შინაარსზე გადასვლა

ზუგდიდის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზუგდიდის მაზრა

ზუგდიდის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. შეიქმნა 1867 წლის 16 აპრილს. მისი ცენტრი იყო დაბა (1917 წლიდან ქალაქი) ზუგდიდი.

ზუგდიდის მაზრა ყოფილი სამეგრელოს სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მოიცავდა, ფართობი 2975,9 კმ², მოსახლეობა 11 500 კაცი (1894), ძირითადად ქართველები. მაზრას ესაზღვრებოდა: აღმოსავლეთით და სამხრეთით — სენაკის მაზრა; ჩრდილო-დასავლეთით — სოხუმის ოკრუგში შემავალი სამურზაყანოს საპოლიციო უბანი; ჩრდილოეთით — ლეჩხუმის მაზრის სვანეთის საპოლიციო უბანი.

საბჭოთა ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად, 1930 წელს ზუგდიდის მაზრა გაუქმდა. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით მოიცავდა ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1867 წელს ზუგდიდის მაზრის სოფლები სასოფლო თემებად გაერთიანდნენ. 1888 წელს, როდესაც მაზრები საპოლიციო უბნებად დაყვეს, ზუგდიდის მაზრა სამ საპოლიციო უბნად დანაწილდა: ზუგდიდის, რედუტკალესა და წალენჯიხის. ზუგდიდის საპოლიციო უბანში 1888-1917 წლებში შემდეგი სასოფლო თემები შედიოდა: აბასთუმნის, დარჩელის, ზუგდიდის, კახათის, კოკის, კორცხელის, გულისკარის, ნიკოსიის, ობუჯის, ხიბულის, ცაიშის, წაქვინჯისა და ჭკადუაშის. 1909–1912 წლებში ობუჯის სასოფლო საზოგადოება გადაეცა წალენჯიხის საპოლიციო უბანს და ზუგდიდის საპოლიციო უბნის შემადგენლობაში 12 სასოფლო თემი დარჩა. რედუტ-კალეს საპოლიციო უბანი დაყოფილი იყო შვიდ სასოფლო თემად: ზანას, ქვალონის, ნოჯიხევის, საჯიჯავოს, ხეთის, ხორგისა და ხორშის. 1900 წელს ამ სასოფლო თემებს დიდი ნეძვის სასოფლო საზოგადოება შეუერთდა. წალენჯიხის საპოლიციო უბანში შედიოდა სასოფლო თემები: ახუთის, ჯვარის, ჯგალის, კირცხის, ლესიჭინეს, ლეწურწუმეს, ლიას, მუხურის, ფახულანის, წალენჯიხის, ჭოგისა და ჩხოროწყუს.