რუსთაველის გამზირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსთაველის გამზირი.

რუსთაველის გამზირი (შემოკლებით „რუსთაველი“, ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) — ერთ-ერთი მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან (ყოფილი „ლენინის მოედანი“), გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო. საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, ქაშვეთის ეკლესია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი , რუსთაველის აკადემიური თეატრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სხვა დანარჩენთან ერთად რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. გამზირის ორივე ბოლოში მეტროს სადგურებია („თავისუფლების მოედანი“ და „რუსთაველი“).

რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია.

ისტორია[რედაქტირება]

ვახუშტის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წ. გეგმაზე დღევანდელი გამზირის ხაზზე დიღმის გზა გადიოდა, რომელიც ქალაქის გალავნის კარიბჭესთან იწყებოდა. ამ გზის აღმოსავლეთით, ფერდობზე ვახუშტის აღნიშნული აქვს დასახლებული უბანი, „გარეთუბანი“, რომელიც ვრცელდებოდა დღევანდელი გამზირის, თავისუფლების მოედნის, ორბელიანის მოედნისა და გ. ჭანტურიას ქუჩას შორის. გზის გასწვრივ არსებულ დიდ შენობებს შორის ვახუშტი აღნიშნავს არაგვის ერისთავის სასახლეს და წმინდა გიორგის სახელზე აგებულ, გალავნით შემოზღუდულ სამ ეკლესიას: სომხურს (ქამოანთ), კალოუბნისას და ქაშვეთს. გზის გადაღმა ვახუშტის გეგმაზე ციციშვილების სახლია ნაჩვენები (დაახლოებით ყოფ. კავშირგაბმულობის სახლის ადგილზე).

თბილისის 1800 წ. გეგმაზე დიღმის გზის დასაწყისში კვლავ ჩანს სამი ეკლესია, დასავლეთ მხარეზე კი, ვახუშტის გეგმისაგან განსხვავებით, მეფის ბაღებია ნაჩვენები (ამ ბაღების მცირე ნაწილია შემორჩენილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიდამოებში). საცხოვრებელი უბნები კი გეგმის შედგენის დროისათვის თითქმის დანგრეული იყო აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად.

1802 წ. გეგმაზე მომავალი გამზირის დასაწყისში უკვე ნაჩვენებია დიდი ზომის ადმინისტრაციული შენობა — «Правителственные места» (ახლანდ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადგილას). იგი შიდა ეზოს პერიმეტრზე მდგარი ორი კორპუსისაგან შედგებოდა და რამდენიმე თვეში იყო აშენებული ადგილობრივი ოსტატების მიერ. 1807 წ. ამ ადგილას საქართველოში რუსეთის მთავარსარდლის ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყეს. ამ დროს ამ ქუჩას არაოფიციალურად „რუსეთისკენ მიმავალ გზას“ უწოდებდნენ. 1810-იან წლებში ამ გზის ინტენსიური განაშენიანება დაიწყო. სასახლის მოპირდაპირე მხარეზე სტამბისა და ჰაუპტვახტის შენობები აიგო. სასახლის გვერდით შემაღლებაზე (დღევანდელი პარლამენტის შენობის ზედა კორპუსის ადგილას) არსენალის მასიური კორპუსი აშენდა. 1828 წ. გეგმაზე ამ ადგილებში ორი მოედანი იკვეთება — ნიკოლოზისა და ალექსანდრესი. პირველი მათგანი სასახლის წინ იყო მოწყობილი (ახლანდ. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორია), მეორე კი — ახლანდ. 9 აპრილის ბაღის მიდამოებში. ნიკოლოზის მოედანი 1820-იანი წლების თბილისის მთავარ მოედნად ითვლებოდა. აქ ეწყობოდა სხვადასხვა სახის საზეიმო ცერემონიალები, აღლუმები, ფეიერვერკები, დოღი და ა.შ. 1837-39 წწ. მომავალი გამზირის ტერიტორიაზე აშენდა ვაჟთა გიმნაზია. 1845-47 წწ. არქიტექტორ სემიონოვის პროექტით, ყოფილი მთავარსარდლის სასახლის ნაცვლად რუსული კლასიციზმის ტრადიციებში ააგეს ახალი სასახლე, რომელიც 1865-67 წწ. ძირფესვიანად გადაკეთდა. 1840-იანი წლებიდან „რუსეთისკენ მიმავალ გზას“ კავკასიის მთავარმართებლის, ევგენი გოლოვინის, სახელი უწოდეს.

მიწის ნაკვეთები გოლოვინის პროსპექტის გასწვრივ მხოლოდ მეფისნაცვლის განკარგულებით რიგდებოდა. ეს წესი არ შეცვლილა ქალაქის თვითმმართველობის დადგენის შემდეგაც. პროსპექტზე სახლდებოდნენ იმპერიის მოხელეები, არისტოკრატია, სამხედრო პირები. დაიწყო პროსპექტის კეთილმოწყობა. 1848 წელს გაკეთდა ტროტუარები, გაშენდა ხეივანი. 1862 წ. გაიყვანეს წყალსადენი (წყალს მტკვრიდან ქაჩავდნენ ორთქლის მანქანით).

1860-იანი წლებიდან პროსპექტის განაშენიანებამ ახალი სახე მიიღო. აშენდა მონუმენტური საზოგადოებრივი შენობები: მუზეუმის ორსართულიანი შენობა (დაანგრიეს 1910 წ. ახლანდელი მუზეუმის მშენებლობისათვის), „დიდების ტაძარი“ (ახლანდ. ეროვნული გალერეა), სასტუმრო „მაჟესტიკი“ (ახლანდ. სასტუმრო „თბილისი მერიოტი“), არტისტული საზოგადოების შენობა (ახლანდ. რუსთაველის თეატრი), სახაზინო თეატრი (ახლანდ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი). მოპირდაპირე მხარეზე გამოირჩეოდა მეფისნაცვლის სასახლე (ახლანდ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე), ე.წ. „ტფილისის კრუჟოკი“ (შემდეგში ე.წ. ოფიცერთა სახლი, ახლანდ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი). XIX ს. მიწურულს პროსპექტის სივრცეში ბატონობდა ნეო-ბიზანტიური სტილის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი, რომელიც იდგა გუნიბის მოედანზე, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის კორპუსებია. ტაძარი საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით 1930 წელს დაანგრიეს.

პროსპექტზე აშენებული შენობების სტილისტური მრავალფეროვნება ნიშანდობლივი იყო იმ პერიოდისათვის. იმ ხანებში გოლოვინის პროსპექტზე და მის მიმდებარე უბნებში დასახლება დაიწყეს ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა. იმ დროის საცხოვრებელი სახლებიდან გამოიყოფოდა ზუბალაშვილის სახლი დღევანდელი გამზირისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში (არქიტექტორი ზალცმანი, 1872). ეს სახლი, გადაკეთებული პირველი სართულით, შემონახულია. აღსანიშნავია ასევე 1872 წ. აგებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემდეგ დაანგრიეს კავშირგაბმულობის სახლის მშენებლობისას.

1880-იან წლებში გოლოვინის პროსპექტზე ერევნის მოედნიდან ცხენის წევიანი რკინიგზა — „კონკა“ გაიყვანეს, რომელიც მოსკოვის საგუშაგოსთან ვერის დაღმართზე უხვევდა. 1905 წ. „კონკა“ ტრამვაიმ შეცვალა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წ.) გოლოვინის პროსპექტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. საბჭოთა პერიოდში რუსთაველის პროსპექტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 1930-იან წლებში გაფართოვდა ყოფ. სასახლის ქუჩა, რომელიც ვიწრო ყელს ქმნიდა პროსპექტსა და ერევნის მოედანს შორის. ამის შედეგად პროსპექტი უშუალოდ შეუერთდა მოედანს. ქუჩიდან აიღეს ტრამვაის ხაზები, კეთილმოწყობისა და გამწვანების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა 1965 წელს (არქ. ა. ბაქრაძე). აიგო საბჭოთა მონუმენტალიზმისათვის ტიპიური შენობები, როგორიცაა მთავრობის სახლი (ახლანდ. პარლამენტის შენობა), მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალი (ამჟამად მშენებარე სასტუმრო „კემპინსკი“), ტელეგრაფი, ყოფ. კავშირგაბმულობის სახლი, სასტუმრო „ივერია“. ამასთანავე განადგურდა XIX საუკუნის რამდენიმე ისტორიული შენობა, მ.შ. სამხედრო ტაძარი, რომლის ეზოში 1921 წ. საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაცემული ქართველი იუნკრები იყვნენ დაკრძალული.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 26-29. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985