მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხური წვერა (ლათ. Barbus tauricus escherichii) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ყირიმული წვერას ერთ-ერთი ქვესახეობაა. მისი ორი წყვილი ულვაშიდან ერთი თითქმის ატროფირებულია, მეორე კი მხოლოდ ნესტოებამდე წვდება. კოლხური წვერას სხვა სახეობებთან შედარებით მეტად მცირე აქვს ზურგის ფარფლის ხრტილის ზომა. კოლხური წვერას სხეულის მაქსიმალური სიგრძე 30 სანტიმეტრია, წონა — 250 გრამი. კოლხური წვერა და მისი მონათესავე სახეობები გავრცელებულნი არიან შავი ზღვის აუზის მდინარეებში. განსაკუთრებით ბევრია ბულგარეთში, თურქეთში, უკრაინაში (ყირიმის ნახევარკუნძული) და რუსეთში (ყუბანი, ყაბარდო-ბალყარეთი). ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყლებში, მდინარეებში (ჭოროხი, ჩოლოქი, კინტრიში, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ფსოუ და მათი შენაკადები); წყალსაცავებში (ტყიბულის და ლაჯანურის წყალსაცავები) და ამტყელის ტბაში.