ყვავილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყვავილები)
ტერმინს „ყვავილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ყვავილი (მრავალმნიშვნელოვანი).
გერბერას ყვავილი
Zantedeschia aethiopica

ყვავილითესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული ყლორტია, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება. ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. ყვავილსაჯდომი სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი ფოტოსინთეზის დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება მწერების მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის ყვავილსაფარს. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.

ყვავილის ცენტრში მტვრიანები და ნაყოფფოთლებია. წარმოშობისა და ფუნქციის მიხედვით მტვრიანები მიკროსპოროფილებია. მათგან უფრო პრიმიტიული მტვრიანები წარმოადგენს ბაბთისებრ ფირფიტას, რომელზეც ფირფიტის ქსოვილში მეტ-ნაკლებად ჩამჯდარი 4 წყვილ-წყვილად განწყობლი მიკროსპორანგიუმებია. ევოლუციურად უფრო მაღალ საფეხურზე მტვრიანა შედგება სამტვრე ძაფისა და სამტვრე პარკისაგან.

ყვავილების მტვრიანების ერთობლიობას ანდროცეუმი ეწოდება. ზოგჯერ მტვრიანები სამტვრე ძაფებით არის შეზრდილი ერთმანეთთან, ყვავილსაფართან და ნაყოფფოთლებთან. მტვრიანები შეიძლება სამტვრე პარკებითაც იყოს შეზრდილი.

ნაყოფფოთლები სახეშეცვლილი მეგასპოროფილებია. ნაყოფფოთლების შედარებით უფრო პრიმიტიული ტიპი ახასიათებს დეგენერიას და ტასმანიას გვარებს. ნაყოფფოთლის ზედა ნაწილი წაგრძელებულია და ქმნის სვეტს, რომელიც სპეციალური ჯირკვლოვანი ქსოვილით — დინგით ბოლოვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 634.
  • Первухина Н. В., Проблемы морфологии и биологии цветка, Л., 1970;
  • Эсау К., Анатомия растений, пер. с англ., М., 1969.