შინაარსზე გადასვლა

რასიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტუდენტების პროტესტი რასიზმის წინააღმდეგ, ბრაზილია, ბრაზილია

რასიზმი — რწმენა, რომ ადამიანთა ჯგუფები, ფიზიკური მახასიათებლებიდან (კანის ფერი, სახის ნაკვთები და სხვა ეთნიკური მახასიათებლები) გამომდინარე განსხვავებულ თვისებების არიან და შესაბამისად შესაძლებელია მათი კატეგორიზება რასებად, სადაც ერთი რასა მეორეზე აღმატებულია.[1] რასიზმი სხვა ჯგუფის წევრების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებისა და ერთი რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული მდგომარეობის გამამართლებელ არგუმენტად გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს. [2]

რასიზმს, როგორც იდეოლოგიურ მრწამსს და ჩაგვრის ინსტრუმენტს, ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, რასიზმის თეორია მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. რასისტული თეორიების თანახმად, კაცობრიობა ერთმანეთისგან ბიოლოგიურად განსხვავებულ რასებად იყოფა, რაც განაპირობებს მათს ქცევას, უნარ-ჩვევებს, კულტურას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ამდენად, რასები თანაბარნი არ არიან. მისთვის დამახასიათებელია „წმინდა“ სისხლის დოქტრინები, რომლისგანაც გამომდინარეობს მოსაზრება, რომ რასების აღრევა უარყოფითად მოქმედებს სოციალურ-კულტურულ პროცესებზე და ცივილიზებული საზოგადოება შესაძლოა კატასტროფამდე მიიყვანოს.[3]

ზოგადი მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასიზმი არის გააზრებული ან გაუაზრებელი რწმენა ერთი რასის აღმატებულობის შესახებ მეორის მიმართ, რომლის თანახმადაც, „აღმატებულ“ რასას უფლება აქვს ძალაუფლების გამოყენების გზით დომინირებდეს „დაბალ“ რასაზე. თავად ტერმინი „რასიზმი“ გულისხმობს სხვადასხვა „რასების“ არსებობას. ისტორიულად, „მაღალ“ და „დაბალ“ რასებზე მსჯელობა მომდინარეობს ბიოლოგიური განსხვავებების თეორიიდან, რომელიც ადამიანების კლასიფიცირებას ახდენს რასებად. მე-19 საუკუნის ბოლომდე ფართოდ გავრცელებული მონობის პრაქტიკა ეფუძნებოდა რწმენას, რომ მონები „დაბალ რასას“ მიეკუთვნებოდნენ.[4]

რასიზმის თანამედროვე გამოვლინებები ემყარება ხალხთა შორის ბიოლოგიური განსხვავებების სოციალურ აღქმებს. ამ შეხედულებებმა შესაძლოა მიიღოს როგორც სოციალური პრაქტიკის, ისე პოლიტიკური სისტემების ფორმა. პოლიტიკური სისტემებისთვის (მაგალითად, აპართეიდი), რომლებიც მსგავსი ცრურწმენებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკების მხარდაჭერას ახორციელებენ, დამახასიათებელია ისეთი სოციალური ასპექტები როგორიცაა ქსენოფობია, სეგრეგაცია, და სოციალურ იერარქიებად დაყოფა.

თანამედროვე სოციალური მეცნიერება ერთმანეთისგან განასხვავებს რასისა და ეთნოსის ცნებებს, თუმცა, ეს ორი დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან გაიგივებული იყო, როგორც კულტურაში, ისე ადრეულ სამეცნიერო ლიტერატურაში.

რასიზმი, შედარებით თანამედროვე კონცეფციაა, რომელიც ევროპული იმპერიალიზმის ეპოქასა და მის შემდგომ კაპიტალისტურ განვითარებასთან ერთად აღმოცენდა. პირველ რიგში აქ იგულისხმება ტრანს-ატლანტიკური მონათა ვაჭრობა, რომელიც სწორედ რასისტულ რწმენებს ეფუძნებოდა.[5] რასიზმი იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა XIX და XX საუკუნეების აშშ-ში სეგრეგაციული პოლიტიკის, ისევე როგორც სამხრეთ აფრიკის აპართეიდის, უკან. რასისტულმა მსოფლმხედველობამ განაპირობა მსოფლიო ისტორიაში არსებული არაერთი გენოციდის ფაქტი, მათ შორის ჰოლკოსტი, სომხების გენოციდი, ევროპული კოლონიალიზმი ამერიკის, აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე.

მე-19 საუკუნეში ბევრმა მეცნიერმა დაიწყო ადამიანების კატეგორიზაცია სხვადასხვა რასებად. თავად ტერმინი „რასიზმი“ აღწერს რასისტულ რწმენას, რომ ადამიანები შესაძლოა დაიყონ განსხვავებული შესაძლებლობებისა და მახასიათებლების მქონე რასებად, რაც შემდგომ გამოიხატება პოლიტიკურ იდეოლოგიაში, რომელიც შესაბამის რასობრივ კატეგორიებს განსხვავებულ უფლებებსა და პრივილეგიებს ანიჭებს. თავად ტერმინი „რასის“ წარმომავლობა არ არის დადგენილი. ლინგვისტები ზოგადად თანხმდებიან, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა გადმოღებულ იქნა შუასაუკუნეების პერიოდის ფრანგულიდან, თუმცა არ არსებობს შეთანხმებული პოზიცია თუ როგორ მოხდა მისი დამკვიდრება ლათინურ ენებში. არსებობს ვარაუდი, რომ იგი არაბული „რა“-დან მომდინარეობს, რომელიც ნიშნავს „საწყისს“, ან მსგავსი მნიშნელბის მქონე ებრაული „როშ“-დან.[6]

ისტორიულად, ტერმინი „რასიზმის“ ფართო გამოყენება დასავლურ სამყაროში 1930-იანი წლებიდან იწყება, ნაცისტური სოციალური და პოლიტიკური იდელოგიის აღწერისთვის, რომელიც „რასას“ ბუნებრივ პოლიტიკურ მოცემულობად განიხილავდა.[7]

საერთაშორისო სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი უნივერსალური ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას, არის გაერო-ს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დეკლარაცია აღიარებს, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ მოპყრობას და ფლობს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია „რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების, ეროვნების ან სოციალური წარმომავლობის, საკუთრების, დაბადების თუ რაიმე ნიშნის მიხედვით“.

გაერო არ განმარტავს „რასიზმს“, თუმცა განსაზღვრავს „რასობრივ დისკრიმინაციას“. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, ცნება „რასობრივი დისკრიმინაცია“ ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობას ან განხორციელებას თანაბარ საფუძველზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ან სხვა სფეროში.[8]

იუნესკო-ს 1978 წლის დეკლარაციაში რასისა და რასობრივი ცრურწმენების თაობაზე, გაერო განმარტავს, რომ ყველა ადამიანი განეკუთვნება ერთ საერთო სახეობას და იბადება თანასწორი უფლებებით.

სოციალური მეცნიერება და ბიჰევიორიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციოლოგები რასას ზოგადად განიხილავენ როგორც სოციალურ კონსტრუქტს. რაც გულისხმობს, რომ მართალია რასისა და რასიზმის კონცეფციები შესამჩნევ ბიოლოგიურ მახასიათებლებს ეფუძნება, მისგან გამომდინარე დასკვნები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია კულტურული იდეოლოგიებით. რასიზმი, როგორც იდეოლოგია საზოგადოებაში არსებობს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ დონეზე.

უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევების უმრავლესობა კონცენტრირდებოდა „თეთრ რასიზმზე“ დასავლურ სამყაროში, თუმცა, ისტორიულად რასობრივ მახასიათებლებზე დაფუძნებული სოციალური პრაქტიკები დედამიწის ყველა ნაწილში დაფიქსირებულა.[9] ამდენად, რასიზმი ფართო მნიშვნელობით მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ცრურწმენებსა და დისკრიმინაციულ ქმედებებს, რომლის შედეგადაც უმრავლესობას ან დომინანტურ სოციალურ ჯგუფს ენიჭება გარკვეული მატერიალური და კულტურული უპირატესობა.[10] ე.წ. „თეთრი რასიზმი“ ფოკუსირდება იმ საზოგადოებებზე, რომელთა თეთრკანიანი მოსახლეობა წარმოადგენს დომინანტურ სოციალურ ჯგუფს. კვლევებში, ამ ჯგუფისთვის მინიჭებული კულტურული თუ სხვა სახის უპირატესობები მოიხსენიება როგორ „თეთრკანიანთა პრივილეგიები“.

რასა და რასობრივი ურთიერთობები სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების კვლევის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სფეროა. რასიზმზე ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კვლევები ეკუთვნის სოციოლოგ დიუბოას (პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში). სოციოლოგიასა და ეკონომიკაში რასისტული ქმედებების შედეგები იზომება სხვადასხვა რასობრივ ჯგუფებს შორის შემოსავლებისა და სიმდიდრის უთანასწორობის, ასევე კულტურულ რესურსებზე (განათლებაზე) წვდომის მაჩვენებლებით.

სოციოლოგთა ნაწილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ კულტურაში დღესდღეობით რასიზმი საზოგადოებაში ნეგატიურად არის სანქცირებული, რასისტულმა ცრურწმენებმა უფრო უხილავი ფორმები მიიღეს. რასიზმის „ახალი“ ფორმები მჭიდროდ არის გამჯდარი სოციალურ სტრუქტურებში და ადვილად არ შეიმჩნევა ზედაპირზე. ეს პროცესი ფართოდ არის შესწავლილი სოციალურ ფსიქოლოგიაში, როგორც იმპლიციტური (ფარული) დამოკიდებულებები, ანუ ობიექტის გაუცნობიერებელი შეფასებები, რომელიც განაპირობებს შესაბამის გაუცნობიერებელ ქცევებს. აქედან გამომდინარე, ქვეცნობიერი რასიზმი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, როდესაც განსხვავებული კანის ფერის ადამიანს ვხედავთ. ამდენად, რასისტული ფიქრები და ქმედებები შესაძლოა მომდინარეობდეს ღრმად გამჯდარი სტერეოტიპებიდან და შიშებიდან, რომელიც პირს შესაძლოა გაცნობიერებულიც არ ჰქონდეს.[11]

რასიზმის სხვადასხვა ფორმა და პრაქტიკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასისტული მსოფლმხედველობა სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში გამოიხატება.

ავერსიული რასიზმი არის იმპლიციტური რასიზმის ფორმა, რომლის დროსაც პირის მიერ განსხვავებული რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი უმცირესობების მიმართ არსებული არაცნობიერი ნეგატიური შეფასებები გამოიხატება მათთან ინტერაქციისთვის მუდმივად თავის არიდებაში. ტრადიციული, გამოხატული რასიზმისგან განსხვავებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია აშკარა ზიზღი და დისკრიმინაცია რასობრივი/ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ავერსიული რასიზმი ხასიათდება უფრო კომპლექსური, ამბივალენტური დამოკიდებულებებით.[12] ინდივიდი შესაძლოა საჯაროდ აღიარებდეს ეგალიტარიანულ ღირებულებებს, უარყოფდეს რასობრივად მოტივირებულ ქცევას, თუმცა, მიუხედავად ამისა, როდესაც შეხება აქვს გარკვეული რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, მისი ქცევა გაუცნობიერებლად იცვლება. ავერსიული რასიზმი გამოიხატება, მაგალითად, დასაქმების თუ სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას.[13]

კულტურული რასიზმი გამოიხატება საზოგადოებრივ რწმენებსა და ჩვეულებებში, რომელთა თანახმადაც, რომელიმე ერთი კულტურა, მისი ენა და ტრადიციები, უფრო მაღლა დგას ვიდრე სხვა კულტურები.[14] იგი მოიცავს იდეას, რომ სხვადასხვა კულტურები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან და დაუშვებელია მათი თანაარსებობა ერთ საზოგადოებასა თუ სახელმწიფოში.

კულტურული რასიზმის კონცეფცია 1980-1990-იან წლებში დამკვიდრდა დასავლეთ ევროპელი მკვლევარების მიერ, რომელთა მტკიცებითაც, დასავლურ ქვეყნებში შესამჩნევი მტრული დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ განხილულ უნდა იქნეს როგორც რასიზმი. მაშინ, როდესაც ბიოლოგიურმა რასიზმმა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალობა დაკარგა დასავლურ საზოგადოებებში, იგი ჩაანაცვლა ახალმა, კულტურულმა რასიზმმა, რომელიც ეფუძნებოდა კულტურათა შორის იერარქიული განსხვავების რწმენას. ამავე მკვლევარების დაკვირვებით, აღნიშნულ ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ულტრამემარჯვენე მოძრაობებმა, რომელთა თანახმადაც დასავლური კულტურა სხვა კულტურებზე აღმატებულია.

ინსტიტუციური რასიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტიტუციური რასიზმი (ხშირად მოიხსენიება როგორც სტრუქტურული რასიზმი, ან სისტემატიური რასიზმი) არის რასიზმის ფორმა, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების (მთავრობა, კორპორაციები, რელიგიური თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები) პრაქტიკებში. იგი აისახება უთანასწორობაში სიმდიდრის, შემოსავლების, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების, დასაქმების, საცხოვრებელზე, ჯანდაცვაზე, პოლიტიკურ ძალაუფლებასა და განათლებაზე წვდომის სფეროებში.

ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა 1967 წელს სთოქლი კარმაიკლისა და ჩარლზ ჰემილტონის მიერ.[15] მათი განმარტებით, მაგალითისთვის, როდესაც თეთრკანიანი ტერორისტი თავს ესხმის შავკანიანთა ეკლესიას და ხოცავს ხუთ შავკანიან ბავშვს, ეს წარმოადგენს ინდივიდუალურ რასიზმს. ხოლო, როდესაც იმავე ქალაქში ხუთასი შავკანიანი ახალშობილი იხოცება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, თავშესაფარსა თუ მედიკამენტებზე, ამასთან, ათასობით შავკანიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ყოველდღიურად დისკრიმინაციის მსხვერპლია, აღნიშნული უკვე წარმოადგენს ინსტიტუციური რასიზმის გამოხატულებას. თუ აშკარად გამოხატული ინდივიდუალური რასიზმის ცალკეული სასტიკი გამოვლინებები დაგმობილია საზოგადოების ნაწილის მიერ, ინსტიტუციური რასიზმი იმდენად სისტემური და კომპლექსურია, ფართო საზოგადოება მის იგნორირებას ამჯობინებს.[15]

სახელმწიფო რასიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო რასიზმის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია 1935 წელს ნაცისტურ გერმანიაში მიღებული ე.წ ნიურნბერგის რასობრივი კანონები. ეს იყო ანტისემიტური და რასისტული ნორმების ერთობლიობა, რომელიც ერთის მხრივ, არიული სისხლის დაცვის მიზნით კრძალავდა გერმანალებსა და ებრაელებს შორის როგორც ქორწინებას, ისე ქორწინების გარეშე ურთიერთობას. მეორეს მხრივ, რაიხის მოქალაქეებად აცხადებდა და შესაბამისად, ყველა სამოქალაქო უფლებას ანიჭებდა მხოლოდ არიული რასის ან მასთან მონათესავე ჯგუფების წარმომადგენლებს. კანონებს თან ერთვოდა დეკრეტი, რომლითაც განსაზღვრული იყო თუ ვინ განეკუთვნებოდა ებრაელებს, შერეულ სისხლს და სუფთა არიულ რასას, რის შემდეგაც თითოეულ რასას თავისი რანგი ენიჭებოდა. ყველა, ვინც არიულ რასას არ განეკუთვნებოდა, ითვლებოდა არასრულყოფილ ადამიანად, ხოლო ებრაელები საერთოდ არ განიხილებოდნენ ადამიანებად. მოგვიანებით, კანონები გავრცელდა ბოშებსა და შავკანიანებზეც. ბოშები, ებრაელებთან ერთად, სახელმწიფოს მტრებად გამოცხადდნენ.

სახელმწიფო რასიზმის კიდევ ერთი მაგალითია აპართეიდი სამხრეთ აფრიკაში 1948-1990 წლებში. აპართეიდი წარმოადგენდა რასობრივი სეგრეგაციის ინსტიტუციონალიზებულ, ავტორიტარული პოლიტიკური კულტურის მატარებელ სისტემას, რომელიც თეთრკანიანთა უზენაესობის იდეას ემყარებოდა. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფდა, რომ სამხრეთ აფრიკაში მაცხოვრებელ თეთრკანიანთა უმცირესობას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დომინაცია ჰქონოდა დანარჩენ მოსახლეობაზე. იგი ითვალისწინებდა სოციალურ სტრატიფიკაციას, სადაც თეთრკანიან მოქალაქეებს უმაღლესი სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, ხოლო შემდგომ რანგირების სისტემით მოდიოდნენ აზიელები, ფერადკანიანები და შავკანიანი აფრიკელები. აპართეიდი, როგორ ფორმალური პოლიტიკა მიღებულ იქნა სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიერ 1948 წლის არჩევნების პერიოდში. აპართეიდის პირობებში აკრძალული იყო რასებს შორის ქორწინება, სეგრეგირებული იყო საჯარო სივრცეები, ასევე დასაქმებისა და საცხოვრებელი სივრცეები. 1970-1980-იან წლებში აპართეიდის კრიტიკა საერთაშორისო დონეზე გაიზარდა და თვითონ ქვეყნის შიგნითაც ანტი-აპართეიდული მოძრაობა გაძლიერდა, რომლის გამორჩეულმა ლიდერმა, ნელსონ მანდელამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აპართეიდის დასრულებაში.

რასობრივი სეგრეგაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასობრივი სეგრეგაცია წარმოადგენს მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის პოლიტიკას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსახლების სპეციალური ზონების გამოყოფით დაწყებული, პარალელური საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნით დასრულებული. უფრო კონკრეტულად ეს შეიძლება გამოხატოს, მაგალითად, განსხვავებული რასის წარმომადგელების განცალკევებით სკოლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცალკე საპირფარეშოების გამოყოფით და სხვ. შესაძლოა სეგრეგაცია ოფიციალური კანონმდებლობით აიკრძალოს, თუმცა, სოციალური ნორმის სახით მაინც შენარჩუნდეს საზოგადოებაში.

ამ მხრივ აღსანიშნავია ე.წ. ჯიმ კროუს კანონები, რომელიც წარმოადგენდა ამერიკის სამხრეთ შტატებში მოქმედ რასობრივი სეგრეგაციის კანონებს.[16] კანონმდებლობა მიღებულ იქნა ყოფილ კონფედერაციულ შტატებში 1870-იან და 1880-იან წლებში და ძალაში იყო 1965 წლამდე. კანონები აღიარებულ იქნა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1896 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ, რომელშიც სასამარლომ დაადგინა ე.წ. „განცალკევებული მაგრამ თანასწორი“ სამართლებრივი პრინციპი. კანონები ითვალისწინებდა თეთრკანიანებისა და სხვა ფერადკანიანებისა და შავკანიანების სეგრეგაციას ყველა საზოგადოებრივ ადგილას: სკოლა, ტრანსპორტი, რესტორნები და ა.შ. 1913 წელს პრეზიდენტმა ვუდროუ ვილსონმა, სამხრეთელმა დემოკრატმა, ინიციირება მოახდინა ფედერალურ სამუშაო ადგილებზე სეგრეგაციის დაწესების.[17] 1915 წლიდან სეგრეგაცია ყველა შტატში დაკანონდა. შავკანიანებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადაეხადათ მაღალი გადასახადი და ჩაებარებინათ ტესტი, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციისა და დმაოუკიდებლობის დეკლარაციის ზეპირად ცოდნის ვალდებულებას ითვალისწინებდა. ჯარიმით ან პატიმრობით ისჯებოდა რასებს შორის ქორწინება. ერთი და იმავე დანაშაულისთვის განსხვავებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ თეთრკანიანებსა და ფერადკანიანებს (აქ იგულისხმება როგორც შავკანიანები, ისე მკვიდრი ამერიკელები). ერთგვარ სანახაობებად იქცა ამ პერიოდში შავკანიანების ლინჩის წესით გასამართლებები.

1950-იან წლებში, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე ერლ უორენის თავმჯდომარეობით, არაერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა საფუძველზეც ნელ-ნელა გაუქმდა სეგრეგაციის კანონები. ამ მხრივ პირველი იყო 1954 წლის გადაწყვეტილება საქმეზე ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ, რომლითაც გაუქმდა რასობრივი სეგრეგაცია სკოლებში. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას მრავალი წელი დასჭირდა ზოგიერთ შტატში. საბოლოოდ ყველა კანონის გაუქმება მოხდა 1964 წლის სამოქალაქო უფლებების და 1965 წლის საარჩევნო უფლებების აქტებით.

მეცნიერული რასიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერული რასიზმი, რომელიც დღეს უკვე ფსევდომეცნიერულ რწმენად ითვლება, ემყარებოდა იდეას, რომ არსებობს რასიზმის, რასობრივი უპირატესობის გამამართლებელი ემპირიული და მეცნიერული მტკიცებულებები. ანთროპოლოგიაზე, ანთროპომეტრიასა და სხვა დისციპლინებზე დაყრდნობით სამეცნიერო რასიზმის ფარგლებში შემუშავებულ იქნა ანთროპოლოგიური ტიპოლოგიები, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა პოპულაციების კლასიფიცირება ხდებოდა ფიზიკური მახასიათებლებით, რაც შემდგომ, ცალკეული რასების უპირატესობის თუ ნაკლოვანების მტკიცებისთვის გამოიყენებოდა. მაგალითისთვის, ამერიკელმა სამუელ ჟორჯ მორტონმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის პროცესშიც მან შეისწავლა 6000-ზე მეტი თავის ქალა. მას სჯეროდა, რომ რაც უფრო დიდი იყო ადამიანის თავის ქალა, მით უფრო დიდი იყო მისი ტვინი; ტვინის ზომა კი განაპირობებდა ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს. კვლევის შემდეგ მორტონმა დაასკვნა, რომ თეთრი რასა არა მარტო სოციალურად, არამედ ბიოლოგიურადაც აღემატებოდა შავს.[18] მეცნიერული რასიზმის განვითარება იწყება მე-17 საუკუნიდან, განსაკუთრებით მაღალი აქტუალობა შეიძინა მე-18 და მე-19 საუკუნეში, ე.წ. ახალი იმპერიალიზმის ეპოქაში. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იგი უარყოფილ იქნა როგორც ფსევდომეცნიერული კატეგორია.

ადამიანების ზოოპარკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანების ზოოპარკები, სხვაგვარად ეთნოგრაფიული გამოფენები, წარმოადგენდა მე-19 და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ფართოდ გავრცელებულ ადამიანთა საჯარო გამოფენის პრაქტიკას. გამოფენა მიზნად ისახავდა დასავლური ცივილიზაციის ევროპელებსა და არაევროპელ ხალხთა შორის, რომელიც პრიმიტიულად მიიჩნეოდა, არსებული კულტურული განსხვავებების დემონსტრირებას. ხშირად ხდებოდა შავკანიანების მაიმუნების გვერდით დაყენება, როგორც ევოლუციის გრადაციის ილუსტრაცია, ანუ შავკანიანები და სხვა რასები განიხილებოდა ევროპელებსა და მაიმუნებს შორის „გარდამავალ ეტაპად“. დღესდღეობით მსგავსი გამოფენები უკვე მიუღებლად და რასისტულად მიიჩნევა. იდეის წარმოშობა მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეცნიერულმა რასიზმმა.

ანტირასისტული მოძრაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტირასისტულ მოძრაობებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ და სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა რეგიონებში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები მოიტანეს, თუმცა მათ შორის, მასშტაბურობისა და გავლენის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ს სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ანტიაპართეიდული მოძრაობა სამხრეთ აფრიკაში. არაძალადობრივი წინააღმდეგობა ხშირად ასოცირდება ანტირასისტულ მოძრაობებთან.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ადამიანის უფლებათა ლექსიკონი/[შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ.: დასი, 1999.
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი/[სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004.
  • ენდრიუ ჰეივუდი, პოლიტიკა, საქართველოს მაცნე, 2008.
  • გაერო-ს საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფრომის აღმოფხვრისათვის.
  • Ghani, Navid (2008). "Racism". In Schaefer, Richard T. (ed.). Encyclopedia of Race, Ethnicity, and Society. SAGE.
  • Dennis, R.M. (2004). "Racism". In Kuper, A.; Kuper, J. (eds.). The Social Science Encyclopedia, Volume 2 (3rd ed.). London; New York: Routledge.
  • Fredrickson, George M. (2002). Racism: A Short History. Princeton, NJ: Princeton University Press.
  • Gossett, Thomas F. Race: The History of an Idea in America. New York: Oxford University Press, 1997.
  • Feagin, Joe R. (2000). Racist America: Roots, Current Realities, and Future Reparations. Routledge.
  • Eberhardt, Jennifer L.; et al. (2004). "Seeing Black: Race, Crime, and Visual Processing". Journal of Personality and Social Psychology. 87 (6).
  • Dovidio, John F.; Gaertner, Samuel L., eds. (1986). "The aversive form of racism". Prejudice, Discrimination and Racism. Academic Press.
  • Dovidio, John F.; Gaertner, Samuel L. (2004). "Aversive Racism". In Olson, James M.; Zanna, Mark P. (eds.). Advances in Experimental Social Psychology. 36.
  • Blaut, James M. (1992). "The Theory of Cultural Racism". Antipode: A Radical Journal of Geography. 24 (4).ს
  • Carmichael, Stokely; Hamilton, Charles V. (1967). Black Power: Politics of Liberation (November 1992 ed.). New York: Vintage.
  • Robbins, Richard H. Cultural Anthropology: A Problem-based Approach. Australia: Wadsworth/Cengage Learning, 2013. Print.
  • Fremon, David (2000). The Jim Crow Laws and Racism in American History.
  • Michael R. Gardner (2002). Harry Truman and Civil Rights. SIU Press.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ghani, Navid (2008). "Racism". In Schaefer, Richard T. (ed.). Encyclopedia of Race, Ethnicity, and Society. SAGE. pp. 1113-1115.
  2. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი/[შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ.: დასი, 1999, გვ:128
  3. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი/[სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004, გვ: 351. ენდრიუ ჰეივუდი, პოლიტიკა, საქართველოს მაცნე, 2008, გვ.168.
  4. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=2156
  5. Dennis, R.M. (2004). "Racism". In Kuper, A.; Kuper, J. (eds.). The Social Science Encyclopedia, Volume 2 (3rd ed.). London; New York: Routledge.
  6. "race (n2)". Online Etymology Dictionary. Retrieved 21 February 2016.
  7. Fredrickson, George M. (2002). Racism: A Short History. Princeton, NJ: Princeton University Press. p. 5.
  8. გაერო-ს საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფრომის აღმოფხვრისათვის, მუხლი 1.
  9. Gossett, Thomas F. Race: The History of an Idea in America. New York: Oxford University Press, 1997
  10. Feagin, Joe R. (2000). Racist America: Roots, Current Realities, and Future Reparations. Routledge.
  11. Eberhardt, Jennifer L.; et al. (2004). "Seeing Black: Race, Crime, and Visual Processing". Journal of Personality and Social Psychology. 87 (6): 876–93.
  12. Dovidio, John F.; Gaertner, Samuel L., eds. (1986). "The aversive form of racism". Prejudice, Discrimination and Racism. Academic Press. pp. 61–89.
  13. Dovidio, John F.; Gaertner, Samuel L. (2004). "Aversive Racism". In Olson, James M.; Zanna, Mark P. (eds.). Advances in Experimental Social Psychology. 36. pp. 1–52.
  14. Blaut, James M. (1992). "The Theory of Cultural Racism". Antipode: A Radical Journal of Geography. 24 (4): 289–99.
  15. 15.0 15.1 Carmichael, Stokely; Hamilton, Charles V. (1967). Black Power: Politics of Liberation (November 1992 ed.). New York: Vintage.
  16. Fremon, David (2000). The Jim Crow Laws and Racism in American History.
  17. Michael R. Gardner (2002). Harry Truman and Civil Rights. SIU Press. pp. 108
  18. Robbins, Richard H. Cultural Anthropology: A Problem-based Approach. Australia: Wadsworth/Cengage Learning, 2013. Print, p: 275.