მზესუმზირა
მზესუმზირა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Helianthus petiolaris | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Helianthus | |||||||||||||
|
მზესუმზირა (ლათ. Helianthus) — მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 78-მდე სახეობას. უმრავლესობა მრავალწლოვანია. ერთწლოვანებიდან კულტურაშია ზეთის მზესუმზირა (ლათ. Helianthus annuus), მრავალწლოვანებიდან — მიწავაშლა (ლათ. Helianthus tubetosus). გვხვდება სარეველად და დეკორატიული ფორმების სახითაც.
მზესუმზირას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა, გავრცელებულია ყველგან. ზეთის მზესუმზირას ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება, დაფარულია უხეში ბეწვებით. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ).
მზესუმზირა ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი წაგრძელებული სოლისებრი თესლურაა. შედგება ნაყოფსაფარისა და გულისაგან, რომელიც შეიცავს 29-57 % ზეთს. თესლურას ფერი, ფორმა და ზომა ჯიშების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით განარჩევენ ზეთის, საკნატუნებელ და შუალედურ მზესუმზირას. მზესუმზირა ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარულია, გვალვასაც უძლებს და ხანმოკლე სუსხსაც იტანს. კარგად ხარობს ტენიან, ჰაერ- და წყალგამტარ შავმიწაზე.
საქართველოში უმეტესად მოჰყავთ კახეთის რაიონებში (სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი). მოსავალს იღებენ კალათების ძირითადი მასის (80-90%) მურა-ყვითლად ან მურად შეფერვისას. ზეთს იყენებენ კულინარიაში, მზესუმზირას ნაცრისაგან მიღებულ პოტასიუმს ხმარობენ ქიმიურ მრეწველობაში, ჩენჩოსაგან დამზადებულ ფურფუროლს - პლასტმასის, ხელოვნური ბოჭკოსა და არამტვრევადი მინის დასამზადებლად. ჩენჩოზე 10%-იანი სინთეზური წებოს დამატებით და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას საავეჯო ფილებს და სხვა ნივთებს. კოპტონი, ჩენჩო, ბზე და სილოსი ცხოველთა საკვებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე ა., მემცენარეობა, თბ., 1976;
- ჯაფარიძე ა., ტექნიკური კულტურები, თბ., 1971;
- ჯაფარიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 657.