ნახშირი (წიაღისეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვანახშირი

ნახშირი — დანალექი მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისეული. ნახშირი შედგება ორგანული ნივთიერებებისგან (პლანქტონური მიკროორგანიზმების მეშვეობით გარდაქმნილი უმაღლესი და უდაბლესი მცენარეების ნაშთები), მინერალური მინარევებისგან და ტენისგან. ნახშირი დედამიწის ქერქში გვხვდება ფენებრივი და ლინზისებური ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ყავისფერი, მუქი ყავისფერი, ზოგჯერ თითქმის შავია. ორგანული ნივთიერების წარმოშობის მიხედვით ნახშირი იყოფა 3 ჯგუფად: ჰუმოლითებად, საპროპელიტებად და საპროჰუმოლითებად. ჰუმოლითები შედგება ძირითადად ჭაობში, ტბაში, თხელი ზღვის ყურესა ან ლაგუნაში დალექილი უმაღლესი მცენარეების ნაშთებისაგან.

საპროპელიტები ტბებსა და ლაგუნებში დალექილი უდაბლესი მცენარეებისა და პლანქტონური მიკროორგანიზმების გარდაქმნის პროდუქტია. საპრო-ჰუმოლითები გარდამავალი სახესხვაობაა და შედგება როგორც უმაღლესი, ისე უდაბლესი მცენარეების გარდაქმნილი ნაშთებისგან. ნახშირის წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება ტორფად. ტორფი, განამარხების შემდეგ, შედარებით დაპალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მურანახშირად; ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქვანახშირად; ქვანახშირი ანთრაციტად. ამ სტადიებზე თანდათანობით იზრდება ნახშირბადის შეფარდებითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდაც.

ნახშირი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ენერგეტიკულ ნედლეულს, ამას გარდა მას იყენებენ მეტალურგიაში და ქიმიურ მრეწველობაში. საქართველოში ნახშირის საბადოებია: ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო, ახალციხის მურა ნახშირის საბადო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]