დისკრიმინაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰომოფობია

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio — განსხვავება) — ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ. დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყრდენ პრინციპს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და მათზე ვრცელდება თანაბარი უფლებები და თავისუფლებები. დისკრიმინაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული იდენტობასთან. ადამიანები ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვადასხვა ჯგუფებსა და საზოგადოებებთან, რაც ზოგჯერ წარმოშობს სიძულვილსა და ძალადობას სხვა ჯგუფებისა და ინდივიდების მიმართ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას.

დისკრიმინაციად ითვლება საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის უფლებების შეზღუდვა ან დარღვევა მასზე უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, სქესის, რასის, გენდერის, სოციალური სტატუსის, რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საქმიანობის ნიადაგზე. უფლებების შეზღუდვა შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს კანონის მიერ (სამართლებრივი დისკრიმინაციადე იურე), ან ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს (არაოფიციალური დისკრიმინაცია — დე ფაქტო.)

დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ინდივიდის, ისე ადამიანთა ჯგუფის, ორგანიზაციების და ინსტიტუციონალური აქტორების მიერ. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი (ირიბი), კანონიერი და უკანონო, პოზიტიური და რევერსული, აშკარა, ადვილად შესამჩნევი და დაფარული ან ორგანული. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამსახურში, ჯანდაცვის სერვისებში, უძრავი ქონების ბიზნესში, ტრანსპორტში, არჩევნებში, ანუ პრაქტიკულად ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში.

დისკრიმინაციის თითქმის ყველა ფორმა დასჯადია საერთაშორისო სამართლისა და უმეტესი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობებით. მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

ეტიმოლოგია და ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკრიმინაცია (discrimination) - ამ ფორმით პირველად მე-17 საუკუნეში ჩნდება ინგლისურ ენაში. 1640 წლის ცნობების მიხედვით, დისკრიმინაცია ეს არის რაიმეს გარჩევის, განსხვავების უნარი. თავად სიტყვა მომდინარეობს ლათინური ფუძიდან discriminationemm (discrimination), რაც ნიშნავს განცალკევებას, გამოყოფას. თავდაპირველად, ინგლისში ეს ტერმინი თანამედროვე მნიშვნელობით არ გამოიყენებოდა. დისკრიმინაციის, როგორც ნორმატიული, მორალურ-სამართლებრივი ცნების გამოყენება დაკავშირებულია ამერიკის სამოქალაქო ომთან, როდესაც დისკრიმინაცია გამოიყენებოდა რასობრივი განსხვავებების და უთანასწორო მოპყრობის აღსანიშნად.

XX-საუკუნის შუა პერიოდიდან ტერმინი დისკრიმინაცია უკვე აქტიურად გამოიყენება საკანონდმებლო აქტებსა და საერთაშორისო სამართალში.

დისკრიმინაცია საკმაოდ კომპლექსური ფენომენია და რთულია ზღვარის გავლება დისკრიმინაციასა და უბრალოდ განსხვავებულ მოპყრობას ან მიდგომას შორის. არსებობს რამდენიმე საკვანძო საკითხი და მიგნება, რომელიც დაგვეხმარება დისკრიმინაციის ძირითადი მახასიათებლებისა და არსის გაგებაში.

პირველი - დისკრიმინაცია ძირითადად ხორციელდება რაიმე ჯგუფის ან საზოგადოების წევრების მიმართ. იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს დისკრიმინაციად ჯგუფის ან საზოგადოების წევრობის გამო, ეს ჯგუფები ან საზოგადოებები უნდა იყოს სოციალურად აქტიური და შედარებით დიდი ზომის. შესაბამისად რელიგიური, ეთნიკური ან გენდერული ჯგუფები თავსდება ამ კრიტერიუმში და შესაძლოა იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ხოლო ისეთი ჯგუფები ან საზოგადოებები, რომლებიც დაფუძნებულია მაგალითად მუსიკალურ ან კულინარიულ გემოვნებაზე ან რაიმე ჰობიზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ნიშნით გახდნენ დისკრიმინაციის ობიექტები. მაგალითისთვის, თუ არტისტი ვერ გახდება პოპულარული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მისი გენდერული იდენტობის გამო, ეს იქნება დისკრიმინაცია გენდერული ჯგუფის კუთვნილების ნიშნით, მაგრამ თუ არტისტის ვერ იღებს ჯილდოს იმის გამო, რომ ის ნაკლებად პოპულარულ, ვიწრო მსმენელისთვის განკუთვნილი მუსიკალურ ჟანრში მოღვაწეობს ეს არ შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციათ რაიმე ჯგუფის ან საზოგადოების წევრობის გამო.

მეორე - დისკრიმინაცია უნდა ქმნიდეს გარკვეულ არასახარბიელო პირობებს ან აყენებდეს ზიანს მას, ვის მიმართაც ხორციელდება დისკრიმინაციის ფაქტი. მაგალითისთის, ამერიკაში რასობრივი სეგრეგაციის დროს, არსებობდა ცალ-ცალკე სკოლები „თეთრი“ და აფროამერიკელი მოსწავლეებისთვის. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ცნობილი ქეისის „ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ რასობრივი სეგრეგაცია ზიანს აყენებდა აფროამერიკელი მოსწავლეების მენტალურ და გონებრივ განვითარებას და ართმევდა მათ მთელი რიგი ბენეფიტებით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ სეგრეგაცია ეხებოდა როგორც აფროამერიკელ მოსწავლეებს ისე თეთრკანიანებს და ფორმიდან გამომდინარე ორივე ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ დისკრიმინაციის ობიექტები, სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა აფროამერიკელი მოსწავლეების მიმართ (და არა „თეთრკანიანების“ ან ორივე ჯგუფის მიმართ), რადგან სწორედ მათ ადგებოდათ ზიანი სეგრეგაციის პირობებში.

მესამე - დისკრიმინაციას გააჩნია ფარდობითობის პრინციპი. იმისთვის, რომ დადგინდეს დისკრიმინაცია, უნდა არსებობდეს სხვა რელევანტური ჯგუფი, რომლის მიმართაც იგივე სიტუაციასა და პირობებში ხორციელდება განსხვავებული ქმედება. ძირითადად, ამგვარი ჯგუფები უნდა იყვნენ იგივე საზოგადოების წარმომადგენლები, რომლების მიმართაც ხორციელდება დისკრიმინაცია, ან მინიმუმ ისინი უნდა იყვნენ საერთო პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლების ქვეშ. შესაბამისად, რელევანტურობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგალითისთის თუ განიხილება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევა ქალი დასაქმებულების ნაკლები ანაზღაურების გამო, პირობითად გერმანიაში, მოპასუხე მხარის მხრიდან არ შეიძლება არგუმენტად გამოყენებული იყოს ის რომ, პირობითად, კაცებს აქვთ იგივე ოდენობის ანაზღაურება ავსტრალიაში. დისკრიმინაცია დგინდება და განიხილება არა რაღაც ზოგად შკალაზე ან ზოგადი კრიტერიუმებით არამედ სხვა რელევანტურ ჯგუფებთან მიმართებაში და მათთან შეფარდებით. ასევე, ერთმანეთში არ უნდა ვურიოთ უფლებების საკითხი და დისკრიმინაცია. თუ, ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები და არავის აქვს ხმის მიცემის უფლება, ეს არის უფლებრივი და პოლიტიკური საკითხი, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი სქესის ან ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ ხმის უფლება და სხვას არა, ეს უკვე არის დისკრიმინაციის შემთხვევა.

მეოთხე - დისკრიმინაციის მორალური კონცეპტი. თანამედროვე პოლიტიკურ და სამართლებრივ დისკუსიებში დისკრიმინაცია გამოიყენება მორალური დატვირთვით. დისკრიმინაცია ნორმატიული ფენომენია, იმდენად, რამდენადაც უპირატესობის მინიჭება და/ან არახელსაყრელი პირობების შექმნა (‘advantages’ და ‘disadvantages’) განეკუთნებიან ნორმატიულ კატეგორიას. ამ მიდგომის მხარდამჭერებისთვის, დისკრიმინაცია თავისთავად მორალურად ცუდი და არასწორია, რადგან ძირითადად ა)ხდება ცუდი და არასახარბიელო პირობების შექმნა სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის და ბ)ეს ცუდი პირობები ეხება დისკრიმინაციის ობიექტს სხვადსხვა ჯგუფებისადმი კუთვნილების გამო. ამას გარდა, თუ დისკრიმინაციად მივიჩნევთ განსხვავებულ და უთანასწორო მიდგომას სხვადასხვა ჯგუფებს შორის, სხვადასხვა ნიშნით, მაშინ ამ განსხვავებულობის აღმოფხვრა ლოგიკურად აღმოფხვრის დისკრიმინაციის ფაქტსაც. ანუ, მაგალითად, თუ კი კაცებს აქვთ ხმის უფლება და ქალებს არა, მაშინ კაცებისთის ხმის უფლების ჩამორთმევა გაათანაბრებს მათ მდგომარეობას და აღმოფხვრის დისკრიმინაციას. სწორედ აქ იჭრება დისკრიმინაციის მორალური კონცეფტი, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობაზე ემპირიული დაკვირვებიდან გამომდინარე, ერთი ჯგუფის უფლებების ან ბენეფიტების შეზღუდვით მეორე ჯგუფთან გათანაბრება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დისკრიმინაციის აღმოფხვრად.

პირდაპირი დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირდაპირი დისკრიმინაცია - დისკრიმინაციის ისეთი ფორმაა, როდესაც აგენტი ობიექტის მიმართ ახორციელებს აშკარა და გამიზნულ ქმედებას რათა შექმნას ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ არასახარბიელო პირობები მათი სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილების ან ასოცირების გამო. მაგალითად ასეთი დისკრიმინაციის თვალსაჩინო ფორმაა სამსახურში ადამიანის არ მიღება მისი გენდერული, ეთნიკური ან სხვა რაიმე აშკარა ნიშნით.

პირდაპირი დისკრიმინაცია ძირითადად არის გამიზნული, ცნობიერი ქმედება და არჩევანი აგენტის მხრიდან, თუმცა პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი და ორგანული. მაგალითად მთელ რიგ საზოგადოებებში არსებობს წლების ან საუკუნეების მანძლზე დამკვიდრებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც თავისი ფორმითა და შინაარსით დისკრიმინაციულია, თუმცა ამ საზოგადოების წევრებისთის ის იმდენად ორგანული და ყოველდღიურია, რომ ეს ვერ ჩაითვლება გამიზნულ ქმედებად.

ირიბი დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი, ნორმა ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითისთის, თუ კი სამსახური მის თანამშრომლებს სთავაზობს უფასო კვებით მომსახურებას და გარკვეულ დღეებში მზადდება საჭმელი მხოლოდ ხორცით, ეს იქნება ირიბი დისკრიმინაციის შემთხვევა ვეგეტარიანელი თანამშრომლებისთვის, მიუხედავად იმისა იქნება ეს გამიზნული, თუ გაუცნობიერებელი ქმედება პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

ირიბი დისკრიმინაცია პირდაპირი დისკრიმინაციისგან განსხვავდება იმით, რომ ის აშკარად გამიზნულად არ ახდენს რომელიმე ჯგუფის წევრების არახელსაყრელ პირობებში ჩაყენებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ პოლიტიკები, რომლებსაც არათანაბარი ან არაპროპორციული ეფექტები აქვს, შესაძლოა იყვნენ დისკრიმინაციული, მიუხედავად იმისა გამიზნული იყო თუ არა ასეთი ეფექტი.

პირდაპირ და ირიბი დისკრიმინაციას შორის განსხვავების ნათლად ილუსტრაციისთის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შინაარსობრივად მსგავსი შემთხვევები. თუ სახელმწიფო დაწესებულება კრძალავს ქალების შესვლას რომელიმე სახელმწიფო შენობაში, ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია, მაგრამ თუ კრძალავს იმ ადამიანების შესვლას ვისაც აცვია კაბა, ეს არის ირიბი დისკრიმინაციის მაგალითი.

დისკრიმინაცია ასოცირების გამო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკრიმინაცია პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შესაძლოა განხორციელდეს მათი სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან ასოცირების გამო. მაგალითად თუ თქვენ დაქორწინებული ხართ რომელიმე რასის, ეთნიკური ჯგუფის ან რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანზე და თქვენს მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია, ან თუ თქვენ იმყოფებით რომელიმე დისკრიმინაციის ობიექტი ჯგუფის წევრთან ერთად და თქვენ გეზღუდებათ რაიმე მომსახურების მიღება ან უფლებებით სარგებლობა, მაშინ თვქენს მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია ასოცირების გამო.

ორგანიზაციული, ინსტიტუციონალურიდა სტრუქტურული დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემთხვევათა დიდ ნაწილში, დისკრიმინაცია ხორციელდება კოლექტიური აგენტის და არა ინდივიდის მიერ. ასეთი კოლექტიური აგენტი შეიძლება იყოს მთავრობა, უნივერსიტეტი, კორპორაცია, რელიგიური ინსტიტუტები და სხვა კოლექტიური ორგანოები, უწყებები და ორგანიზაციები. მსგავსი ტიპის დისკრიმინაცია კვალიფიცირდება ორგანიზაციულ დისკრიმინაციად და ის შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი. ხშირად არსებობს ხოლმე მცდარი მოსაზრება რომ ორგანიზაციებს განსხვავებით ინდივიდებისგან არ შეიძლება ქონდეთ განზრახვა და შესაბამისად ორგანიზაციების მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია არის ირიბი დისკრიმინაცია. ორგანიზაციებს რა თქმა უნდა გააჩნიათ განზრახვები და ის დამოკიდებულია ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმსა და ხელმძღანელობაზე. ორგანიზაციული დსიკრიმინაციის მაგალითი იქნება უნივერსიტეტის სტუდენტთა მიღების კომისიის გადაწყვეტილება არ მისცენ უფლება საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩაირიცხონ უნივერსიტეტში.

სტრუქტურული დისკრიმინაცია, რომელსაც ხანდახან ‘ინსტიტუციონალურ’ დისკრიმინაციასაც უწოდებენ, არის დისკრიმინაციის ისეთი ფორმა როდესაც საზოგადოების ძირითადი ინსტიტუტების მოქმედი ნორმები და პრაქტიკები მუდმივად აწარმოებენ არახელსაყრელ და არასამართლიან პირობებს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის და მისი წევრების მიმართ. სტრუქტურული დისკრიმინაციის ძირითადი ელემენტია არა განზრახვა, არამედ შედეგი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს დაჩაგრულ მდგომარეობაში აყენებს. სტრუქტურული დისკრიმინაციის მაგალითია საარჩევნო უფლების ქონებრივ ცენზზე მიბმა, როდესაც მხოლოდ მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ტიპოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასობრივი დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასობრივი დისკრიმინაცია - გულისხმობს ადამიანების მიმართ არათანაბარ მოყრობას მათი რასობრივი კუთვნილების ან სხვადასხვა რასისთვის დამახასიათებელი ნიშნების (თმის სტრუქტურა, სახის ნაკვთები, კანის ფერი) გამო. რასობრივი დისკრიმინაცია მოიცავს ასევე დისკრიმინაციას ასოცირების გამო. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაქორწინებული ხართ სხვა რასის ადამიანზე და ამის გამო მოხდება თქვენი დისკრიმინაცია ან იმყოფებით რაიმე დაწესებულებაში სხვა რასის ან კანის ფერის ადამიანთან ერთად და თქვენ უარს განგიცხადებენ მომსახურებაზე. ეს შემთხვევებიც რასობრივ დისკრიმინაციას განეკუთვნება. რასობრივი დისკრიმინაცია წარმოადგენს შედარებით მწვავე და სენსიტიურ დისკრიმინაციის ფორმას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში (განსაკუთრებით დასავლურ ცივილიზაციებში) აქტიურად ებრძვიან როგორც საკანონმდებლო სივრცეებში, ისე პოპულარულ კულტურაში.

ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია - გულისხმობს ადამიანების მიმართ არათანაბარ ან უსამართლო მოყრობას მათი ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ან აგენტის მხრიდან ამგვარი კუთვნილების განცდის გამო იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ განეკუთვნებიან ამ ეთნიკურ/ეროვნულ ჯგუფს. ამგვარი დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს ეთნიკური/ეროვნული ასოცირების გამო. ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია შესაძლოა მოხდეს ერთი ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის მქონე ინდივიდებს შორისაც.

სქესობრივი/გენდერული დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქესობრივი/გენდერული დისკრიმინაცია - გულისხმობს ადამიანის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას სქესობრივ/გენდერულ ნიადაგზე. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია მოიცავს როგორც მამაკაცების ან/და ქალების, ასევე ტრასნგენდერების, ბიგენდერების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ამ ნიშნების მიხედვით დისკრიმინაციას. სქესობრივი/გენდერული დისკრიმინაცია, დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია ქალთა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაცია.

რელიგიური დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური დისკრიმინაცია - რელიგიაზე, ან რწმენაზე დამყარებული ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება, რომლის მიზანია ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება.

ასაკობრივი დისკრიმინაცია/ეიჯიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასაკობრივი დისკრიმინაცია/ეიჯიზმი - გულისხმობს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ პირდაპირ ან ირიბ დისკრიმინაციულ მოპყრობას მათი ასაკიდან გამომდინარე. ასაკობრივი დისკრიმინაცია არ უნდა აგვერიოს ობიექტურ გარემოებებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებში. მაგალითად ის რომ გარკვეულ ასაკამდე ადამიანებს არ აქვთ საარჩევნო უფლებები არ არის დისკრიმინაცია ან ეიჯიზმი. ან მაგალითად საპენსიო ასაკის ადამიანისთის შეზღუდვები გარკვეულ სამსახურებზე, ან ასაკობრივი შეზღუდვები გარკვეული თანამდებობის დაკავებისთვის.

პოზიტიური და რევერსული დისკრიმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზიტიური დისკრიმინაცია გამოიყენება ისეთი ქმედების აღსაწერად, როდესაც ხდება მოწყვლადი ჯგუფების ხელოვნურად წახალისება და მათთვის პრივილეგირებული პირობების მინიჭება. მაგალთად ასეთი შეიძლება იყო გენდერული კვოტები, საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი ან ომით დაზარალებული მოქალაქეებისთის, საუნივერსიტეტო კვოტები დევნილებისთის და ა.შ

რევერსული დისკრიმინაცია გამოიყენება ისეთი მდგომარეობის აღსაწერად, როდესაც ადრე ჩაგრული ჯგუფის წევრების მიმართ ხორციელდება პოზიტიური დისკრიმინაციის ღონისძიებები. თუმცა ამ იდეის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომამგვარი ქმედებები საბოლოოდ თავად იღებს დისკრიმინაციის ფორმას მანამდე დისკრიმინაციის განმახორციელებელი აგენტების და მათი ჯგუფების მიმართ.

საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკრიმინაციის და მისი შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრმა ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო არაერთი საკანონმდებლო აქტი და საერთაშორისო შეთანხმება/კონვენცია. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მნიშნელოვან ინიციატივას, რომელსაც შემდგომ დაეფუძვნა სხვადსხვა სამართლებრივი პრაქტიკა და პოლიტიკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამოქალაქო განათლების ლექსიკონი — თბილისი, 2011, ISBN 978-9941-0-3354-4
  • Lippert-Rasmussen, Kasper. 2006. “The Badness of Discrimination,” Ethical Theory and Moral Practice, 9: 167–185
  • Wasserman, David. 1998. “Discrimination, Concept of,” in Ruth Chadwick, ed., Encyclopedia of Applied Ethics, San Diego, CA: Academic Press, pp. 805–814
  • Réaume, Denise. 2013. “Dignity, Equality, and Comparison,“ in Hellman and Moreau, pp. 7–27
  • Payne, B. Keith and C. Daryl Cameron. 2010. “Divided Minds, Divided Morals,”in Bertram Gawronski and B. Keith Payne, eds., Handbook of Implicit Social Cognition, New York: Guilford Press, pp. 445–460
  • Pincus, Fred L. 1994. “From Individual to Structural Discrimination,” in Fred L. Pincus and Howard J. Ehrlich, eds. Race and Ethnic Conflict, Boulder, CO: Westview, pp. 82–87.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]