შინაარსზე გადასვლა

ბაიკალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაიკალი (ტბა))
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბაიკალი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბაიკალი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ბაიკალი
რუს. Байкал
ბაბუშკას უბე
ბაბუშკას უბე
კოორდინატები: 53°13′ ჩ. გ. 107°45′ ა. გ. / 53.217° ჩ. გ. 107.750° ა. გ. / 53.217; 107.750
მდებარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირი
რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაცია
სიმაღლე ზღვის დონიდან 455,5[1] 
სიგრძე 636 კმ
სიგანე 80 კმ
ფართობი 31 722[1] კმ²
მოცულობა 23 615,390[1] კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 2100 კმ
საშუალო სიღრმე 744,4[1] 
მაქსიმალური სიღრმე 1642 
გამჭვირვალობა 40 მ, სიღრმეზე — 60-მდე 
აუზის ფართობი 570 000[2] კმ²
ჩამდინარე მდინარეები სელენგა, ზემო ანგარა, ბარგუზინი, ტურკა და ა.შ.
სულ ერთვის 336 დიდი და პატარა მდინარე
გამომდინარე მდინარე ანგარა
მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა
ბაიკალი — რუსეთი
ბაიკალი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ბაიკალი (რუს. Байкал; ბურ. Байгал далай, Байгал нуур) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა,[3][4] მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. მდებარეობს ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე,[1][5] ქედებით გარშემორტყმულ ღრმა ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც წარმოიქმნა და წყლით ამოივსო პალეოგენის ბოლოსა და ქვედა ნეოგენში. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით ბაიკალი იყინება.[6] ტბის ქვაბული დაახლოებით 25 მლნ. წლის წინ წარმოიქმნა.[7]

ტბა და ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია. 1956 წლიდან მდინარე ანგარაზე ირკუტსკის ჰესის კაშხლის აშენების შედეგად, ბაიკალი გახდა ირკუტსკის წყალსაცავის აკვატორიის ნაწილი, რის გამოც ტბის საშუალო დონემ სხვადასხვა ცნობებით აიწია 0,8–1,4 მ-ით.[8] ადგილობრივები და საერთოდ, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს.[9]

ბაიკალი მსოფლიოში ტბებს შორის ფართობით მე-6 ადგილზეა. კუნძულების გარეშე მისი ფართობია 31 722 კმ². ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 620 კილომეტრზე. სიგანე მერყეობს 24-იდან 79 კმ-მდე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 2100 კმ. ტბის დასავლეთი სანაპირო კლდოვანია და ციცაბო, ხოლო აღმოსავლეთი — შედარებით ბრტყელი. ბაიკალი არის დედამიწის უღრმესი ტბა. თანამედროვე მისი მაქსიმალური სიღრმე — 1642 მეტრი დადგინდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ჰიდროგრაფიული სამსახურის ექსპედიციის ჰიდროგრაფიული სამუშაოების შესრულებისას 1983 წელს. ბაიკალის მაქსიმალური სიღრმე რუკაზე დაიტანეს 1992 წელს, ხოლო 2002 წელს სიღრმე დადასტურდა ბელგია-ესპანეთი-რუსეთის ერთობლივი პროექტის დროს, რომელიც მიმართული იყო ბაიკალის ტბის ახალი ბათიმეტრიული რუკის შედგენისაკენ. ბაიკალის საშუალო სიღრმე უდრის 744,4 მ-ს, რაც აგრეთვე დიდ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.

ბაიკალის გარდა დედამიწაზე მხოლოდ ორადორი ტბა არსებობს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყინულისქვეშეთში მოქცეულ ტბა ვოსტოკს), რომელთა სიღრმე 1000 მ-ს სჭარბობს, ესენია: ტანგანიიკა (1470 მ)[10] და კასპიის ზღვა-ტბა (1025 მ).[11] ბაიკალი მოიცავს ზედაპირული მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის 1/5-ს. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. მკვეთრად გამოიყოფა ნახევარკუნძულები: სვიატოი-ნოსი და ხორინ-ირგი. აღსანიშნავია ჩივირკუის ყურე, პროვალის ყურე და სხვა. წყლის მოცულობა შეადგენს 23 615,39 კმ³-ს. წყალშემკრები აუზის ფართობი 570 000 კმ². საერთო მინერალიზაციის მაჩვენებელია 0,120 ‰. გამჭვირვალობა 40 მ-მდე.[12] ბაიკალს მრავალი მდინარე ერთვის, რომელთაგან უდიდესია სელენგა, ზემო ანგარა და ბარგუზინი. ტბიდან გამოედინება მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი ანგარა.

1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში,[13] როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ ენდემიზმშია გამოხატული. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ცხოვრობენ ბურიატეთის მკვიდრი მოსახლეობა ბურიატები,[14][15] რომლებიც მისდევენ მეთხეობასა და მეაქლემეობას და აგრეთვე დაკავებული არიან მსხვილი რქოსანი საქონლისა და ცხვრის მოშენებით.[15]

ეტიმოლოგია

ადგილობრივები ბაიკალის ტბას ზღვას უწოდებენ. სახელწოდების ეტიმოლოგია ზუსტად არ არის დადგენილი. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ სახელწოდება მომდინარეობს მონღოლური „ბაიგალი“ („მდიდარი ცეცხლი“), ან თურქული — „ბაი-ყული“ („მდიდარი ტბა“) სიტყვებისაგან. თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზები მეცნიერულად საფუძველს მოკლებულია. ბაიკალს გააჩნია სხვა სახელწოდებებიც, ასე მაგალითად, ჩინეთის ისტორიაში ტბა მოიხსენიება „პეხაი“-ს სახელწოდებით, რაც ქართულ თარგმანში ჟღერს როგორც „ჩრდილოეთი ზღვა“. ტუნგუსები ბაიკალს „ლამუ“-ს უწოდებენ, ე.ი. ზღვას, ხოლო ბურიატ-მონღოლები „დალანორ“-ს, რაც „წმინდა ტბა“-ს ნიშნავს. შესაძლოა სწორედ ბურიტული „ბაიგალი“ გახდა რუსულ სიტყვახმარებაში დამკვიდრებული სახელწოდება ბაიკალის ფორმით. XIX საუკუნემდე მისი ფართოდ გავრცელებული სახელწოდება იყო „ზღვა“. ტერმინი ბაიკალი განმტკიცდა მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანების შემდეგ.[16]

კვლევის ისტორია

პირველი პერიოდი

მარკო პოლო. (1254-1324).

პირველად რუკებზე ბაიკალი დაიტანეს XVII საუკუნის მეორე ნახევარში. ამ რუკებზე ტბის მორფოლოგია არაზუსტად იყო გამოსახული. ტბის შედარებით ზუსტი გამოსახულება მოცემულია რემეზოვის 1701 წლის წიგნში. ბაიკალის პირველი გამოუცემელი რუკა შეადგინა დანიელ გოტლიბ მესერშმიდტმა თავისი მეორე მოგზაურობის დროს 1719-1729 წლებში. 1772-1772 წლებში, ბაიკალის ტბის სანაპიროების პირველი სპეციალური აგეგმვა შეასრულა პუშკარევმა; მანვე მოგვცა ბაიკალის რუკა მასშტაბში 10 ვერსტი დიუმში. თუმცა აღნიშნული რუკა არასოდეს არ ყოფილა გამოცემული, ხოლო მისი ორი დეტალური ხელნაწერის ეგზემპლარი: ერთი რუსული, ხოლო მეორე — გერმანული ტექსტებით, დღემდე ინახება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. პუშკარევის მიერ დიუმში 5 ვერსტამდე შემცირებული რუკა გამოიცა იოჰან გოტლიბ გეორგის მიერ 1775 წელს.[16]

ბაიკალის სანაპიროს დეტალური აგეგმვა განხორციელდა 1849-1850 წლებში. აღნიშნული რუკა, რომელიც დაზუსტებული იყო დამატებითი მონაცემებით რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ციმბირის განყოფილების მიერ, გამოიცა 1864 წელს. იგი საფუძვლად დაედო ბაიკალის ტბის გეოლოგიურ რუკას, რომელიც გამოქვეყნდა ივანე ჩერსკის მიერ 1886 წელს. ბაიკალის ძირითადი კარტოგრაფიული მასალა მიღებული იქნა 1898-1903 წლებში ჰიდროგრაფიული ექსპედიციის დროს, რომელსაც თედორე დრიჟენკო ხელმძღვანელობდა.[16]

1876 წელს ბ. დიბოვსკისა და ვ. გოდლევსკის მიერ პირველად იქნა შედგენილი ბაიკალის სიღრმული რუკა, რომელიც მოიცავდა ტბის მხოლოდ სამხრეთ ნაწილს მდინარე სელენგის დელტამდე. 1908 წელს თედორე დრიჟენკოს ჰიდროგრაფიული ექსპედიციის შედეგად შესაძლებელი გახდა მთელი ბაიკალის სიღრმული რუკის გამოცემა. საბოლოოდ, 1926-1934 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბაიკალის ლიმნოლოგიური სადგურის მიერ შესრულდა სიღრმის ახალი გაზომვა ტბის მრავალ რაიონში, რის შედეგადაც გლებ ვერეშჩაგინმა 1 სმ-ში 2,5 კმ-იან მასშტაბში შეადგინა ბაიკალის სიღრმეების ახალი რუკა, 4 ფურცელზე.[16]

პეტრე I დიდი. (1672-1725).
ბენედიქტ დიბოვსკი. (1833-1930).

ბაიკალის მიმართ გაღვივებული ინტერესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტბის კვლევის ისტორიასთან, ამასთანავე, აღნიშნული ინტერესი უწყვეტად ვითარდებოდა და უკავშირდებოდა ბაიკალზე ჩატარებული ახალი კვლევების თავისებურებების გამორკვევას, ხოლო ბაიკალის ათვისების შემდეგ, გაიშალა ყველა ახალი შესაძლებლობა საიმისოდ, რომ ტბა სახალხო მეურნეობის მიზნებისათვის ყოფილიყო გამოყენებული.[16]

ბაიკალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაწერილ ერთ-ერთ ჩინურ ხელნაწერში მოიხსენიება. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის აგრეთვე გამოჩენილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო. 1643 წელს ტობოლელმა კაზაკმა კურბატ ივანოვმა მოინახულა ოლხონის კუნძული. 1645 წელს ატამანმა ვასილი კოლესნიკოვმა მოახერხა და მივიდა მდინარე ანგარის სათავესთან. 1650 წელს კოლესნიკოვმა ხელმეორედ მოინახულა ბაიკალის ტბა, ამჯერად იგი თან ახლდა ე. ზაბოლოცკის, რომელიც ბაიკალზე გამოგზავნილი იყო დიპლომატიური მისიით — მოსკოვის სახელმწიფოს, ჩინეთთან და მონღოლეთთან ურთიერთობის დასამყარებლად. ბაიკალზე გადაადგილების შემდეგ, მოგზაურები დასახლდნენ იმ ადგილას, რომელსაც დღეს პოსოლსკი ეწოდება. აქ მათ თავს დაესხნენ ბურიატები და ყველანი დახოცეს, მათ შორის ზაბოლოცკიც. 1681 წელს ამ ბრძოლის ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელსაც ზაბოლოცკის ხსოვნის უკვდავსაყოფად „პოსოლსკი“ ეწოდა. მონასტერის ირგვლივ, მოგვიანებით დასახლება შეიქმნა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დღემდე არის შემონახული ზობოლოცკის საფლავი.[16]

ბაიკალის პირველი, თუმცა მოკლე აღწერა ეკუთვნით აბაკუმს (1662),[17] ნიკოლაე მილესკუსა (1675)[18] და ებერჰარდ იზბრანტ იდესს (1692).[16]

პეტრე I-ს კარგად ესმოდა, რომ აუცილებელი იყო საერთოდ ციმბირის ტერიტორიაზე დიდი რუსული სამფლობელოების განმტკიცება და ამ ტერიტორიების ბუნებრივი სიმდიდრეების დეტალურად შესწავლა, მათ შორის ბაიკალისა. კვლევები გაგრძელდა თითქმის მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში. ამ პერიოდში ციმბირში და კერძოდ, ბაიკალის ტბაზე გაიგზავნა პირველი სამეცნიერო ექსპედიციები, რომლებმაც შეისწავლეს ციმბირის ტერიტორია და მათ შორის ბაიკალის ტბა. პეტრე I-ის განკარგულებით, პირველად ბაიკალზე სამეცნიერო თვალსაზრისით, გაემგზავრა დანიელ გოტლიბ მესერშმიდტი, რომელმაც ტბა თავისი ათწლიანი მოგზაურობის (1719-1729) დროს მოინახულა და პირველად შეისწავლა ბაიკალი მეცნიერული თვალსაზრისით. მანვე მოგვცა ტბის პირველი რუკა და აღწერა.[16]

1725 წელს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან ერთად, იმთავითვე დაიწყო ციმბირის ტერიტორიის ინტენსიური შესწავლა, რომელიც ბაიკალის ტბასაც შეეხო. ეგრეთ წოდებული კამჩატკის მეორე ექსპედიცია, რომელსაც ბერინგი ხელმძღვანელობდა 1732-1743 წლებს შორის, მოგვცა გმელინის მიერ შედგენილი ბაიკალის ტბის პირველი მეცნიერული აღწერა. 1771-1772 წლებში ბაიკალზე მუშაობდა ექსპედიციის სპეციალური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იყო მეცნიერებათა აკადემიით პეტრე პალასის ხელმძღვანელობით.[16]

განყოფილებას, რომელიც ბაიკალზე მუშაობდა ხელმძღვანელობდა იოჰან გოტლიბ გეორგი, რომელმაც ტბა ნავით გადაცურა და მოგვცა ამ ვოიაჟის დეტალური აღწერა. ამავდროულად, პეტრე პალასის განკარგულებით, პუშკარევმა შეასრულა ბიაკალის პირველი ტოპოგრაფიული აგეგმვა.

მეორე პერიოდი

ბაიკალის კვლევის მეორე პერიოდი მოიცავს XIX საუკუნის პირველ 2/3-ს და ხასიათდება საკუთრივ ბაიკალის შედარებით სუსტი შესწავლით. იმ პერიოდში ძირითადი აქცენტი გადაიტანეს არა ტბაზე, არამედ მისი გარემომცველი ტერიტორიების შესწავლაზე. რიგი გეოგნოსტიკური ექსპედიციის შედეგად, გამოკვლეული იქნა ბაიკალის სანაპირო რაიონების სასარგებლო წიაღისეულები. აღსანიშნავია აგრეთვე გეოგრაფიული საზოგადოების ციმბირის განყოფილების მიერ 1855-1857 წლებში შესრულებული კვლევები საკუთრივ ბაიკალის ტბაზე.[16]

1855 წელს ცნობილ ნატურალისტს გუსტავ რადეს დაეკისრა ბაიკალის შესწავლა. რადემ ნავით მთელი ბაიკალი მოიარა და მოგვცა ტბის შესახებ დეტალური და საყურადღებო ცნობები. სხვათა შორის, რადეს შეცდომით მიაჩნდა, რომ ბაიკალის უხერხემლოების ფაუნა ღარიბია, რამაც დიდი ხნის განმავლობაში შეუშალა ხელი ტბაზე ფაუნის შესწავლის საქმეს. იმავე პერიოდში იკვლევდნენ თევზჭერის საკითხებს და აგრეთვე, ჩატარდა სიღრმის გაზომვები.[16]

მესამე პერიოდი

ბაიკალის კვლევის მესამე პერიოდი მოიცავს XIX საუკუნის დაახლოებით ორ ათეულ წელიწადს (1866-1890) და ხასიათდება ინტენსიური კვლევებითა და დიდძალი ინფორმაციის მოპოვებით. იმ დროს გაიზარდა ეკონომიკური ინტერესი აღმოსავლეთ ციმბირის მიმართ. იმ პერიოდის მკვლევართაგან უნდა დასახელდეს: ბ. დიბოსვსკი, ი. ჩერსკი, ა. ჩეკანოვსკი, ვ. გოდლევსკი და ვ. კსენჟოპოლსკი, რომელთა კვლევებმა მოიცვა ბაიკალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბენედიქტ დიბოვსკისა (1833-1930) და ივანე ჩერსკის (1845-1892) შრომები. 1867-1868 და 1875-1876 წლებში ბენედიქტ დიბოვსკი იკვლევდა ბაიკალის ბუნებრივ თავისებურებებს; ამასთანავე გაზომა ტბის სიღრმეები, პირველმა შეისწავლა სხვადასხვა სიღრმეში არსებული წყლის ტემპერატურები და წყლის დონის რყევები; დაადგინა ბაიკალის ტბის ენდემიზმის ხასიათი და მანვე შეისწავლა და მეცნიერულად დაამუშავა ენდემური ფაუნის ძირითადი ჯგუფები.[16]

უნდა აღინიშნოს, რომ ბენედიქტ დიბოვსკისა და ვიქტორ გოდლევსკის ჩატარებული სამუშაოები ბაიკალზე მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. თავის ავტობიოგრაფიაში ბ. დიბოვსკი წერდა:

ვიკიციტატა
„კვლევები განხორციელდა ჩვენი ძალებითა და სახსრებით, უფრო სწორად, ყველანაირი სახსრების გარეშე.“

საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ სიღრმის გამოსაკვლევად განკუთვნილი ხვეული თოკების დიდ ნაწილს ისინი თავადვე ამზადებდნენ. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების აღმოსავლეთ ციმბირის განყოფილებამ მკვლევარებს მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო ხანებში გაუწია. იმავე პერიოდში ორლოვის მიერ შესწავლილი იქნა ბაიკალის წყლის დონის მდგომარეობა, ხოლო თევზის წარმოების დაცემასთან დაკავშირებით, საბუროვმა, კირილოვმა და ელეზინმა შეისწავლეს ბაიკალის თევზჭერის საკითხები.[16]

მეოთხე პერიოდი

ბაიკალის კვლევის მეოთხე პერიოდი გრძელდება XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან ოქტომბრის რევოლუციამდე, ე.ი. 1917 წლამდე და ხასიათდება გამოკვლევითი სამუშაოებით, რომელიც უკავშირდებოდა ბაიკალის სანაპიროსთან რკინიგზის გაყვანას და ამ მხარის ბუნებრივი სიმდიდრეების გარკვევას. დიდი ჰიდროგრაფიული ექსპედიცია, რომელიც მუშაობდა დრიჟენკოს ხელმძღვანელობით 1896-1902 წლებში მოგვცა ბაიკალის ტბის სიღრმეების დეტალური ატლასი და ლოცია. თ. დრიჟენკოს, ა. ვოზნესენსკისა და ბ. შოსტაკოვიჩის მიერ პირველად იყო აღწერილი ტბის კლიმატური თავისებურებები, თერმიკული, მყინვარული საფრისა და წყლის გამჭვირვალობის საკითხები. ჰიდროგრაფიული ექსპედიციის დამოუკიდებლად, 1900-1902 წლებში მუშაობდა სპეციალური ზოოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ა. კოროტნევი ხელმძღვანელობდა. ექსპედიცია აღჭურვილი იყო გემით, თავისი ვოიაჟით მთელი ბაიკალის ტბის სანაპიროები მოიარეს და შეკრიბეს დიდძალი ფაუნისტური მასალა, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო არაერთი მონოგრაფიის შექმნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია გეოგრაფისა და ზოოლოგის ლევ ბერგის შრომები.[16]

ბაიკალისპირეთში ჩატარდა ასევე მნიშვნელოვანი გეოლოგიური გამოკვლევები, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ ობრუჩევის მონოგრაფია. ბაიკალისპირეთში სპეციალურ გამოკვლევებს ატარებდნენ პ. პრეობრაჟენსკი და ვ. კატულსკი.[16]

1916 წელს მეცნიერებათა აკადემიაში დაარსდა კომისია, რომელსაც ბაიკალის ყოველმხრივი შესწავლა დაეკისრა. კომისიამ თავისი მოღვაწეობა დაიწყო ვ. დოროგოსტაისკის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ექსპედიციით, რომელმაც გაარკვია მუდმივი სადგურისთვის განკუთვნილი ადგილი. იმავე წელს ბაიკალზე პირველად აშენდა სამეცნიერო-გამოკვლევებისათვის განკუთვნილი ნავი — მოტორული კატერი „ჩაიკა“.[16]

მეხუთე პერიოდი

ბაიკალის კვლევის მეხუთე პერიოდი გაგრძელდა 1917 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ამ მონაკვეთში შეიქმნა კომპლექსური ექსპედიციები, რომელიც ფართო თვალსაზრისით, აწარმოებდა ტბის შესწავლას. გარდა ამისა, შეიქმნა საყურადღებო შრომები კვლევის ცალკეულ და სპეციალურ დარგებში. ტბის კომპლექსურ შესწავლას ხელი მოჰკიდა ბაიკალის ექსპედიციამ, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სადგურმა და ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა ბიოლოგიურ-გეოგრაფიულმა ინსტიტუტმა. ბაიკალის ექსპედიციამ მუშაობა დაიწყო 1925 წლის ივნისში, ხოლო 1928 წელს აღნიშნული ექსპედიცია რეორგანიზებული იყო ბაიკალის ლიმნოლოგიური (თავდაპირველად ბიოლოგიური) სადგურის სახით. ექსპედიციისა და მოგვიანებით სადგურის კვლევებმა მოიცვა მთელი ბაიკალი და მისი სანაპიროები. სხვადასხვა დროს ამ ექსპედიციებს 1944 წლამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა გლებ ვერეშაგინი.[16]

მეექვსე პერიოდი

1992 წელს ბუგულდეიკის შესართავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კმ-ში განხორციელდა ბურღვა, რის შედეგად გამოვლინდა 120 მ სიგრძის ფსკერის დანალექი კერნი. დანალექების ასაკი განისაზღვრა 30 ათ. წლით. 1993 წელს გამოიცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საცნობარო ატლასი „ბაიკალი“, სადაც შეჯამებულია 1961-1985 წლებში შესრულებული მრავალწლიანი გამოკვლევები. 1995 წელს შედგა პირველი ტურისტული იარმარკა „ბაიკალი-ტური-95“, რომელიც ამჟამად ყოველწლიურად იმართება. 1997 წელს ბაიკალის ტბა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2008 წლის აპრილისთვის დაიწყო ღრმაწყლიანი აპარატების „მირ“-1-ისა და „მირ-2“-ის სამწლიანი ექსპედიცია.

მსოფლიოს უღრმესი ტბები

ტბა სიღრმე
ადგილმდებარეობა
1 ბაიკალი 1642 დროშა: რუსეთი რუსეთი
2 ტანგანიიკა 1470 ბურუნდის დროშა ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ტანზანიის დროშა ტანზანია, ზამბიის დროშა ზამბია
3 კასპიის ზღვა 1025 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, რუსეთის დროშა რუსეთი, ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ირანის დროშა ირანი
4 ვოსტოკის ტბა ~1000 ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
5 სან-მარტინი 836 არგენტინის დროშა არგენტინა, ჩილეს დროშა ჩილე
6 ნიასა 706 მალავის დროშა მალავი, მოზამბიკის დროშა მოზამბიკი, ტანზანიის დროშა ტანზანია
7 ისიქ-ქოლი 668 ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
8 მონების დიდი ტბა 614 კანადის დროშა კანადა
9 კრატერის ტბა 594 აშშ-ის დროშა აშშ
10 მატანოს ტბა 590 ინდონეზიის დროშა ინდონეზია

რელიეფი

ბაიკალის ერთ-ერთი მცირე შემდინარე.

ბაიკალის ტბას გააჩნია წაგრძელებული ნამგლისებური ფორმა. მისი უკიდურესი წერტილები მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 51° 29′ (მურინო) და 55° 46′ (კიჩერის შესართავი) და სამხრეთ გრძედის 103° 44′ (კულტუკი) და 109° 51′ (დაგარის უბე) შორის. ტბის უდიდესი სიგრძეა 636 კმ, მაქსიმალური სიგანე 79,5 კმ, მინიმალური სიგანე 25 კმ.[16]

წყალშემკრები აუზის ფართობია 570 კმ², რომელიც საკუთრივ ტბის ფართობთან მიმართებაში ძალზე არათანაბრადაა გავრცელებული. მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ამ ფართობის საზღვარი გადის ტბის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში. იგი შემოზღუდულია თითქმის ყველგან წყალგამყოფი მთებით, რომელიც ტბიდანაც მოჩანს. უშუალოდ ამ წყალგამყოფთან მიდის მდინარე ლენის აუზი, რომელიც ბაიკალის ტბის სანაპიროდან სულ რაღაც 7 კილომეტრში იღებს სათავეს, პოკოინიკის კონცხთან. წყალშემკრები აუზი ყველაზე მეტად გავრცელებულია სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდინარე სელენგის აუზის მხარეს. მდინარე სელენგის აუზის ფართობია 469940 კმ², რომელზედაც მოდის მთელი ბაიკალის ტბის წყალშემკრები აუზის 83.4%. შემდეგ მოდის მდინარე ბარგუზინი, რომლის აუზის ფართობი შეადგენს 20025 კმ²-ს და შეადგენს ბაიკალის ტბის წყალშემკრები აუზის 3.5%-ს. დანარჩენ შენაკადებს უკავიათ 72035 კმ², რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს 13.1-ს.[16]

ბაიკალის სანაპირო.

საკუთრივ ბაიკალის ტბა მდებარეობს შედარებით არაფართო ქვაბულში, რომელიც შემოსაზღვრულია კლდოვანი მთათა ჯგუფით, კერძოდ, საიანის განშტოებებით, რომელიც ადგილ-ადგილ ჩაჭრილია შედარებით ვიწრო მდინარეული ხეობებით, რომლებიც ტბაში ჩაედინებიან. სამხრეთით, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, გადაჭიმულია ხამარ-დაბანის ქედი (სიმაღლე 2000 მ-მდე), რომლის მწვერვალები თითქმის მთელი წლის განმავლობაში თოვლითაა დაფარული.[16]

სამხრეთი ბაიკალის დასავლეთ ნაპირებთან ვრცელდება ბაიკალისპირეთის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრია. მცირე ზღვიდან დაწყებული ბაიკალის დასავლეთი ნაპირების უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებამდე გადაჭიმულია ბაიკალის ქედი, რომლის სიგრძე 300 კმ-ია, ხოლო სიმაღლე 2572 მ-მდე (მთა ჩერსკი). ბაიკალის ტბისკენ მოქცეული კალთები ციცაბოა, 900-1000 მ-მდე დაფარულია ტყესტეპით და ფიჭვის კორომებით. ბაიკალის ქედის თითქმის მთელ სიგრძეზე აღმართული მწვერვალები მარადი თოვლითაა დაფარული, ხოლო მრავალ ადგილას შეინიშნება ძველი მყინვარების კვლები.[16]

ქედი გადაკვეთილია რიგი ღრმა ჩაჭრილი ხეობით, რომლებშიც მთის ნაკადები გაედინება. ლანდშაფტების თვალსაზრისით ბაიკალის ტბის ჩრდილოეთის მონაკვეთის დასავლეთი ნაპირები არის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი რაიონი მთელ ბაიკალზე. აღმოსავლეთ ნაპირებთან, დაწყებული ჩივირკუის ყურიდან ტბის უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებამდე გადაჭიმულია ბარგუზინის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრია. ქედის მთისწინეთები მიკრულია ტბის ნაპირებთან, რომლებიც ადგილ-ადგილ ქმნიან კლდოვან მთებს.[16]

ბაიკალი გაზაფხულზე.
ბაიკალის სატელიტური ფოტოსურათი.

ბაიკალის ტბის სანაპირო ხაზის ყველაზე უფრო მეტად გამოკვეთილი ნახევარკუნძულია სვიატოი-ნოსი, რომელიც ბარგუზინისა და ჩივირკუის ყურეებს შორისაა მოქცეული. სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძული, რომელიც მასიური კლდოვანი სახითაა წარმოდგენილი და ზღვის დონიდან ამაღლებულია 1684 მეტრამდე ტბის ნაპირებთან ეშვება ციცაბო კლდოვანი კალთებით. ეჭვს არ იწვევს, რომ წარსულში სვიატოი-ნონის ნახევარკუნძული იყო კუნძული, ხოლო ჩივირკუისა და ბარგუზინის ყურეების წყლები ქმნიდნენ საერთო ყურეს, რომლებიც შემდგომ აივსო მდინარე ბარგუზინის ნაყარით.[16]

ბაიკალის ტბაში არის 19 მუდმივი კუნძული, რომელთაგან უდიდესია ოლხონი. უკანასკნელის სიგრძეა 71,7 კმ, ფართობი 729, 4 კვ.კმ.

ოლხონი კონტინეტისაგან გამოყოფილია ერთ კილომეტრზე ნაკლები სიგანის სრუტით, რომელსაც „ოლხონის ჭიშკარი“ ეწოდება. აღსანიშნავია აგრეთვე უშკანის კუნძულების ჯგუფი, რომელიც ტბის დაახლოებით შუა ნაწილშია განლაგებული. აღნიშნული კუნძულთა ჯგუფი შედგება ოთხი კუნძულისაგან, რომელთაგან უდიდესია დიდი უშკანის კუნძული (ფართობი 9,41 კვ. კმ). დანარჩენი (ვიწრო, მრგვალი და გრძელი უშკანის კუნძულების) ფართობი არ აღემატება ნახევარ კვადრატულ კილომეტრსაც.[16]

დიდი უშკანის კუნძულის სიმაღლეა 150 მეტრი, ხოლო დანარჩენი კუნძულების სიმაღლე სულ რამდენიმე მეტრია. უშკანის კუნძულების ჯგუფი კლდოვანია, აგებულია ძირითადად კირქვებით, დაფარულია ხშირი ტყით. აღნიშნული ყველა კუნძული ძლიერ ნგრევას ექვემდებარება.[16]

სულ ბაიკალის ტბაში 27 კუნძულია, რომელთაგან 5 ხანგამოშვებით წყლის იფარება, ხოლო დანარჩენი კუნძულები მუდმივია. ჩივირკუის ყურეში მდებარეობს 4 მომცრო კუნძული, მცირე ზღვაში 6 კუნძულია, დანარჩენი მომცრო კუნძულები ბაიკალის ტბის ნაპირების სიახლოვესაა. ბაიკალის ტბის კუნძულების საერთო ფართობია 742 კვ.კმ. მათი დიდი ნაწილი დიდი კონცხების ერთობლიობაა, გარდა ამისა, ბაიკალზე არის რამდენიმე დაბალი ქვიშიანი კუნძული, რომელიც წყლით იფარება.[16]

ყურეები და უბეები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია მცირე გემების სადგომად, ბაიკალის ტბაზე იშვიათი მოვლენაა, ამასთანავე ისინი განლაგებული არიან სანაპიროს გასწვრივ ძალზე არათანაბრად. ყველაზე დიდი ყურეები ჩივირკუისა და ბარგუზინისა წარმოქმნილი არიან სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულის ტბაში ღრმად შემოჭრის ხარჯზე. თითქმის ყურეს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული მცირე ზღვა, რომელიც ღია ბაიკალიდან გამოყოფილია ოლხონის კუნძულით და პროვალის ყურით.[16] თვალწარმტაცი ლანდშაფტებით არის განთქმული პესჩანაიას და ბაბუშკის ყურეები სამხრეთ ბაიკალში.

კუნძული ოლხონი.
ბაიკალის სანაპირო.
ოლხონი.
ზამთარი ბაიკალზე.

თავისებურ ყურეების ჯგუფს ქმნიან (უფრო ზუსტად ლაგუნებს) პოსოლისა და ისტოკის უბეები (ბაიკალზე მათ „სორებს“ უწოდებენ), რომლებიც ბაიკალიდან გამოყოფილი არიან ხმელეთის ვიწრო მონაკვეთებით. აღსანიშნავია ანგარის სორი. სორები გვხვდება აგრეთვე ჩივირკუის ყურეში. თითოეული მათგანი ბაიკალიდან გამოყოფილია ვიწრო ხაზობრივი ნაყარით; ზოგჯერ სორები დიდწყლიანობის დროს სავსებით წყლითაა დაფარული. ბაიკალის ტბის სანაპიროს მრავალ ადგილას ეშვება რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის კლდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოსნოვკისა და ჩივირკუის ყურის მონაკვეთი, აგრეთვე მონაკვეთი ონგურენისა და კოჩერიკოვსკის კონცხს შორის.[16]

ბაიკალის ტბის ფსკერის რელიეფი იყოფა 3 ძირითად ნაწილად: სამხრეთის ღრმული, შუა ღრმული და ჩრდილოეთის ღრმული.

პირველი მათგანია — სამხრეთი ღრმული, რომელიც იკავებს მთელ სამხრეთ ბაიკალს. ამ ღრმულის მაქსიმალური სიღრმე აღწევს 1473 მეტრს, საშუალო სიღრმე 810 მეტრია. სამხრეთ ღრმულში ტბის დანალექებმა არც თუ ისე შეარბილეს ფსკერის პირვანდელი რელიეფი. ფსკერზე გვხვდება წყალქვეშა ჭიუხები, რომლებიც მკვეთად არის გამოყოფილი ღრმულის იმ ნაწილში, რომელიც მდინარე სელენგის დელტისკენაა მიქცეული; ჭიუხები აქ სელენგის ნაყარითაა დაფარული. ერთ-ერთი ჭიუხი ზედაპირზე იმდენად არის ამოწეული, რომ სოფლებს გოლოუსტნისა და პოსოლსკის შორის წარმოქმნის თავთხელს, რომელშიც სიღრმე მხოლოდ 94 მეტრია. აღნიშნული თავთხელი, სავარაუდოდ, წარმოადგენს კუნძულ სტოლბოვის რელიქტს, რომელიც ბაიკალის წყლებით იყო დანგრეული.[16]

ბაიკალის ტბაში გამოიყოფა აგრეთვე შუა ღრმული, რომელიც სამხრეთის ღრმულის გადაკვეთის ადგილზე სიღრმეში 428 მეტრს აღწევს. შუა ღრმულში ბაიკალის ტბა აღწევს თავის მაქსიმალურ სიღრმეს — 1642 მ-ს. აღნიშნული სიღრმე განლაგებულია ოლხონის კუნძულზე მდებარე უხანის კონცხის საპირისპიროდ 10 კილომეტრის მანძილზე. შუა ღრმულის საშუალო სიღრმეა 803 მ.

გამოკვეთილი ჩაღრმავებები მდებარეობს ოლხონის კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ფსკერზე; დიდი სიღრმეები აღრიცხულია აგრეთვე უშკანის კუნძულების აღმოსავლეთ რაიონში, სადაც ფსკერის ზოგიერთ მონაკვეთზე დახრის კუთხის სიდიდე 80°-ზე მეტრია. ფსკერის რელიეფის განსაკუთრებული სირთულე ახასიათებს ბარგუზინის ყურეს, რომელიც წარმოადგენს შუა ღრმულის შემადგენელ ნაწილს. წყალქვეშა ქედებით იგი გაყოფილია ორ ღრმულად.[16]

შუა ღრმული ჩრდილოეთი ღრმულისაგან გამოყოფილია აკადემიის ქედის მეშვეობით, რომელიც გადაჭიმულია ოლხონის კუნძულის ჩრდილოეთი დაბოლოებიდან უშკანის კუნძულებამდე და შემდეგ გრძელდება ვალუკანის კონცხამდე.

ამრიგად, უშკანის კუნძულები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ წყლის ზედაპირზე ამოზიდულ აკადემიის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს. ქედის კალთები ციცაბოდ ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ბაიკალის ტბის შუა ღრმულის რაიონამდე და ჩრდილო-დასავლეთისაკენ ჩრდილოეთი ღრმულისაკენ.

ჩრდილოეთი ღრმული იკავებს სივრცეს, რომელიც ვრცელდება აკადემიის ქედის ჩრდილოეთით და მოიცავს „მცირე ზღვის“ აკვატორიას. ღრმულის მაქსიმალური სიღრმე უდრის 988 მ-ს, საშუალო სიღრმე — 564 მ-ს. ჩრდილოეთი ღრმულისათვის დამახასიათებელია ფსკერის ნაზი რელიეფი, რომლის სიღრმეები იზრდება მცირე ზღვის სამხრეთი მონაკვეთიდან კოტელნიკოვის კონცხის რაიონამდე. ღრმულის დასავლეთი ნაპირების სიახლოვეს ფსკერი უფრო ციცაბოდ ეშვება სიღრმეში, ვიდრე აღმოსავლეთ ნაპირებთან, სადაც დამახასიათებელია მნიშვნელოვანი მცირე სიღრმეები.[16]

ბაიკალის ტბის ფსკერის ზედაპირის დიდი ნაწილი (100 მეტრზე მეტი სიღრმეები) დაფარულია სქელი ფენის დანალექი შლამით, რომელიც ძირითადად შედგება მრავალრიცხოვანი მცენარეული ნარჩენებისაგან. ზოგან, მაგალითად, აკადემიის ქედზე, ბაიკალის ფსკერი შედგება დედაქანისაგან, მოიპოვება აგრეთვე ფსკერის ისეთი მონაკვეთები, სადაც დიდ სიღრმეებზე შეიძლება შევხვდეთ რიყის ქვებსა და კენჭებს.[16]

ბაიკალის მცირე სიღრმეების დიდი ნაწილი (განსაკუთრებით მდინარეთა დელტისკენ მოქცეული მონაკვეთები) შედგება ქვიშისგან ან ისეთი ქვიშისაგან, რომელიც შლამთან ერთადაა აღრეული. ნაპირებთან უფრო ახლოს მდებარე ფსკერის მონაკვეთები უმეტესწილად დაფარულია ქვებით და ასე თუ ისე მსხვილი კენჭით. მხოლოდ ფსკერის მცირეოდენი მონაკვეთია ისეთი, რომლებიც ქვიშითაა დაფარული.[16]

ბაიკალი.
ბაიკალი.

ქვაბულის მორფოლოგია

ბაიკალის სანაპირო.
ბაიკალის წყალი.

არა მუდმივად, თუმცა, დიდ ნაწილში ბაიკალის ტბის ფსკერის რელიეფი და მოხაზულობის ფორმა უცვლელი რჩებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. გეოლოგიური თვალსაზრისით, ბაიკალის ტბა თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა მესამეულის ბოლოს ან მეოთხეული პერიოდის დასაწყისში. ამ დროისათვის, თანამედროვე გეოლოგების ვარაუდით, ჩამოყალიბდა ბაიკალის ტბის დიდი ვარდნობები და მოზრდილი მთათა ჯგუფები. ბაიკალამდე არსებული წყალსატევის შესახებ, ინფორმაცია ჯერ კიდევ მცირეა. სავარაუდოდ, ეს იყო ტბების რთული სისტემა, რომლებიც ერთმანეთს სრუტეებით უკავშირდებოდნენ; გარდა ამისა, ტბების სისტემას თანამედროვე ბაიკალზე მეტი ფართობი ეკავა.

არსებობს საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული ტბების სისტემა ვრცელდებოდა ბაიკალისპირეთში, მონღოლეთსა და შესაძლოა მანჯურიასა და ჩრდილოეთ ჩინეთში. ამრიგად, ბაიკალი მისი თანამედროვე მდგომარეობით, წარმოადგენს წყალსატევის ნაშთს, რომელიც ოდესღაც მოზრდილ ფართობს იკავებდა და არაერთხელ განიცდიდა სხვადასხვა პროცესებით გამოწვეულ ცვლილებებს.[16]

გამყინვარების პერიოდში, როდესაც მძლავრი მყინვარები ფართოდ ვრცელდებოდნენ ციმბირის ზოგიერთ რაიონში, ბაიკალისპირეთში ამ დროს გამყინვარება ნაწილობრივ იყო წარმოდგენილი, ხოლო მყინვარები ბაიკალის სანაპირომდე მხოლოდ გარკვეულ ადგილებამდე აღწევდნენ. ქვებისა და ქვიშების მორიგეობა მყინვარების მიერ იყო მოტანილი ჩრდილოეთ ბაიკალში თვით ტბის სანაპირომდე. ასეთი ნატეხი ქანების გროვას მორენებს უწოდებენ, რომელსაც ტბის ზედაპირის მთელი ფართობი არასოდეს არ დაუფარია. თუმცა გამყინვარების პერიოდის შემდეგ შემორჩენილმა მორენებმა დიდი როლი ითამაშეს ჩრდილოეთ ბაიკალის სანაპიროს ფორმირებაში, ხოლო მყინვარების მიერ გადამუშავებული ნატეხი ქანებისგან აგებულია ჩრდილოეთი ბაიკალის ზოგიერთი კონცხი, მაგალითად, ბოლსოდეი. უფრო წვრილი ლოდები და ფხვიერი მასალები წაირეცხა, ხოლო მოზრდილი ლოდები შემორჩა ამ რაიონში დიდი წყალქვეშა ქვების სახით, რომელიც ნაოსნობისათვის არის სახიფათო.[16]

XVIII საუკუნის განმავლობაში და XIX საუკუნის დასაწყისში გეოლოგების ვარაუდით, ბაიკალის ქვაბული წარმოადგენს დედამიწის ქერქის ღრმულს, რომელიც წარმოიშვა მატერიკის ამ ადგილზე არსებული ძლიერი კატასტროფის ხარჯზე. ცნობილმა გეოლოგმა და გეომორფოლოგმა ივანე ჩერსკიმ არსებითად შეცვალა აღნიშნული წარმოდგენა. ჩერსკის მიხედვით, ბაიკალი არის არა ღრმული, არამედ უძველესი წყალსატევი, რომელიც სილურული ზღვის დროიდან შემორჩა, თანდათანობით ჩაღრმავდა დედამიწის ქერქის დაძირვის შედეგად.[16]

მოგვიანებით აკადემიკოსი ვლადიმერ ობრუჩევი დაუბრუნდა უწინდელ წარმოდგენას ქვაბულის წარმოშობის შესახებ, კერძოდ, იგი მიიჩნევდა, რომ ტბის ქვაბული არსებითად გრაბენია. დაძირვა მიმდინარეობდა აზევებასთან ერთად, რომლებმაც ბაიკალის სანაპიროზე შექმნეს მთიანი ქვეყანა. ე. პავლოვსკის შეხედულებით, ბაიკალის ვარდნობები და მათი გამყოფი ქედები წარმოადგენენ ეგრეთ წოდებული სინკლინებისა და ანტიკლინების ერთობლიობას. ცნობილი გეოლოგის ნ. დუმიტრაშკოს შეხედულებით, ბაიკალი არის 3 ქვაბულის რთული სისტემა. სამხრეთი — შეიქმნა ზედა იურულის განმავლობაში, შუა — მესამეულის პერიოდში, ჩრდილოეთი — მესამეულსა და მეოთხეულ პერიოდებს შორის.[16]

ბაიკალის სანაპირო.
ჩივირკუის ყურე.
ოლხონი.

არსებობს დამამტკიცებელი ფაქტები იმისა, რომ ბაიკალის ქვაბულის ფორმირება თანადროულ დროშიც გრძელდება, ხოლო ქვაბულის ფსკერი დღესაც განიცდის დაძირვას. ყველაზე კარგად სანაპიროს დაძირვა შეინიშნება იმ ადგილებში, სადაც ქვაბული სცილდება ნაპირების საზღვარს. ასეთი ადგილება გვაქვს ბარგუზინის ყურესთან, მდინარეების კიჩერისა და ზემო ანგარის რაიონთან და სხვ. ამ ადგილებში შეინიშნება სანაპირო ხაზის თავისებურება, რომელიც მიუთითებს ტბის დონეზე დაბლა მდებარე ნაპირების დაძირვისაკენ. მოიპოვება აგრეთვე ისტორიული ფაქტები დაძირვასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, სოფელ უსტ-ბარგუზინმა რამდენიმეჯერ შეიცვალა თავისი მდებარეობა. ამჟამად სოფელი ნახევრად დატბორილია. ანალოგიური სიტუაცია შეინიშნება მდინარე კიჩერის შესართავის რაიონში. მდინარე სელენგის დელტაში ხმელეთის დადაბლება განპირობებულია თანდათანობითი დატბორვით, რომელსაც მოჰყვა ხმელეთის მასების ჭაობად გადაქცევა.[16]

1861 წლის დეკემბერში მდინარე სელენგის რაიონში დაფიქსირდა ხმელეთის მნიშვნელოვანი დადაბლება, რომელიც ყურის წარმოქმნით დაგვირგვინდა. იმ დროს ბაიკალის წყლის ქვეშ მოექცა მდინარე სელენგის დელტის ჩრდილოეთი მონაკვეთი (წყლით დაიფარა 190 კვადრატული კილომეტრი). მანამდე დაფიქსირდა მიწისძვრა, ამასთანავე შეინიშნებოდა ძლიერი ვერტიკალური დარტყმა, რომელმაც ნაპრალები შექმნა. სტეპი წყლით დაიფარა, 2 მეტრის სიმაღლის ყოფილი შადრევნებით. მეორე დღეს ბაიკალის წყლით დაიტბორა ყველა დადაბლებული მონაკვეთი ბორტოგოის სტეპამდე. სტეპის ადგილას კი 3 მეტრის სიღრმის პროვალის ყურე შეიქმნა.[16]

XX საუკუნის დასაწყისში და ცოტა მოგვიანებით რკინიგზის გასწვრივ ჩატარებული ნიველირების ხარჯზე გამოირკვა ზოგიერთი ხმელეთის მონაკვეთის დადაბლებისა და აზევების სიჩქარე. ბაიკალისპირეთის რაიონში დედამიწის ქერქი მშვიდ მდგომარეობაში არ იმყოფება, რაზეც მეტყველებს ამ რაიონში ხშირი მიწისძვრების, ცხელი წყაროებისა და სხვ. ბუნებრივი მოვლენების ერთობლიობა. ბაიკალის სანაპიროზე შეინიშნება რამდენიმე წყაროს არსებობა.[16]

მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე ბარგუზინის ხეობაში არსებული ცხელი წყაროების გამოსავლები. სოფელ უსტ-ბარგუზინის რაიონში ჩადგეს ჭაბურღილი, რომელმაც 400 მ სიღრმეზე დანალექებში გამოავლინა მცირე ასაკის ხეების ღერო. მდინარეების მიერ შემოტანილი ნაყარის გამო მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის აგრეთვე სანაპირო ფორმები, რის გამოც დელტებიც კი იქმნება. ყველაზე მსხვილ დელტას წარმოშობს მდინარე სელენგა, რომელიც თანდათან გაფართოებას განიცდის. საპირისპირო სურათია მდინარე ბარგუზინის შესართავის რაიონში. ეს უკანასკნელი არ ქმნის ტიპურ დელტებს. ნაყარი დიდი რაოდენობით გროვდება სვიატოი-ნოსთან, იმ ადგილში, სადაც იგი მთებს ებჯინება. კარგად გამკვეთილი დელტები გამომუშავებულია ბაიკალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ნაპირები აზევებას განიცდის. ასეთი მდინარეებია ბუგულდეიკა, რელი, ტია და სხვ.[16]

მთის ნაკადებს წარსულის ეპოქაში როგორც ჩანს მეტი წყალი მოჰქონდათ, ვიდრე დღეს, მოაქვთ დიდი რაოდენობით ნაყარი, აქვეა გამომუშავებული თავისებური გამოზიდვის კონუსები, რომლებიც განვითარებულია დასავლეთ სანაპიროს აზევებულ რაიონში. მრავალრიცხოვანი კონცხები სწორედ გამოზიდვის კონუსებს წარმოადგენენ, რომლებიც თანდათან ეშვებიან ბაიკალის ტბის დონემდე; ასეთი ნახევრად მომრგვალო გამოშვერილი ნაპირების სიგრძე იშვიათად აღწევს 7 კილომეტრს, სიმაღლე 200 მ-მდეა.[16]

წყლის შედგენილობა

თითოეული ტბის ქიმიური შედგენილობა, დონე, ტემპერატურა და წყლის სხვა შემადგენლობები განისაზღვრება არა მხოლოდ წყლით, არამედ წყლის მასების ურთიერთკავშირით ახლომდებარე გარემო პირობებთან, ე.ი. ატმოსფეროსთან, ფსკერთან და ნაპირებთან. რაც უფრო მეტად არის ურთიერთკავშირის ინტენსივობა, მით უფრო მეტ შესაბამისობაში იმყოფება დონის ყველა ცვლილება, ტბის წყლის მასის ტემპერატურა და ქიმიური შედგენილობა. ბაიკალის ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე სელენგა, რომლის წყალშემკრები აუზი შეადგენს 447 000 კმ²-ს, სიგრძე 1024 კმ-ს. ყოველწლიურად სელენგას შეაქვს ბაიკალის ყველა არსებული წყლის მასის დაახლოებით 50%. მეორე დიდი შენაკადია ზემო ანგარა, წყალშემკრები აუზის ფართობი 21 400 კმ²-ია, სიგრძე 438 კმ.[19]

მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე ბარგუზინი (წყალშემკრები აუზი 21 100 კმ², სიგრძე 480 კმ). ბაიკალის შენაკადების უმეტესობა პატარა მდინარეები და ნაკადულებია, ზოგიერთი მათგანი შრობადი ტიპისაა, ზოგიც მხოლოდ წვიმიან სეზონში წარმოიქმნება. ბაიკალის ტბიდან მხოლოდ 1 მდინარე გამოედინება — ანგარა, რომლის სიგრძე 1779 კმ, ხოლო წყალშემკრები აუზის ფართობი 1 040 000 კმ²-ია. სულ ბაიკალის ტბას 336 დიდი თუ პატარა მდინარე ერთვის.[16]

წყლის ბალანსი

ძლიერი და ხანგრძლივი დონეების გადახრა გამოწვეულია ძლიერი ქარებითა და ტბის ზედაპირზე არსებული ბარომეტრიული წნევის არათანაბარი გავრცელებით. ბაიკალი განსაკუთრებით ღელავს გაფართოებულ შუა ნაწილში, რომელიც სახიფათოა მცირე გემებისათვის. წელიწადის დროების მიხედვით, ტბაზე წარმოქმნილი ღელვები უთანასწოროა. უფრო ხშირად გამოხატულია შემოდგომის თვეებში, სადაც იგი თავისი სიძლიერის პიკს აღწევს. ამა თუ იმ რაიონში ძლიერი ქარის არსებობა ღელვას იწვევს მაზობლად მდებარე რაიონებშიც, სადაც მოცემული ქარი საერთოდ არ აღინიშნება ან ქრის სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული ღელვის არსებობა, იმ რაიონში, სადაც არ არის დამახასიათებელი ქარი (ეგრეთ წოდებული „მკვდარი ლივლივი“) ნიშანდობლივია ბაიკალის მრავალი რაიონისთვის.[16]

კლიმატი

ბაიკალის წყლის მასა გავლენას ახდენს და არბილებს სანაპირო ჰავას.[20] ზამთარი შედარებით რბილია, ზაფხული გრილი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარ-თებერვალში დაახლოებით –19 °C, აგვისტოში დაახლოებით 11 °C. აგვისტოში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე (ტბის ღია ნაწილში) 9-12 °C, ნაპირებთან ზოგჯერ 20 °C. წყლის ტემპერატურის სეზონური რყევა 250-300 მ სიღრმემდე შეინიშნება, ქვემოთ კი ტემპერატურა შედარებით მუდმივია 3,2-3,5 °C.[20] ბაიკალი იანვარში იყინება, ყინულძვრა მაისშია დამახასიათებელი. ყინულის სისქე 70-115 სმ. ატმოსფერული ნალექები ტბის შუა და ჩრდილოეთ ნაწილში 200-350 მმ წელიწადში, სამხრეთით 500-900 მმ. სანაპიროებიდან ტბისკენ ქრის სხვადასხვა მიმართულების ძლიერი ქარები (ზოგიერთის სიჩქარე შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში 30-40 მ/წმ აღწევს).[20] ქარით გამოწვეული ტალღების სიმაღლეა 1-3 მ, ზოგჯერ 4-5 მ. ბაიკალისთვის ნიშანდობლივია ტიპური ქარები, რომლებსაც თავიანთი ადგილობრივი სახელწოდება აქვთ: ბარგუზინი, სარმა, ვერხოვიკი და კულტუკი. მზის ნათების ხანგრძლივობა დიდია. ბოლშოე-გოლოუსტნოეს დასახლებაში იგი 2524 სთ. აღწევს.[21]

ყინული

ბაიკალის ყონულოვანი წარმონაქმნები.
ბაიკალი ზამთარში.

ბაიკალი გაძგიფვის პერიოდში (საშუალოდ 9 იანვრიდან4 მაისამდე) თითქმის მთლიანად იყინება. ნაოსნობის სამგზავრო და სატვირთო გემების პერიოდი ჩვეულებრივ გახსნილია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. სამეცნიერო საკვლევი გემები ნავიგაციას ყინულის გათავისუფლებასთან ერთად იწყებენ და ასრულებენ მას ბაიკალის გაყინვამდე, ე.ი. მაისიდან იანვრის ჩათვლით.[22] ზამთრის ბოლოს ყინულის სისქე ბაიკალზე 1 მ აღწევს, ხოლო ყურეებში — 1,5-2 მ-ს. ძლიერი ყინვების დროს აქ არსებული ბზარები ყინულს ცალკეულ ველებზე აღვივებენ. ასეთი ბზარების სიგრძე უდრის 10-30 კმ-ს, სიგანე 2-3 -ს. რღვევები წარმოიქმნება ყოველწლიურად, ტბის დაახლოებით ერთსა და იმავე ადგილზე. ბაიკალის ყინულები მეტად გამჭვირვალეა, ამასთანავე მას ჭრის მზის სხვივები, რის გამოც წყალში უხვად იზრდება პლანქტონური მცენარეულობა, რომლებიც ჟანგბადს გამოყოფენ.[23] ზამთრის პერიოდში სანაპიროებზე შეიმჩნევა ყინულოვანი გროტები და შხეფები.

1930-იან წლებში ბაიკალის ლიმნოლოგიური სადგურის სპეცილისტებმა აღმოაჩინეს მხოლოდ ბაიკალისთვის ნიშანდობლივი ყინულოვანი საფრის უჩვეულო ფორმები. მაგ., ეგრეთ წოდებული „სოპკები“ — 6 მ სიმაღლის კონუსისებრი ყინულოვანი ბორცვები, რომლებიც გარეგნულად მოგვაგონებენ ყინულოვან კარვებს. „სოპკები“ განკერძოებულად ვრცელდება, ზოგჯერ კი მინიატურულ ქედებს ქმნიან. გარდა ამისა, ბაიკალზე გვხვდება რამდენიმე სხვა ტიპის ყინული.

ბაიკალის ყინულოვან საფარზე დაკვირვებები ჯერ კიდევ XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ყინულოვანი წარმონაქმნების შესახებ ცნობებს გვაწვდის ნიკოლაე მილესკუ (1636-1708). ყინულოვანი რეჟიმის სისტემატური კვლევა დაიწყო 1869-1876 წლებში. ყინულოვანი საფრისა და მოვლენების შესწავლა განაგრძო მეცნიერებათა აკადემიის ბაიკალის ლიმნოლოგიურმა სადგურმა, რომელიც 1925 წელს დაარსდა.[24]

თანამგზავრული გამოსახულებების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბაიკალზე წარმოქმნილი და დანგრეული ყინულოვანი საფრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. 2003 წლის გაზაფხულზე კოსმოსიდან მიღებული გამოსახულებების შედეგად მეცნიერებმა ყინულის ზედაპირზე აღმოაჩინეს უჩვეულო ბეჭედისებური სტრუქტურები. თანამგზავრული ინფორმაციის ანალიზმა უჩვენა, რომ აღნიშნული სტრუქტურები ტბაზე 1999 წელსაც შეინიშნებოდა.[24]

სეისმოაქტიურობა

ხუბსუგულის ტბა, რომელიც მოქცეულია ბაიკალის რიფტული ზონის ტერიტორიაზე.

ბაიკალის ტბა მდებარეობს ბაიკალის რიფტული ზონის შუა ნაწილში, რომელმაც ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ ოლიგოცენის დასაწყისში, დაახლოებით 40 მლნ. წლის წინ.[25] დამახასიათებელია რეგულარული ხასიათის მიწისძვრები, რომელთა ძალა MSK-64 ინტენსივობის სკალის შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში 1-2 ბალია; ზოგჯერ უფრო ძლიერი ხასიათის მიწისძვრებიც იცის. ასე მაგ., 1862 წელს მდინარე სელენგის დელტის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა ე.წ. კუდარინსკის მიწისძვრა, რომელმაც დაძირა ხმელეთის მონაკვეთი ფართობით 200 კმ². მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა პროვალის ყურე.[26]

ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1903, 1950, 1957 და 1959 წლებში.[27] შუაბაიკალის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ბაიკალის ტბის ფსკერზე, სოფელ სუხაიას რაიონში (სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო), სადაც მიწისძვრამ 9 ბალს მიაღწია. ქალაქებს ულან-უდესა და ირკუტსკში მთავარი ბიძგის სიმძლავრემ 5-6 ბალი შეადგინა. წარმოიქმნა ნაპრალები და აღინიშნებოდა შენობა-ნაგებობების უმნიშვნელო ნგრევა.

უკანასკნელი ძლიერი მიწისძვრა ბაიკალზე აღინიშნა 2008 წლის აგვისტოსა[28] და 2010 წლის მარტში.[29] ტექტონიკური მოძრაობა თანადროულ დროშიც გრძელდება.[27]

ფლორა

Anemone nemorosa.
მხოხავი ბეგქონდარა.

ბაიკალის ფლორა მრავალფეროვანია. იგი მოქცეულია ზომიერ მკვეთრკონტინეტურ კლიმატურ ზონაში, რომელიც გავლენას ახდენს სანაპირო მცენარეულობაზე. დასავლეთი სანაპირო დაფარულია შერეული ტყით, სადაც ხარობს არყი, მთრთოლავი ვერხვი, ჩვეულებრივი ფიჭვი, ციმბირული ლარიქსი. ქვეტყეს ქმნის: მურყანი, შოთხვი, ცირცელი, წყლის იელი. ტყეში ბევრია ლამაზი ყვავილი. ადრეულ გაზაფხულზე პირველი იზრდება მედგარა და თეთრყვავილა, რომლებიც ფარავენ მშრალ ფერდობებს.[30] მათ შემცვლელად გვევლიანებიან უძოვარა, Anemone nemorosa. ხშირად გვხვდება უიშვიათესი დაცული მცენარე — ორქიდეას ერთ-ერთი სახეობა Cypripedium macranthos. ზაფხულის ბოლოს მწიფდება ციმბირული კენკრები: მოცვი, წითელი მოცვი, ჟოლო, შავი და წითელი მოცხარი, ლურჯი მოცვი, ხახამა, არქტიკული მაყვალი.[30] ბაიკალის ქედის ტბისკენ მიქცეული კალთები ციცაბოა, ზღვის დონიდან 900-1000 მ-მდე გაბატონებულია ტყესტეპი და ფიჭვის კორომები. უფრო ზემოთ მუქწიწვიანი ტაიგაა, შუა და ჩრდილოეთ ნაწილში ლარიქსიანი ტაიგა. 1400 მ მაღლა ლარიქსის მეჩხერი ტყეა ქონდარა ფიჭვის რაყებით, მწვერვალებზე ტყის ტუნდრა და ქვაყრილებია. ბარგუზინის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1200-1400 მ-მდე განვითარებულია ფიჭვისა და ლარიქსის, სოჭისა და კედრის ტაიგა, ზემოთ მეჩხერი ტყე, ალპური მდელოები და მთის ტუნდრაა, აღმოსავლეთ კალთაზე, 1400-1800 მ-მდე ჭარბობს ლარიქსიანი ტაიგა. ხამარ-დაბანის ქედის კალთები, ზღვის დონიდან 1500-1800 მ-მდე შემოსილია კედრის, სოჭისა და ფიჭვის ტყით.

  • ციმბირის ფიჭვი, სიმაღლე 35-40 მ, ღეროს დიამეტრი 1,8 მ. ცოცხლობს 500 წლამდე. უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი კაკლით, რომლის უხვი მოსავალი იცის ყოველი 5-6 წლის შემდეგ. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ციმბირის პურის ხეს“ უწოდებს. გირჩები სექტემბერში მწიფდება.[31]
  • წყლის იელი, რომელიც ბაიკალის სანაპიროზე ქმნის „აყვავებულ ბაღს“. აქვს მოვარდისფრო ყვავილები.[31]
  • მხოხავი ბეგქონდარა, იზრდება ქვიან ადგილებში, ღია ადგილებსა და სტეპის მდელოებში. ყვავის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით.[31]
  • ღანძილი, ბაიკალის თითქმის ყველა რაიონში გვხვდება.[31]

ფაუნა

ფაუნა მდიდარი და მრავალფეროვანია. სანაპირო ფაუნა ტიპურია აღმოსავლეთ-ციმბირის რეგიონისათვის.[32] ბაიკალის ფაუნა ითვლის 1550 სახეობას,[32] რომელთაგან 80%-ზე მეტი ენდემურია. მტაცებლებიდან აღსანიშნავია: მგელი, მელა, სიასამური. მურა დათვი ფართოდაა გავრცელებული, გვხვდება იმ ადგილებში, სადაც არ არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.[32] სიასამური და კვერნა წიწვოვანი ტაიგის ტიპური წარმომადგენლები არიან. იკვებებიან მღრღნელებით, კენკრითა და კაკლით. სიასამურის დასაცავად 1916 წლის 29 დეკემბერს შეიქმნა ბარგუზინის ნაკრძალი. სამურავი იშვიათად გვხვდება. ტყის საზღვრის ზემოთ ფართოდ არის გავრცელებული ყარყუმი და დედოფალა. ბაიკალისპირეთში მეტად იშვიათია ირბისი. ჩლიქოსნებიდან ყველაზე მეტად გვხვდება მარალი. აღსანიშნავია აგრეთვე ლოსი. მაღალ მთებში ბინადრობს ჩრდილოეთის ირემის ქვესახეობა. წვრილი ცხოველებიდან მნიშვნელოვანია: ციყვი, ბურუნდუკი, მემინდვრია, ტყის თაგვი, მებულულესებრნი და სხვ.[32] ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია ბაიკალის სელაპინერპა.

ბაიკალის ტბაში გვხვდება 54 სახეობის თევზი.[33] ამათგან 27 სახეობა მხოლოდ ამ ტბისთვის არის ნიშანდობლივი.[34] ბევრია ღორჯო. სამრეწველო მნიშვნელობისაა ომული, კაპოეტი და სიგი. აქაური თართი სიგრძით 180 სმ, წონით 100-120 კგ აღწევს. ენდემურია გოლომიანკა — ცოცხლადმშობი თევზი. აქვთ მომკრთალო-მოვარდისფრო შეფერილობა. გამოიყოფა მათი 2 სახეობა: დიდი გოლომიანკა და დიბოვსკის ანუ პატარა გოლომიანკა. ორივე სახეობა სხვადასხვა სიღრმეებზე გვხვდება. აღწევენ ფსკერამდე. დღის საათებში პატარა გოლომიანკა უმეტესწილად 250-500 მ-მდე ბინადრობს, ღამით ამოდის 50-100 მ სიღრმემდე.[32] ყველაზე დიდი ეგზემპლარის სიგრძეა 25 სმ. იგი ბაიკალის ერთადერთი ცოცხლადმშობი თევზია. ტბებს შორის ბაიკალი უნიკალურია იმითაც, რომ აქ დიდ სიღრმეებზე გვხვდება მტკნარი წყლის ღრუბლები.

ეკოლოგია

ბაიკალის ტბა უნიკალური ეკოლოგიური სისტემაა. დაცვის უფლების საფუძვლები რეგულირებულია 1999 წელს მიღებული ფედერალური კანონის „ბაიკალის ტბის დაცვის“ შესახებ.[35] ამ კანონის შესაბამისად, ბაიკალის ბუნებრივ ტერიტორიაზე დაწესებულია განსაკუთრებული საწარმოო და სხვა საქმიანობის რეჟიმი. ბაიკალის ბუნებრივ ტერიტორიაზე გაძლიერდა ანთროპოგენური გავლენა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ტბის ეკოლოგიაზე. ყველაზე მეტად ტბას აბინძურებს ბაიკალის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი და აგრეთვე მდინარე სელენგა.[36]

წყლის ტრანსპორტი

წყლის ტრანსპორტი დიდი მნიშვნელობისაა, სხვადასხვა მარშრუტების შესრულებით შესაძლებელია გადაადგილება მთელი ბაიკალის ტერიტორიაზე. მდინარე სელენგა სანაოსნოა მრავალ კილომეტრზე; ბარგუზინზე ნაოსნობა შენაკად გარგამდეა, ამასთანავე მისი წყლები სარწყავადაც გამოიყენება. ხე-ტყის დაცურება საკუთრივ ტბაზე და მრავალ მდინარეზეა შესაძლებელი. ბაიკალი ერთგვარი დიდი აუზია, სადაც თავს იყრიან სანაოსნო და მოძრავი გზები.[16]

ჰიდროენერგეტიკა

დიდი ფართობის გამო, ბაიკალი ჩამონადენის ერთადერთი რეგულატორია მდინარე ანგარისათვის. წყლის უეცარი დაცემა და აწევა შეინიშნება ბაიკალის შენაკადებზე, მათ შორის სელენგაზე, თუმცა საერთოდ არ აღინიშნება მდინარე ანგარაზე.[16] უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ანგარის კასკადი — მძლავრი ჰიდროტექნიკური კასკადი მდინარე ანგარაზე, რომელსაც წყლის ენერგიის უდიდესი პოტენციური მარაგი აქვს. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ანგარის კასკადის მაღალდაწნევიანი კაშხლების მშენებლობაში სამშენებლო სამუშაოების ხვედრითი მოცულობა შედარებით უმნიშვნელოა.[37] სულ 7 საფეხური გამოიყოფა:

ანგარის კასკადის ელექტროენერგიის ბაზაზე მდინარე ანგარის აუზში ვითარდება ენერგოტევადი დიდი სამრეწველო კომპლექსები.

დაკვირვების შედეგები

2002-2007 წლებში მრავალჯერ დაფიქსირდა სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება. ცხრილში მოცემულია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბების სიხშირე პროცენტებში:[38]

მაჩვენებელი 2002 2003 2004 2005 2006 2007
ჟქმ 30 24 25 29 26 30
ჟბმ5 24 31 26 17 9 15
რკინა 85 91 89 83 87 88
სპილენძი 70 79 93 85 96 97
თუთია 22 18 15 15 9 9
ალუმინი 0 3 20 51 0 7
მანგანუმი 0 80 80 100 0 93
ფენოლი 25 14 36 29 26 3
ნავთობპროდუქტები 19 12 18 24 0 28
ფთორიდები 0 31 40 40 0 57

თევზჭერა

ბაიკალის სახალხო მეურნეობაში გამოყენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა მისი ნედლეული რესურსების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა მისი იქთიოფაუნის ათვისება. ბაიკალის სანაპიროებისადმი ადამიანის ინტერესი დიდი ხანია გაღვივდა. მრავალი წლის განმავლობაში ბაიკალის თევზის მრეწველობა ადგილობრივი მნიშვნელობისა იყო. მხოლოდ 1943 წლიდან მიეცა თევზის წარმოებას საკავშირო მნიშვნელობა. ადრეული ცნობები ბაიკალის თევზჭერის შესახებ მიეკუთვნება XIX საუკუნის 30-იან წლებს. იმ პერიოდში დიდი რაოდენობით იჭერდნენ ომულს. 1923-1927 წლებში თევზის რეწვა შემცირდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 1937 წლიდან ისევ გაიზარდა. სარეწაო მნიშვნელობის თევზებია: ომული, კაპოეტი და ტბის სიგი. მოიპოვება აგრეთვე წერი, ქორჭილა, ნაფოტა და სხვ.[39]

ღირსშესანიშნაობები

ბაიკალზე და მის გარშემო ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალრიცხოვანი ბუნებისა და კულტურის ძეგლი, ისტორიული და არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობანი. აღსანიშნავია:

ტურიზმი

ლისტვიანკა დეკემბერში.

ბაიკალი ცნობილია როგორც „ციმბირის მარგალიტი“. ტბაზე მოხვედრა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. როგორც წესი ტბის მნახველები თავდაპირველად მიემგზავრებიან ახლომდებარე რომელიმე მსხვილ ქალაქში: ირკუტსკში, ულან-უდეში ან სევერობაიკალსკში, საიდანაც შესაძლებელია დეტალურად დაიგეგმოს მოგზაურობის მარშრუტი. ირკუტსკიდან 70 კმ-ში, ბაიკალის სანაპიროზე, მდინარე ანგარის სათავის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი ლისტვიანკა — ბაიკალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული პუნქტი, რომელშიც აშენებულია შვიდსართულიანი სასტუმრო — „მაიაკი“. საოლქო ცენტრიდან აქ მოხვედრა შესაძლებელია ავტობუსით ან თბომავალით. ტბის ირგვლივ სხვადასხვა მონაკვეთზე გადის ბაიკალის დიდი ბილიკი — ეკოლოგიური ბილიკების სისტემა. ლისტვიანკიდან ყველაზე პოპულარული მარშრუტები გადის ბოლშიე-კოტიში, სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულზე, და სხვა ადგილებში, სადაც ტურისტებს მისვლა შეუძლიათ. აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარობით სარგებლობს ბარგუზინის ყურე, სადაც გრძელდება ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მშენებლობა. ვიქტორ გრიგოროვმა ქალაქ ირკუტსკში, როგორც ერთ-ერთმა ინვესტორმა დაგეგმა 3 სასტუმროს აშენება, სადაც შეიქმნება 570 სამუშაო ადგილი. 2007 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ბაიკალის რეგიონი გამოაცხადა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად. 1996 წელს იუნესკომ ბაიკალი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[40] ტბის ჩრდილოეთ ნაწილში გაშენებულია კურორტი ხაკუსი.[41]

მითები და ლეგენდები

  • მიჩნეულია, რომ ბაიკალის მამას ჰყავდა 336 მდინარე-ბიჭი და 1 გოგო-ანგარა. ისინი ერთვოდნენ თავიანთ მამას, რამეთუ შეევსოთ მისი წყლები, თუმცა გოგოს შეუყვარდა მდინარე ენისეი და მანაც მამამისის წყლების გატანა დაიწყო შეყვარებულთან. ამის საპასუხოდ, მამა ბაიკალმა საკუთარ შვილს ესროლა კლდის დიდი ნაგლეჯი და დაწყევლა იგი. ამ კლდეს შამან-ქვა ეწოდება, რომელიც მდებარეობს მდინარე ანგარის სათავესთან.
  • ლეგენდის ვარიაციის სხვა შემთხვევაში ნათქვამია, რომ ბაიკალს მხოლოდ 1 შვილი ჰყავდა — ანგარა. მას შეუყვარდა ენისეი და გადაწყვიტა მასთან ერთად გაქცევა. როდესაც ბაიკალმა ამის შესახებ გაიგო შეეცადა მისთვის გზის გადაღობვა და ამისათვის სათავესთან გადააგდო შამან-ქვა. თუმცა ანგარამ მაინც მოახერხა სვლის გაგრძელება და ამის შემდეგ ბაიკალმა მის დასაჭერად გაუშვა ირკუტი, რომელმაც შეიბრალა ანგარა და გზიდან გადაუხვია. ანგარა შეხვდა ენისეის და გზა განაგრძო მასთან ერთად.[42]

ფილმები

  • 1969 წელს გორკის სახელობის კინოსტუდიამ გამოუშვა სერგეი გერასიმოვის ფილმი „ტბასთან“;[43]
  • 1992 წელს „ლენაუჩფილმმა“ გამოუშვა სამეცნიერო-პოპულარული ფილმი „ბაიკალის თქმულება“;[44]
  • 2011 წელს გამოდის მხატვრული ფილმი „სატისფაქცია“. მოვლენები ვითარდება ბაიკალის სანაპიროზე;[45]
  • 2011 წელს გამოდის მხატვრული ფილმი „ბაიკალზე“.[46]

ბაიკალი და ფილატელია

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

  • Берг Л. С., Байкал, его природа и значение в народном хозяйстве, М., 1948;
  • Верещагин Г. Ю., Байкал, М., 1949;
  • Павловский Е. В., Геологическая история и геологическая структура Байкальской горной области, М., 1948;
  • Россолимо Л. Л., Байкал, М., 1966;
  • Ламакин В. В., Неотектоника Байкальской впадины, М., 1968;
  • Думитрашко Н. В., Основные вопросы геоморфологии и палеогеографии Байкальской горной области, "Тр. Института географии АН СССР", 1948, в. 42;
  • Геоморфология дна Байкала и его берегов, М., 1964;
  • Афанасьев А. Н., Водный баланс Байкала, "Тр. Байкальской лимнологической станции", 1960, т. 18:
  • Верболов В. И., Сокольников В. М., Шимараев М. Н., Гидрометеорологический режим и тепловой баланс озера Байкала, М.—Л., 1965;
  • Вотинцев К. К., Гидрохимия озера Байкал, М., 1961;
  • Кожов М. М., Биология озера Байкала, М., 1962;
  • Рыбы и рыбное хозяйство в бассейне озера Байкал, [Сб. ст.], Иркутск, 1958;
  • Мартинсон Г. Г., В поисках предков фауны Байкала, М., 1959; "Тр. Байкальской лимнологической станции", 1931—61, т. 1—20; "Тр. Лимнологического Института СО АН СССР", 1962 — 68, т. 21—30;
  • Флоренсов Н. А., Мезозойские и кайнозойские впадины Прибайкалья, "Тр. Восточно-Сибирского филиала АН СССР. Сер. геол.", 1960, в. 19;
  • Атлас Байкала, Иркутск — М., 1969.
  • Галазий Г. И. Байкал в вопросах и ответах. 1989;
  • Графов С. В., Колотило Л. Г., Поташко А. Е. Лоция озера Байкал. Адмиралтейский № 1007. — СПб.: ГУНиО, 1993;
  • Гусев О. К. Священный Байкал. Заповедные земли Байкала. — М.: Агропромиздат, 1986. — 184 с;
  • Колотило Л. Г. Байкал // Морской энциклопедический словарь. — СПб.: Судостроение, 1991. — Т. 1. — С. 108;
  • Колотило Л. Г. Дриженко Ф. К. // Морской энциклопедический словарь. — СПб.: Судостроение, 1991. — Т. 1. — С. 426;

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 A new bathymetric map of Lake Baikal. INTAS Project 99-1669. Ghent University, Ghent, Belgium; Consolidated Research Group on Marine Geosciences (CRG-MG), University of Barcelona, Spain; Limnological Institute of the Siberian Branch of the Russian Academy of Sciences, Irkutsk, Russian Federation; State Science Research Navigation-Hydrographic Institute of the Ministry of Defense, St. Petersburg, Russian Federation. Morphometric data. [1] დაარქივებული 2016-05-21 საიტზე Wayback Machine.
  2. Бухаров А. А., Байкал в цифрах (краткий справочник), Изд-во ИП «Макаров С. Е.», 2001. — გვ. 72. Выборочные данные из этого справочника დაარქივებული 2009-01-06 საიტზე Wayback Machine.
  3. მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბები. geology.com. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2007.
  4. ბაიკალის ტბა – მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბა. მომზადებულია ე. ანდრიაშინის მიერ, 1998 წ.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-06. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  5. დედამიწის ენციკლოპედია. ბაიკალის ტბა – ლიმნოლოგიური დახასიათება.
  6. Озеро Байкал დაარქივებული 2010-05-27 საიტზე Wayback Machine. , myedge.ru — ირკუტსკის ოლქის ღირსშესან. (რუსული)
  7. Байкал // Научно-популярная энциклопедия «Вода России»
  8. ირკუტსკის ოლქის ელექტროენერგია[მკვდარი ბმული], მეცნიერება ციმბირში (რუსული)
  9. ლ. კოლოტილო, Военные моряки Байкала: проблемы исторической реконструкции деятельности военных моряков российского флота по физико-географическому изучению и освоению озера Байкал в XVIII—XX вв, Наука, 2004. — გვ. 560, ISBN 5-02-025048-1.
  10. ტანგანიიკის ტბა – მსოფლიოს ერთ-ერთ უღრმესი ტბა. მდებარეობა, აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-28. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  11. მსოფლიოს ატლასი – საერთო მონაცემები – კასპიის ზღვა. მდებარეობა, აღწერა.
  12. ბაიკალის ტბა – შეკითხვებსა და პასუხებში. საერთო ცნობები.
  13. Lake Baikal — World Heritage Site. World Heritage. ციტირების თარიღი: January 13, 2007.
  14. Hammer, M.. ; Karafet, T. (1995)DNA & the peopling of Siberia. Smithsonian Institution. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: August 9, 2009.
  15. 15.0 15.1 Hudgins, S. (2003). The Other Side of Russia: A Slice of Life in Siberia and the Russian Far East (PDF), Texas A&M University Press. ციტირების თარიღი: August 9, 2009. 
  16. 16.00 16.01 16.02 16.03 16.04 16.05 16.06 16.07 16.08 16.09 16.10 16.11 16.12 16.13 16.14 16.15 16.16 16.17 16.18 16.19 16.20 16.21 16.22 16.23 16.24 16.25 16.26 16.27 16.28 16.29 16.30 16.31 16.32 16.33 16.34 16.35 16.36 16.37 16.38 16.39 16.40 16.41 16.42 16.43 16.44 16.45 Верещагин Г.Ю. (1949). Байкал. Государственное издательство географической литературы. Москва, გვ. 3-226. 
  17. ბაიკალის ტბა. საინტერესო ცნობები.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02.
  18. ბაიკალის ტბა. საინტერესო ცნობები..
  19. ზემო ანგარა — აღწერა. ინფორმაცია. გეოგრაფიული ენციკლოპედია.
  20. 20.0 20.1 20.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 155.
  21. ბაიკალის ტბა. გეოგრაფიული ცნობები.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-18.
  22. ბაიკალის ტბა შეკითხვებსა და პასუხებში
  23. პლანქტონური მცენარეულობა — ლექსიკონი „აკადემიკი“
  24. 24.0 24.1 ბეჭდისებური ბაიკალი. უჩვეულო ბეჭედისებური სტრუქტურების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-15. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  25. ბაიკალის ტბის მიწისძვრების შესახებ. ბაიკალის მაგია.. www.magicbaikal.ru.
  26. კუდარინსკის მიწისძვრა. აღმოსავლეთი ციმბირი. აღმოსავლეთ ციმბირის გეოგრაფიული აღწერილობა. www.vostok-sibir.ru.
  27. 27.0 27.1 ბაიკალის ტბის სეისმოაქტიურობის შესახებ. ბაიკალის ტბის აღწერა.. www.baikal.ru.
  28. ბაიკალის ტბაზე, 2008 წლის 27 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შესახებ. www.ust-ilimsk.mobi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07.
  29. 2010 წელს ბაიკალზე რეგისტრირებული იქნა 8 ათასზე მეტი მიწისძვრა.. www.vtinform.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22.06.2012. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  30. 30.0 30.1 ბაიკალის ტბის ფლორა. ბაიკალის ფლორისტიკული აღწერა.. www.baikalnature.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 ბაიკალის ტბის ფლორა და ფაუნა. ბაიკალის ფლორისტიკულ-ფაუნისტური აღწერა.. www.delfin-tour.ru.[მკვდარი ბმული]
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 ბაიკალის ტბის ფლორა და ფაუნა. აღწერა, ინფორმაცია.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09.
  33. ბაიკალის ტბის თევზები. ბაიკალის ზოოლოგიური ექსკურსია. თევზები.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14.
  34. ტბის ცოცხალი სამყარო. ЦНИТ ИГУ. — Baikal.ru
  35. ბაიკალის ტბის დაცვის შესახებ..
  36. „ბაიკალის ტბის დაცვა და ბაიკალის ბუნებრივი ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება 2012-2020 წლებში“.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-09.
  37. ანგარის კასკადი. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია..
  38. მდინარეების წყლის რესურსები და მათი ხარისხი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2012-08-07.
  39. თევზაობა ბაიკალის ტბაზე. საინტერესო ცნობები..
  40. ბაიკალის ტბა. ტურიზმი და დასვენება ბურიატიაში.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19.
  41. ბაიკალის ტბა. ხაკუსის თერმული წყარო.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-29.
  42. ბაიკალის შვილი ანგარა და ენისეი.. www.baikal-center.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05.
  43. ფილმი „ტბასთან“..
  44. ვიქტორ პეტროვი. ბიოგრაფია, ფილმოგრაფია..[მკვდარი ბმული]
  45. ფილმი „სატისფაქცია“.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-11.
  46. ფილმი „ბაიკალზე“..[მკვდარი ბმული]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 754
ინგლ.რუს.ფრ.