გეიზერების ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეიზერების ხეობა
გეიზერების ხეობა 2006 წელს
გეიზერების ხეობა 2006 წელს
კოორდინატები: 54°25′50″ ჩ. გ. 160°08′22″ ა. გ. / 54.43056° ჩ. გ. 160.13944° ა. გ. / 54.43056; 160.13944
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კამჩატკის მხარე
სიგრძე კმ
ჰიდროგრაფია გეიზერნაია
გეიზერების ხეობა — რუსეთი
გეიზერების ხეობა

გეიზერების ხეობა (რუს. Долина гейзеров) — ბუნების უნიკალური ძეგლი რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე. მდებარეობს კამჩატკის მხარეში, კრონოცკის ნაკრძალის ტერიტორიაზე, კიხპინიჩისა და უზონის ვულკანებს შორის, მდინარე გეიზერნაიას ძნელმისადგომ კანიონში. გეიზერების დიდი ნაწილი გადაჭიმულია მდინარე გეიზერნაიას მარცხენა სანაპიროზე თითქმის 6 კმ-ზე, სიგანე დაახლოებით 4 კმ, სიღრმე 400 მ-მდე. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი გეიზერული ველი.[1]

აღმოჩენილია 20-ზე მეტი დიდი, საშუალო და 20-ზე მეტი პატარა ზომის გეიზერი. მეტად ცნობილია შემდეგი გეიზერები: ველიკანი, შელი, ტროინოი, მალახიტოვი-გროტი, ჟემჩუჟნი, სახარნი, კონუსი, ფონტანი და სხვა. არის 200-ზე მეტი თერმული წყარო, მრავალრიცხოვანი ტალახის ქვაბები, მცირე გოგირდის ტბები და სხვა.[1]

გეიზერების ხეობა განირჩევა ბუნებრივი პირობებისა და მიკროკლიმატების განსაკუთრებული კონტრასტებით, აგრეთვე ფლორისა და ფაუნის სახეობების მაღალი ბიომრავალფეროვნებით. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული განვითარებულია ორგანიზებული საფეხმავლო ტურიზმი, პოპულარულია შვეულმფრენით ექსკურსიები.[1]

2007 წელს მოხდა დიდი გეოლოგიური კატასტროფა — კოკისპირული წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა გიგანტურმა მეწყერმა შექმნა მძლავრი ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც ქვიანი ჯებირით გადაკეტა მდინარე გეიზერნაიას კალაპოტი, რითაც დატბორა მრავალი უნიკალური ობიექტი; 7 გეიზერი აღმოჩნდა ნაყარის ქვეშ, 8 გეიზერი დაიტბორა.[1]

ერთდორულად შეიქმნა ნაგუბარი ტბა. 2013 წლის სექტემბერში ძლიერმა წვიმებმა და ახალმა ღვარცოფმა დაანგრია ბუნებრივი ჯებირი, გაანთავისუფლა გეიზერები, რამაც ხელი შეუწყო ბუნებრივი ძეგლის აღდგენას. ვითარება გეიზერების ხეობაში სტაბილურია, თუმცა 2014 წელს ჩამოწვა ახალი მეწყერი.[2]

2008 წლიდან გეიზერების ხეობა შეტანილია რუსეთის შვიდი საოცრების სიაში.[3] გეიზერების ხეობა აღმოაჩინა 1941 წლის 25 ივლისს რუსმა გეოლოგმა ტატიანა უსტინოვამ და გამყოლმა ანისიფორ კრუპენინმა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]