თბილისის თვითმმართველობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის თვითმმართველობის შენობა

თბილისის თვითმმართველობაქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს — ქ. თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის — ქ. თბილისის მერიის მეშვეობით.

ქ. თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, კანონი „საქართველოს დედაქალაქის — თბილისის შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტები.[1]

თვითმმართველობის ორგანოები[რედაქტირება]

ქ. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული სხდომათა დარბაზი, მე-19 ს.

საკრებულო[რედაქტირება]

ქალაქ თბილისის საკრებულო არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.

საკრებულოს ამჟამინდელი თავჯდომარეა - ირაკლი შიხიაშვილი;

მერია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თბილისის მერია.
თბილისის მერი გიგი უგულავა, თბილისის რკ. სადგურის რეკოსნტრუქციის პროექტის წარდგენაზე

ქალაქ თბილისის მერია (ქალაქ თბილისის მთავრობა, მისი რაიონების გამგეობები) წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას[1]. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებასა და შესრულებას. მთავრობა შედგება: მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის), მერის მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსის და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსებისგან. თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში, ხოლო მერიის სისტემაში შემავალი კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მთავრობის შემადგენლობაში არ შედიან.

ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა:

  • მერი;
  • ვიცე-მერი;
  • მერის მოადგილეები;
  • მერიის ადმინისტრაცია;
საქლაქო სამსახურები:
  • საფინანსო საქალაქო სამსახური;
  • სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური;
  • ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური;
  • ტრანსპორტის საქალაქო სამსახური;
  • შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;
  • მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;
  • ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
  • კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური;
  • იურიდიული საქალაქო სამსახური;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური.
სხვა სამსახურები:

ქალაქ თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. ქ. თბილისის ამჟამინდელი მერია - გიგი უგულავა.

ისტორია[რედაქტირება]

შუა საუკუნეები[რედაქტირება]

თბილისმა ქალაქის სტატუსი ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს მიიღო, ხოლო მისმა მემკვიდრემ, დაჩიმ თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დროს თბილისს ქართველი მოხელეები განაგებდნენ, მე-6-ე საუკუნის 30-იან წლებში კი ირანელი მარზპანი მართავდა, ხოლო მე-8 - მე-10-ე საუკუნეებში არაბთა ამირა, რომლის მმართველობაც 1082 წ. დასრულდა. სწორედ, არაბი ამირას ბატონობის პარალელურად თბილისში ვაჭარ-ხელოსანთა დამოუკიდებელი ხელისუფლება -თვითმმართველობა ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში თბილელი ბერები - ქალაქის უხუცესები ჩაუდგნენ. თბილისის ბერებს მოქალაქეთა ზედა ფენიდან ირჩევდნენ. ისინი განსაკუთრებით ამირას ხელისუფლების დასუსტების პერიოდში გააქტიურდნენ. სწორედ უხუცესთა 12 კაციან საბჭოს ებარა “ქალაქის კლიტენი”, თბილისის მცველთა რაზმის მეთაურობა, სამართალწარმოება, მოსახლეობის სურსათ-სანოვაგით მომარაგება, ხოლო ამირა ჯაფარ ალის ძის გარდაცვალების შემდეგ, “ტფილისის ბერებმა” ქალაქის მფარველად ბაგრატ IV მოიწვიეს, რომელიც 1051 წელს იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა, რის შემდეგაც ბერები 10-12 წლის მანძელზე მართავდნენ ქალაქს. ამ პერიოდიდან 40 წლის მანძილზე თბილისი დამოუკიდებელი ქალაქი იყო და მას 12 ადამიანისგან შემდგარი საბჭო განაგებდა, რომლის წევრებიც თითო თვით, რიგრიგობით მართავდნენ ქალაქს. ასეთ დროებით გამგებელს “ქალაქის თავადი” ეწოდებოდა.

დავით აღმაშენებელმა თბილისი ბრძოლით აიღო, რის შემდეგაც გააუქმა ე.წ. ქალაქი რესპუბლიკა, თუმცა ქალაქი თვითმმართველობას მაინც ინარჩუნებდა. მოგვიანებით,საქართველოს ყველა ქალაქი, მათ შორის თბილისიც მეფისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მოექცა. თბილისის მოურავს მეფე ნიშნავდა. ქალაქის პირველი მოურავი გიორგი სააკაძე იყო, (1609 წ.) რომლის სამხედრო და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ლუარსაბ II მეფობის დროს განსაკუთრებით წარმოჩნდა. ხალხმა მას სიყვარულით “დიდი მოურავი” შეარქვა.

რუსეთის მმართველობის პერიოდი და თბილისის სათათბირო[რედაქტირება]

მე-19-ე საუკუნის დამდეგს საქართველო რუსეთმა დაიპყრო და თბილისის მართვა პოლიციას და მის უფროსს დააკისრა. ქართველი ხალხის წიინააღმდეგობის შედეგად, რუსეთმა საოკუპაციო რეჟიმი სამოქალაქო მმართველობით შეცვალა, თბილისი კი რუსი თვითმმართველის და მეფისნაცვლის რეზიდენციად გამოაცხადა. შემუშავდა დებულება, რომლის თანახმად მოსახლეობის ეკონომიურად ძლიერ ფენას უფლება მიეცა სათათბირო ქალაქის თავისა და ექვსი ხმოსნის შემადგანლობით შეექმნა, თუმცა ამ ტერიტორიული ორგანოს უფლება-კომპეტენცია ვიწრო იყო.

სათათბიროს პირველი თავკაცები იყვნენ:

  • 1849—1850 წწ. თომა პრიდონოვი (ფრიდონაშვილი);
  • 1851 წ. ზაქარია ამირაგოვი (ამირაღაშვილი);
  • 1852—1853 წწ. ოსებ მირიმანოვი (მირიმანაშვილი);
  • 1854 წ. ავეტიკ სვეჩნიკოვი;
  • 1855—1858 წწ. ანდრო მანანოვი (მანანაშვილი);
  • 1859—1861 წწ. ვართან არშაკუნი;
  • 1862—1867 წწ. სოლომონ მირიმანოვი (მირიმანაშვილი);
  • 1869 წ. ერემია არწრუნი;
  • 1870 წ. ნიკოლოზ ალადატოვი (ალადათაშვილი);
  • 1871—1875 წწ. იასონ თუმანოვი (თუმანიშვილი);

1870 წლის 16 სექტემბერს ალექსანდრე II-მ დაამტკიცა საქალაქო დებულება, რომლის მიხედვით საქალაქო თვითმმართველობის განმკარგულებელი ორგანო იყო სათათბირო. მის კომპეტენციაში შედიოდა თანამდებობის პირთა არჩევა, ბიუჯეტის დამტკიცება, საქალაქო საქმეთა განხილვა და სხვა.

დედაქალაქის აღორძინება ძირითადათ 1875 წლიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქის თვითმმართველობას სათავეში ცნობილი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი ჩაუდგა.

1874 წლის ნოემბერში თბილისის ცენზიანმა მცხოვრებლებმა აირჩიეს საქალაქო სათათბიროს 72 ხმოსანი. 1875 წელს გაიმართა ქალაქის თავის არჩევნები, რომელშიც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა გაიმარჯვა. დიმიტრი ყიფიანი სამი წელი მეთაურობდა თბილისის თვითმმართველობას და არა ერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორი იყო. მან გამგეობას შეუერთა ქალაქის მშენებლობის განყოფილება, ნაწილობრივ გადაწყვიტა საკითხი — ქალაქისთვის შეემსუბუქებინა ვალდებულება სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, მოახდინა მოსახლეობის აღწერა, გააუქმა რიგი წესებისა, რომლებიც შეუსაბამობაში მოდიოდა ახალ წყობილებასთან, შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა.

დიმიტრი ყიფიანის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ყოფილი „ერევნის მოედნის“ [3] (თავისუფლების მოედანი) კეთილმოწყობა, შუამდგომლობა ახალი სახაზინო თეატრის აგებისათვის, თანხების მოძიება თბილისში წყალსადენის პროექტის დასამუშავებლად; ამ პერიოდში დაბალჩინოსანთა ოჯახებისათვის დაიწყო დახმარების გაწევა, უპატრონო ძაღლების განადგურება, მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება, საწვავის გაიაფება და სხვა.

1878 წელს ჩატარდა თბილისის მეორე მოწვევის სათათბიროს არჩევნები. ქალაქის თავის თანამდებობაზე დასახელებული 17 კანდიდატიდან გაიმარჯვა ალექსანდრე მატინოვმა (მათიაშვილი). მისი მმართველობის წლებში არქიტექტორ ოზეროვს დაევალა მერიის შენობის სარეკონსტრუქციო პროექტის შემუშავება (1878-1881). 1880 წელს დაიწყო სახაზინო თეატრის მშენებლობა, გაიხსნა სამწლიანი 7 დაწყებითი სკოლა, მდინარე მტკვარზე გაიხსნა ლითონის ვერის ხიდი , ამოქმედდა ბათუმი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზი. 1887 წელს ამუშავდა პირველი თბოსადგური, შეიქმნა სანიტარული ექიმის თანამდებობა. აგრეთვე მატინოვის სახელს უკავშირდება ელექტრო ტრამვაის პროექტი, უდედმამო ბავშვებისათვის თავშესაფრების აგება და სხვა, ხოლო სიკვდილის წინ, პარიზში ცხოვრებისას, მან დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც თბილისს 200 000 მანეთი უსახსოვრა.

ქალაქის სათათბიროში წინააღმდეგობის გამწვავების შედეგად, ოპოზიციამ 45 ხმოსანის მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც ალექსანდრე მატინოვი გადადგა, ხოლო მოგვიანებით ქალაქის თავად ინტელიგენციამ ნიკოლოზ არღუთაშვილი (არღუთინსკი) აირჩია. მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო უმაღლესი სასამართლოს შენობის მშენებლობა ათარბეგოვის ქუჩაზე (1892 წ), გაიხსნა საქალაქო სატელეფონო სადგური 120 აბონენტის მოსამსახურებლად (1893), პირველად ამოქმედდა ელექტრო განათების ქსელი (1897), გაიხსნა სპილენძის ასატკეცი ქარხანა (1904), დაიწყო სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა, გაიხსნა ვიწროლიანდაგიანი ელექტრო ტრამვაი და სხვა.

დედაქალაქის მმართველობითი და თვითმმართველობითი ორგანოები 1919 - დღემდე[რედაქტირება]

ალექსანდრე მეორეს სიკვდილის შემდეგ, მიღებულ იქნა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც გარკვეულწილად შემცირდა სათათბიროსა და გამგეობების უფლებებიც. აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა თბილისის კანალიზაციის პირველი პროექტი (1895), პირველი ელექტროგანათების ქსელი (1897). 1903 წლისთვის მოკირწყლული იქნა 160 000 კვ.საჟენი ქუჩა.

ამ პერიოდში ქალაქის თავები იყვნენ:

  • 1895 – პავლე იზმაილოვი. სწორედ მისი მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი კანალიზაციის პირველ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა საკანალიზაციო კოლექტორების მტკვარში ჩაშვებას.
  • 1899-1901 წლებში გიორგი ევანგულოვი. მისი მოღვაწეობის დროს გაიხსნა თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი, 1900 წელს საფუძველი ჩაეყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის მშენებლობას და სხვა.
  • 1902-1903 მიხეილ შესტაკოვი. 1902 წელს საფუძველი ჩაეყარა მართმადიდებელი სასულიერო სემინარიის კორპუსების მშენებლობას, ასევე სახალხო სახლის მშენებლობას, გაიხსნა თბილისი-ერევნის რკინიგზის ხაზი და სხვა.

მეოცე საუკუნის დამდეგს დაიწყო ბრძოლა თბილისის თვითმმართველობაში ქართველთა წარმომადგენლობის გაზრდისათვის. 1905 წელს ქალაქის თავად არჩეულ იქნა ვასილ ჩერქეზიშვილი, რომლის წყალობითაც თბილისში მოხერხდა ფართომაშტაბიანი შეტაკებების თავიდან აცილება. მის სახელს უკავშირდება თბილისის ფუნიკულიორის ამუშავება, ამავე პერიოდში დასრულდა ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობა, ვაკე თბილისის ტერიტორიას შემოუერთდა , გაიხსნა ე.წ. არამიანცის სახელობის საავადმყოფო, ასევე გაიხსნა სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა და სხვა.

მცირე ხნით ქალაქის თავად ტიგრან ენკიციანცი იქნა არჩეული. 1911 წელს კი აირჩიეს ალექსანდრე ხატისოვი, რომლის მოღვაწეობის წლებს უკავშირდება შემდეგი მოვლენები: გაიხსნა ქალაქის მეორე საავადმყოფო, ამოქმედდა ელექტრო სადგური, ასევე გაიხსნა საქართველოს სათავადაზნაურო ბანკი, 1917 წელს დაარსდა პირველი კონსერვატორია, ამავე წლის 4 მარტს შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატთა საბჭოები.

1918 წლის 26 მაისს დაიწყო ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა. თბილისის თვითმმართველობა სახელმწიფო წყობილების მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა. 1919 წლის 17 თებერვალს შედგა ახლადარჩეული საქალაქო სათათბიროს პირველი სხდომა, რომელზეც ქალაქის თავად არჩეულ იქნა ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის შემდეგ, სახელმწიფო ძალაუფლება ხელთ რევკომმა ჩაიგდო, რომელმაც სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ჩამოყალიბება თბილისის რავკომის შექმნით დაიწყო.

1991 დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ძალაში შევიდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონი “საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ”. ამ კანონით ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოდ იქცა, ხოლო მმართველობის ორგანოდ მერია და პრეფექტურა. ეს უკანასკნელი 1992 წლის 4 იანვრის ბრძანებით გაუქმდა და სამოქალაქო ომის შემდეგ, ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს გადაეცათ. 1992 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დებულება, რომლის მიხედვით თბილისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოს არჩევნებამდე მისი უფლებამოსილების შესრულება დაევალა მერიის საქალაქო კოლეგიას. 1998 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი “საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ”, რომლის მიხედვითაც თბილისში თვითმმართველობას ახორციელებს წარმომადგენლობითი ორგანო-თბილისის ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივ მმართველობას-თბილისის მერია.

შენობა[რედაქტირება]

"საქალაქო სახლი", XIX ს.–ის 30-იანი წწ

ქალაქის თვითმმართველობის ორგანოები სხვადასხვა შენობებშია გადანაწილებული; თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის 1824-1825 წლებში აგებული "საქალაქო სახლი", მოგვიანებით აქ კავკასიის კორპუსის შტაბი განთავსდა, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო პროკურატურა იყო. 1991-1992 წლების ე. წ. "თბილისი ომის" დროს შენობა მთელ კვარტალთან ერთად დაზიანდა. ამჟამად საქმიანი ცენტრია განთასებული.

რუხი ფერის, მკაცრი სიმეტრიის შენობა ადრეული რუსული კლასიციზმის ნიმუშია. შენობას აქვს 1 ზეძირკვლის და 3 სრულფასოვანი სართული. პირველი სართულის შუა ნაწილი დამუშავებულია სტილისთვის სახასიათო ნახევარწრიული თაღედით. სიმეტრიულად განთავსებულია ჯერ სწორკუთხა ფორმის, სვეტებით(პილასტრებით) გამოყოფილი სამ–სამი სარკმელი, მერე ეზოში შესასვლელი მაღალი გვირაბი(მარცხენივ) და სადარბაზო (მარჯვნივ), ორივე მრგვალი თაღით დასრულებული. ჰორიზონტალური ზოლები რუსტების მობათქაშებული იმიტაციაა. მეორე სართულის შუა ნაწილს იკავებს მაღალი ლოჯია, იონური კოლოსალური ორდერით დამუშავებული, მის აქეთ–იქით ორივე სართულზე ასევე სწორკუთხა ფორმის სამ–სამი სარკმელი. კომპოზიციას ამთავრებს არა ჩვეული ფრონტონი, არამედ პარაპეტს ამოფარებული კოშკი, რომელსაც ოთხივე მხარეს სასაათო ღიობი გააჩნია[4].

თვითმმართველობის შენობა, XIX ს. ბოლო მეოთხედი

ამჟამად ტერიტორიული ორგანო და მერის კაბინეტი განთავსებულია ისტორიულ შენობაში[5], რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედნის N2-ში. იგი XIX საუკუნის 30-იან წლებში აგებული საქალაქო პოლიციის შენობის საფუძვლიანი და ეტაპობრივი გადაკეთების შედეგია. არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის მიერ შედგენილი პროექტით 1878-1882 წწ მას განაპირა ნაწილები მიაშენეს. დღევანდელი სახე ნაგებობას არქიტექტორმა პაულ შტერნმა შესძინა.

შუა ნაწილს მესამე სართული დაემატა, ამაღლდა და სახე ეცვალა კოშკს, რომელიც თავის დროზე სახანძრო–სამეთვალყურეო დანიშნულებისა იყო, ფასადების მორთულობაში მავრიტანული სტილის ელემენტები გაჩნდა: სტუკოს ტექნიკით შესრულებულ სწორკუთხა ნიშებში ჩასმული შეისრული ღიობები, სტალაქტიტური ფრიზი, ფასადთა დამანაწევრებელი პილასტრების ორფერად შეღებვა და ა. შ. მთავარი ფასადის ღერძზე, შეისრულ თაღში საათია ჩასმული, რომლის უკანაც მცირე გუმბათი და ფანჩატურიანი კოშკია მოქცეული. შენობის განაპირა ნაწილებს მესამე სართული 1910-1912 წწ დაამატეს.

მერიის ახალი შენობა, ყოფილი „შრომის სასახლე“.

2008 წლის 3 თებერვალიდან მერიის ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები გადავიდნენ ახალ შენობაში შარტავას ქუჩა № 7-ში მდებარე, ყოფილ „შრომის სასახლეში“.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქ. თბილისის თვითმმართველობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა [1];
  • საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის — თბილისის შესახებ“ [2];
  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წელი, ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საქართველოს კანონი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ
  2. 2008 წელს გაუქმდა მანმდე არსებული ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა არქიტექტურის დამოუკიდებელი სამსახური, სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახური“
  3. ერევანსკის მოედნის ქალაქში შეცდომით დამკვიდრებული სახელი
  4. საათი შენობაზე 1829 წელს დაამონტაჟეს, საათის კოშკი დღემდე შემორჩეილია შენობაზე (საათის გარეშე);
  5. რუსეთის იმპერიის დროს „ქალაქის სათათბირო და გამგეობა“, საბჭოთა პერიოდში კი — „ქალაქის საბჭოს აღმასკომი“