სიღარიბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ყვითელი ბარათი
წითელი ბარათი
უსახლკარო კაცი ტორონტოში, კანადა; დედა თავის ავადმყოფ შვილთან ერთად კლინიკაში დადააბის მახლობლად, კენია.

სიღარიბეინდივიდის ან სოციალური ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობის მახასიათებელი. მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ხასიათდება პიროვნების საჭიროებებისათვის საკმარისი შემოსავლის, მატერიალური შესაძლებლობების არქონით.

სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ შეამცირონ სიღარიბე სხვადასხვა გზებით, მათ შორის საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფით მათთვის, ვისაც არ შეუძლია გამოიმუშავოს საკმარისი შემოსავალი, თუმცა ეს მცდელობები შეიძლება გართულდეს სხვადასხვა მიზეზებით, როგორიცაა გლობალიზაციის შედეგები, ფინანსური და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, სახელმწიფოთა ლიმიტირებული შესაძლებლობები, გადასახადებისგან თავის არიდება, ვალზე დამოკიდებულების მდგომარეობები, ტვინების გადინება ჯანდაცვის და განათლების სფეროდან და სხვა.

სიღარიბის კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღარიბე შეიძლება იყოს ქრონიკული ან დროებითი და დიდწილად დაკავშირებული სხვადასხვა სახის უთანასწორობასთან. საერთაშორისო მეთოდოლოგია ძირითადად განარჩევს აბსოლუტური (უკიდურესი, ექსტრემალური) და შედარებითი სიღარიბის სახეებს. აბსოლუტური სიღარიბის გაზომვა ხდება ერთი და იგივე გლობალური სტანდარტით, რომელიც იცვლება დროისა და გარემოებების მიხედვით. შედარებითი სიღარიბე განსხვავდება ქვეყნების, საზოგადოებებისა და ეპოქების მიხედვით და განსაზღვრულია მდგომარეობად, როდესაც ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს ცხოვრების სტანდარტის განსაზღვრულ დონეს იმავე ადგილას და იმავე დროში მცხოვრებ სხვა ადამიანების საშუალო ცხოვრების სტანდარტთან შედარებით.

აბსოლუტური სიღარიბე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსოლუტური, იგივე უკიდურესი, ექსტრემალური სიღარიბე, ესაა „მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მკაცრი დეპრივაციით ბაზისური ადამიანური საჭიროებებიდან, როგორიცაა საკვები, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა, ჰიგიენური პირობები, ჯანდაცვა, საცხოვრებელი, განათლება და ინფორმაცია. ის დამოკიდებულია არამხოლოდ შემოსავალზე, არამედ სერვისებზე წვდომაზეც“. მსოფლიო ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ მაკნამარა აბსოლუტურ/ექსტრემალურ სიღარიბეს აღწერს, როგორც

ვიკიციტატა
„მდგომარეობას, რომელიც იმდენად ლიმიტირებულია არასრულფასოვანი კვებით, წიგნიერების დონის არარსებობით, დაავადებებით, ბინძური გარემოთი, ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობით და დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობით, რომ ვერ ჯდება ადამიანური ღირსების ვერცერთ გონივრულ დეფიცინიციაში.“

აბსოლუტური სიღარიბე არის სრული უქონლობა საბაზისო პიროვნული საჭიროებებისთვის აუცილებელი საშუალებებისა, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი.

აბსოლუტური სიღარიბის საერთაშორისო სტანდარტი იცვლებოდა დროის და გარემოებების შესაბამისად. პირველად შემოიღეს 1990 წელს, როდესაც დღეში 1 დოლარი განისაზღვრა აბსოლუტური სიღარიბის ზღვრად მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში. მსოფლიო ბანკმა ახალი საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი განსაზღვრა 1,25 $-ად დღეში 2005 წელს (ექვივალენტი 1 $-ისა 1996 წლის აშშ-ს ფასების გათვალისწინებით). 2015 წლის ოქტომბერში, ეს ზღვარი შეიცვალა 1,90 $-ით დღეში, რაც 2005 წლის 1,25$-ის ექვივალენტია. 2001 წელს, 1,1 მილიარდი ადამიანი მოიხმარდა 1 $-ზე ნაკლებს დღეში, ხოლო 2,7 მილიარდი ცხოვრობდა 2 $-ზე ნაკლებით დღეში.[1]

იმ ქვეყნებში, რომლებიც არ იყენებენ დოლარს ვალუტად, „დღეში დოლარის“ მოხმარების პრინციპით აბსოლუტური სიღარიბის გაზომვა არ გულისხმობს დღეში ლოკალური ვალუტის იმ რაოდენობის მოხმარების განსაზღვრას, რაც დოლარის ექვივალენტია არსებული ვალუტის კურსით, არამედ ის გამოითვლება მსყიდველუნარიანობის პარიტეტით (PPP), რაც გულისხმობს იმის დადგენას, თუ რა რაოდენობის ლოკალური ვალუტაა საჭირო იმისთვის, რომ იყიდო იგივე, რისი ყიდვაც 1 დოლარით შეგიძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც წესი, უღარიბეს ქვეყნებში ეს შეიძლება გამოვიდეს უფრო ნაკლები რაოდენობის ლოკალური ვალუტა, ვიდრე ვალუტის კურსით გადაცვლის შემთხვევაში, რამდენადაც აშშ მათთან შედარებით ძვირი ქვეყანაა.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი, რომელიც დღეში 1,90 $-ის მოხმარებას გულისხმობს, გარკვეულწილად კონტროვერსიულია, რადგან თითოეულ ქვეყანას, რეალურად საკუთარი ზღვარი გააჩნია აბსოლუტური სიღარიბისა: 2010 წელს აშშ-ში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარად ითვლებოდა 15,15 $ დღეში (22 000 $ წელიწადში ოთხსულიანი ოჯახისთვის), როდესაც ინდოეთში ამ დროს ზღვარი გახლდათ დღეში 1 $, ხოლო ჩინეთში ის შეადგენდა 0,55 $-ს დღეში - თითოეულის შემთხვევაში 2010 წლის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით. ამგვარი განსხვავებები ართულებს მონაცემთა შედარების შესაძლებლობას. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის მეთოდი ძალზე მაღალ სტანდარტს აწესებს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს სტანდარტი ძალზე დაბალია. სხვები ვარაუდობენ, რომ პრობლემა ყველას ერთ ქვაბში მოხარშვაშია, ვინაიდან რეალობაში, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს 1,20 $-ით დღეში, განსხვავებულ მდგომარეობაშია ვიდრე ის, ვინც დღეში 0,20 $-ით ცხოვრობს. სხვა სიტყვებით, სიღარიბის სიღრმე და ინტენსიურობა განსხვავდება მსოფლიოს მასშტაბით და რეგიონების მიხედვით, რის გამოც დღეში 1,25 $-ის სტანდარტი სიღარიბის გაზომვის არაადეკვატური მეთოდად მიიჩნევა.

შედარებითი სიღარიბე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედარებითი სიღარიბის ცნება სიღარიბეს მოიაზრებს, როგორც სოციალურად განსაზღვრულს, სოციალურ კონტექსტზე დამოკიდებულს. შესაბამისად, შედარებითი სიღარიბე საშემოსავლო უთანასწორობის საზომია. ჩვეულებრივ, ის იზომება იმის გამოთვლით, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს იმაზე ნაკლები შემოსავალი, ვიდრე მოსახლეობის საშუალო, მედიანური ფიქსირებული შემოსავალია. არსებობს საშემოსავლო უთანასწორობის დადგენის სხვა მეთოდებიც, მაგალითად ჯინის კოეფიციენტი (Gini Coefficient) და თეილის ინდექსი (Theil index).

შედარებითი სიღარიბე მიიჩნევა „სიღარიბის დადგენის ყველაზე გამოსადეგ საზომად განვითარებულ სახელმწიფოებში“. მას სიღარიბის ოფიციალურ საზომად იყენებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ა. შ. ევროკავშირში, შედარებითი სიღარიბის გაზომვა ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი მეთოდია ევროკავშირის სოციალური ინკლუზიის ინდიკატორებს შორის. OECD-სა და ევროკავშირის მიდგომა სიღარიბის მთავარი ხაზს ავლებს „ეკონომიკურ სხვაობაზე“- შინამეურნეობის შემოსავალი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს შინამეურნეობების მედიანური შემოსავლის 60 %-ს.

„როგორც კი ეკონომიკური განვითარება მიაღწევს გარკვეულ მინიმალურ დონეს, სიღარიბის პრობლემა როგორც ინდივიდების, ისე საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, გამოწვეულია არა სიღარიბის რაიმე აბსოლუტური ფორმისგან, არამედ პირიქით, ყოველდღიურად კვლავწარმოებადი სხვაობისაგან ღარიბების ცხოვრებასა და მათ გვერდით მცხოვრებ სხვათა ცხოვრებას შორის. რეალობაში, სიღარიბის პრობლემა ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში დღეს შედარებითი სიღარიბის პრობლემაა“ — წერდა UNICEF-ი 2009 წელს.

სიღარიბის მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღარიბის ეფექტები ხშირად იქცევა მის მაწარმოებელ მიზეზებად. ეს ქმნის „სიღარიბის ციკლებს“, რომლებიც იწარმოება ინდივიდუალურ, ლოკალურ, ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე.

ძირითადი ასპექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღარიბის ეკონომიკური ასპექტები ფოკუსირდება მატერიალურ საჭიროებებზე, რაც მოიცავს აუცილებელ ყოველდღიურ საჭიროებებს სიცოცხლისთვის, როგორიცაა საკვები, ტანისამოსი, თავშესაფარი, უსაფრთხო სასმელი წყალი და ა.შ. თუმცა ამით არ შემოიფარგლება, რადგან სიღარიბის ზრდის გვერდითი მოვლენებია უმუშევრობა, შიმშილი, მაღალი კრიმინალის დონე, ნარკომანია და სხვა. სიღარიბის სოციალური ასპექტების ანალიზი უკავშირდება საზოგადოებაში რესურსებისა და ძალაუფლების გადანაწილების საკითხს, აღიარებს რა, რომ სიღარიბე ადამიანებისთვის შესაძლებლობის შემცირებაა, იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, რომელიც მათთვის ღირებულია. სიღარიბის სოციალური ასპექტები მოიცავს ასევე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოციალურ კაპიტალსა და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას.

სიღარიბის დონეები ასახავს მხოლოდ შედეგებს, მაგრამ არ აჩვენებს გარდამავალ დინამიკას ამ დონეებს შორის. მობილობის სტატისტიკები, რომლებიც სიღარიბიდან ამოსვლის მასშტაბებს აკვირდებიან, საუბრობენ იმაზე, რომ, მაგალითად თექვსმეტწლიან პერიოდში (1975 წლიდან 1991 წლის ჩათვლით) ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ მათი 5% დარჩა იგივე დონეზე, ვინც უმწირესი შემოსავლით ცხოვრობდა, 95%-მა კი გარდამავალი პერიოდი გაიარა უფრო მაღალ შემოსავლამდე. გარდამავალი სიღარიბე და ქრონიკული სიღარიბე განსხვავდება საზოგადოებების მიხედვით. 2005 წელს აშშ-ში მოსახლეობის უღარიბესი ნაწილის 50 % გადავიდა შედარებით მაღალ სოციალურ კატეგორიაში. თუმცა, მობილობის განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორები ხშირად ისევ სიღარიბის ეფექტებია — უთანასწორო სოციალური სტატუსი და არათანაბარი სოციალური ურთიერთობები, რაც გამოიცდება სოციალური ექსკლუზიით, დისკრიმინაციული დამოკიდებულებით და მონაწილეობის შეზღუდული შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი კავშირების არარსებობით სოციუმის სხვა წევრებთან და სხვა.

სიღარიბე ზრდის უსახლკარობის რისკს. ე. წ. ჯურღმულების მაცხოვრებლები, რომლებიც შეადგენენ მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის ერთ მესამედს, რურალურ გარემოში მცხოვრებ ხალხზე უკეთეს პირობებში არ ცხოვრობს, არამედ ხშირად უარესშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებადი სამყაროს რურალურ ნაწილში მცხოვრები ღარიბებისადმია შეტრიალებული სიღარიბის აღქმის ტრადიციული ფოკუსი.

ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობაზე გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების ერთი მესამედი, დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი წელიწადში ან 50 000 დღეში - უკავშირდება სიღარიბეს. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ქალები და ბავშვები, წარმოადგენენ გლობალური ღარიბების მთავარ წილს და იტანჯებიან მკაცრი სიღარიბის სხვადასხვა ეფექტებით. სიღარიბეში მცხოვრებნი იტანჯებიან შიმშილით, რომელსაც ხშირად ლეტალური შედეგი აქვს და დაავადებებით, ისევე, როგორც სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, შიმშილი და კვების უკმარისობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. კვების უკმარისობა ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ბავშვთა სიკვდილიანობაში, მთელი შემთხვევების ნახევარი სწორედ კვების უკმარისობის მიზეზით ხდება.

მშობიარობისას დედების სიკვდილის მთელი შემთხვევების თითქმის 90% აზიასა და სუბ-საჰარულ აფრიკაში ხდება, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს წილი 1 %-ს შეადგენს. სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს ასევე გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ჰქონდეთ ან გაუჩნდეთ შეზღუდული შესაძლებლობების პრობლება სიცოცხლის განმავლობაში. ღარიბები უფრო მეტად არიან მიდრეკილი სერიოზული დაავადებებისკენ, რადგან მათ არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვაზე და ცხოვრობენ არადამაკმაყოფილებელ პირობებში. ეკონომიკური სტაბილურობა პირველადი საკითხია ღარიბ შინამეურნეობაში. როგორც კი მას საფრთხე ექმნება, ისინი ვარდებიან ნეგატიური შემოსავლების დაუსრულებელ წრეში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობენ დაამარცხონ დაავადებები. ხშირად, როცა ადამიანი ღარიბ შინამეურნეობაში ხდება ავად, მისი მკურნალობა შეუძლებელია ჯანდაცვაზე და დაზღვევზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო და მას მკურნალობენ თავად ოჯახის წევრები, რის გამოც კარგავენ შემოსავალს ან სამსახურს. ინფექციურ დაავადებებს, როგორიცაა მალარია და ტუბერკულოზი, შეუძლიათ დაუსრულებლად აწარმოონ სიღარიბე, მიაქვთ რა ჯანდაცვის და ეკონომიკის რესურსები. რიგ განვითარებად ქვეყნებში მალარიამ და შიდსმა მნიშვნელოვნად შეამცირა წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დონეები.

სიღარიბემ ასევე აჩვენა საკუთარი გავლენა კოგნიტური ფუნქციის შეფერხებაზე. ერთი მხრივ, ეს შესაძლოა მოხდეს ფინანსური წუხილების გამო, რომელიც ადამიანის მენტალურ რესურსებს იმდენად დიდ ტვირთად აწვება, რომ მას შეუძლია, ჰქონდეს სრულფასოვანი უნარი, გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს. პრობლემის გამკლავების შემცირებულ შესაძლებლობებს თან სდევს გადაწყვეტილებები, რომლებიც კვლავაწარმოებს სიღარიბეს. ამას გარდა, არსებობს სიღარიბის კოგნიტურ ფუნქციაზე ზეგავლენის სხვა ამხსნელებიც, როგორიცაა კვების უკმარისობა, დაბინძურებული გარემო, სტრესი, რომელიც გამოწვეულია ღარიბი მშობლების ქცევისგან — ეს ფაქტორები, ჯამში, იწვევს არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ განვითარებას. ნეირომეცნიერები საუბრობენ სიღარიბის გავლენის შესახებ ტვინის სტრუქტურაზეც და მის ფუნქციებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სიმდიდრის კონცენტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღარიბის აღმოფხვრა ან შემცირება შესაძლებელია ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ძირითადად ხელისუფლებები და მმართველი აქტორები შეიმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ქვეყნის შიგნით არსებული დოვლათის უფრო სამართლიანი გადანაწილება, თუმცა ოქსფამი მოგვიწოდებს საერთაშორისო მოძრაობისკენ, რათა დასრულდეს სიმდიდრის ექსტრემალური კონცენტრაცია, როგორც გლობალური სიღარიბის ინტენსივობის შემცირების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. ოქსფამი აქვეყნებს, რომ 240 მილიარდი დოლარი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესმა მილიარდელებმა მხოლოს 2012 წელს მიიღეს შემოსავლის სახით, საკმარისი იყო რომ ოთხჯერ დასრულებულიყო ექსტრემალური სიღარიბე. ოქსფამი ასევე ასაბუთებს, რომ „რესურსების კონცენტრაცია ტოპ 1 %-ის ხელში თრგუნავს ეკონომიკურ აქტივობას და აქცევს ცხოვრებას კიდევ უფრო მძიმედ 99%-ისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ეკონომიკური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზეა“. არსებობს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1% აკონტროლებს დღეს არსებული მთელი სიმდიდრის 50%-ს, და უფსკრული 1%-სა და 99%-ს შორის ძალიან სწრაფად იზრდებოდა უახლოეს წარსულში . 2018 წელს, ოქსფამმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომ მსოფლიო მილიარდელების შემოსავალი 2017 წელს, რაც შეადგენდა 762 მილიარდ დოლარს, საკმარისი იქნებოდა გლობალური ექსტრემალური სიღარიბის დამარცხებისთვის 7 ჯერ.[2]

სიღარიბე საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში სიღარიბის დაძლევა კვლავ ერთ-ერთ უმძიმეს გამოწვევად რჩება სახელმწიფოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2009-2011 წლებში სიღარიბის დონის უწყვეტი ზრდის შემდეგ, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონემ მნიშვნელოვანი კლება განიცადა, 2015-2016 წლებში ის არსებითად არ შეცვლილა, რაც მიანიშნებს, რომ კლებას, შესაძლოა, ეტაპობრივი ხასიათი ჰქონოდა. 2016 წელს, საქართველოშო ყოველი მეშვიდე ოჯახი მოიხმარდა საარსებო მინიმუმზე ნაკლებს.[3]

2017 წელს ჩატარებული კვლევის „ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში“ მიხედვით, ქვეყანაში არსებულ სოციალურ გასაცემლებს და საბაზისო პენსიას, რომლებიც საარსებო მინიმუმს უახლოვდებიან, გადამწყვეტი გავლენა აქვთ სიღარიბის მაჩვენებელზე.

ვიკიციტატა
„2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 121,345 შინამეურნეობა (რაც მთელი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს) „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფულად დახმარებას იღებდა. ამის მიუხედავად, სოციალურ დახმარებაზე მოთხოვნილება გაცილებით უფრო მაღალია, რაც უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლებით არის გამოწვეული. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელობით ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, მე-5 რაუნდის (2017 წ.) წინა 12 თვის განმავლობაში, საქართველოში სოციალური დახმარება მთლიანობაში შინამეურნეობების 15.2 პროცენტმა ითხოვა (როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ისე სხვადასხვა ორგანიზაციებისგან).“

- ნათქვამია გაეროს ბავშთა ფონდის ანგარიშში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა შეადგენს მთელი მოსახლეობის 19,5 %-ს, ანუ მოსახლეობის თითქმის მეხუთედს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Bank Forecasts Global Poverty to Fall Below 10% for First Time; Major Hurdles Remain in Goal to End Poverty by 2030
  2. Hagan, Shelly (22 January 2018). "Billionaires Made So Much Money Last Year They Could End Extreme Poverty Seven Times". Money
  3. Kakulia, Merab, Nodar Kapanadze, and Lali Khurkhuli. "Chronic Poverty and Income Inequality in Georgia." Tbilisi: Friedrich-Ebert-Stiftung (FES) (2017).
  4. geostat.ge - ცხოვრების დონე