შუხუთი

შუხუთი — ისტორიული სოფელი და ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს სოფლებს ზემო შუხუთსა და ქვემო შუხუთს. ქვემო შუხუთში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ლელობურთის მემორიალი, ეკლესია. სოფლები სატრანსპორტო მიმოსვლით დაკავშირებულია ლანჩხუთთან და ოზურგეთთან.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15-20 მ-ზე, ლანჩხუთიდან 3 კმ-ში, ოზურგეთიდან 30 კილომეტრი. სოფლების ტერიტორიაზე გადის ლანჩხუთი-ჯაპანას და შუხუთი-ნასაკირალის საავტომობილო გზების მონაკვეთები, ჩამოედინება მდინარე უკანღელე.
შუხუთის ტერიტორიაზე მოიპოვება კირქვა, რომელიც კირის დასამზადებლად გამოიყენება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუხუთის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან. V-VI საუკუნეებში შუხუთის ტერიტორიაზე არსებობდა ციხე-ქალაქი. ციხე-ქალაქის არსებობა დასტურდება სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალით: V-VI საუკუნეების სასახლის ნაშთებით, V-VI საუკუნეების მთავარანგელოზის ტაძრის ნანგრევებით, ე.წ. თერმული ტიპის აბანოს ნანგრევებით და აბანოს იატაკის მოზაიკური ფრაგმენტით, ასევე კერამიკული მილების საკმაოდ რთული სისტემით. სავარაუდოდ, ქალაქის არსებობას ხელს უწყობდა თიხამიწით და კირქვით მდიდარი მიწა. ციხე-ქალაქის არქეოლოგიური გათხრები 1961 წელს განხორციელდა.
ნამოსახლარის ჩრდილოეთით აღმოჩენილია განძი, რომელიც შედგებოდა თორმეტი კოლხური და ერთი ბრტყელი ცულის, შუბისპირის და სატევრის პირისგან.[1]
ტოპონიმი შუხუთი პირველად იხსენიება 1708 წელს. თქმულების მიხედვით იგი წარმოიშვა ოსმალებისგან, რომლებმაც ამ ადგილს უწოდეს უხუთი (აუღებელი). 1855 წელს, ყირიმის ომის დროს მოხდა შუხუთფერდის ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის. შუხუთში 18-23 სექტემბერს იმართებოდა ბაზრობა[2]1911 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[3]1914 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.[4]
საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
ლელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შუხუთი ცნობილია ლელობურთის ტრადიციით, რომელიც ყოველ აღდგომა დღეს იმართება. ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ქვემო შუხუთი | ზემო შუხუთი |
|---|---|---|---|---|---|
| 1893[5] | 1409 | ||||
| 1908[6] | |||||
| 1911[7] | |||||
| 2002 | 1642 | 480 | |||
| 2014[8] | 1248 | 359 |
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო შუხუთის სამხრეთით, საირაოს ქედის ჩრდილოეთით აღმოჩენილ იქნა შუხუთის ციხე-ქალაქის არქეოლოგიური ნაშთები. ამჟამად ძეგლი შემორჩენილი არ არის.
ქვემო შუხუთისგანაპირას, ბორცვზე შემორჩენილია ციხის ნანგრევი. მას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ღელე ჩამოუდის. კედლები მორგებულია რელიეფს. შემორჩენილია აღმოსავლეთის კედელი 1 მეტრის სიმაღლეზე, აგრეთვე ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების მცირე ფრაგმენტები. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე, წყობა ქაოსურია. ციხის შემორჩენილი ნაწილი დაფარულია მიწითა და მცენარეული საფარით. ციხის ძირში აცანისკენ მიმავალი ბილიკი გადის.[9]
ქვემო შუხუთის ტერიტორიაზე შემორჩენილია სამი ნაეკლესიარი. ყველაზე დიდი და შედარებით უკეთ შემორჩენილი ნაეკლესიარი მდებარეობს სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლის გვერდით, სასაფლაოზე. ნანგრევები დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, რომელიც ქვიშაქვის კვადრებისგან არის გამოთლილი. ტაძარი შვერილფსიდიანი იყო. ყველაზე უკეთ შემორჩენილია აღმოსავლეთ მხარის კედლები.[10]
ქვემო შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესია დგას წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ახალი ეკლესიის ინტერიერში იკითხება ძველი ეკლესიის კედლის წყობა. ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტი.[11]
ნაეკლესიარი არის ასევე გორისგვერდის სასაფლაოზე შემორჩენილია. მთლიანად დანგრეული ეკლესიის ქვის სამრეკლოს მცირე ნაშთი. სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმოფანტულია ეკლესიის საპირე ქვები.[12]
ზემო შუხუთში ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ნანგრევები, რომელიც 1920-იან წლებში ააფეთქეს. ეკლესიის სამხრეთ კედელი შემორჩენილის 2-3 მ-ის სიმაღლეზე და მასში მოთავსებული კარით. დანარჩენი სამი მხარე 1 მ-ის სიმაღლემდე იკითხება. ტაძარი თავისი ფორმებით ერთნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის ნანგრევები მდებარეობს sოფლის აღმოსავლეთით, შემაღლებულ გორაზე, გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანიკო ბურძგლა ― სახალხო მომღერალი
- ნიკიფორე იმნაიშვილი ― პედაგოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სკვერი
- მდინარე უკანღელე
- ზემო შუხუთის ცენტრი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 61.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სადრაძე ვ, სადრაძე ს.., გურიის მხარის შესწავლის ისტორიისთვის (1831-2010 წწ) // გურია, მხარის კვლევა ძიების შედეგები : კრებული, თბილისი: მწიგნობარი, 2016, № VI, გვ. 54-76, ISSN 1512-3952.
- ↑ Кавказский календарь на 1850 год გვ. 122
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ Кавказскій календарь на 1894 годъ, Тифлись, 1893.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ციხის ნანგრევი № 9104 - ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნაეკლესიარი № 9090 - ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნაეკლესიარი წმ. გიორგის სახელობის № 20956 - ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნაეკლესიარი № 9057