შინაარსზე გადასვლა

მეცნიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მეცნიერება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მეცნიერება (გამომცემლობა).

მეცნიერება — ადამიანის მოღვაწეობის სფერო, რომლის ფუნქციაა სინამდვილის მოვლენების, პროცესების, არსებისა და კანონების შესახებ ობიექტური, ჭეშმარიტი ცოდნის სისტემატიზაცია აბსტრაქტულ-ლოგიკური ფორმით; საზოგადების ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ისტორიული განვითარების მსვლელობაში იქცევა საზოგადოების უშუალო საწარმოო ძალად. ცნება „მეცნიერება“ მოიცავს როგორც ახალი ცოდნის მიღებისათვის საჭირო მოღვაწეობას, ისე მის შედეგს. ტერმინს „მეცნიერება“ ხმარობენ აგრეთვე მეცნიერული ცოდნის ცალკეული დარგების აღსანიშნავად.

მეცნიერების უშუალო ამოცანაა სინამდვილის მოვლენებისა და პროცესების აღწერა, ახსნა და წინასწარხედვა, რაც ფართო გაგებით ნიშნავს სინამდვილის თეორიულ ახსნას მეცნიერების მიერ აღმოჩენილი კანონების საფუძველზე.

განვითარების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების სათავე კაცობრიობის ისტორიის შორეულ წარსულში აქვს, როცა ადამიანის საწარმოო და შემეცნებითი საქმიანობა ერთმანეთთან იყო შერწყმული. დასაწყისში მეცნიერება ასრულებდა ადამიანის პრაქტიკულ-კონკრეტულ საქმიანობის საორიენტაციო საშუალების ფუნქციას.

მეცნიერება წარმოიშვა წარმოებისა და საზოგადოების ურთიერთობათა შედარებით მაღალ დონეზე, რამაც განსაზღვრა გონებრივი შრომის გამოყოფა ფიზიკურისაგან და მეცნიერული საქმიანობის შესაძლებლობა. საჭირო იყო აგრეთვე მდიდარი ტრადიციები სხვადასხვა ხალხის კულტურის მონაპოვართა ათვისებისათვის. ასეთი პირობები შეიქმნა ძვ. წ. VI საუკუნეში საბერძნეთში, სადაც თეორიულ ნატურფილოსოფიური სისტემები წამყვან მნიშვნელობას ანიჭებდნენ ცოდნის ობიექტურობასა და ლოგიკურ დამაჯერებლობას; ამ დროს შემუშავდა სინამდვილის მთლიანობის ამხსნელ აბსტრაქტულ ცნებათა სისტემა, საფუძველი ჩაეყარა სამყაროს ბუნებრივი საწყისებისა და კანონების ძიების ტრადიციას, მასალის ლოგიკურად მწყობრი გადმოცემის წესს. ამავე პერიოდში დაიწყო ნატურფილოსოფიიდან ცოდნის ცალკეული დარგების გამოყოფა. ძველი ბერძნული მეცნიერების განვითარების ელინისტურ პერიოდში შეიქმნა პირველი თეორიული სისტემები გეომეტრიაში (ევკლიდე), მექანიკასა (არქიმედე) და ასტრონომიაში (პტოლემე).

შუა საუკუნეებში მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს არაბული აღმოსავლეთისა და შუა აზიის მეცნიერებმა (იბნ სინა, იბნ რუშდი და სხვები), ძველ-ბერძნული ტრადიციების საფუძველზე მათ გაამდიდრეს ცოდნის მრავალი დარგი. ევროპაში ეს ტრადიცია ქრისტიანული რელიგიის გავლენით არსებითად დამახინჯებულად გამოვლინდა შუა საუკუნოვანი ფილოსოფიის სპეციფიკური ფორმის — სქოლასტიკის — სახით. მან სრულყო თეორიული კამათისა და დისკუსიების ხელოვნება. თანამედროვე მეცნიერების ბაზის მომზადებაში გარკვეული როლი შეასრულა აგრეთვეე ალქიმიამ და ასტროლოგიამ. პირველმა საფუძველი ჩაუყარა ბუნებრივი ნივთიერებებისა და შენაერთების ცდისეული შესწავლის ტრადიციას, ხოლო მეორე სტიმულს აძლევდა ციურ სხეულებზე დაკვირვებასა და ასტრონომიის განვითარებას, თანამედროვე გაგებით მეცნიერება ახალ დროში XVI-XVII საუკუნეებში ჩამოყალიბებას იწყებს კაპიტალისტური წარმოების მოთხოვნილებათა გავლენით. ეს არის II ეტაპი მეცნიერების ისტორიაში, როცა საფუმველი ეყრება თანამედროვე ცდისეულ ბუნებისმეცნიერებას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებებს და შემდგომ ვითარდება ფილოსოფია. ეს იყო რევოლუციური გადატრიალების ეტაპი მეცნიერების ისტორიაში, რასაც, გარდა წარსულის ტრადიციებისა, კიდევ ორი გარემოება განაპირობებდა: ჯერ ერთი, აღორძინების ეპოქაში ძირი გამოეთხარა რელიგიური აზროვნების ბატონობას, მეცნიერება კი იქცა სულიერი ცხოვრების დამოუკიდებელ ფაქტორად და მსოფლმხედველობის რეალურ ბაზად (ლეონარდო და ვინჩი, ნ. კოპერნიკი); მეორე, გამდიდრდა მეცნიერების პრაქტიკული ბაზა, დაკვირვებას დაემატა ექსპერიმენტი, როგორც კვლევის წამყვანი მეთოდი. მეცნიერებაში ეს ღრმა გარდაქმნა მოასწავებდა პირველ მეცნიერულ რევოლუციას (გ. გალილეი, ი. კეპლერი, შ. ჰარვეი, რ. დეკარტი, ი. ნიუტონი და სხვები), საზოგადოების მოვლენების მიმართ ეს გამოიხატა რელიგიის, სამართლის, მორალის და ა. შ „ბუნებრივი საწყისების“ ძიებაში (ჰ. გროციუსი, ბ. სპინოზა, ტ. ჰობზი, ჯ. ლოკი და სხვები).

XVII საუკუნის მექანიკურმა სისტემატიზაციამ განსაზღვრა მექანისტური მსოფლმხედველობის წარმოშობა ბუნების მეცნიერების სფეროში. მისი გავრცელების საფუძველზე კი წარმოიშვა ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანური ბუნების, სახელმწიფოსა და საზოგადოების შესახებ, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში ერთიანი მსოფლიო მექანიზმის შესახებ ზოგადი მოძღვრების ნაწილებად იყო მიჩნეული.

მაგრამ მექანისტური შეხედულების ფარგლებში ვერ თავსდებოდა XIX საუკუნეში შეგროვილი დიდი მასალა. საჭირო გახდა მეცნიერების სხვადასხვა დარგის მონაპოვართა უფრო ღრმა და ფართო სინთეზი. ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის კანონის აღმოჩენამ (რ. მაიერი, ჯ. ჯოული, ჰ. ჰელმჰოლცი) საერთო ნიადაგი შეუქმნა ფიზიკისა და ქიმიის ყველა დარგს. უჯრედის თეორიის შექმნამ (თ. შვანი, მტ. შლეიდენი) დაამტკიცა, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს ერთგვაროვანი სტრუქტურა. ჩ. დარვინის ევოლუციურმა მოძღვრებამ ბუნებისმეცნიერებაში განვითარების იდეა შეიტანა. ელემენტთა პერიოდულმა სისტემამ კი დაასაბუთა შინაგანი კავშირის არსებობა ნივთიერებათა ყველა ცნობილ სახეობას შორის.

ძირეულმა ცვლილებებმა მეცნიერული აზროვნების სტრუქტურაში, აგრეთვე, ახალმა აღმოჩენებმა ფიზიკაში (ელექტრონის, რადიაქტივობის და სხვ.) XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გამოიწვია ახალი დროის კლასიკური მეცნიერებისა და მისი ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიურ საფუძვლების კრიზისი. კრიზისიდან მეცნიერება გამოიყვნა ახალმა რევოლუციამ, რომელიც დაიწყო ფიზიკაში (მ. პლანკი, ა. აინშტაინი) და გავრცელდა მეცნიერების ყველა ძირითად დარგში. ეს არის მესამე ეტაპი მეცნიერების ისტორიაში, რისთვისაც დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი ტექნიკასთან, მეცნიერების გადაქცევა უშუალო საწარმოო ძალად, თანამედროვეობის მასშტაბური პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა (ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ოპტიმიზაცია, ენერგიის ახალი წყაროების შექმნა, დიდი სისტემების მართვა, კოსმოსის გამოკვლევები და სხვა).

მეცნიერების თანამედროვე გავრცელებული კლასიფიკაცია

მეცნიერებათა კლასიფიკაცია არის მეცნიერების განსხვავებული დარგების ლოგიკური განლაგება მათი შინაგანი კავშირების გარკვევის საფუძველზე. იგი ერთ-ერთი ძირითადი საკითხია სპეციალური დარგის — მეცნთერებათმცოდნეობისა, რომელიც სწავლობს აგრჯეთვე მეცნიერების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერებებს მეცნიერული მოღვაწეობის სტრუქტურისა და დინამიკის პრობლეშებს, მეცნიერების ურთიერთობას საზოგადოების მატერიალური და სულიერი ცხოვრების სხვა სფეროებთან.

მეცნიერებათა კლასიფიკაცია შეიძლება გნოსეოლოგიური, მეთოდოლოგიური და ლოგიკური თვალსაზრისის მიხედვით. პირველ შემთხვევაში კლასიფიკაცია ემყარება ან კვლევის ობიექტების კავშირის გათვალისწინებებს, ან თვით დარგის სიახლოვეს მიმდებარე დარგთან. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით კლასიფიკაცია დამოკიდებულია თვით მეცნიერების დარგებს შორის არსებული კავშირის გაგებაზე: თუ მას მიიჩნევენ გარეგან კავშირად, დარგებს განალაგებენ ერთიმეორის გვერდით (კოორდინაციის პრინციპი), ხოლო თუ შინაგან და ორგანულ კავშირად, — ძალაშია სუბორდინაციის პრინციპი. ლოგსტიკური თვალსაზრისით კლასიფიკაციის საფუძვლად აღებულია მეცნიერებათა ზოგადი კაავშირის სხვადასხვა მხარე, რომლებიც დამახასიათებელია მეცნიერებათა ძირითადი რიგის საწყისი და საბოლოო პუნქტებისათვის. ასეთია მეცნიერებათა განლაგება ზოგადიდან კერძოსაკენ („კლებადი ზოგადობის“ პრინციპი) და აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ („მზარდი კონკრეტულობის“ პრინციპი).

ყველა აღნიშნული თვალსაზრისი და შესაბამისი პრინციპები მუშავდებოდა და ზუსტდებოდა მეცნიერების ისტორიული განვითარების კვალობაზე. მაგალითად, კლასიფიკაციის პირველ ეტაპზე ანტიკური მოაზროვნეები ობიექტის მიხედვით მთელ ცოდნას ანაწევრებდნენ 3 მთავარ დარგად: ბუნება (ფიზიკა), საზოგადოება (ეთიკა) და აზროვნება (ლოგიკა). მეორე ეტაპზე (XV-XVIII საუკუნეები) ნიშანდობლივი გახდა კლასიფიკაციას გარეგანი ნიშნების მიხედვით, წარმოიშვა კლასიფიკაციის სუბიექტური პრინციპი (ხ. უარტე, ფ. ბეკონი). ტ. ჰობზმა სცადა შეეთავსებინა სუბიექტური და ობიექტური პრინციპები. კლასიფიკაციის ობიექტურ პრინციპს ავითარებდა დეკარტი. პ. გასენდიმ აღადგინა მეცნიერებათა კლასიკური დაყოფა ლოგიკად, ფიზიკად და ეთიკად, ხოლო ფრანგი ენციკლოპედისტები (დ. დიდრო და დ’ალამბერი) მხარს უჭერდნენ ბეკონისეულ პრინციპებსა და სქემას, მესამე ეტაპზე (XIX საუკუნის პირველი სამი მეოთხედი) ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა მეცნიერებათა კლასიფიკაციის პრობლემის ორი გადაწყვეტა: ფორმალური – ზოგადიდან კერძოსაკენ კოორდინაციის პრინციპის მიხედგით (კ. სენ-სიმონი, ო. კონტი); ეს გახდა პრობალემის მეორენაირი გადაწყვეტის — სუბოსრდინაციის პრინციპზე გადასვლის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრინციპს ამუშავებდნენ როგორც იდეალური (ი. კანტი, ფ. შელინგი, გ. ჰეგელი, ა. პუანკარე, ვ. ვუნდტი, ტ. მასარიკი და სხვ.), ისე მატერიალური (ა. გერცენი, ნ. ჩერნიშევსკი და სხვ.) პოზიციებიდან, იგი ძირითადაად ეთანხმებოდა მოვლენათა განვითარებიხსა და საყოველთაო კავშირის იდეას.

მეცნიერებათა მარქსისტული კლასიფიკაცია ემყარება ორი ძირითადი მომენტის — ობიექტუირი მიდგომისა და სუბორდინაციის ორგანიზაციის ერთიანობას. იგი არის ცოდნის მეცნიერული სისტემა, რომელიც ადგენს ზუსტ თანაფარდობას ერთი მხრივ, ფილოსოფიასა და მეცნიერებას ხოლო, მეორე მხრივ, ბუნებისმეცნიერებასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებს შორის. ამასთან არკვევს გამოყენებითი დარგების როლს ცოდნის, საერთო სისტემაში; ემყარება მოძრაობის ფორმათა ბუნებრივი განლაგების გათვალისწინებას; მეცნიერული მარქსისტული კლასიფიკაცია ითვალისწინებს მეცნიერებათა 4 დიდ ჯგუფად (ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი, გამოყენებითი) დაყოფის პირობითობას და მიუთითებს თითოეული მათგანის რთულ სტრუქტურაზე, ასაბუთებს, მათი საკუთრივი კლასიფიკაციის აუცილლებლობას.

ატომის ბორის მოდელი, მეცნიერების ისტორიაში მრავალ იდეათა მსგავსად გამოყვანილ იქნა, მოგვიანებით კი ნაწილობრივ უკუგდებული ექსპერიმენტების მეშვეობით.

მეცნიერებათა კლასიფიკაციას მიეძღვნა უამრავი გამოკვლევა და ნაშრომი, მაგრამ ამ თემაზე რაიმე საერთო თვალთახედვა არ არსებობს. კლასიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად, შესაძლებელია ესა თუ ის მეცნიერება განხილულ იქნეს როგორც ცოდნის განცალკევებული სფერო ან როგორც სხვა მეცნიერების დარგი, შტო. უკანასკნელ ათწლეულებში მრავალი ახალი დარგი ჩამოყალიბდა მეცნიერებათა მიჯნაზე, როგორებიცაა მაგალითად: მათემატიკური ლინგვისტიკა, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბიოქიმია, გეოფიზიკა და ა.შ., რომელთა ადგილის განსაზღვრა მეცნიერებათა სისტემაში არ არის ერთმნიშვნელოვანი პრობლემა.

ყველაზე ხშირად მეცნიერებათა სისტემას შემდეგ ჯგუფებად ჰყოფენ:

მეცნიერების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერება ანტიკურ ხანაში წარმოიშვა საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილებების გამო, მაგრამ ჩამოყალიბდა XVI-XVII საუკუნეებში. ამ დროიდან სამეცნიერო საქმიანობის (აღმოჩენების, სამეცნიერო ინფორმაციის, მეცნიერთა რიცხოვნობის) მოცულობა ყოველ 10-15 წელში ორმაგდებოდა. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენსიური და რევოლუციური პერიოდები. სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა „მეცნიერება – ტექნიკა – წარმოება“, რომელშიც წამყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის. ისტორიული განვითარების პროცესში მეცნიერება მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი გახდა და დიდი გავლენა მოიპოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან და პოლიტიკასთან, რაც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ როლს.

მეცნიერებათა სახელწოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო დისციპლინათა სახელდებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ბერძნული წარმოშობისაა. ამ ტერმინების ფორმანტებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება –ია, –იკა, აგრეთვე:

  • -გრაფია – „grapho“ ვწერ, აღვწერ;
  • -იატრია – „iatreou“ ვმკურნალობ;
  • -ლოგია – „logos“ სწავლება, მეცნიერება;
  • -მეტრია – „metreo“ ვზომავ;
  • -ნომია – „nomos კანონი;
  • -პედია – „paideia“ აღზრდა;
  • -სკოპია – „skopeo“ ვუყურებ;

სამეცნიერო დაწესებულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო დაწესებულება არის მეცნიერთა და სხვა პირთა გაერთიანება, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს აწარმოებენ. იგი უძველეს ხანაში წარმოიშვა, ხოლო XV-XVI საუკუნეებიდან მეცნიერთა პროფესიული გაერთიანების სახე მიიღო (ხშირად მათ აკადემიებს უწოდებდნენ). XVI საუკუნეში გამოჩნდა სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები: გეოგრაფთა, მედიკოსთა და სხვა.