ლარიქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლარიქსი
Larix decidua - Köhler–s Medizinal-Pflanzen-216.jpg
Larix decidua
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ფიჭვისებრნი
გვარი: ლარიქსი
ლათინური სახელი
Larix

ლარიქსი (Larix), წიწვოვანი მცენარის გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. 30-35 მ სიმაღლის სწორტანიანი ხეებია. სხვა მარადმწვანე წიწვოვანებისაგან განსხვავებით, ლარიქს წიწვები უყვითლდება, სცვივა და ზამთრობით ხე მთლიანად შიშვლდება. 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იგი ბუნებრივად არ იზრდება, ინტროდუცირებულია აქა-იქ მცირე რაოდენობით, მაგრამ ტენის ნაკლებობისას მალევე იღუპება. ლარიქსის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარიები (22-30 მ სიმაღლისა და 55-70 წლისა) გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე, წინანდლის პარკში და ბაკურიანში. კულტივირებულია აგრეთვე თბილისში, ბორჯომში, ზემო სვანეთში (მესტია) და სხვა. ყველაზე მრავლადაა გაშენებული ახალქალაქში, სადაც შერეულია ტყის ნარგავში. ლარიქსი ძალიან ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. კარგად ხარობს ზომიერად ტენიან და ფხვიერ ნიადაგებზე (კერძოდ, კირიანზე). ზაფხულის სიცხისა და გვალვისადმი მგრძნობიარეა და სამხრეთ ქვეყნებში მისი კულტივირება მხოლოდ გრილ ადგილებშია შესაძლებელი. ძლიერ სწრაფმზარდია. მეტად მტკიცე და მაგარი მერქანი აქვს, რომელიც გამოიყენება გემთმშენებლობაში. წყალქვეშა ნაგებობისათვის და სხვა. მერქნის გამძლეობითა და სიმძიმით ლარიქსს უთხოვართან ერთად ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია წიწვოვანთა შორის. იძლევა ძვირფას ფისს, რომლისგანაც მზადდება სკიპიდარი და კანიფოლი. ქერქიდან იღებენ მთრიმლავ ნივთიერებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სხიერელი ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 131, თბ., 1983