის გაზაფხულზე პროვანსის საგრაფოს დედაქალაქ ფოლსალკიერში. იგი იყო პროვანსის გრაფ რამონ IV-ისა და მისი ცოლის, ბეატრიჩე სავოიელის უფროსი ქალიშვილი. მარგარიტას სამი უმცროსი და ჰყავდა, ინგლისის დედოფალი ელეანორა პროვანსელი, გერმანიის დედოფალი სანჩია პროვანსელი და სიცილიის დედოფალი ბეატრისი. იგი დებიდან განსაკუთრებით ახლოს იყო ელეონორასთან, რომელთანაც ურთიერთობა და მეგობრობა მთელი ცხოვრება არ შეუწყვეტია.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1233 წელს საფრანგეთის დედა-დედოფალმა ბლანკა კასტილიელმა ტულუზის გრაფი რაიმონდ VII პროვანსში გააგზავნა, რათა მისი ვაჟისთვის სილამაზით სახელგანთქმული მარგარიტა პროვანსელი დაენიშნა. რაიმონდი მარგარიტას გარეგნობითა და თვისებებით ძალიან კმაყოფილი დარჩა და მის მშობლებთან მალევე გააფორმა საქორწინო ხელშეკრულება. 1234 წლის 27 მაისს 13 წლის მარგარიტა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ს მიათხოვეს, რის შემდეგაც იგი საფრანგეთის დედოფალი გახდა. მეორე დღეს სენსის კათედრალში შედგა მისი კორონაცია.

ქორწინება რთული იყო მრავალ ასპექტში. დედა-დედოფალ ბლანკას კვლავ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თავის ვაჟზე, რაც მთელი ცხოვრება ასე იყო. ცხადია ეს ფაქტი მარგარიტას ძალიან არ მოსწონდა, თუმცა მიხვდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა, ამიტომაც თავიდანვე კარგი ურთიერთობა დაამყარა დედამთილთან.

მარგარიტა მისი დების მსგავსად ძალიან ლამაზი იყო, რის გამოც ქორწინების პირველი წლები ლუი ძალიან დიდ სითბოს ამჟღავნებდა მისდამი. თუმცა როგორც ერთი ფრანცისკელი ბერი აღნიშნავდა, დედოფალი ცივ ღამეებს ხშირად ატარებდა მარტო, რადგან ლუი არც თუ ისე იშვიათად მთელი დღე-ღამე ლოცულობდა ხოლმე. იგი ძალიან ღრმადმორწმუნე კაცი იყო და გამუდმებით იცავდა კათოლიკურ სარწმუნოებას, რის გამოც გარდაცვალების შემდეგ იგი წმინდანად შერაცხეს. ასევე ეს ბერი მოგვითხრობს იმაზე, რომ ლუის არა მეფესავით პომპეზურად, არამედ ბერივით ეცვა ხოლმე, რაც გაფიქრებინებდათ, რომ იგი ერთი ჩვეულებრივი ღარიბი კაცი იყო. ამაზე ერთხელ მარგარიტამ შენიშვნაც მისცა, რაზეც ლუიმ უპასუხა, რომ თავად შეეძლო ისე ჩაეცვა როგორც სურდა, ხოლო საკუთარ ჩაცმულობას თავად გადაწყვეტდა.

ისინი ხშირად ერთად ცხენებით სეირნობდნენ, ერთად კითხულობდნენ საინტერესო წიგნებს და უსმენდნენ მუსიკას. ფაქტიურად ლუი მარგარიტას ვერ სწყდებოდა, რაზეც დედა-დედოფალი ბლანკა კასტილიელი საშინლად ეჭვიანობდა და ყველა ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ შვილზე გავლენა არ დაეარგა.

მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობის განმავლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც მეფე ლუი IX მუსულმანების წინააღმდეგ საბრძოლველად მეშვიდე ჯვაროსნულ ლაშქრობაში წავიდა, მან დედოფალი მარგარიტაც თან იახლა. თავდაპირველად ლაშქრობა წარმატებით მიდიოდა, 1249 წელს ფრანგებმა ქალაქი დემიეტაც აიღეს, თუმცა სწორედ ამას მოჰყვა დიდი უბედურებმა. მუსლიმებმა ბრძოლაში ლუის ძმა მოკლეს, ხოლო თავად მეფე ტყვედ ჩაიგდეს.

დედოფალმა მარგარიტამ სასწრაფოდ დაიწყო ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკებები. სულთანმა საფრანგეთის დედოფალს მეფის სანაცვლოდ დიდძალი ვერცხლი მოსთხოვა, რომლის გროვებამ მარგარიტამ მაშინვე დაიწყო. მან მალევე იშოვნა დასახელებული რაოდენობის ვეცხლი და ქმარი გაოისყიდა. ამ დროს დედოფალი ორსულად იყო. სწორედ აქ, 1250 წელს, დემიეტაში გააჩინა მეექვსე შვილი ჟან ტრისტანი.

იმ დროის ქრონიკოსი ჟან დე იონვილი იუწყება, რომ მარგარიტამ სულთანთან მოლაპარაკებისას დიდი სიმამაცე გამოიჩინა და პირში მიახალა, რომ ღვთის ნებით დასმული მონარქის დატყვევებისთვის მის სულს ჯოჯოხეთი ელოდა. მიუხედავად ამისა, სულთანს ამაზე დიდი რეაქცია არ ჰქონია, რადგან იგი ქალის სიტყვებს ყურადღებას არასოდეს აქცევდა. დედოფალი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ როგორმე გამოსასყიდი შეეგროვებინა, ამავდროულად იგი ორსულად იყო და არაბებიც სისტემატიურად ესხმოდნენ თავს მათ სიმაგრეს. ფრანგების უმეტესობა უკვე საფრანგეთში დაბრუნებაზე ფიქრობდა, თუმცა მარგარიტამ მათ წასვლა ძლივს გადააფიქრებინა. იონვილელი ასევე ხაზს უსვამს დედოფლის კარგი იუმორის გრძობას, რომელსაც იგი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ინარჩუნებდა.

ცნობილია, რომ ლუი ცოლსა და შვილებს რამეს მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების დროს სთხოვდათ. როდესაც გემით საფრანგეთში მიმავალთ საშინელი ქარიშხალი დაატყდათ თავს, მარგარიტამ იკითხა რას აკეთებდა მისი მეუღლე, მათ კი უპასუხეს, რომ მეფე მუხლებზე დაჩოქილი საფრანგეთამდე მშვიდობით ჩაყვანას ევედრებოდა ღმერთს. იონვილელმა დედოფალს სთხოვა ნავები ჩავუშვათ და გავიქცეთ, ასე უფრო გადავრჩებითო, მაგრამ მარგარიტამ ქმრის ნებართვის გარეშე რამის გაკეთებაზე უარი თქვა, ამასთან იცოდა, რომ ლუი საშინლად ვერ იტანდა, როცა ლოცვას აწყვეტინებდნენ. საბოლოოდ ისინი სასწაულებრივად გადაურჩნენ ჩაძირვას და საფრანგეთის ნაპირებს მიაღწიეს.

პოლიტიკური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას მიერ ლაშქრობისას გამოჩენილი დიდი სიმამაცის შემდეგ მისმა პრესტიჟმა საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ ძალიან აიწია. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ლუი დედოფალს ხშირად სთხოვდა, ხოლმე შუამავლობას სხვა ქვეყნის მონარქებთან. მარგარიტას ყოველთვის ეშინოდა თავისი მაზლის, შარლის ამბიციების, რის გამოც მან თავის დასთან, ინგლისის დედოფალ ელეონორა პროვანსელთან და მის ქმართან, მეფე ჰენრი III-თან ძალიან ახლო ურთიერთობა დაამყარა.

1259 წელს მარგარიტას წყალობით ფრანგებსა და ინგლისელებს შორის დაიდო პარიზის ზავი, რითაც ლუი IX-სა და ჰენრი III-ს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დათბა. მარგარიტა ასევე ხშირად სწერდა წერილებს თავის დებსა და დედას.

მოგვიანებით ლუი მარგარიტას ამბიციების მსხვერპლი გახდა. როგორც ჩანს, როდესაც საქმე პოლიტიკასა და დიპლომატიას შეეხებოდა მარგარიტა ძალიან ამბიციური და გარკვეულწილად არაადეკვატური ხდებოდა. 1250 წელს პარიზში ჩასულმა ინგლისის ელჩმა განაცხადა, რომ "ამაზრზენია, საფრნგეთის დედოფალი იმდენად ყოფს ცხვირს პოლიტიკურ საკითხებში". 1260 წელს მარგარიტას და ლუის ვაჟი, პრინცი ლუის გარდაცვალებამ დიდი გავლენა იქონია დედოფალზე. მარგარიტა გულმოდგინედ ცდილობდა, რომ ინგლისის ახალ მეფე ედუარდ I-ზე როგორმე თავისი რომელიმე ქალიშვილი დაექორწინებინა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ქვრივი დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1270 წელს ლუი IX ტუნისში, მერვე ჯვაროსნული ლაშქრობისას გარდაიცვალა. დაქვრივებული მარგარიტა მშობლიურ პროვანსში დაბრუნდა. სამშობლოში იგი მალევე გამოკეთდა და უკან დაბრუნებული პოლიტიკურად უფრო გააქტიურებული გახდა, მას დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, რომელიც მისი ვაჟი იყო და საფრანგეთის არმიას ძირითადად პროვანსის დასაცავად იყენებდა. ამ პერიოდიდან ასევე დაქვრივებულ დასთან, ინგლისის დედა-დედოფალ ელეონორა პროვანსელთან წერილების წერა უფრო გაახშირა, რაც ასევე გაგრძელდა 1291 წლამდე, ანუ მანამ სანამ ელეონორა არ გარდაიცვლებოდა. დის გარდაცვალებამ სიცოცხლის ბოლომდე ღრმა დეპრესიაში ჩააგდო მარგარიტა. იგი 1295 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალეს სენ დენის ბაზილიკაში ლუის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბლანკა (დ. 1240 - გ. 29 აპრილი 1243), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. იზაბელა (დ. 2 მარტი 1241 - გ. 28 იანვარი 1271), ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე თეობალდ II-ს;
  3. ლუი (დ. 25 თებერვალი 1244 - გ. იანვარი 1260), გარდაიცვალა თინეიჯერი;
  4. ფილიპ III (დ. 1 მაისი 1245 - გ. 5 ოქტომბერი 1285), საფრანგეთის მეფე 1270-85 წლებში, პირველად იქორწინა ისაბელა არაგონელზე, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV და ვალუას დინსატიის დამაარსებელი გრაფი შარლი, ხოლო მეორედ მარია ბრაბანტელზე რომელთანაც შეეძინა ინგლისის დედოფალი მარგარიტა ფრანგი და ავსტრიის ერცჰერცოგინია ბლანკა ფრანგი;
  5. ჟანი (დ./გ. 1248), გარდაიცვალა გაჩენიდან რამდენიმე საათში;
  6. ჟან ტრისტანი (დ. 1250 - გ. 3 აგვისტო 1270), დაიბადა მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობისას ეგვიპტეში და გარდაიცვალა მერვე ჯვაროსნული ლაშქრობისას ტუნისში;
  7. პიერი (დ. 1251 - გ. 1284), პერჩეს ჰერცოგი, ცოლად შეირტო ჟანა შატიიონი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
  8. ბლანკა (დ. 1253 - გ. 1323), ცოლად გაჰყვა კასტილიის ინფანტ ფერდინანდ დე ლა კერდას;
  9. მარგარიტა (დ. 1254 - გ. 1271), ცოლად გაჰყვა ბრაბანტის ჰერცოგ ჟან I-ს;
  10. რობერი (დ. 1256 - გ. 7 თებერვალი 1317), კლერმონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბურბონის ლედი ბეატრის ბურგუნდიელი და შეეძინა შვილები, სწორედ მან და მისმა ცოლმა დააარსეს ბურბონთა დინასტია;
  11. აგნესი (დ. 1260 - გ. 19 დეკემბერი 1327), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ რობერ II-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Costain, Thomas B. (1951). The Magnificent Century.
  • Emmerson, Richard K. (2013). Key Figures in Medieval Europe: An Encyclopedia. Routledge. ISBN 978-1-136-77519-2.
  • Hodgson, Natasha (2007). Women, Crusading and the Holy Land in Historical Narrative. Boydell.
  • Howell, Margaret (2001). Eleanor of Provence: Queenship in Thirteenth-Century England. Blackwell Publishers Ltd.
  • Joinville; Villehardouin (1963). Shaw, M.R.B., ed. Joinville and Villehardouin: Chronicles of the Crusades. NY: Penguin Classics.
  • Joinville; Villehardouin (2008). Smith, Caroline, ed. Chronicles of the Crusades. Penguin Classics.
  • Murray, Jacqueline (1999). Conflicted Identities and Multiple Masculinities.
  • Richardson, Douglas (2011). Plantagenet Ancestry: A Study In Colonial And Medieval Families (2 ed.). ISBN 978-1-461-04513-7.
  • Robson, Michael (2007). "Queen Isabella (c.1295/1358) and the Greyfriars: An example of royal patronage based on her accounts for 1357/1358". Franciscan Studies. Franciscan Institute Publications. 65: 325–348. doi:10.1353/frc.2007.0006.
  • Sanders, I.J. (1951). "The Texts of the Peace of Paris, 1259". The English Historical Review. Oxford University Press. 66 (258): 81–97. doi:10.1093/ehr/lxvi.cclviii.81.
  • Shadis, Miriam (2010). Berenguela of Castile (1180–1246) and Political Women in the High Middle Ages. Palgrave Macmillan. ISBN 978-0-312-23473-7.