ვლადიმერ გობეჩია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გობეჩია.
ვ. გობეჩია

ვლადიმერ (ვალოდია) პავლეს ძე გობეჩია (დ. 1878, ქუთაისი, — გ. 19 ივნისი, 1918, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართველ სოციალისტ-რევოლუციონერთა ერთ-ერთი ლიდერი. იოსებ და ივანე გობეჩიების ძმა.

სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო ოდესის სოციალისტ-რევოლუციონური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იქვე გამოსცემდა გაზეთ „მეტეორს“. 1909-1911 წლებში ბაქოში ცხოვრობდა. თავის ძმა იოსებთან ერთად იყო ბაქოში გამომავალი ქართულენოვანი სოციალისტ-რევოლუციონური პარტიული ორგანოს „მარცვლის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული იყო კავკასიის მე-7 არმიის კომისრის თანაშემწედ, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის კომისრად. 1917 წლის ნოემბერში დაინიშნა ამიერკავკასიის კომისარიატის საოლქო სამხედრო-საზღვაო კომისრად, შემდეგ საზღვაო მინისტრად. ამავდროულად იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და საბჭოსთან არსებული ხელოვნების სექციის თავმჯდომარე (მისი მოადგილე იყო შალვა დადიანი). ვლადიმერ გობეჩია 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალზე ხელმომწერთა (სულ 88) შორისაა. 1918 წლის 18 ივნისს თბილისში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე გობეჩია გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ხონელმა თავადმა ნიკოლოზ წულუკიძემ. გობეჩია მომდევნო დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. სასამართლოზე წულუკიძემ მკვლელობის მოტივად ყოფით ნიადაგზე უთანხმოება დაასახელა. მას სამუდამო კატორღა მიესაჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]