აჭარის კრიზისი (2004)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს რუკაზე

აჭარის კრიზისი — პოლიტიკური კრიზისი აჭარაში 2003-2004 წლებში, რომელიც წარმოიშვა ასლან აბაშიძის მეთაურობის ქვეშ მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებული კონფრონტაციის ნიადაგზე. 2004 წლის 6 მაისს საქართველოს მთავრობამ აღადგინა კონტროლი აჭარის რეგიონზე.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოაცხადების შემდეგ, 1991 წლის ივლისში, ასლან აბაშიძე გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მას საკმაოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე აბაშიძემ დაიწყო შეიარაღებული სტრუქტურების ფორმირება, რითაც უფრო მეტად განიმტკიცა თავისი ძალაუფლება. 1996 წელს ასლან აბაშიძე ხელმეორედ აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 2000 წელს აბაშიძის ზეგავლენით საქართველოს პარლამენტმა შეიტანა შესწორებები 1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, რის მიხედვითაც გაიზარდა აჭარის ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში. მაგალითისთვის, აჭარის მთავრობა დამოუკიდებლად აკონტროლებდა თურქეთთან საზღვარს და თავისი ნების შესაბამისად განკარგავდა საბაჟო გადასახადებიდან შემოსულ თანხას. 2001 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესული შესწორებით გაჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა, რომელსაც პრივილეგირებული ძალაუფლება გააჩნდა. 2001 წელს აჭარის მოსახლეობის 99%-მა სწორედ უკონკურენტო ასლან აბაშიძე აირჩია ამ თანამდებობაზე. მისი მმართველობის დროს აჭარა შედარებით სტაბილური მხარე იყო, თუმცა იდევნებოდა ოპოზიცია, ირღვეოდა ადამიანის უფლებები. გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად მმართველობა იყო კორუმპირებული და კონცენტრირებული აბაშიძის ოჯახის წევრების ხელში.

მოვლენათა განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდების რევოლუციის დროს აბაშიძე მხარს ედუარდ შევარდნაძის მთავრობას უჭერდა. 2003 წლის 24 ნოემბერს მან აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გაზარდა კონტროლი საზღვრებზე, მათ შორის მეზობელ ადმინისტრაციულ ერთეულებთან. აბაშიძემ დაგმო ვარდების რევოლუცია, რადგან, მისი აზრით, იგი არაკონსტიტუციური იყო და ბოიკოტი გამოუცხადა 2004 წლის 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც შემდგომში პრეზიდენტად აირჩიეს, მწვავედ შეაფასა აბაშიძის ქმედებები: „მზად ვარ წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა მას შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას იგი თან ვერ წაიღებს. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება.“

აბაშიძე 18 დეკემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვოლტერ შვიმერს შეხვდა, რომელმაც მას აჭარაში არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. 20 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში გაემგზავრა, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა აჭარის არ-ის მეთაურ ასლან აბაშიძესთან. 28 დეკემბერს აბაშიძე დათანხმა აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, თუმცა მისმა პარტიამ „დემოკრატიული აღორძინების კავშირმა“ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

3 იანვარს აჭარაში საგანგებო მდგომარეობა დროებით შეწყდა არჩევნების ჩასატარებლად. 6 იანვარს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ორი წევრი და მათი ოჯახის წევრები დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ნარკოტიკები და ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვა დაკავებულთა ბინებში, თუმცა მათი ოჯახები ამ ბრალდებას უარყოფდნენ. მათი აზრით, აქტივისტების დაკავების მიზეზი დიდი ალბათობით მთავრობის საწინააღმდეგო, დისიდენტური პოზიცია იყო. დაკავებულები 18 იანვარს გაათავისუფლეს. 7 იანვარს საგანაგებო მდგომარეობა განახლდა. 11 იანვარს გონიოში გამართული ათასკაციანი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტა იყო. აქცია უცნობმა პირებმა დაარბიეს. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი ბათუმის ცენტრში მოკლეს. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური მოძრაობის წევრების განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგანაც ინაიშვილი ოპოზიციას უჭერდა მხარს. 27 იანვარს სახალხო მოძრაობა „ჩვენმა აჭარამ“ პირველი ყრილობა გამართა, სადაც გაჟღერდა აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზებით შეცვლის ინიციატივა. ყრილობას მოძრაობის 4000-მდე წევრი ესწრებოდა. ორგანიზაციამ ადგილობრივ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატერბის მოთხოვნით. 20 თებერვალს ბათუმში „ჩვენი აჭარის“ სათაო ოფისი დაარბიეს. 21 თებერვალს მდინარე ჩოლოქთან სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი, რომლებსაც ბათუმში ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიჰქონდათ.

27 თებერვალი ბათუმში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ასლან აბაშიძემ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული შეჭრის მომზადებაში დაადანაშაულა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო აჭარის მთავრობის დაუმორჩილებლობა და განაცხადა, რომ რეგიონში პოლიტიკური რეპრესიების გამტარებელები უნდა დაისაჯონ. სააკაშვილმა აბაშიძეს ათდღიან ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპირდა, რომ თბილისი სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებდა.

5 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონში სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „60 წუთის“ კორესპონდენტი ვახტანგ კომახიძე სცემეს. თვითმხილვევების განცხადებით, თავდამსხმელები სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ. ინციდენტს სამართალდამცავები შეესწრნენ, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვეს.

14 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მისი კორტეჟი მდინარე ჩოლოქთან ადმინისტრციულ საზღვარზე შეიარაღებულმა პირებმა შეაჩერეს. პრეზიდენტი სიტუაციის განმუხტვის მიზნით იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო. საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეიარაღებული ძალებით შესვლას აპირებდა. პრეზიდენტმა მოუწოდა ბათუმში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებს არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

14 მარტს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორების და სტუდენტების ერთი ნაწილი დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს. ბათუმელი სტუდენტების და ლექტორების ერთმა ნაწილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ისინი აპროტესტებენ ცენტრალური ხელისუფლებასა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის ვითარების დაძაბვას.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა აჭარის მეთაურ ასლან აბაშიძეს და მოსთხოვა ცენტრალური ხელისუფლების პირობები 15 მარტამდე შეესრულებინა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

„14 მარტის სატელეფონო საუბრისას მე ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო იფიქროს ჩემს პირობებზე. ვთხოვე მას შემიშვას მე და მთავრობის სხვა წევრები აჭარაში ამომრჩევლებთან შესახვედრად; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

15 მარტი საქართველოს პრეზიდენტის და მინისტრთა კაბინეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით ფოთში ანტიკრიზისული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც აჭარის საკითხის მოგვარება დაევალა. აჭარასთან გართულებული ურთიერთობების გამო მთავრობის მთლიანი შემადგენლობა დროებით ფოთში გადავიდა. 18 მარტს ასლან აბაშიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მათ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს საკითხებია საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე და მოსახლეობისთვის დარიგებული იარაღის ჩაბარების პროცესის დაწყება. სანაცვლოდ, აჭარისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოიხსნა. აბაშიძემ უარყო ინფორმაცია, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი ბოლო დროს ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. მისი თქმით, იარაღი პირველად მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები. 28 მარტს საპარლამენტო არჩევნები აჭარაში დარღვევებით ჩატარდა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოხატა შეშფოთება აჭარაში დაფიქსირებული დარღვევების გამო და არ გამორიცხა აჭარაში არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობა. ასლან აბაშიძემ ცენტრალურ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მისმა პარტიამ „საქართველოს დემოკრატიულმა აღორძინებამ“ 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა. 2 აპრილს აჭარის მთავრობა მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კატეგორიულად გააფრთხილა აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე განაიარაღოს რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აჭარის პარლამენტის დაშლით და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა. 13 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძეს შორის შემდგარი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, აბაშიძემ უარი განაცხადა მოსახლეობის განიარაღებაზე. 18 აპრილს მასობრივი დარღვევების გამო ხულოსა და ქობულეთის რაიონებში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა გამართულიყო, თუმცა არჩევნები ჩაიშალა.

23 აპრილს ასლან აბაშიძემ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული რთული ვითარების რუსეთისა და აშშ-ს შუამავლობით მოგვარების სურვლის შესახებ განაცხადა და ორივე ქვეყნის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. 24 აპრილი აჭარაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის უზენაესმა საბჭომ და სენატმა ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.

26 აპრილს ბათუმის პორტში განთავსებულმა სანაპირო დაცვის კატარღამ ფოთის პორტში გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის ცხრა წევრმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს.

27 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეუშვა. სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის მაღალმთიანი სოფლებისთვის განკუთვნილი სასუქით დატვირთულ რამდენიმე სატვირთო მანქანას მიაცილებდა.

28 აპრილს ასლან აბაშიძის განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არმიის რეზერვისტების მობილიზება დაიწყო. განკარგულებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია“. 29 აპრილს აბაშიძემ განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების მომხრეა და თბილისსა და ბათუმს შორის არსებული დაძაბულობა მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.

ცენტრში — ჩოლოქის 2004 წელს აფეთქებული ხიდის ნარჩენები, მარჯვნივ — ახალი ხიდი.

2 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, სამხედრო ნაწილები აჭარაში შეიჭრებოდნენ. მოსახლეობას აჭარაში შესვლა, ან რეგიონიდან გამოსვლა მხოლოდ ფეხით, შემოვლითი გზებით შეეძლო.

4 მაისს ბათუმში გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია აჭარის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად აჭარის ხელისუფლება საპროტესტო აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა შემდგომში ხელკეტებიც გამოიყენა. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

5 მაისს დაახლოებით 15 000 ადამიანი შეიკრიბა ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით. ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია ალსან აბაშიძის წინააღმდეგ. მშვიდობიან მოსახლეობას სამხედროები და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები უერთდებოდნენ. ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ აბაშიძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, თუ იგი თანამდებობას მშვიდობიანად დატოვებდა. ასლანი ასეც მოიქცა. ღამე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე იგორ ივანოვი ბათუმში ჩამოვიდა და ის და ასლან აბაშიძე მოსკოვში გაფრინდნენ. 6 მაისს ბათუმში მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა და წარმოთქვა სიმბოლური ფრაზა: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“.

კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აჭარაში ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც მოსახლეობის ხმათა 70% მიიღო პარტიამ „სააკაშვილი – მოგებული აჭარა“. მოხდა საქართველოსა და აჭარის კონსტიტუციების რეფორმირება. აჭარამ შეინარჩუნებდა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, მაგრამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა გაუქმდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]