თავისუფლების მოედანი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფლების მოედანი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „თავისუფლების მოედანი (თბილისი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. თავისუფლების მოედანი (თბილისი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
თავისუფლების მოედანი

ზოგადი ცნობები
მდებარეობა: თბილისი
კოორდინატები: 41°41′36,2″N 44°48′5,3″E
ზომები (სკვერის გარეშე): 80×105 მ
საერთო ფართობი: 15 545.11 მ²
ფართობი (სკვერის გარეშე): 9 365.63 მ²
წარმოშობა: XIX ს. დასაწყისი
სამშენებლო ფენა: III

თავისუფლების მოედანი[1] — ქ. თბილისის ცენტრალური მოედანი, მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში. მოედანზე განთავსებულია ქალაქის თვითმმართველობის შენობა, ხოლო ცენტრში აღმართულია თავისუფლების მონუმენტიწმ. გიორგის ქანდაკება. მოედნიდან იღებენ სათავეს: რუსთაველის გამზ., პუშკინის, გ. ლეონიძის, გალაკტიონის, შ. დადიანისა და კ. აფხაზის ქუჩები.

მოედნის სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედანმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახელი გამოიცვალა. 1801 წლამდე დღევანდელი მოედნის მიდამო ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და გარეთუბანი ეწოდებოდა. ადგილობრივები იქაურობას შეშის მოედანს ეძახდნენ, იმის გამო, რომ ტფილისის მახლობელი სოფლებიდან ურმებით მოზიდულ შეშას ამ ადგილას ჰყიდდნენ. შემდეგ რუსულმა ადმინისტრაციამ მოედნის კუთხეში კავკასიის არმიის შტაბი ააშენა (ეს შენობა დღესაც დგას, „ქორთიარდ მერიოტსა“ და უნივერმაღ „თბილისს“ შორის). ამის გამო შეშის მოედანი შტაბის მოედნად მონათლეს. თუმცა შეშის მოედანი და შტაბის მოედანი არაოფიციალური სახელები იყო და, უბრალოდ, ხალხი ეძახდა ასე.

ოფიციალურად კი პირველად სახელი მოედანს 1828 წელს მიანიჭეს. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად „პასკევიჩ-ერევანსკი“, ან შემოკლებით „ერევანსკი“ დაარქვეს. 1851 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლას შენობა, ამიტომ მოედანს ერთხანს „თეატრალურს“ უწოდებდნენ. 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების ამბის შეტყობისთანავე ერევნის მოედანზე შეკრებილი რევოლუციური პარტიების ლიდერებს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა და თბილისის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ „ზაკფედერაციისა“ ჰქვია (ამიერკავკასიის სფსრ–ს შექმნის გამო, 1922-1940), 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. 1990 წლიდან კი მოედანმა თავისუფლების სახელი დაიბრუნა. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი — „თავისუფლების მოედანი“.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ერევანსკის“ მოედანი 1862 წელი

თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. მოედანი არცთუ შორეულ წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა. გალავნის კედელი დაახლოებით დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთ მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის ქუჩის მოშენების სწვრივად ეშვებოდა. იმ ადგილზე კი, სადაც დღეს ლესელიძის ქ. ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი კარიბჭე – „კოჯრის კარი“ იყო. აქედან ორი გზა იწყებოდა. ერთი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა (ამჟამინდელ რუსთაველი გამზირის ხაზზე), მეორე კი კოჯრისკენ მიდიოდა დღევანდელი ლეონიძის ქუჩის გაყოლებით. მინდორს სოლოლაკის ხევი (გვიანდელი „ავანანთხევი“) კვეთდა. ხევს სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ჩაუყვებოდა მტკვრისკენ. ეს მდინარე კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით 1840-იან წლებში აგურის კოლექტორით გადახურეს, გადახურული ადგილი მოასწორეს და მასზე, ვორონცოვისავე მითითებით, მთელს კავკასიაში პირველი ოპერა ააშენეს.

ზუბალაშვილის სასტუმრო, „ერევანსკის“ მოედანი XIX ს. ბოლო

XIX ს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოთ მხარეზე დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია, XVII ს. მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა. იგი საკმაოდ დიდი ყოფილა და ოთხმოცამდე სადგომს მოიცავდა. მისივე ცნობით, ქარვასლა თურქებს დაუნგრევიათ 1724 წლის შემოსევისას. ვახუშტის და XVIII ს. 80-იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე მოედნის ტერიტორია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ბაღებითაა გარშემორტყმული. ვახუშტის მიხედვით, აქ იყო მეფის, დედოფლის და მამასახლისის ბაღები, ხოლო პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე მეფის და დედოფლის ბაღების გარდა, გიორგი ბატონიშვილის ბაღიც არის აღნიშნული. ვახუშტი ბატონიშვილს ამ ადგილებში ერთადერთი შენობა აქვს ნაჩვენები, რომელსაც იგი „ბეჟანის ქარვასლას“ უწოდებს. იგი დაახლოებით იქ იდგა, სადაც ქალაქის თვითმართველობის შენობა.

მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX ს. პირველ მეოთხედში დაიწყო. მოედნის დღევანდელი მოშენება, ერთი–ორი ნაგებობის გარდა, XIX ს. არის ჩამოყალიბებული და სტილისტურად საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის. ადრინდელ შენობათაგან ჩვენამდე მოაღწია 1824-1825 წლებში აგებულმა კავკასიის კორპუსის შტაბმა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობამ (ორივე ადრეული რუსული კლასიციზმი). ამათგან პირველი აიგო როგორც „საქალაქო სახლი“ (1829 წელს საათიც კი დაამონტაჟეს)[3], უკანასკნელი კი თავდაპირველად 1825 წელს აიგო, როგორც სასტუმრო „პალასიიაკობ ზუბალაშვილის მიერ, ვინმე თურქესტანიშვილისგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე. 1838 წელს შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა სასულიერო სემინარიის განსათავსებლად.

ქალაქის თვითმმართველობის შენობა (ამჟამად საკრებულო), „ერევანსკის“ მოედანი XIX ს. ბოლო

მოდნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის სწვრივად ერთ–ორ სართულიანი სახლები აშენდა, იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით, რომელთაც აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ჰქონდა. ერთ ასეთ სახლში, რომელიც ყოფილი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა, 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. ეს სახლები XIX ს. მეორე ნახევარში სხვა ნაგებობემა შეცვალა, რომელთა დიდმა ნაწილმა დღემდე მოაღწია. იმ ადგილას, სადაც ახლა მცირე სკვერია, XIX ს. პირველ ნახევარში და შემდგომაც გასაყიდი შეშის ურმების გასაჩერებელი იყო, კვირაობით კი დიდი ბაზრობა იმართებოდა. 1885 აქ ხეივანი გაშენდა, რომლის ნაწილი დღესაც არსებობს. ხეივანში ა. პუშკინის ბრინჯაოს ბიუსტი მოქანდაკე რ. ხუდოროვიჩმა დადგა 1890 წელს, ქართული საზოგადოების შეწირულობის ხარჯზე, სკვერი კი დღეს პუშკინის სახელს ატარებს.

გრანდ ოტელი „კავკაზი“, XIX ს. ბოლო

1830–იან წლებში მოედნის სამხრეთ მხარეზე, იქ სადაც ადრე „ბეჟანის ქარვასლა“ იდგა, ააგეს ქალაქის პოლიციის განყოფილების შენობა, პოლიცმეისტერის კანცელარიით. შენობას სახანძრო-სამეთვალყურეო დანიშნულების კოშკი ედგა[4]. 1878-1879 წწ შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა და გადმოვიდა „საქალაქო სახლი“ (შესაბამისად საათიც გადმოიტანეს). 1847-1851 წწ გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი ნაწილი (ლეონიძის ქ. და მოედანი) ეს გამოწვეული იყო ამავე წლებში მოედანზე თეატრისა და ქარვასლის მონუმენტური შენობის აგებით (იტალიური კლასიციზმი; არქ. ჯოვანი სკუდიერი). 1874 წელს ხანძრის შემდეგ აღადგინეს მარტო ქარვასლა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს მოედანზე კამოს ძეგლი დადგეს, რომელიც მალევე აიღეს. 1930-იან წლებში მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ჩატარდა, რამაც იმსხვერპლა ქარვასლის შენობაც (1934 წ.). აღებული ქარვასლის ადგილას უნდა აგებულიყო მარმარილოს ტრიბუნა და ტრიბუნის შუაგულში ლენინის ქანდაკება. პროექტის თანახმად ლენინის ძეგლი სახით დღევანდელი საკრებულოს შენობისკენ და ზურგით პუშკინის სკვერისაკენ უნდა მდგარიყო. 1934 წელს მოედნის ჩრდილოეთით მარმარილოს ტრიბუნა კი ააგეს, მაგრამ ძეგლი არ დაუდგამთ.

1950-იანი წლებისათვის მარმარილოს ტრიბუნაც მოშალეს. 1956 წლის 21 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ვ. ი. ლენინის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით, არქოტექტორები: გ. მელქაძე, კ. ჩხეიძე, კ. ხეჩინაშვილი, შ. ყავლაშვილი). ძეგლმა 1991 წლამდე იარსება, შემდეგ ის პარადულად ხალხის თანდასწრბით მოანგრიეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა. 1967 წელს მოედნის ქვეშ ამოქმედდა ამავე სახელწოდების მეტროსადგური.

1991 წელს ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი. 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის დროს მოედანზე რამდენიმე შენობა განადგურდა. 1992 წელსვე გამოცხადდა საავტორო უფლებების მოსაპოვებელი არქიტექტურული კონკურისი დანგრეული კვარტლის რეკონსტრუქციაზე. რომელიც განხორციელდა კიდეც 1999 წლიდან 2 საცხოვრებელი სახლის აშენებით (ლეონიძის ქ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კორპუსის რეკონსტრუქციით (არქ. გიორგი გეგეშიძე). თუმცა იმავე წელსვე გამოცხადდა ახალი კონკურსი უკვე მრავალფუნქციურ ნაგებობაზე, უშუალოდ მოედნის მიმდებარედ[5]. შედეგად 2002 წ. მოედანზე გაიხსნა ახალი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, საკმაოდ მონუმენტური მრავალფუნქციური შენობის სახით.

2006 წლის 23 ნოემბერს, მოდანზე საზეიმოდ გაიხსნა სვეტზე აღმართული წმინდა გიორგის 40 მეტრიანი ქანდაკებ (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი). მისი აღმართვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იანიციატივა იყო, 27 ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკება, რომელზეც ორი კგ. ოქრო დაიხარჯა, ავტორის საჩუქარია ქალაქისთვის.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მერია, 2007

მოედნის არქიტექტურა ყალიბდებოდა (და ახლაც ყალიბდება) ორი საუკუნის მანძილზე, შესაბამისად ის ერთდროულად ეკლეკტურიცაა და არათანადროულიც. მოედანზე ერთი-მეორის პირდაპირ დგას XIX ს. ისტორიულ სტილებში გადაწყვეტილი შენობები, XX ს. სტალინისტური არქიტექტურისა და ბოლოდროინდელი თანამედროვე ქართული არქიტექტურის პირმშოები. თავად მოედნის ფორმა და ანსამბლი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. „ერევანსკის“ მოედანზე ხევის არსებობის ხანაში, ის პრაკტიკულად ორად იყო გაყოფილი. უფრო სწორად კი მოედანი რეალურად 1824-1825 წწ აგებული „საქალაქო სახლის“ (მოგვიანებით „კავკასიის კორპუსის შტაბი“) წინ ჩამოყალიბდა (დღევანდელი პუშკინის სკვერის ტერიტორია). იგი სამი მხრიდან მოშენებული იყო, ხოლო სამხრეთიდან ხევი საზღვრავდა, რომელიც მოგვიანებით თეატრის შენობამ ამოავსო. შედეგად თეატრსა და საქალაქო პოლიციის შენობას შორის გაჩნდა ახალი მოედანი, რომელსაც უწოდებდნენ სწორედ „თეატრალურს“. უკვე 1934 წ. როდესაც დამწვარი თეატრის შენობა აიღეს მოედანი გაერთიანდა და შეიქმნა ის ურბანული სივრცე, რომელსაც დღეს უკვე – „თავისუფლების მოედანი“ ჰქვია.

მოედანს არასწორი ტრაპეციის ფორმა აქვს, რომელიც ჩრდილოეთით სკვერში იზრდება. განაშენიანების სიმაღლე არათანაბარია და მკვეთრად მომატებულია მოედნის ახალ მოშენებაში (ძვ. შენობებთან შედარებით). კომპოზიციურად მოედნის წამყვანი ნაგებობაა ქალაქის თვითმართველობის შენობა (აგებული 1830-იანებში, გადაკეთებული 1878-1882 და 1910-1912 წწ; გეგმები ოზეროვისა, ფასადი შტერნისა), შენობის სტილი ე.წ. „ეგზოტიკურია“[6], უფრო ზუსტად ფსევდო-მავრიტანული[7]. მისი სივრცით-მოცულობითი კომპოზიცია (კოშკის გამო), მას მოედანზე გაბატონებულ როლს ანიჭებს. თუმცა ყველაზე მაღალი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა შენობა მოედანზე არის სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“. თავისი თეთრი ფასადით, ეს ისედაც მონუმენტური 9 სართულიანი შენობა, საკმაო ყურადღებას იპყრობს. ნეოკლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი, კოლოსალური ორდერითაა დამუშავებული და ფრონტონებითა და მანსარდის სართულით მთავრდება.

ყველაზე ძველი შენობაა ყოფილი კავკასიის კორპუსის შტაბი, აგებული გვიანი რუსული კლასიციზმის სტილში. ამავე სტილის ნიმუშია დღევანდელი ხელოვნების სახ. მუზეუმის შენობა (არქ. ბერნადაცი, 1825 წ.), რენესანსისა და ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების მიბაძვითაა აგებული ქალაქის მერიის განაპირა საცხოვრებელი სახლები (ორივე XIX ს.). ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ინტერიერი გააჩნია მოედნის აღმოსავლეთით მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობას, რომელიც არსებითად ფსევდო-რენესანსის სტილის, „თბილისის ომის“ დროს დამწვარი კუთხის სახლის გაგრძელებას წარმოადგენს (XIX ს.). მის გვერდითაა სტალინისტური არქიტექტურის ორი 5 სართულიანი შენობა (XX ს. 30 წწ). სკვერს მიღმა იყო ყოფილი ცეკავშირის მაღლივი შემინული შენობა (1971; არქ. გ. მელქაძე, ნ. ქვარცხავა; ახლა დანგრეულია და აღარ არსებობს[8]) და არის საცხ. სახლი რუსთაველის გამზ. №1-ში (არქ. ა. ქურდიანი), მისი რუხი ფასადი, ასევე კოლოსალური ორდერით დამუშავებული, ბაროკოულ-რენესანსულ ეკლეკტიკაშია შესრულებული.

მოედნის ცენტრში დგას 44 მ სიმაღლის თავისუფლების მონუმენტი (ავტორი – ზურაბ წერეთელი), რომელიც მოედნის ანსამბლში მთავარ აქცენტს ქმნის.

საინტერესო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ყოფილი – "ლენინის მოედანი";
  2. ელისაშვილი, ალექსანდრე, „თავისუფლების მოედანი“ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 12/02/2011
  3. საათის კოშკი დღემდე შემორჩენილია შენობაზე (საათის გარეშე);
  4. ამ შენობის აქ განთავსება სავარაუდოდ იმით იყო გამოწვეული, რომ მაშინდელ ქალაქს – „კალას“, ზევიდან უყურებდა კოშკი;
  5. კონკურსი მოითხოვა ახალმა მეპატრონე–დამკვეთმა „ოტელ–თბილისმა“;
  6. ასე ეძახდნენ მავრიტანულ სტილს რუსეთის იმპერიაში;
  7. სტილს ქმნის მხოლოდ მორთულობა – ფასადი, ხოლო გეგმარება სტილთვის უცხოა;
  8. თბილისი უიღბლო ქალაქია. liberali.ge. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021
  9. „სააკაშვილის თქმით, ბუში საქართველოს დახვედრით "განცვიფრებულია"“ – "სივილ ჯორჯია" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. / 2005-05-10 09:59:57;