ხაშურის პირველი საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სსიპ - ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლა
დევიზი: პირველი წარმატების ადგილი
დაარსდა: 1916 წელი
დირექტორი: მორის დანდურიშვილი
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 544[1]
მისამართი: ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. №22
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: khashuri1@mes.gov.ge
ძეგლი: საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17612

ხაშურის პირველი საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 1908 წ. 10 ნოემბერს ხაშურში გაიხსნა ოთხკლასიანი კერძო პროგიმნაზია. 1912 წ. არსებობდა ექვსკლასიანი პროგიმნაზია, ხოლო 1915 წლისთვის - გიმნაზია.[2] 1916 წ. აიგო გიმნაზიის შენობა ამჟამად ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, რომელსაც ხალხი დღესაც გიმნაზიის სახელით მოიხსენიეს. მის კედლებში აღიზარდნენ პროფესორი კალისტრატე სალია, გრიგოლ კიკნაძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Skola1sajaro.jpg

XIX საუკუნის 70–იანი წლებიდან, ხაშურის რაიონში დღის წესრიგში დგება მოსახლეობაში პირველდაწყებითი განათლების გავრცელება. ადგილობრივი საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგი იყო 1881 წლის ოქტომბერში ხაშურში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულების – ზემოჭალის ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება. 1888 წელს ხაშურში გაიხსნა რკინიგზის კერძო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზზე პირველი ორკლასიანი სასწავლებელი. მე–20 საუკუნის დასაწყისში საზოგადოებაში მომწიფდა აზრი ხაშურსა და სურამში საშუალო სასწავლებლების დასაარსებლად. 1908 წლის სექტემბერში მოწვეულ იქნა ხაშურის მაცხოვრებელთა კრება, რომელმაც სასწავლებლის დასაარსების შესასრულებლად აირჩია რწმუნებულთა ჯგუფი, რომელსაც მიანდო საშუალო სკოლის დაარსების ორგანიზება. გიმნაზიის ფინანსური უზრუნველყოფისათვის თითქმის მთელმა ხაშურმა გაიღო შეწირულობა. 1908 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა ხაშურის პროგიმნაზია, რომელიც თავდაპირველად ორკლასიანი იყო, ხოლო 1909 წლის 1 სექტემბერს დაემატა მესამე კლასი. 1911–1912 წლებში ხაშურის პროგიმნაზიას ხელმძღვანელობდა სერგეი ფილიპეს ძე ოდარჩენკო. 1912 წლისთვის ხაშურის კერძო პროგიმნაზია ექვსკლასიანია. ამავე წელს გიმნაზიის გამგის თანამდებობაზე მოიწვიეს ქუთაისის გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი პროკოფი არტემის ძე ბოჟკო, რომელიც ლათინურ ენას ასწავლიდა. ა. ბოჟკო 1914 წელს, ხაშურში გარდაიცვალა. 1914–1917 წლებში ხაშურის პროგიმნაზიის დირექტორად მოწვეული იყო ალექსანდრე მდივანი, რომელიც 1907–1915 წლებში თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი იყო. ხაშურის გიმნაზიისთვის საჭირო შეიქმნა დაწყებულიყო გიმნაზიისთვის საკუთარი შენობის მშენებლობა. 1915 წლის 11 აპრილს თბილისიდან ხაშურში ჩავიდა საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი. 12 აპრილს, ეგზარქოსმა ხაშურის რკინიგზის ეკლესიაში წირვა აღავლინა. ეგზარქოს პიტიმირის წინამძღოლობით შეკრებილი დიდძალი ხალხი ჯვრით ხელში გაემგზავრნენ იმ ადგილისკენ, სადაც საფუძველი უნდა ჩაყროდა გიმნაზიის შენობას. პროცესში მონაწილეობდა გიმნაზიის მოსწავლეთა სასულე ორკესტრი. 12 აპრილს, კვირას, 12 საათზე აკურთხეს ხაშურის სავაჟო სრულფასოვანი გინაზიია შენობის საძირკველი. კურთხევას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბ. რუდოლფი, თბილისის გუბერნატორი ბ. სტახოვსკი, საპატიო სტუმრები და ათი–ათასამდე ხალხი. 1916 წლის იანვარს ხაშურის ვაჟთა გიმნაზია ახლადაშენებულ შენობაში გადავიდა. 1915 წლის ნოემბრიდან ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გვერდით არსებობა დაიწყო ქალთა გიმნაზიამაც.

Khashuri Public School N1.jpg

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხაშურის პირველი სკოლის შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი მასწავლებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი პირველსკოლელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ნარკვევები ხაშურის რაიონის სახალხო განათლების ისტორიიდან, წიგნი მესამე, ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, ხაშური, 2014

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]