შინაარსზე გადასვლა

დირბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დირბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი დირბი
კოორდინატები 42°06′56″ ჩ. გ. 43°52′24″ ა. გ. / 42.11556° ჩ. გ. 43.87333° ა. გ. / 42.11556; 43.87333
ცენტრის სიმაღლე 750
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2569[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,3 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დირბი — საქართველო
დირბი
დირბი — შიდა ქართლი
დირბი
დირბი — ქარელის მუნიციპალიტეტი
დირბი

დირბისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დირბი).

მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 750 მ-ზე, ქარელიდან 14 კმ-ში.[2]

საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის (ირჩევდნენ ქართლის მეფეები) რეზიდენცია იყო.[3] დირბი მოხსენიებულია 1715 წელს რუისის სამწყსოს დავთარში, იოანე ბაგრატიონის 1794–1799 წლების აღწერაში.[4]

1650 წელს როსტომ მეფემ განუახლა დირბის მონასტერს შეუვალობის წიგნი, გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისგან (გარდა ლაშქრობა-ნადირობის მოვალეობისა) და დაუტოვა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გადასახადი- 6000 თეთრი გასაგზავნი „ვერცხლად იერუსალიმს“. დირბის ქვეყანა შედიოდა მროველის (რუისის საეპისკოპოსოს) სამწყსოში, ხოლო მამულების მმართველი იყო ჯვარის მამა ნიქოზელი (ნიქოზის ეპისკოპოსი). 1785 წელს მეფე ერეკლე II ბრძანებით დირბის კვლავ განუახლა შეუვალობა. მანვე, როდესაც ლეკთა წინააღმდეგ საბრძოლველად ქართლის სამეფო ოლქებად, სამდევროებად დაყო, სოფელ დირბის მიმდებარე სოფლებით მეოთხე ადგილი მიაკუთვნა, რაც იქ არსებული ციხესიმაგრის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს.[3]

1745 წელს დირბის ციხეს, რომელიც იოანე ხერხეულიძეს გაუმაგრებია, ლეკების ჯარი შემოერტყა. დირბელებს მიეშველნენ თეიმურაზ II და ერეკლე II გაერთიანებული ჯარით. ქართველთა ლაშქარმა გაიმარჯვა და დირბი გაანთავისუფლა.[3] დირბის ციხესიმაგრემ იხსნა მოსახლეობა ტყვეობისა და გაძარცვისაგან 1753 წელს ლეკებთან ბრძოლის დროს. 1902 წლის 6 აგვისტოს და 1903 წლის გაზაფხულზე დირბში მოხდა აგრარულ-რევოლუციური ხასიათის გამოსვლები. მემამულეებმა მოითხოვეს გლეხებს მოუსავლობიანობის გამო ღალა ფულით გადაეხადათ. ამან გამოიწვია გლეხების უკმაყოფილება. მდგომარეობა გაამწვავა გზის დაკეტვამ და საძოვრების სახნავად გადაქცევამ. გლეხები თავს დაესხნენ მონასტერს, იერიში მიიტანეს კანცელარიაზე და გამოიხსნეს იქ დაკავებული თანასოფლელები. სოფელში შეიარაღებული რაზმის თანხლებით ჩავიდა მაზრის უფროსი, დააპატიმრეს 17 გლეხი.[5]

1921 წელს დირბის თემს შეუერთდა სოფლები დვანი და ავნევი. დირბის თემი შედიოდა გორის მაზრის რუისის რაიონში.

1804 წლისათვის დირბში ცხოვრობდა 64 კომლი. ყმა-მამულები ეკუთვნოდა მროველს და მაჩაბელს. მოზრდილი სოფელია.[6] 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2569 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[7] 3028 1534 1494
2014[1] 2569 1305 1264

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დირბში დაიბადნენ:

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მრავალი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლია. მათ შორისაა გვიანი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანის ზენაჯვრის გორა, ფეოდალური ხანის სამარხი, ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა და მისი კომპლექსი (მ.შ. ნასოფლარი),[5] XIX საუკუნის ყველაწმინდის ეკლესია, XVII–XVIII საუკუნის ციხე-დარბაზი, გვიანი ფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესია, X საუკუნის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია,[8] XIX საუკუნის წმინდა თევდორეს ეკლესია.[9] შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ დირბში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[10]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  3. 3.0 3.1 3.2 კახაძე და სხვ., 1990, გვ. 367
  4. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  5. 5.0 5.1 კახაძე და სხვ., 1990, გვ. 368
  6. გვასალია, 1989, გვ. 11
  7. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  8. კახაძე და სხვ., 1990, გვ. 369
  9. კახაძე და სხვ., 1990, გვ. 370
  10. გვასალია, 1989, გვ. 8