ანტარქტიდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტარქტიდა
ანტარქტიდის მდებარეობა
ფართობი 14 000 000 კმ²
მოსახლეობა დაუსახლებელი
ქვეყნები 0
სასაათო სარტყელი ყველა
ინტ. დომენი .aq

ანტარქტიდა (ბერძნ. ἀνταρκτικόςარქტიკის საპირისპირო) — კონტინენტია დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და ყინულით თითქმის სრულად დაფარული, რომლის სისქეც 1,6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავს სამხრეთის ოკეანის წყლები (აგრეთვე ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 14 მლნ კვ. კმ-ს (ასევე 1,6 მლნ. კვ. კმ-ს შეადგენს შელფური ყინულები, 75 500 კმ²-ს კუნძულები). ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ანტარქტიდის მიწები[რედაქტირება]

ანტარქტიდის რუკა
ანტარქტიდის თანამგზავრული ფოტოგრაფია

ანტარქტიდის ტერიტორია იყოფა გეოგრაფიულ რეგიონებად და რაიონებად, რომლებიც წლების წინ იქნა აღმოჩენილი სხვადასხვა მოგზაურების მიერ. რეგიონს სახელი ეწოდა აღმომჩენის, მისი გამომკვლევის ან სხვა რომელიმე პირის პატივსაცემად და მას ეწოდება «მიწა».

ანტარქტიდის მიწების სია:

ამას გარდა, ანტარქტიდას ეკუთვნის სამხრეთი ორკნეის, სამხრეთ შეტლანდის და ბალენის კუნძულები, ასევე ბერკნერის კუნძული.

კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილია სიფრეს კონცხი.

რელიეფი[რედაქტირება]

მატერიკის ზედაპირის რელიეფი, წითელი შეფერილობით აღნიშნულია სიმაღლეები
მატერიკის ზედაპირის რელიეფი ამოწეული მიწის ქერქის გათვალისწინებით ყინულის საფარის დნობის და ზღვის დონის ამოწევის შემდეგ
მატერიკის ზედაპირის რელიეფი ყინულის საფარის გარეშე

ანტარქტიდა — დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტია, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2000 მეტრზე მეტს, ხოლო კონტინენტის ცენტრში აღწევს 4000 მეტრს. ამ სიმაღლის დიდ ნაწილს შეადგენს კონტინენტის მუდმივი ყინულის საფარი, რომლის ქვეშაც დაფარულია კონტინენტალური რელიეფი და მისი ფართობის მხოლოდ 0,3 %-ია (დაახლოებით 40 ათასი კმ²) თავისუფალი ყინულისაგან — ძირითადად დასავლეთ ანტარქტიდაში და ტრანსანტარქტიდულ მთებში: კუნძულები, სანაპირო მონაკვეთები, ეგრედ წოდებული «მშრალი ველები» და მთიანი მწვერვალები (ნუნატაკები), რომლებიც ამოშვერილია ყინულის ზედაპირიდან. მთელი მატერიკის გადამკვეთი ტრანსანტარქტიკული მთები ანტარქტიდას ყოფენ ორ ნაწილად — დასავლეთ და აღმოსავლეთ ანტარქტიდად, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა წარმოშობა და გეოლოგიური აგებულება. აღმოსავლეთში მდებარეობს მაღალი (ყველაზე უფრო დიდი ყინულის ზედაპირის ამაღლება ~4100 მეტრია ზღვის დონიდან) ყინულით დაფარული პლატო. დასავლეთი ნაწილი შედგება მთიანი კუნძულების ჯგუფისაგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ყინულით. წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობენ ეგრედ წოდებული ანტარქტიდული ანდები, რომელთა სიმაღლე აჭარბებს 4000 მეტრს; კონტინენტის ყველაზე მაღალი წერტილია — 4892 მეტრი[1] ზღვის დონიდან — ვინსონის მასივი ელსუორტის მთებში. დასავლეთ ანტარქტიდაზე მდებარეობს კონტინენტის საკმაოდ ღრმა დეპრესია — სავარაუდოდ რიფტული წარმოშობის ბენტლის ღრმული. მისი სიღრმე, რომელიც ყინულითაა სავსე, აღწევს 2555 მეტრს ზღვის დონიდან დაბლა.

ყინულსქვეშა რელიეფი[რედაქტირება]

თანამედროვე მეთოდების დახმარებით ჩატარებულმა კვლევებმა საშუალება მოგვცა მეტი გაგვეგო სამხრეთი მატერიკის ყინულქვეშა რელიეფის შესახებ. კვლევების შედეგად გამოირკვა, რმ მატერიკის დაახლოებით მესამედი იმყოფება მსოფლიო ოკეანის დონის დაბლა, კვლევებმა ასევე აჩვენეს მთის ჯაჭვების და მასივების არსებობა.

კონტინენტის დასავლეთ ნაწილს აქვს რთული რელიეფი და სიმაღლეთა დიდი სხვაობები. აქ მდებარეობს ანტარქტიდაში ყველაზე მაღალი მთა (ვინსონის მთა — 4892 მეტრი) და ყველაზე ღრმა ღრმული (ბენტლის ღრმული − 2555 მეტრი). ანტარქტიდის ნახევარკუნძული წარმოადგენს სამხრეთამერიკული ანდების გაგრძელებას, რომელიც გრძელდება სამხრეთ პოლუსის მიმართულებით, მისგან ოდნავ გადახრილ დასავლეთ სექტორში.

მატერიკის აღმოსავლეთის ნაწილს აქვს უპირატესად გასწორებული რელიეფი, ცალკეული პლატოებით და მთის ქედებით სიმაღლით 3—4 კმ-მდე. აღმოსავლეთი ნაწილი დასავლეთი ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც აგებულია ახალგაზრდა კაინოზოური ჯგუფის ჯიშის ქანებით, წარმოადგენს ადრე გონდვანის შემადგენლობაში შემავალი ბაქნის კრისტალური ფუნდამენტის შვერილს.

კონტინენტს აქვს შედარებით დაბალი ვულკანური აქტივობა. ყველაზე დიდი ვულკანია — ერებუსის მთა როსის კუნძულზე როსის ზღვაში.

ნასას მიერ ჩატარებულმა ყინულქვეშა რელიეფის გამოკვლევებმა ანტარქტიდაში აღმოაჩინეს ასტეროიდული წარმოშობის უილკსის მიწის კრატერი. კარსტული ძაბრის დიამეტრი შეადგენს 482 კმ-ს. კრატერი წარმოიქმნა დედამიწაზე ასტეროიდის დაცემის შედეგად სიგანით დაახლოებით 48 კმ (ეროსის ასტეროიდზე მეტი), დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, პერმულ-ტრიასულ დროს. ასტეროიდის ჩამოვარდნისას და აფეთქებისას წარმოშობილმა მტვერმა წარმოქმნა მრავალსაუკუნიანი აცივება და მაშინდელი ეპოქის ფლორის და ფაუნის დიდი ნაწილის გადაშენება. ეს კრატერი დღეისათვის დედამიწაზე ყველაზე დიდად ითვლება.

ანტარქტიდის მთელი ყინულის საფარის გადნობის შემთხვევაში მისი ფართობი შემცირდება მესამედით: დასავლეთი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად, ხოლო აღმოსავლეთი ანტარქტიდა დარჩება მატერიკად. სხვა მონაცემებით, მთელი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად.

ყინულის საფარი[რედაქტირება]

ანტარქტიდის ყინულქვეშა რელიეფი

ანტარქტიდის ყინულის საფარი ყველაზე დიდია ჩვენს პლანეტაზე და ზომით მის უახლოეს მეზობელ გრენლანდიის ყინულის საფარის ფართობს აჭარბებს დაახლოებით 10-ჯერ. მასში თავმოყრილია ყინულის ~30 მილიონი კმ³, ანუ ხმელეთის ყველა ყინულის 90 %. ყინულის სიმძიმის გამო, როგორც ამას გეოფიზიკოსების გამოკვლევები აჩვენებს, კონტინენტმა ჩაიწია საშუალოდ 0,5 კმ-ით, რასაც ადასტურებს მისი შედარებით ღრმა შელფი. ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 1963 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პერიოდში, ყინულის მარაგმა შეადგინა 26,5 მილიონი კმ³.

ანტარქტიდაში ყინულის საფარი შეიცავს პლანეტაზე არსებული მთელი მტკნარი წყლის დაახლოებით 80 %-ს; თუ ის მთლიანად დადნება, მსოფლიო ოკეანის დონე აიწევს თითქმის 60 მეტრით (შედარებისათვის: თუ გადნებოდა გრენლანდიის ყინულის საფარი, ოკეანის დონე სულ აიწეოდა 8 მეტრით).

ყინულის საფარს აქვს გუმბათის ფორმა ზედაპირის დახრილობის ზრდით სანაპიროსკენ, სადაც ის ბევრ ადგილებში გარშემორტყმულია შელფური მყინვარებით. ყინულის ფენის საშუალო სისქეა — 2500-2800 მეტრი, რომელიც მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს აღმოსავლეთ ანტარქტიდის ზოგიერთ რაიონში — 4800 მეტრი. ყინულის დაგროვებას ყინულის საფარზე მოაქვს, როგორც სხვა მყინვარების შემთხვევაში, ყინულის გადაადგილება აბლიაციის (ლათ. ablatio — ნგრევა) ზონაში, რომლის როლსაც ასრულებს კონტინენტის სანაპირო; ყინული მოტყდება აისბერგის სახით. აბლიაციის წლიური მოცულობა შეფასებულია 2500 კმ³-ით.

ანტარქტიდის განსაკუთრებულობაა შელფური მყინვარების (დასავლეთ ავსტრალიის დაბალი (ცისფერი) რაიონები) დიდი ფართობი, რომელიც შეადგენს ზღვის დონიდან ამაღლებული ფართობის ~10 %-ს; ეს მყინვარები რეკორდული ზომის აისბერგების წყაროა, რომლებიც მნიშვნელოვნად სჭარბობს გრენლანდიის მყინვარებიდან მოწყვეტილი აისბერგების ზომებს; ასე მაგალითად, 2000 წელს როსის შელფურ მყინვარს მოწყდა დღეისათვის ყველაზე უფრო ცნობილი (2005 წელი) აისბერგი ბ-15 ფართით 10 ათას კმ²-ზე მეტი. ზამთრის პერიოდში (ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) ანტარქტიდის გარშემო არსებული ზღვის ყინულების ფართობი იზრდება 18 მილიონ კმ²-მდე, ხოლო ზაფხულის პერიოდში მცირდება 3—4 მილიონ კმ²-მდე.

ყინულის საფარის ასაკი ზემოთა ნაწილში შეიძლება განვსაზღვროთ წლიური ფენების საშუალებით, რომელიც შედგება ზამთრის და ზაფხულის დანალექებით, ასევე მარკირებული ჰორიზონტებით, რომლებსაც ინფორმაცია მოაქვთ გლობალურ მოვლენებზე (მაგალითად, ვულკანების ამოფრქვევა). მაგრამ დიდ სიღრმეებში ასაკის გამოსავლენად იყენებენ ყინულის განვითარების ციფრულ მოდელირებას, რომელიც აგებულია რელიეფის, ტემპერატურის, თოვლის დაგროვების სიჩქარის და სხვა პარამეტრების ცოდნაზე.

გეოლოგია[რედაქტირება]

აღმოსავლეთი ანტარქტიდა წარმოადგენს ძველ დოკემბრიის პერიოდის კონტინენტალურ ბაქანს (კრატონი), რომელიც საკმაოდ ჰგავს ინდოეთის, ბრაზილიის, აფრიკის და ავსტრალიის ბაქნებს. ყველა ეს კრატონი ჩამოყალიბდა სუპერკონტინენტ გონდვანის დაშლის შედეგად. კრისტალური ფუნდამენტის ქანების ასაკი შეადგენს 2,5—2,8 მილიარდ წელს, ენდერბის მიწის ყველაზე ძველი ქანების — 3 მილიარდ წელზე მეტი.

ფუნდამენტი დაფარულია 350—190 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბებული, ძირითადად ზღვის წარმოშობის, უფრო ახალგაზრდა დანალექი გარსაცმით. 320—280 მილიონი წლის ასაკის ფენებში არსებობენ ყინულოვანი დანალექები, მაგრამ უფრო ახალგაზრდა ასაკის ფენები შეიცავენ მცენარეულ და ცხოველურ ნაშთებს, მათ შორის იქთიოზავრების, რაც ამტკიცებს იმ დროის კლიმატის ძლიერ განსხვავებას თანამედროვე კლიმატისაგან. სითბოსმოყვარული ქვეწარმავლების და გვიმრების ნაშთები აღმოაჩინეს ანტარქტიდის პირველმა მკვლევარებმა და იგი გახდა ერთ-ერთი მკაფიო მტკიცებულობა ფილაქნების ფართემასშტაბიანი ჰორიზონტალური მოძრაობისა, რომელიც ამტკიცებს ფილაქნების ტექტონიკის კონცეფციას.

დასავლეთ ანტარქტიდაში შესაძლებელია ნებისმიერი ქანების მოძებნა პალეოზოური ჯგუფიდან კაინოზოურ ჯგუფამდე. თავისი გეოლოგიით ის გვაგონებს სამხრეთ ამერიკის ანდებს. რელიეფი მთიანია. გავრცელებულია მცენარეულობა, მათ შორის სამხრეთის წიფელი, რომელიც დღესაც იზრდება ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგზე, სადაც საშუალო ტემპერატურა სულ 10 °C-ით მეტია.

ანტარქტიდა ტექტონიკურად მშვიდი კონტინენტია მცირე სეისმოლოგიური აქტივობით, ვულკანიზმის გამოვლინება თავმოყრილია დასავლეთ ანტარქტიდაში და დაკავშირებულია ანტარქტიდის ნახევარკუნძულთან, რომელიც აღმოცენდა მთათაწარმოქმნის ანდური პერიოდის განმავლობაში. ზოგიერთი ვულკანი, განსაკუთრებით კუნძულების, ამოიფრქვა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში. ანტარქტიდის ყველაზე აქტიური ვულკანია — ერებუსი. მას ქვია «ვულკანი, რომელიც იცავს სამხრეთი პოლუსისკენ მიმავალ გზას».

შიდა წყლები[რედაქტირება]

იმასთან დაკავშირებით, რომ არა მარტო საშუალო წლიური, არამედ ანტარქტიდის ტერიტორიის უმრავლესობაზე ზაფხულის ტემპერატურებიც კი არ არის 0 °C-ზე მეტი, იქ ნალექები მოდის მხოლოდ თოვლის სახით (წვიმა — საკმაოდ იშვიათი მოვლენაა). ის ქმნის ყინულის საფარს (თოვლი იპრესება საკუთარი წონის მეშვეობით) 1700 მეტრზე მეტი სისქით, ზოგ ადგილებში 4300 მეტრსაც აღწევს. ანტარქტიდის ყინულებში კონცენტრირებულია დედამიწის მთელი მტკნარი წყლის დაახლოებით 80 %. მიუხედავად ამისა, ანტარქტიდაში არსებობს ტბები, ხოლო ზაფხულის პერიოდში მდინარეებიც. მდინარეები იკვებებიან მყინვარებიდან. მზის ინტენსიური რადიაციის მეშვეობით, რომელიც გამოწვეულია ჰაერის განსაკუთრებული გამჭირვალობით, მყინვარების დნობა ხდება ჰაერის უმნიშვნელოდ უარყოფითი ტემპერატურის დროსაც კი. მყინვარის ზედაპირზე, ხშირად სანაპიროდან მნიშვნელოვანი დაშორებისას, იქმნება წყლის ნაკადულები. ყველაზე უფრო ინტენსიური დნობა ხდება ოაზისების სიახლოვეს, მზისგან გამთბარი ქვიანი გრუნტის გვერდით. რადგანაც ყველა ნაკადული იკვებება მყინვარის დნობის ხარჯზე, ამიტომ მათი წყლის და დონის რეჟიმი მთლიანად განისაზღვრება ჰაერის ტემპერატურის და მზის რადიაციის მიხედვით. მათში ყველაზე უფრო დიდი ხარჯი შეინიშნება ჰაერის ყველაზე უფრო მაღალი ტემპერატურის საათებში, ანუ დღის მეორე ნახევარში, ხოლო ყველაზე უფრო ცოტა — ღამის საათებში, თანაც ხშირად ამ დროს კალაპოტი მთლიანად შრება. ყინულსზედა ნაკადულებს და მდინარეებს, როგორც წესი, აქვთ საკმაოდ რთული კალაპოტი და აერთებენ მრავალრიცხოვან ყინულსზედა ტბებს. კალაპოტის ჩამოყალიბება, როგორც წესი, მთავრდება ზღვასთან ან ტბასთან მისვლამდე, ხოლო წყლის დინება საკუთარ შემდგომ გზას იკვლევს ყინულქვეშ ან ყინულის სქელ ფენაში, როგორც ეს ხდება კარსტული რაიონების მიწისქვეშა მდინარეებში.

შემოდგომის ყინვების დადგომისას წყლის დინება წყდება, და ნაკადულების და მდინარეების კალაპოტი ივსება თოვლით ან იკვეთება თოვლის ხიდებით. ზოგჯერ თითქმის მუდმივი ნამქერები და ხშირი ქარბუქები ავსებენ კალაპოტს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ შეწყდება დინება, და მაშინ ნაკადულები მიედინება ზედაპირიდან თითქმის შეუმჩნეველ ყინულის გვირაბებში. როგორც ბზარები მყინვარებში, ისინი სახიფათოა, რადგანაც მძიმე მანქანები შეიძლება შიგ ჩავარდა. თუ თოვლის ხიდი არასაკმარისად მყარია, ის შეიძლება ჩავარდეს ადამიანის სიმძიმისაგანაც კი. ანტარქტიდის ოაზისების მდინარეები, რომლებიც გრუნტზე მიედინებიან, როგორც წესი არ აჭარბებენ რამდენიმე კილომეტრს სიგრძეში. ყველაზე დიდი მდინარეა — ონიქსი, სიგრძით 20 კმ-ზე მეტი. მდინარეები მხოლოდ ზაფხულის პერიოდში არსებობენ.

ანტარქტიდის ტბები არანაკლებად თავისებურია. ზოგჯერ ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული, ანტარქტიკული ტიპიურობით. ისინი მდებარეობენ ოაზისებში ან მშრალ მდელოებზე და თითქმის ყოველთვის დაფარულია ყინულის სქელი ფენით. მიუხედავად ამისა, ზაფხულის პერიოდში სანაპიროს გასწვრივ და დროებითი წყლის დინების კალაპოტებში იქმნება რამდენიმე ათეული მეტრის სიგანის ღია წყლის ზოლი. ხშირად ტბები სტრატიფიცირებულია. ფსკერზე შეიმჩნევა თბილი ტემპერატურის მლაშე წყლის შრე, როგორც, მაგალითად ვანდას ტბაში. ზოგიერთ მცირე ჩაუმდინარე ტბებში მარილის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად აწეულია და ისინი შეიძლება სრულიად თავისუფალი იყვნენ მარილისაგან. მაგალითად, დონ-ჟუანის ტბა, მის წყლებში კალციუმის ქლორიდის მაღალი კონცენტრაციით, იყინება მხოლოდ საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე. ანტარქტიდის ტბები პატარებია, მხოლოდ ზოგიერთი მათგანი 10 კმ²-ზე მეტია (ვანდას ტბა, ფიგურული ტბა). ანტარქტიდის ტბებიდან ყველაზე დიდია — ფიგურული ტბა ბანგერის ოაზისში. გორაკებს შორის სასწაულად დატალღული, ის გადაჭიმულია 20 კმ-ზე. მისი ფართობი შეადგენს 14,7 კმ²-ს, ხოლო სიღრმე აჭარბებს 130 მეტრს. ყველაზე ღრმა ტბაა — რადოკის ტბა, რომლის სიღრმე აღწევს 362 მეტრს.

ანტარქტიდის სანაპიროებზე არსებობენ ტბები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ თოვლისაგან ან მცირე მყინვარისგან შეგროვილი წყლების შედეგად. ასეთ ტბებში ზოგჯერ წყალი გროვდება რამდენიმე წლის განმავლობაში მანამდე, სანამ მისი დონე არ აიწევს ბუნებრივი კაშხლის ზემოთა კიდემდე. მაშინ ზედმეტი წყალი იწყებს ტბიდან გადმოსვლას. შედეგად იქმნება კალაპოტი, რომელიც მალე ღრმავდება და წყლის ხარჯი იზრდება. კალაპოტის დაღრმავების შესაბამისად ტბაში წყლის დონე ეცემა და მისი რაოდენობა მცირდება. ზამთარში გამშრალი კალაპოტი ინამქრება თოვლით, რომელიც თანდათან მკვრივდება და ბუნებრივი კაშხალი აღდგება. შემდეგი ზაფხულის სეზონში ტბა ისევ იწყებს წყლით შევსებას. გადის რამდენიმე წელიწადი, სანამ ტბა არ აივსება და მისი წყლები ისევ არ გაირღვევა ზღვისკენ.

ანტარქტიდის სხვა მატერიკებთან შედარებისას, შეიძლება აღინიშნოს, რომ სამხრეთის პოლარულ მატერიკზე საერთოდ არ არსებობს დაჭაობებული ადგილები. მაგრამ სანაპირო ზოლში არსებობს თავისებური ყინულის «ჭაობები». ისინი იქმნებიან ზაფხულში თოვლით დაფარულ დაბლობებში. ასეთი «ჭაობების» სიღრმე უფრო ხშირად უმნიშვნელოა — არა უმეტეს 1 მეტრისა. ზემოდან ისინი დაფარულია თხელი ყინულის ქერქით. როგორც ნამდვილი ჭაობებში, ისინი ზოგჯერ გაუვალია თვით მუხლუხიანი ტრანსპორტისათვისაც კი: ასეთ ადგილებში მოხვედრისას ტრაქტორი ან ყველგანმავალი, თოვლ-წყლიანი ქაშის მასაში მოხვედრისას, გარე დახმარების გარეშე იქიდან ვერ ამოდიან.

1990-იან წლებში რუსმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყინულქვეშა უყინავი ვოსტოკის ტბა — ანტარქტიდაში ყველაზე დიდი ტბა, რომელსაც აქვს 250 კმ სიგრძე და 50 კმ სიგანე; ტბა მოიცავს დაახლოებით 5400 ათას კმ³ წყალს.

2006 წლის იანვარში ამერიკის ლამონტ-დოგერტის გეოფიზიკური ობსერვატორიის გეოფიზიკოსებმა რობინ ბელმა და მაიკლ შტუდინგერმა აღმოაჩინეს სიდიდით მეორე და მესამე ყინულსქვეშა ტბები — 90 °E და სოვეტსკაიას ტბა, ფართობით 2000 კმ² და 1600 კმ² შესაბამისად, რომლებიც მდებარეობდნენ დაახლოებით 3 კმ-ის სიღრმეზე კონტინენტის ზედაპირიდან. მათ აღნიშნეს, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ადრე, 1958—1959 წლების საბჭოთა ექსპედიციის მონაცემები უფრო საფუძვლიანად რომ გაანალიზირებულიყო. ამ მონაცემების გარდა, გამოყენებული იქნა ხელოვნური თანამგზავრების მონაცემები, რადარების ჩვენებები და კონტინენტის ზედაპირზე მიზიდულობის ძალის გაზომვები.

სულ 2007 წლისთვის ანტარქტიდაზე აღმოჩენილია 140 ყინულქვეშა ტბაზე მეტი.

კლიმატი[რედაქტირება]

ანტარქტიდის საშუალო ზამთრის (მარცხნივ) და ზაფხულის (მარჯვნივ) ტემპერატურა

ანტარქტიდა გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი ცივი კლიმატით. აღმოსავლეთ ანტარქტიდაში საბჭოთა ანტარქტიდულ სადგურ ვოსტოკში 1983 წლის 21 ივლისს დარეგისტრირდა ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე მეტეროლოგიური გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე — -89,2 °C. რაიონი ითვლება დედამიწის სიცივის პოლუსად[2][3]. 2013 წლის 9 დეკემბერს ამერიკის გეოფიზიკური კავშირის კონფერენციაზე ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს ანტარქტიდის ერთ-ერთ წერტილში ჰაერის ტემპერატურა დაეცა −93,2 °С-მდე (-135,8 F). ეს ინფორმაცია გამოაშკარავდა ნასას თანამგზავრული მონაცემების ანალიზის შედეგად[4][5]. მაგრამ, ამ ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორის ტ. სკამბოსის (ინგლ. Ted Scambos) აზრით მიღებული მონაცემი არ იქნება დარეგისტრირებული, როგორც რეკორდული, რადგანაც ის გამოვლინდა თანამგზავრული გასინჯვის შედეგად და არა თერმომეტრის მეშვეობით[6]. ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურაა — -60 °С-დან -75 °С-მდე, ხოლო ზაფხულის თვეების — -30 °С-დან -50 °С-მდე; სანაპიროზე ზამთარში -8 °С-დან -35 °С-მდე, ხოლო ზაფხულში 0-5 °С. უნდა აღინიშნოს, რომ ანტარქტიდაში ზამთრის თვეებია (როგორც მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში) ივნისი, ივლისი და აგვისტო, ხოლო ზაფხულის — დეკემბერი, იანვარი და თებერვალი.

აღმოსავლეთ ანტარქტიდის მეტეოროლოგიის მეორე განსაკუთრებული თვისებაა კატაბატიკური ქარი, რომელიც გამოწვეულია მისი გუმბათისებრი რელიეფით. ეს სამხრეთის მიმართულების მდგრადი ქარები ყალიბდება ყინულის ფარის საკმაოდ დახრილ ფერდოებზე ყინულის ზედაპირთან ჰაერის მასის გაცივების გამო, ზედაპირისზედა ფენის სიმჭიდროვე იზრდება და ის გრავიტაციის მოქმედების შედეგად ფერდოს მეშვეობით ეშვება დაბლა. როგორც წესი ჰაერის ჩამონადენის ფენის სისქე შეადგენს 200—300 მეტრს; ქარის მოტანილი ყინულოვანი მტვრის დიდი რაოდენობის გამო, ჰორიზონტალური მხედველობა ასეთი ქარების დროს საკმაოდ დაბალია. კატაბატიკური ქარის ძალა პროპორციულია ფერდოს ქანობისა და ყველაზე უფრო დიდ მნიშვნელობას აღწევს ზღვისკენ დიდი დახრის მქონე სანაპირო რაიონებში. კატაბატიკური ქარები მაქსიმალურ ძალას აღწევენ ანტარქტიდულ ზამთარში — აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ისინი ქრიან თითქმის შეუწყვეტლივ მთელი დღის განმავლობაში, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით — ღამის საათებში ან როდესაც მზე მდებარეობს ჰორიზონტზე დაბლა. ზაფხულში დღის საათებში მზის მიერ ზედაპირისზედა ჰაერის ფენის გათბობის მეშვეობით კატაბატიკური ქარები სანაპიროსთან წყდება.

ტემპერატურის აზომვის მონაცემები 1981 წლიდან 2007 წლამდე აჩვენებენ, რომ ტემპერატურული ფონი ანტარქტიდაში იცვლებოდა არათანაბრად. საერთოდ დასავლეთი ანტარქტიდისთვის აღინიშნება ტემპერატურის მატება, მაშინ როდესაც აღმოსავლეთი ანტარქტიდისთვის დათბობა არ შეინიშნება, პირიქით შეინიშნება გარკვეული ვარდნა. ნაკლებსავარაუდოა, რომ XXI საუკუნეში ანტარქტიდის მყინვარების დნობის პროცესი მნიშვნელოვნად მოიმატებს. პირიქით, მოსალოდნელია, რომ ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება ანტარქტიდის ყინულის საფარზე მოსული თოვლის რაოდენობა. მაგრამ დათბობასთან დაკავშირებით შესაძლებელია შელფური მყინვარების უფრო ინტენსიური ნგრევა.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აქტიური ფორმირება დაიწყო ტუნდრამ. მეცნიერთა პროგნოზით, 100 წლის შემდეგ ანტარქტიდაში შეიძლება გაჩნდეს პირველი ხეები.

ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ოაზისს უკავია 400 კმ² ფართობი, ოაზისების საერთო ფართობია 10 ათასი კმ², ხოლო იმ რაიონების ფართობი (თოვლსგარეშე კლდეების ჩათვლით), რომელზეც ყინული არ არსებობს შეადგენს 30—40 ათას კმ²-ს.

ბიოსფერო ანტარქტიდაში წარმოდგენილია ოთხი «ცხოვრების არენით»: სანაპირო კუნძულები და ყინულები, სანაპირო ოაზისები მატერიკზე (მაგალითად, «ბანგერის ოაზისი»), ნუნატაკების არენა (ამუნდსენის მთა მირნის გვერდით, ნანსენის მთა ვიქტორიის მიწაზე და სხვა) და ყინულის ფარის არენა.

მცენარეულობიდან გვხვდება ყვავილოვანი მცენარეები, გვიმრანაირნი (ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე), ლიქენები, სოკოები, ბაქტერიები, წყალმცენარეები (ოაზისებში). სანაპიროზე ცხოვრობენ ფარფლფეხიანები, პინგვინისნაირნი.

მცენარეები და ცხოველები ყველაზე უფრო გავრცელებულები ზღვისპირა ზოლში. ყინულისაგან თავისუფალ მონაკვეთებში მიწისზედა მცენარეულობა ძირითადად არსებობს სხვადასხვა სახის სახეობის ხავსების და ლიქენების სახით და მთლიან საფარს ვერ ქმნის (ანტარქტიდული ხავს-ლიქენური უდაბნოები).

ანტარქტიდის ცხოველები მთლიანად დამოკიდებულია სამხრეთი ოკეანის სანაპირო ეკოსისტემაზე: იშვიათი მცენარეულობის გამო სანაპირო ეკოსისტემის ყველა რაიმე მნიშვნელობის საკვები მასალა იწყება წყლებში, რომლითაც გარშემორტყმულია ანტარქტიდა. ანტარქტიდის წყლები განსაკუთრებით მდიდარია ზოოპლანქტონით, უპირველეს ყოვლისა, კრილით. კრილი პირდაპირ ან არაპირდაპირ თევზების, ვეშაპების, კალმარების, სელაპების, პინგვინების და სხვა ცხოველების ბევრი სახეობის მკვებავი ჯაჭვის საფუძველია; მთლიანად ხმელეთის ძუძუმწოვრები ანტარქტიდაში არ არსებობს, უხერხემლოები წარმოდგენილია ფეხსახსრიანების დაახლოებით 70 სახეობით (მწერები და ობობები) და ნემატოდებით, რომლებიც ნიადაგში ცხოვრობენ.

ხმელეთის ცხოველებიდან ცხოვრობენ სელაპები (უედელის სელაპი, კიბოსმჭამელი სელაპი, ზღვის ლეოპარდი, ზღვის სპილო) და ფრინველები (ქარიშხალასნაირების რამდენიმე სახეობა (ანტარქტიდის ქარიშხალა, თოვლის ქარიშხალა), მეზღვიასებრნთა ორი სახეობა, პოლარული მეჭვაია (ლათ. Sterna paradisaea), ადელის პინგვინი და იმპერატორის პინგვინი).

მატერიკის სანაპირო ოაზისების მტკნარი წყლის ტბებში — «მაკ-მერდოს მშრალი ველები» — არსებობენოლიგოტროფული ეკოსისტემები, დასახლებული ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებით, ნემატოდებით, ნიჩაბფეხიანებით (ციკლოპები) და დაფნიებით, ფრინველები (ქარიშხალები და მეზღვიასებრნი) აქ მოფრინავენ ეპიზოდურად.

ნუნატაკებისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ბაქტერიები, წყალმცენარეები, ლიქენები და საკმაოდ დაჩაგრული ხავსები, ყინულის ფარზე იშვიათად მოფრინდებიან მხოლოდ მეზღვიასებრნი, რომლებიც ადამიანებს მოყვებიან.

არსებობს ვარაუდი ანტარქტიდის ყინულქვეშა ტბებში, როგორიცაა ვოსტოკის ტბა, უკიდურესი ოლიგოტროფული ეკოსისტემების არსებობის შესახებ, რომლებიც პრაქტიკულად იზოლირებულებია გარე სამყაროსთან.

ანტარქტიდის ნახევარკუნძულს იქვე მყოფი კუნძულებით მატერიკზე აქვს ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები. ზუსტად აქ იზრდება რეგიონში არსებული ყვავილოვანი მცენარეების ორი სახეობა — ანტარქტიკული მახრჩობელა (ლათ. Deschampsia antarctica) და კოლობანტუს კიტო (ლათ. Colobanthus quitensis).

აღმოჩენის ისტორია[რედაქტირება]

პირველი გემი, რომელმაც გადაკვეთა სამხრეთის პოლარული წრე, ეკუთვნოდათ ჰოლანდიელებს; მას მეთაურობდა იაკობ მაგიუს ესკადრაში მცურავი დირკ გეერიტცი. 1559 წელს მაგელანის სრუტეში გეერიტცის გემმა შტორმის შემდეგ მხედველობიდან დაკარგა ესკადრა და გაემართა სამხრეთისაკენ. როდესაც ის მიცურდა 64° ს. გ.-ში, იქ მათ დაინახეს მაღალი მიწა. 1675 წელს ანტონი დე ლა როშემ აღმოაჩინა სამხრეთი გეორგიის კუნძული; 1739 წელს აღმოჩენილი იქნა კუნძული ბუვე; 1772 წელს ინდოეთის ოკეანეში ფრანგმა საზღვაო ოფიცერმა ივ-ჟოზეფ ტრემარეკ კერგელენმა აღმოაჩინა ამჟამად მისივე სახელობის კუნძული კერგელენი.

კერგელენის მოგზაურობის პარალელურად ინგლისიდან სამხრეთ ნახევარსფეროსკენ თავის პირველ მოგზაურობაში გაემართა ჯეიმზ კუკი და უკვე 1773 წლის იანვარში მისმა გემებმა «Adventure»-მა და «Resolution»-მა გადაკვეთეს სამხრეთის პოლარული წრე 37°33′ ა. გ-ის მერიდიანზე. ყინულებთან მძიმე ბრძოლების შემდეგ მან მიაღწია 67°15′ ს. გ.-ს, სადაც იძულებული იყო მობრუნებულიყო ჩრდილოეთისაკენ. 1773 წლის დეკემბერში კუკი ხელახლა გაემგზავრა სამხრეთ ოკეანეში, 8 დეკემბერს იგი გადაკვეთა და 67°5′ ს. გ.-ის პარალელზე გაიჭედა ყინულებში. განთავისუფლების შემდეგ, კუკი გაემართა ისევ სამხრეთისაკენ და 1774 წლის იანვრის ბოლოს მიაღწია 71°15′ ს. გ.-ს, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგიდან სამხრეთ-დასავლეთით. აქ ყინულების გაუვალმა კედელმა მას ხელი შეუშალა გეზის გაგრძელებაში. კუკმა ერთ-ერთმა პირველმა მიაღწია სამხრეთპოლარეთის ზღვებს და რამდენიმე ადგილას გაუვალი ყინულის მასებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ ცურვის ამ მიმართულებით გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მას დაუჯერეს და 45 წლის განმავლობაში პოლარული ექსპედიციები არ განხორციელებულა.

მიწის პირველი გეოგრაფიული აღმოჩენა 60° ს. გ.-ის სამხრეთით (თანამედროვე «პოლიტიკური ანტარქტიდა», რომელსაც მართავს ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების სისტემა) მოახდინა ინგლისელმა ვაჭარმა უილიამ სმიტმა, რომელიც 1819 წლის 19 თებერვალს მიადგა კუნძულ ლივინგსტონს და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებს.

1819 წელს რუსი მეზღვაურები ფადეი ბელინსგაუზენი და მიხეილ ლაზარევი სამხედრო აფრიანი გემებით «ვოსტოკი» და «მირნი», მიცურდნენ სამხრეთ გეორგიის კუნძულზე და სცადეს შეეღწიათ სამხრეთ ყინულოვანი ოკეანის შიგნით. პირველად, 1820 წლის 28 იანვარს, თითქმის გრინვიჩის მერიდიანზე, მათ მიაღწიეს 69°21′ ს. გ. 2°14′ დ. გ. / 69.350° ს. გ. 2.233° დ. გ. / -69.350; -2.233 და აღმოაჩინეს თანამედროვე ანტარქტიდა; შემდეგ ისინი გავიდნენ პოლარული წრის ფარგლებს გარეთ, გაცურეს მის გასწვრივ აღმოსავლეთისკენ 19° ა. გ.-მდე, სადაც პოლარული წრე ხელახლა გადაკვეთეს და 1820 წლის თებერვალში ისევ თითქმის იგივე გრძედს მიაღწიეს (69°6′). შემდეგ აღმოსავლეთისკენ ისინი აცურდნენ მხოლოდ 62° პარალელამდე და თავისი გზა გააგრძელეს მცურავი ყინულების გასწვრივ. შემდგომში, ბალენის კუნძულის მერიდიანზე, ისინი მიცურდნენ 64°55′-მდე, 1820 წლის დეკემბერში მიაღწიეს 161° დ. გ.-მდე, გაცურეს სამხრეთი პოლარული წრე და მიაღწიეს 67°15′ ს. გ.-მდე, ხოლო 1821 წლის იანვარში მიაღწიეს 69°53′ ს. გ.-მდე. თითქმის 81° მერიდიანზე მან აღმოაჩინა პეტრე I-ის კუნძულის მაღალი ნაპირი, ხოლო უფრო აღმოსავლეთისკენ გაცურვისას, სამხრეთის პოლარული წრის შიგნით — ალექსანდრე I-ის მიწის ნაპირი. ასე რომ, მათ პირველებმა მოახდინეს ანტარქტიდის გარშემო მთლიანი გაცურვა 60°-დან 70°-მდე განედებზე.

ადრე სამხრეთი უცნობი მიწის (ლათ. Terra Australis) არსებობას ამტკიცებდნენ ჰიპოთეთიკურად, ხშირად მას აერთიანებდნენ სამხრეთ ამერიკასთან (მაგალითად, 1513 წლის პირი-რეისის რუკაზე) და ავსტრალიასთან. მაგრამ ზუსტად ბელინსგაუზენის და ლაზარევის ექსპედიციამ სამხრეთის ოკეანეში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას შემოუარა ანტარქტიდის ყინულებს და დაამტკიცა მეექვსე კონტინენტის არსებობის ფაქტი[7].

კონტინენტზე სავარაუდოდ პირველი გადავიდნენ ამერიკული გემ «სესილიას» მეზღვაურები 1821 წლის 7 თებერვალს[8]. გადასვლის ზუსტი ადგილი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის მოხდა ჰიუზის ყურეში (64°13′ ს. გ. 61°20′ დ. გ. / 64.217° ს. გ. 61.333° დ. გ. / -64.217; -61.333). ეს განცხადება კონტინენტზე გადასვლის შესახებ განეკუთვნება ყველაზე უძველესს[8]. ყველაზე უფრო ზუსტ განცხადებას კონტინენტზე გადასვლის შესახებ (დეივისის ნაპირი) მიეკუთვნება ნორვეგიელ ბიზნესმენს ჰენრიკ იოჰან ბულს, რომელიც თარიღდება 1895 წლით[8].

1840 წელს ამერიკელი ჩარლზ უილკსმა გაცურა ანტარქტიდის სანაპიროს გასწვრივ 97°-158° ა. გ. სექტორში, რუკაზე აღნიშნა ანტარქტიდის სანაპირო ზოლის მიახლოებითი მოხაზულობა[7], რომელსაც მოგვიანებით მის პატივსაცემად დაერქვა უილკსის მიწა. 1839—1840 წლებში ფრანგმა ჟიულ სებასტიენ სეზარ დიუმონ-დიურვილმა აღმოაჩინა ადელის მიწა, ხოლო 1841—1842 წლებში ინგლისელმა ჯეიმზ კლარკ როსმა აღმოაჩინა როსის ზღვა და ვიქტორიას მიწა. ანტარქტიდის სანაპიროზე პირველად გადმოსხდა და პირველად გამოიზამთრა კარსტენ ბორხგრევინკის ნორვეგიულმა ექსპედიციამ 1895 წელს.

ამის შემდეგ დაიწყო კონტინენტის სანაპიროს და მისი შიდა ნაწილის შესწავლა. მრავალრიცხოვანი კვლევები ჩატარდა ინგლისის ანტარქტიდული ექსპედიციების მიერ რობერტ სკოტის ხელმძღვანელობით (1901-1904 წლების ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიცია, 1910-1913 წლების ტერა-ნოვას ექსპედიცია) და ერნესტ შეკლტონის (1907-1909 წლების პირველი ექსპედიცია, 1914-1917 წლების ნორვეგიის ანტარქტიკული ექსპედიცია), რუალ ამუნდსენის 1910-1912 წლების ნორვეგიის ანტარქტიკული ექსპედიცია, დაგლას მოუსონის 1911-1914 წლების ავსტრალიის ანტარქტიკული ექსპედიცია და სხვა. 1911—1912 წლებში ამუნდსენის და სკოტის ექსპედიციებს შორის დაიწყო ნამდვილი შეჯიბრი სამხრეთი პოლუსის დასაპყრობად. პირველად მას მიაღწიეს ამუნდსენმა, ოლაფ ბიალანდმა, ოსკარ ვისტინგმა, ჰელმერ ჰანსენმა და სვერე ჰელგე ჰასელმა; ამის მერე ერთი თვის შემდეგ აქ მოვიდა სკოტის პარტია, რომელიც დაიღუპა უკანა გზაზე.

XX საუკუნის შუიდან დაიწყო ანტარქტიდის შესწავლა სამრეწველო დანიშნულებით. სხვადასხვა ქვეყნები კონტინენტზე ქმნიან მრავალრიცხოვან მუდმივ ბაზებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ასრულებენ მეტეოროლოგიურ, გლაციოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს. მხოლოდ საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ჩატარების პერიოდში 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა ააშენეს 60 ბაზაზე და სადგურზე მეტი.

მესამე საბჭოთა ანტარქტიკულმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევგენი ტოლსტიკოვი, 1958 წლის 14 დეკემბერს მიაღწია სამხრეთის შეუღწევლობის პოლუსს და იქ დააარსა დროებითი სადგური «შეუღწევლობის პოლუსი». ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე განხორციელდა ციგა-ტრაქტორებით ლაშქრობა გეომაგნიტური პოლუსისკენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ საბჭოთა მეცნიერებმა მიაღწიეს სამხრეთ პოლუსამდეც. ანტარქტიდა 1957—1958 წლებში გამწევებით პირველად გადაკვეთეს (სამხრეთი პოლუსის გავლით უედელის ზღვიდან როსის ზღვამდე) ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ინგლისელმა ვივიან ერნესტ ფუქსმა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ანტარქტიდის მკაცრი კლიმატი ხელს უშლის ამ კონტინენტზე დასახლებას, მაგრამ მომავალში, დათბობის შემთხვევაში, მისი ათვისება შესაძლებელია. ანტარქტიდაში და მის შემოგარენ კუნძულებზე არსებობს ბევრი მიტოვებული დასახლებები. XIX საუკუნეში ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე და მის მიმდებარე კუნძულებზე არსებობდა რამდენიმე ვეშაპდამჭერი ბაზა. შემდგომში ყველა ისინი იქნა მიტოვებული. მეორე მსოფლიო ომის წლებში ანტარქტიდაში გაჩნდა არგენტინის და ჩილეს სამხედრო ბაზები. დღეისათვის ანტარქტიდაში არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა, აქ მდებარეობს რამდენიმე ათეული სამეცნიერო სადგური, რომლებშიც სეზონის მიხედვით ცხოვრობს 4000 ადამიანიდან ზაფხულში 1000 ადამიანამდე ზამთარში.

1978 წელს არგენტინის სადგურ ესპერანსაში დაიბადა ანტარქტიდის პირველი ადამიანი — ემილიო მარკოს პალმა.

ანტარქტიდას მინიჭებული აქვს ინტერნეტის პირველადი დომენი .aq და სატელეფონო პრეფიქსი +672.

ანტარქტიდის სტატუსი[რედაქტირება]

ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა 1959 წლის 1 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს, ანტარქტიდა არ ეკუთვნის არც ერთ სახელმწიფოს. იქ ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობა.

სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა სამხრეთი განედის 60-ე გრადუსის სამხრეთით აკრძალულია.

1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიალურ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე — ატომური ენერგობლოკების გამოჩენა.

დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილეებია 50 სახელმწიფო (ხმის უფლებით) და ათობით ქვეყანა-დამკვირვებელი.

ტერიტორიალური პრეტენზიები[რედაქტირება]

ტერიტორიული პრეტენზიები ანტარქტიდაზე

ანტარქტიდის შესახებ დადებული შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერილმა ქვეყნებმა უარი თქვეს საკუთარ ტერიტორიალურ პრეტენზიებზე კონტინენტის და მის ირგვლივ არსებული სივრცის მიმართ. პირიქით, ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზიები საკმაოდ დიდია. მაგალითად, ნორვეგია პრეტენზიას აცხადებს ტერიტორიაზე, რომელიც თავად მის ტერიტორიას აღემატება ათჯერ (მათ შორის ფადეი ბელინსგაუზენის და მიხეილ ლაზარევის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი პეტრე I-ის კუნძული). საკმაოდ დიდი ტერიტორიები თავის საკუთრებად გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმა. ბრიტანელები აპირებენ მოიპოვონ მადნის და ნახშირწყალბადის რესურსები ანტარქტიდის შელფზე. ავსტრალია საკუთრად მიიჩნევს ავსტრალიის ანტარქტიდულ ტერიტორიას, რომელშიც, სოლივით შეჭრილია «ფრანგული» ადელის მიწა. ტერიტორიალური პრეტენზიები გამოთქვა ახალმა ზელანდიამაც და იგი თავისად მიიჩნევს როსის ტერიტორიას. დიდი ბრიტანეთი, ჩილე და არგენტინა პრეტენზიას აცხადებენ პრაქტიკულად ერთი და იგივე ტერიტორიაზე, რომელშიც ასევე შედის ანტარქტიდის ნახევარკუნძული და სამხრეთ შეტლანდის კუნძულები. მერი ბერდის მიწაზე არც ერთ სახელმწიფოს ოფიციალურად არ გამოუთქვია ტერიტორიული პრეტენზიები. მაგრამ აშშ-ის მინიშნებები ამ ტერიტორიის უფლებებზე შეიცავენ არაოფიციალური ამერიკული წყაროები. ჩინეთს ჯერ არ გამოუთქვავს ტერიტორიალური პრეტენზიები, მაგრამ როგორც რუსეთი ახორციელებს რესურსების დაზვერვას, რისთვისაც იყენებს საკუთარ პოლარულ სადგურებს.

განსაკუთრებული პოზიცია დაიკავეს აშშ-მა და რუსეთმა, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ პრინციპში შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი ტერიტორიალური პრეტენზიები ანტარქტიდაში, თუმცა ამას ჯერ არ აკეთებენ. თანაც ორივე ქვეყანა არ სცნობს სხვა ქვეყნების პრეტენზიებს ანტარქტიდაზე.

1961 წლამდე წამოყენებული ტერიტორიული პრეტენზიების გეოგრაფია[რედაქტირება]

ტერიტორიის დროშა ტერიტორია პრეტენდენტი საზღვრები თარიღი ფართობი
კმ²
1 Flag of the French Southern and Antarctic Lands.svg ადელის მიწა (საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნისსაფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ადმინისტრაციული ოლქი) დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 136° 11′ აღმოსავლეთის გრძედი — 142° 02′ აღმოსავლეთის გრძედი 1924 432 000
2 Flag of Magallanes, Chile.svg ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორია (ჩილეს მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონის ანტარქტიკა-ჩილენას პროვინციის კომუნა) ჩილეს დროშა ჩილე 53° დასავლეთის გრძედი — 90° დასავლეთის გრძედი 1940 1 250 000
3 Bandera de la Provincia de Tierra del Fuego.svg არგენტინის ანტარქტიკა (არგენტინის ცეცხლოვანი მიწის პროვინციის დეპარტამენტი) დროშა: არგენტინა არგენტინა 25° დასავლეთის გრძედი — 74° დასავლეთის გრძედი 1943 966 000
4 Flag of Australia.svg ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია (ავსტრალიის გარე ტერიტორია) დროშა: ავსტრალია ავსტრალია 44° 38′ აღმოსავლეთის გრძედი — 136° 11′ აღმოსავლეთის გრძედი и 142° 02′ აღმოსავლეთის გრძედი — 160° აღმოსავლეთის გრძედი 1933 5 896 000
5 Flag of the British Antarctic Territory.svg ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია (დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები) დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო 20° დასავლეთის გრძედი — 80° დასავლეთის გრძედი 1908 1 725 000
6 Flag of Norway.svg დედოფალ მოდის მიწა (ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორია) დროშა: ნორვეგია ნორვეგია 20° დასავლეთის გრძედი — 44° 38′ აღმოსავლეთის გრძედი 1939 2 500 000
7 პეტრე I-ის კუნძული (ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორია) 68° 51′ სამხრეთის განედი 90° 35′ დასავლეთის გრძედი 1929 156[9]
8 Flag of New Zealand.svg როსის ტერიტორია (ახალი ზელანდიის სამეფოს ნაწილი) დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია 150° დასავლეთის გრძედი — 160° აღმოსავლეთის გრძედი 1923 450 000
9 Flag of Antarctica.svg მერი ბერდის მიწა (1951 წლამდე ეკუთნოდა იაპონიას) სან-ფრანცისკოს ხელშეკრულების შემდეგ 1951 წლიდან 1961 წლამდე პრეტენზია არავის გამოუთქვია 90° დასავლეთის გრძედი — 150° დასავლეთის გრძედი (კუნძულ პეტრე I-ის გარდა) სან-ფრანცისკოს ხელშეკრულების შემდეგ 1951 წლიდან 1961 წლამდე პრეტენზია არავის გამოუთქვია 888 000

ანტარქტიდის ათვისება[რედაქტირება]

ანტარქტიდის კონტინენტი დღეისათვის ერთადერთი დაუსახლებელი და აუთვისებელი კონტინენტია დედამიწაზე. ანტარქტიდა ადრევე იქცევდა გავლენიანი ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის ყურადღებას, მაგრამ მსოფლიო ინტერესის გაღვივება დაიწყო XX საუკუნის ბოლოდან[3]. ანტარქტიდა ადამიანებისთვის ბოლო სარეზერვო რესურსია დედამიწაზე. ხუთ მჭიდროდ დასახლებულ კონტინენტზე ნედლეულის ამოწურვის შემდეგ ადამიანები მის რესურსებს აითვისებენ. მაგრამ რადგანაც ანტარქტიდა ქვეყნებისათვის დარჩება რესურსების ერთადერთ წყაროდ, მისი რესურსებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია, რაც შეიძლება გადაიზარდოს გაცხარებულ სამხედრო კონფლიქტში[3]. გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის წიაღი შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეულს — რკინის მადანს, ქვანახშირს; ნაპოვნია სპილენძის, ნიკელის, ტყვიის, თუთიის, მოლიბდენის, მთის ბროლის, გრაფიტის მადნის კვალი. გარდა ამისა, ანტარქტიდაში მდებარეობს მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 80 %, რომლის უკმარისობასაც უკვე გრძნობენ ბევრ ქვეყნებში.

დღეისათვის კონტინენტზე მიმდინარეობს კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პროცესებზე დაკვირვება, რომელიც, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლფსტრიმის მსგავსად, კლიმატისჩამომყალიბებელი ფაქტორია მთელი დედამიწისთვის. ანტარქტიდაში ასევე შეისწავლება კოსმოსური სივრცის ზეგავლენა და პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს დედამიწის ქერქში.

ყინულოვანი საფარის შესწავლას მოაქვს სერიოზული სამეცნიერო შედეგები, რომელიც ჩვენ გვატყობინებს დედამიწის კლიმატის შესახებ ასი, ათასი, მილიონი წლის წინ. ანტარქტიდის ყინულის საფარში აღმოჩნდა «ჩაწერილი» მონაცემები უკანასკნელი ასი ათასი წლის კლიმატის და ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ. ყინულის სხვადასხვა ფენების ქიმიური შემადგენლობის მიხედვით განისაზღვრება მზის აქტივობის დონე უკანასკნელი რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში.

ანტარქტიდაში აღმოჩენილია მიკროორგანიზმები, რომლებიც მეცნიერებისთვის დიდი ფასეულობის მომტანია და ხელს უწყობს სიცოცხლის ამ ფორმების საუკეთესო შესწავლისათვის.

ბევრ ანტარქტიდულ ბაზას, რომლებიც მდებარეობენ კონტინენტის მთელ პერიმეტრზე, მოაქვს იდეალური შესაძლებლობები მთელ პლანეტაზე სეისმოლოგიური აქტიურობის დასაკვირვებლად. ანტარქტიდულ ბაზებზე ასევე ტარდება ტექნოლოგიების და მოწყობილობების ტესტირება, რომლებიც მომავალში იგეგმება გამოიყენონ მზის სისტემის სხვა პლანეტებზე გამოკვლევებისათვის, ათვისებისათვის და კოლონიზაციისთვის.

ტურიზმი[რედაქტირება]

ყოველწლიურად ანტარქტიდაში სტუმრობს დაახლოებით 6 ათასი ტურისტი. მათი უმრავლესობა მიემართება ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე, სადაც არსებობს ტურისტული ბაზა და აეროდრომი. 1990-იან წლებში ტურიზმი გავრცელდა როსის ზღვისკენ და ავსტრალიის სამხრეთით არსებულ ზოგიერთ რაიონებისკენ. ტურისტების უმრავლესობა ანტარქტიდულ კრუიზებს აწყობს გემებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Vinson Massif - Peakbagger.com
  2. დედამიწის ზედაპირის ყველაზე დაბალი ტემპერატურა. National Geographic რუსეთი. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  3. 3.0 3.1 3.2 დევიდ მაკჰონიგალი, ლინ ვუდვორტი. ანტარქტიდა. ცისფერი კონტინენტი.
  4. NASA-USGS Landsat 8 Satellite Pinpoints Coldest Spots on Earth. NASA.
  5. G. Campbell, A. Pope, M. A. Lazzara, T. A. Scambos. The Coldest Place On Earth: −90 °C and Below in East Antarctica from Landsat-8 and other Thermal Sensors. Presentation at the AGU Fall 2013 meeting.
  6. Antarctica sets low temperature record of -135.8 degrees. FoxNews.
  7. 7.0 7.1 შეკლტონი ე. გ. ანტარქტიდის გული (დოქტორ ჰიუ რობერტ მილას წინასიტყვაობით). Project Gutenberg.
  8. 8.0 8.1 8.2 დევიდ მაკჰონიგალი, ლინ ვუდვორტი. ანტარქტიდა. ცისფერი კონტინენტი = Antarctica. The Blue Continent / რომანოვი ა. პ., ლებედევი ს. ლ.. — მოსკოვი: ბერტელსმან მედია მოსკოუ აო, 2004. — ISBN 1-86503-800-8 (ინგლ.)
  9. პეტრე I-ის კუნძული თარგი:Ref-no