ილია ბადრიძე
ილია ბადრიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1878 |
დაბ. ადგილი | თელავი |
გარდ. თარიღი | 19 აგვისტო, 1937 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ილია გიორგის ძე ბადრიძე (დ. 1878, თელავის მაზრა, თელავი — გ. 19 აგვისტო, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ილია (ილიკო) გიორგის ძე ბადრიძე დაიბადა 1878 წელს, თელავის მაზრის ქალაქ თელავში. მიიღო შინაური განათლება. 14 წლის ასაკში კახეთიდან ჩამოვიდა თბილისში და მოეწყო მუშად. 1896 წლიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. თავდაპირველად მუშაობდა ორგანიზატორად. 1902 წელს ილია ბადრიძე მე-2 რაიონიდან აირჩიეს რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრად. მონაწილეობდა არალეგალური სტამბების ორგანიზებაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში, ტფილისში. 1911 წლის 7 სექტემბერს დააპატიმრეს ბაქოში, შემდგომ იჯდა მეტეხის ციხეში. 1913 წელს ციმბირში გადასახლება მიესაჯა, ხოლო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის მიუხედავად დარჩა სამშობლოში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921 წლის 26 დეკემბერს იგი დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. 1937–1938 წლებში დიდი საბჭოთა ტერორის დროს იგი დააპატიმრეს და 19 აგვისტოს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე ღამეს აღასრულეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 168-170, თბ., 2016,