შინაარსზე გადასვლა

ირანის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Faravahar background
Faravahar background

ირანის ისტორია

სპარსეთის მეფე
ძვ.წ
უძველესი ისტორია
პროტო ელამი 3200–2800
ელამის დინასტია 2800–550
მითანი 1500–1200
კასიტი 10 საუკუნე.
მარლიკი 10 ს–7 ს.
მანას სამეფო 10 ს–7 ს.
მიდიელების იმპერია 728–550
აქემენიდების იმპერია 550–330
სელევკიდების სახელმწიფო 312–150
პართიის იმპერია 247–ახ.წ 226
ახ.წ
სასანიდების იმპერია 226–651
სპარსეთის ხალიფატი 637–651
ომაიანთა ხალიფატი 661–750
აბასიანთა ხალიფატი 750–1258
ტაჰირიდები 821–873
ალავიდების დინასტია 864–928
საჯიდსების დინასტია 889/890–929
საფარიდები 861–1003
სამანიდები 875–999
ზიარიდების დინასტია 928–1043
ბუიდების დინასტია 934–1062
სალარიდები 942–979
მამუნდისები 995-1017
ღაზნევიდების იმპერია 963–1187
ღურიდების დინასტია 1149–1212
სელჯუკთა იმპერია 1037–1194
ხვარაზმელების დინასტია 1077–1231
ილხანელები 1256–1353
მუზაფარიდების დინასტია 1314–1393
ჩობანდის დინასტია 1337–1357
ჯალაირდების დინასტია 1339–1432
თემურიდების იმპერია 1370–1506
ყარა-ყოიუნლუ 1407–1468
აყ-ყოიუნლუ 1378–1508
სეფიანთა იმპერია 1501–1722*
ჰოტაკების დინასტია 1722–1729
აფშარიდების იმპერია 1736–1750
ზენდები 1750–1794
ყაჯარების დინასტია 1781–1925
ფეჰლევიანები 1925–1979
ირანის ისლამური რესპუბლიკა 1979 - დღემდე

ირანის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ირანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სხვადასხვა სპარსული ტომი, რომლებსაც ერთმანეთთან გამუდმებული ბრძოლები ჰქონდათ და ცდილობდნენ მოეპოვებინათ პირველობა ამ რეგიონში. უძველესი ირანული სახელმწიფო იყო ელამი, რომელიც ადრეულ ბრინჯაოს ხანაში წარმოიშვა. სპარსული ტომების გამუდმებულ ბრძოლებში წარმატებას ჯერ მიდიელები აღწევენ, მაგრამ მათ მალე აქემენიდები ამარცხებენ, აქემენიდების იმპერიის დაცემის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა პართიის სამეფო, რომელიც სასანიდებმა გაანადგურეს.

ირანის სახელმწიფოებს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, რომლებიც ხშირად იპყრობდნენ ირანს. დამპყრობლები ირანზე ძალიან დიდ გავლენას ახდნენდნენ. ირანი დაუპყრიათ უდიდეს იმპერიებს რომელთაგან აღსანიშნავია ბერძნები, არაბები, თურქ-სელჩუკები და მონღოლები. დამპყრობლები ირანში ავრცელებდნენ თავიანთ რელიგიას, სწორედ არაბებმა გაავრცელეს ირანში ისლამი.

გაძლიერებული ირანი თვითონ ახდენდა დაპყრობითი კამპანიების წარმოებას. ირანის უძლიერესი სახელმწიფოები იყო აქემენიდების იმპერია (ძვ. წ. 558 — ძვ. წ. 330). აქემენიდების იმპერია პირველი ირანული იმპერია იყო. მაგრამ აქემენიდების იმპერიას მეორე ძლიერი იმპერია ალექსანდრე მაკედონელის ხელმძღვანელობით იპყრობს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ უდიდესი იმპერია იშლება რამდენიმე ნაწილად, რომელთაგანც უმნიშვნელოვანესია სელევკიდების სახელმწიფო. სელევკიდებს ამარცხებს გაძლიერებული პართიის სამეფო, რომელიც უდიდეს წინააღმდეგობას უწევს რომის იმპერიას და თავის გავლენას ავრცელებს მრავალ ტერიტორიაზე. 224 წელს დასუსტებულ პართიას ამარცხებს გაძლიერებული სასანიდები. სასანიდების იმპერიას იპყრობენ არაბები.

არაბების შემდეგ ირანი ისლამურ რელიგიაზე მოექცა და დაივიწყა უკვე ძველი ირანული რელიგია ზოროასტრიზმი.

1501 წელს ირანის ტერიტორიაზე გაბატონდა აზერბაიჯანული წარმომავლობის სეფიანთა დინასტია. სეფიანთა პირველი შაჰი იყო ისმაილ I. სეფიანები თავის ძლიერების მწვერვალს აღწევს შაჰ აბას I-ის მმართველობის დროს. სეფიანთა ირანს მალე შიდაომები მოიცავს და 1736 წელს ის განადგურდება. ამის შემდეგ ირანი უკვე გამუდმებულ ქაოსშია მოცული. XIX საუკუნეში ინგლისმა და რუსეთმა ირანი ნახევარკოლონიურ ქვეყანად აქციეს. 1979 წლის 1 აპრილის ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რევოლუციის ხელმძღვანელი იყო აიათოლა ჰომეინი. მოსახლეობა მონარქიას ამხობს და ირანს ისლამურ რესპუბლიკად აცხადებს.

წინა ისლამური ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი ისტორია (ძვ.წ 3200 –ძვ.წ 625 )

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩოღა-ზანბილი იყო მესოპოტამიელების მიერ აგებული შენობა. ეს შენობა განიხილება როგორც ერთ-ერთ უდიდეს კომპლექსანდ უძველეს დროში.

თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე ადამიანი ცხოვრობდა უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის უკანასკნელ ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, რომლებიც მიეკუთვნება ადრეულ რკინის ხანას. უძველესი ირანული სახელმწიფოები შეიქმნა ძვ. წ. 3000 წელს. ამ დროს გაჩნდა სამხრეთ-დასავლეთ ირანში კლასობრივი საზოგადოებები. წარმოიქმნა ჯერ ქალაქ-სახელმწიფოები, შემდეგ კი ელამის სახელმწიფო. ელამი განსაკუთრებით გაძლიერდა ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებში.

ძვ. წ. X-IX საუკუნეებში ირანელების წინაპარი არიული ტომები საუბრობენ ინდო-ირანულ ენაზე. ეს ხალხი ცხოვრობდა ირანის მთიანეთში. პროტო ელამის პერიოდში იწყება ირანის ტერიტორიაზე მარგიანული ცივილიზაციის წარმომადგენლების გადასახლება. I ათასწლეულისთვის უკვე ირანის ტერიტორიაზე დაიწყო წარმოშობა ირანული მოდგმის ტომებმა, რომლებმაც შემდგომში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ამათგან აღსანიშნავია: მიდიელები, სპარსელები, ბაქტრიელები. სპარსეთის მოსახლეობას უკვე მნიშვნელოვანი მტრები უჩნდება, ჯერ სკვითები და სარმატები, ხოლო შემდგომ კიმერიელები და ალანები.

ძვ. წ. IX საუკუნეში და ძვ. წ. VIII საუკუნის შუიდან ასურეთისა და ურარტუს მეფეებმა რამდენჯერმე დალაშქრეს ირანის მთიანეთი, სადაც ისინი მიდიელთა წინააღმდეგობას წააწყდნენ. ასურეთმა თანამედროვე ირანის ბევრი ტერიტორია შეიერთა.

მიდია და აქემენიდების იმპერია (ძვ.წ 650 – ძვ.წ 248)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კიროს II დიდის მავზოლეუმი ფასარგად.
აქემენიდების იმპერია.
სპარსელი მოისრეები. დარიოსის სასახლე, სუსა.

ირანის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძვ. წ. 672 წელს წარმოიშვა ირანულენოვანი სახელმწიფო მიდია. ძვ. წ. 646 წელს ასურეთის მეფემ, ასურბანიფალიმ, დაიპყრო ელამის დედაქალაქი სუსა. ძვ. წ. 616-605 წლებში მიდიისა და ბაბილონის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. ასურეთის დედაქალაქი ნინევია დაანგრიეს. მიდიამ ასევე დაიპყრო მანა, ურარტუ და ირანის მთიანეთის დიდი ნაწილი. მიდიის ძლიერმა სამეფომ ნელ-ნელა დაიწყო დასუსტება. ძვ. წ. 553-550 წლებში მიდიას აუჯანყდა მისი ქვეშევრდომი ფარსის სამეფო. ძვ. წ. 550 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო აქემენიდების სამეფო დინასტიამ.

აქემენიანთა იმპერიამ მისი დამაარსებლის, კიროს II დიდის დროს დაიპყრო დიდი ტერიტორიები. ძვ. წ. 539 წელს კიროსმა დაიპყრო ბაბილონი. მან ასევე დაიპყრო მთელი მცირე აზია ლიდიის და მცირე აზიის ბერძნული ქალაქებითურთ, სირია, პალესტინა და შუა აზიის ნაწილი. კიროს II-ის მემკვიდრის კამბიზ II-ის დროს აქემენიანებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა, რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე. კამბიზის გარდაცვალების შემდეგ აქემენიდების იმპერიაში გამეფდა დარიოს I.

დარიოსის მმართველობის დაწყებამდე ქვეყნის დედაქალაქი იყო სუსა, დარიოსმა იმპერიის დედაქალაქი პერსეპოლისში გადაიტანა. ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე, რომელიც მორთული იყო 33 ხალხის რელიეფით, რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან. უზარმაზარი კარიჭო ხსნიდა გზას აპადანისაკენ, იმდროისთვის ყველაზე დიდი სასახლისკენ. დარიოსმა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები გაატარა, რამაც დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა. აქემენიდების იმპერია იყოფოდა სატრაპებად. აქემენიდების იმპერია უდიდეს სამხედრო ჯარზე იყო დაყრდნობილი, მიუხედავად ამისა ამ პერიოდში თანდათანობით ძლიერდება საბერძნეთი, რომელიც აქემენიდების იმპერიას სერიოზულ ზიანს და წინააღმდეგობას აყენებს. აქემენიანთა მეფემ ქსერქსემ (486-465 წლები) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამ ძველი წელთაღრიცხვით 490 წელს ქალაქ მარათონთან ბრძოლისას, ძველი წელთაღრიცხვით 480 წლის სალამინის საზღვაო ბრძოლაში, ძველი წელთაღრიცხვით 479 წლის პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათ საბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე. ძველი წელთაღრიცხვით 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, მაგრამ მის შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს.

აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა, სახელმწიფო გადატრიალებებმა, დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა, სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქეს მაკედონიას. ძვ. წ. 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა.

პერსეპოლისის პანორამა

ელინისტური დაპყრობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სელევკიდების იმპერია ძვ.წ 200 წელს.

ძვ. წ 334-331 წლებში ალექსანდრე მაკედონელი აწარმოებდა დიდ დაპყრობით ომებს. ძვ. წ. 330 წელს გრანიკოსის ბრძოლაში ალექსანდრემ დაამარცხა აქემენიდების არმია და დაიმორჩილა აქემენიანთა სახელმწიფო. ამ ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ დაიმორჩილა ირანის ტერიტორია და შექმნა უზარმაზარი იმპერია. მაგრამ, როდესაც ალექსანდრე გარდაიცვალა მას მემკვიდრე არ დარჩენია და მისი იმპერია დაიშალა რამდენიმე სახელმწიფოდ. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო იყო სელევკიდების სახელმწიფო, რომლის სათავეში იყო სელევკე I ნიკატორი. ირანის თანამედროვე ტერიტორია მოექცა სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს შემადგენლობაში. სელევკიდების სახელმწიფო აბსოლუტურ მონარქიულ სახელმწიფოდ იქცა. სელევკიდების სამეფოში დაიხვეწა არმია და ბიუროკრატიული აპარატი. სელევკიდების სამეფო დაპყრობით კამპანიებს ატარებს, სელევკიდების ტერიტორია ავღანეთამდე გადაიჭიმა. იმპერიის ტერიტორიაზე დაიწყო გავრცელება ბერძნულმა კულტურამ.

პართიის იმპერია (ძვ.წ 248 – 224 ახ.წ)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრინჯაოს ქანდაკება. გენერალი სურანე, ირანის ნაციონალური მუზეუმი.
დედოფალ მუსეს ქანდაკება. ირანის ნაციონალური მუზეუმი

ასეთი წარმატებების მიუხედავად სელევკიდების იმპერია თანდათანობით დასუსტდა. ძვ. წ III საუკუნის შუა წლებში წარმოიქმნა პართიის იმერია, რომლის შემადგენლობაში ძვ. წ. II საუკუნის შუა წლებისთვის შედიოდა თანამედროვე ირანის და ერაყის ტერიტორია. პართიის დედაქალაქი იყო ქტეზიფონი მდინარე ტიგროსის ნაპირზე. პართიაში გაბატონებული რელიგია იყო ზოროასტრიზმი. პართიის მეზობლები იყვნენ საბერძნეთი და სელევკიდების იმპერია. ამ უკანასკნელს პართიამ ბოლო მოუღო. ძვ. წ. I საუკუნიდან მოყოლებული პართია გამუდმებით ებრძოდა რომის იმპერიას. პართიასა და რომს შორის ბრძოლაში გაიმარჯვა რომის იმპერიამ და მიიერთა პართიის აღმოსავლეთი პროვინციები კაპადოკია და ანატოლია. ამის შემდეგ პართიასა და რომს შორის მთავარი პრობლემა დიდი სომხეთის კუთვნილება იყო. სომხეთის დაუფლებისთვის ბრძოლა არ წყდებოდა, საბოლოოდ სომხეთი ორმა იმპერიამ გაინაწილა.

პართიული ჯარი ორი ნაწილისგან შედგებოდა: კავალერიისგან და ქვეითი ჯარისგან.

სასანიდების იმპერია (224 – 651)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სასანიდების იმპერია.
ირანელი დამპყრობელი, შაპურ I(ცხენზე) ატყვევებს რომაელ დამპყრობელს, ვალერიანე I(დაჩოქილი) და ფილიპე არაბს(ფეხზე მდგომი). ქვაზე შესრულებული ნამუშევარი ნაქშ-ი რუსთამში.

III საუკუნის დასაწყისისთვის პართია საკმაოდ დასაუსტებული იყო. 224 წელს პართიაზე დამოკიდებულმა ფარსის გამგებელმა არდაშირ I–მა ორმოზდაგანის ველზე დაამარცხა პართიის უკანასკნელი მეფე არტაბან V და 226 წელს მეფედ ეკურთხა. ამით დაიწყო სასანიანების მმართველობა. სასანიანთა იმპერიის ისტორია სამ ძირითად პერიოდად იყოფა: 1) IIIIV საუკუნეები, იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი. 2) VVI საუკუნეების დასაწყისი, სტაგნაცია და გარკვეული დაკნინება, რაც უპირველესად გამოწვეული იყო ცენტრალური აზიიდან წამოსული ჰუნების (ჰეფთალიტების) ტომებთან დაპირისპირებით. 3) VIVII სს - პერიოდი იწყება ხოსრო II ანუშირვანის, ყველაზე მნიშვნელოვან სასანი შაჰის მეფობით და სახელმწიფოს არნახული გაძლიერებით, რაც დროებითი მოვლენა გამოდგა და დასრულდა იმპერიის დაცემით არაბთა დაპყრობის შედეგად.

გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობდა სასანიდებსა და რომის იმპერიას შორის. ომის საგანი იყო სომხეთი, იბერია, კავკასიის ალბანეთი და მესოპოტამია. შაპურ I–ის დროს ირანმა დაისაკუთრა მესოპოტამია და სომხეთი. 298 წლის ზავით ეს ქვეყნები რომს ერგო. 430 წელს სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილი ირანმა თავის პროვინციად აქცია 523 წელს კი მეფობა გააუქმა იბერიაში. IV-V საუკუნეებში ირანმა კავკასიაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი, მაგრამ ქართველები, სომხები და ალბანელები ხშირად უჯანყდებოდნენ მას. ერთ-ერთი ასეთი აჯანყება მოხდა 484 წელს ვახტანგ გორგასლის მეთაურობით.

ირანში ამ პერიოდში სწრაფად განვითარდა ფეოდალიზმი. VI-VII საუკუნეებში ირანში ფეოდალიზმმა ჩამოყალიბებული სახე მიიღო. სასანიანთა ირანის ფეოდალური საზოგადოება ოთხ კატეგორიისგან შედგება: ქურუმები, სამხედრო დიდკაცობა, მიწათმოქმედნი და ხელოსნები. იმპერია დაყოფილი იყო 26 პროვინციად, თუმცა ამ პროვინციათაგან ზოგიერთი იმპერიის უშუალო ნაწილს არ წარმოადგენდა და მასთან ვასალურ დამოკიდებულება აკავშირებდა. სასანიდურ ირანში საბოლოოდ მოხდა ავესტის კანონიზაცია და ჩამოყალიბდა ზოროასტრიზმის დოგმები. გაძლიერდა ქურუმთა ფენა. თავი იჩინა სოციალურმა პროტესტმა სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, რაც რელიგიურ ერესებში გამოიხატა. III საუკუნეში გაჩნდა რელიგიური მოძღვრება მანიქეიზმი, ხოლო V საუკუნის ბოლოდან რევოლუციური მოძღვრება მაზდაკიზმი. მაზდაკელთა მოძრაობის განადგურების შემდეგ ხოსრო I-მა გაატარა სხვადასხვა რეფორმები. მისი მეფობის დროს სასანიდურმა ირანმა მიაღწია ძლიერების მწევერვალს. ხოსრომ და მისმა მემკვიდრეებმა დაიპყრეს სირია, პალესტინა, სამხრეთ არაბეთი და ეგვიპტე. სასანიდური ირანი ემუქრებოდა თვით ბიზანტიის იმპერიასაც, მაგრამ ფეოდალური სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებამ ქვეყნის შიგნით და ახალი მტრის, არაბების გამოჩენამ ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანა.

ისლამური დაპყრობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არაბთა ექსპანსია
  მუჰამედის ექსპანსია, 622-632
  ოთხი წმინდა ხალიფას ექსპანსია, 632-661
  ომაიანთა ექსპანსია, 661-750

მუსლიმების მიერ ირანის დაპყრობა დაიწყო მაშინ, როდესაც არაბთა სახალიფოს მმართველი იყო ომარ იბნ ალ-ხატაბი. სასანიდურმა ირანმა ვერ შეძლო არაბთა დაპყრობითი ომებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რამდენიმე დიდი ბრძოლის შემდეგ ირანი დაპყრობილი იქნა. სასანიდი ბოლო შაჰი იაზდეგერდ III გადაასახლეს მერვეში სადაც ის 651 წელს გარდაიცვალა.[1] 674 წლისათვის, მუსლიმებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ დიდი ხორესანი (რომელიც მოიცავდა ავღანეთს, მანევერნახსა და პაკისტანს) .ირანის ისლამური დაპყრობების შემდეგ სასანიდთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, იმპერიაში გავრცელებული ზოროასტრული რელიგია კი დავიწყებას მიეცა. ამის შემდეგ არაბი დაპყრობლები ირანში იწყებენ ისლამის გავრცელებას. ძველი სპარსული ცივილიზაცია წარსულს ჩაბარდა, ირანმა მონაწილეობა მიიღო ისლამური რელიგიის ჩამოყალიბებაში, ხალხისთვის ახალი რელიგია მისაღები აღმოჩნდა.

ირანის ტერიტორია მოექცა ომაიანთა სახალიფოში. ამ დროს ირანშიც დაიწყო არაბული კულტურის გავრცელება. სპარსეთში გავრცელდა არაბული ენა, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენდა სპარსულ ენაზე, დამწერლობის მხრივაც სპარსეთში ვრცელდება არაბული დამწერლობა, რომელიც ადგილობრივ ირანულ დამწერლობებს საერთოდ ნდევნის მოსახლეობის ცხოვრებისგან. ამ პერიოდში არაბები ყოველმხრივ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სოციალური ბარიერები არაბებსა და არაარაბებს შორის, თუნდაც რომ მათ მიეღოთ ისლამი და გაეთავისებინათ არაბული ენა. ისინი დაუშვებლად მიიჩნევდნენ არაბი ქალის ქორწინებას არაარაბ მამაკაცთან. მრავალი არაბი დასახლდა ირანის ქალაქებში. ვრცელი ტერიტორიები გადაეცათ არაბ ტომებს. დაიწყო ირანის გაარაბება. არაბთა ბატონობამ ირანში ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. VII საუკუნეში გაჩნდა ანტიარაბული მოძრაობა შუუბია. VII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა გლეხთა აჯანყებები. 747 წელს მარვის ოაზისში დაიწყო და მთელ ირანში გავრცელდა ომაიანთა წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რომელსაც აბუ მუსლიმი ხელმძღვანელობდა. ამით ისარგებლეს აბასიანებმა და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. 750 წლიდან აბასიდებმა შეცვალეს ომაიანთა დინასტია.[2]

საფარიდების დინასტია 900 წელი.
ირანული დინასტიების რუკა. 1000 წელი

არაბთა პრივილეგიები წარსულს ჩაბარდა, დასრულდა არაბთა მონოპოლია სახელისუფლებო თანამდებობზე. აბასიანეების ბატონობით ისარგებლეს ირანელმა დეჰყანებმა, რომლებიც აბასიანებმა დააწინაურეს სახელმწიფო სარბიელზე. აბასიანებმა სატახტო ქალაქი დამასკოდან გადაიტანეს ბაღდადში სასანიანთა ძველი დედაქალაქის, ქტესიფონის ნანგრევების მახლობლად. აბასიანების მმართველობას არ მოჰყოლია გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესება. ამან გამოიწვია ახალი აჯანყებები, მათ შორის სუმბატ მოგვის აჯანყება 755 წელს აღმოსავლეთ ირანში, უსტად სისის აჯანყება ხორასანში 767 წელს, წითელდროშიანთა აჯაყება გორგანში 778-779 წლებში, გლეხთა ომი ბაბექის ხელმძღვანელობით 816-837 წლებში აზერბაიჯანში, გლეხთა აჯანყება ტაბარისტანში 839 წელს. IX-X საუკუნეებში ირანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მემკვიდრეობითი საამიროები, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყო დამოიკიდებული სახალიფოსაგან. 821-873 წლებში ხორასანში გაჩნდა ტაჰირიდების საამირო, 861 წელს საფარიდების საამირო სისტანში, 873-900 წლებში კი ხორასანში. 900 წელს ხორასანი და მთელი აღმოსავლეთ ირანი შევიდა სამანიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში. დასავლეთ ირანში ჩამოყალიბდა ბუიდების სახელმწიფო. X საუკუნეში და XI საუკუნის I ნახევარში ირანში ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა იყო. განვითარდა ქალაქები და საქალაქო ცხოვრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ისპაჰანი, შირაზი, ნეი, ნიშაპური. X საუკუნის ბოლოს ირანის მოსახლეობის ძირითად რელიგიად ისლამი გადაიქცა. X საუკუნის ბოლოს სამანიდების სახელმწიფოს დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ირანი შუა აზიის და თანამედროვე ავღანეთის ნაწილთან ერთად შევიდა ღაზნევიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის ყველაზე ცნობილი მმართველი იყო მაჰმუდ ღაზნევი.

თურქო - სპარსული დინასტიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სელჯუკების მავზოლეუმი ირანში.

XI საუკუნის დასაწყისიდან ირანში დაიწყო ოღუზი თურქების შემოტევები. 1040 წელს თურქ-სელჩუკებმა დანდანექანთან დაამარცხეს ღაზნევიდების ლაშქარი და 1040-1050 წლებში დაიპყრეს მთელი ირანი და მისი მიმდებარე ქვეყნები. წარმოიშვა სელჩუკთა სახელმწიფო, რომლის პირველი სულთანი იყო თორღულ-ბეგი. 1055 წელს მან დაიპყრო ბაღდადი. თურქ-სელჩუკთა დაპყრობები გაგრძელდა ალფ-არსლანის დროსაც. ალფ-არსლანმა XI საუკუნის 60-იან წლებში ორჯერ დალაშქრა საქართველო. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა დაამარცხეს ბიზანტიის იმპერია და დაიპყრეს სომხეთი, ალბანეთი, საქართველოს სამეფოს სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები. თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები საქართველოში გაგრძელდა მელიქ-შაჰის დროსაც. XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში იყო დიდი თურქობა. ირანის დიდ სელჩუკთა სახელმწიფოში ცენტრალისტური პოლიტიკის გამტარებელი იყო ალფ-არსლანისა და მელიქ-შაჰის ვეზირი ნიზამ ალ-მულქი. მან შექმნა სასწავლებლების, მედარასეების სისტემა. მან მოახერხა დროებით სულთნის ვაჟებს შორის მშვიდობის დამყარება, როდესაც ის გარდაიცვალა სულთნის ვაჟებს შორის ატყდა შიდა დაპირისპირება, რამაც სელჩუკთა იმპერიის საბოლოო დაშლა გამოიწვია.

დიდი სელჩუკთა იმპერია, მელიქ შაჰ I-ის მმართველობის დროს.

XII საუკუნის დასაწყისში სელჩუკთა სახელმწიფო სასულთნოებად დაიშალა. ხორასანში 1157 წლამდე არსებობდა დიდ სელჩუკთა სასულთნო, ერაყში სასულთნო არსებობდა 1118-1194 წლებში, ქირმანში 1041-1187 წლებში. წარმოიშვა ისმაილიტთა სახელმწიფო, რომლის ცენტრი იყო ალამუთი. XII საუკუნეში გახშირდა შიდადინასტიური ბრძოლები, ფეოდალური დაპირისპირებები. 1153 წელს ბალხელი ოღუზების თარეშმა ხორასანში დააჩქარა დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს განადგურება.

XII საუკუნის ბოლოს მთელი ირანი, გარდა ხუზისტანისა და აზერბაიჯანისა, დაიპყრო ცენტრალური აზიიდან წამოსულმა ხვარაზმის შაჰმა თექეშმა.

მონღოლების და თემურიდების იმპერია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევრაზიის სახელმწიფოების მონღოლთა დაპყრობებამდე 1200 წელი.

XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები – მონღოლები – დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით. მათ დაარბიეს ხვარაზმშაჰების სახელმწიფო და 1220-1256 წლებში დაიპყრეს ირანი. 1220-იან წლებში მონღოლებმა გადალახეს ამურდარია და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში. 1230 წელს მონღოლებმა დაამარცხეს ხვარაზმის შაჰი ჯალალედინი. 1240 წლისათვის მონღოლების ხელში იყო დასავლეთ ირანი. 1258 წელს მონღოლება აიღეს ბაღდადი და მოკლეს უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი. მონღოლების მიერ ირანის დაპყრობას მოჰყვა მრავალი ქალაქის განადგურება და აურაცხელი ხალხის დაღუპვა, რაც ირანის ეკონომიკური და კულტურული დაქვეითების მიზეზი გახდა. XIII საუკუნის შუა წლებში ჩინგიზ ხანის შთამომავლებმა იმპერია რამდენიმე ნაწილად გაიყვეს. მათგან ერთ-ერთი იყო ჰულაგუიანთა სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ირანი, ავღანეთი, მცირე აზია და კავკასია. ჰულაგუიანთა ილხანმა ყაზან-ყაენმა მიიღო ისლამი და დაუახლოვდა ირანულ სამოხელეო ბიუროკრატიას. მან თავისი ვეზირის, რაშიდ ალ-დინის დახმარებით გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რითაც დროებით ხელი შეუწყო ქვეყნის სამეურნეო აღმავლობას. XIII საუკუნის ბოლოს იფეთქა რამდენიმე აჯანყებამ: 1297 წელს აჯანყება საქართველოში, 1298 წელს ამირ ნოვრუზის აჯანყება ხორასანში. XIV საუკუნის 30-იან წლებში ჰულაგუიანთა სახელმწიფო რამდენიმე ფეოდალურ ერთეულად დაიშალა, რომელთა შორის უმთავრესი იყო ჯალაირიდების (1137-1411) და მოზაფერიდების (1313-1393) სახელმწიფოები. ფეოდალიზაციის პროცესს და მონღოლთა ბატონობას თან ახლდა გადასახადების და ვალდებულებების ზრდა, რამაც გამოიწვია ანტიმონღოლური და ანტიფეოდალური აჯანყებები. ერთ-ერთი ასეთი იყო სარბედართა აჯანყება ხორასანში, რის შედეგადაც წარმოიშვა სარბედართა სახელმწიფო (1337-1381). მაზანდარანში აჯანყების შედეგად წარმოიქმნა სეიდების სახელმწიფო (1350-1393).

ევრაზია მონღოლთა დაპყრობების შემდეგ 1200 წლის შემდეგ.
თემურიდების იმპერიის რუკა.

შუააზიელი მონღოლების შთამომავალმა თემურ ლენგმა კვლავ გააერთიანა მონღოლთა ურდოები და მიზნად დაისახა ჩინგიზ ყაენის დროინდელი იმპერიის აღდგენა. 1380-1393 წლებს შორის მან დაიპყრო ირანი, რასაც მოჰყვა სარბედართა სახელმწიფოს დაცემა, გილანსა და მაზანდარანში სახალხო მოძრაობების ჩახშობა. თემურლეგნის სიკვდილის შემდეგ ირანი თემურიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში დარჩა. XV საუკუნის I ნახევარში ირანში მოხდა სახალხო აჯანყებები, 1405 წელს საბზევარში, 1406 წელს მაზანდარანში, 1441-1442 წლებში ხუზისტანში. 1453-1457 წლებში დასავლეთ ირანი დაშთე-ქევირის უდაბნომდე დაიპყრო შავბატკნიან თურქმენთა გაერთიანებამ. 1468 წელს კი ის დაიპყრო თეთრბატკნიან თურქმენთა ლიდერმა უზუნ-ჰასანმა. აღმოსავლეთ ირანი თემურიდების ხელში დარჩა. თეთრბატკნიან თურქმენთა სახელმწიფოს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ოსმალეთის იმპერიასთან. უზუნ-ჰასანი ცდილობდა კოალიციის შეკვრას ოსმალეთის წინააღმდეგ. ამ კოალიციაში ევროპის სახელმწიფოებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოსაც, მაგრამ კოალიცია არ შედგა. 1473 წელს თერჯენასთან ოსმალებმა დაამარცხეს უზუნ-ჰასანი. 1473-1477 წლებში უზუნ-ჰასანმა დალაშქრა საქართველო, ააოხრა თბილისი, გორი და მესხეთი.

სუნიზმი და შიიზმი ირანში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ირანის ტუსში მდებარე ჰარუნიიას ნაგებობა, რომელსაც ჰარუნ ალ-რაშიდი ჰქვია, ღაზალის მავზოლეუმი სავარაუდოდ ამ ძეგლის შესასვლელში მდებარეობს

ისლამური რელიგიის დაყოფის შემდეგ, ირანში სუნიტური და შიიტური რელიგია გავრცელდა. სუნიტები აღიარებენ პირველ ოთხ ხალიფას, მუჰამედის გამონათქვამებისა და მასთან დაკავშირებულ გამონათქვამების (სუნას) უტყუარობას. სუნიტების აზრით მოციქულ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, ალაჰთან ყოველგვარი კონტაქტი შეწყდა.

სუნიტებისგან განსხვავებით შიიტები პირველი ოთხი ხალიფადან მხოლოდ ალის აღიარებენ, დანარჩენ სამს კი უზურპატორებად თვლიან. შიიტური თვალსაზრისით, თემის უზენაესი ხელისუფალი უნდა იყოს მოციქულის შთამომავალი. შიიტების თვალსაზრისით, კონტაქტი ღმერთთან

იმამ რეზის, მავზოლეუმი შიიტების ყველაზე წმინდა ადგილი ქალაქ მეშჰედში.

მუჰამედის შემდეგ არ შეწყვეტილა და ეს მისია დაეკისრათ მოციქულის შთამომავლებს - იმამებს. შიიტები თავდაპირველად წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მუჰამედის ბიძაშვილის და სიძის, ალის კანდიდატურას. სამხედრო პოლიტიკურმა წარუმატებოლობამ, ალის მკვლელობამ, მისი ვაჟის ალ ჰასანის ტრაგიკულმა დაღუპვამ გამოიწვია, რომ შიიტთა წრეში დაიწყო რელიგიური ძიება, ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა შიიტური რელიგია.

არსებობდა მრავალი შიიტური მიმდინარეობა. მათგან დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანია იმამიტების შტო, რომლებსაც ჩვეულებრივ შიიტებად მოიხსენიებენ. იმამიტები აღიარებენ თორმეტ იმამს ალის საგვარეულოდან. მათგან უკანასკნელი მათი მრწამსით, X საუკუნეში გაუჩინარდა და ამჟამად „ფარულ“ მდგომარეობაშია. ის მესიის მსგავსად უნდა დაბრუნდეს განკითხვის დღეს და სამართლიანობა უნდა დაამყაროს ქვეყანაზე.

ამჟამად სუნიტები შეადგენენ მსოფლიოს მუსლიმების 80 %-ს. შიიტები აბსოლუტური უმრავლესობაა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და აზერბაიჯანში.

შიიზმის როგორც ირანის ოფიციალურ რელიგიად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სეფავიდების დინასტიას. ამჟამად შიიზმს ირანის მოსახლეობის 90 % და აზერბაიჯანის მოსახლეობის 85 % აღიარებს, როგორც მთავარ რელიგიად. ირანის და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გავრცელებულია აგრეთვე ისლამის მეორე რელიგია სუნიზმიც.

სეფიანთა იმპერია 1512 წელს.
შაჰ ისმაილ I-ის დროინდელი სეფიანელთა იმპერია.

XV საუკუნის ირანში შეინიშნებოდა მსხვილი მიწათმფლობელობის და ფეოდალური დაქუცმაცების ზრდა. განსაკუთრებით გაძლიერდა სეფიანების საგვარეულო. სეფიანთა დინასტია აზერბაიჯანული[3] წარმომავლობის იყო. თავდაპირველად სეფიანელების გამგებლობის ქვეშ იყო აზერბაიჯანის გარკვეული ნაწილი და ქურთისტანი[4]. სეფიანელები შიიტური ისლამის აღმსარებლები იყვნენ. შიიზმის იდეოლოგიაზე დაყრდნობით სეფიანები არაერთხელ გამოვიდნენ თეთრბატკნიანთა წინააღმდეგ. 1499 წელს სეფიანებმა დაამარცხეს თეთრბატკნიანთა სახელმწიფო. სეფიანების მეთაურმა ისმაილ I-მა დაიპყრო მთელი სამხრეთი აზერბაიჯანი თავრიზითურთ და თავი შაჰად გამოაცხადა. სეფიანებმა 1501-1510 წლებს შორის დაიპყრეს მთელი ირანი. ასე ჩაეყარა საფუძველი სეფიანთა იმპერიას. სეფიანთა დედაქალაქად გამოცხადდა თავრიზი. 1548 წელს დედაქალაქი გადაიტანეს ყაზვინში. ისმაილის დროს დაიწყო ხანგრძლივი ომები ომალეთთან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. ირან-ოსმალეთის 1532-1555 წლების ომი დასრულდა ამასიის ზავით, რომლითაც ამ ორმა იმპერიამ სადავო ტერიტორიები გაიყო. ისმაილის მმართველობის დროს სეფიანთა იმპერიის საზღვრები ავღანეთამდე იყო გადაჭიმული, სამხრეთით კი იმპერიის საზღვრები ერაყს მიუახლოვდა. ისმაილის გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰი გახდა შაჰ თამაზ I. მისი მმართველობის დროს ყიზილბაშებმა ოთხჯერ დალაშქრეს ქართლის სამეფო და სამცხე-საათაბაგო. შაჰ თამაზის მმართველობის ბოლოს ქვეყანას გადაუარა შავი ჭირის ეპიდემიამ. აღმოსავლეთიდან ირანს გამუდმებით თავს ესხმოდნენ უზბეკი ხანები. სეფიანთა იმპერიაში მძიმე იყო ფეოდალური ექსპლუატაცია, რამაც გამოწვია აჯანყებები გილანში 1570-1571 წლებში, ქალაქს ღარიბების და ხელოსნების აჯანყება თავრიზში 1571-1573 წლებში. ეს აჯანყებები ჩაახშეს. 1576-1587 წლებში სეფიანთა ირანი მოიცვა შინააშლლლობებმა და შფოთმა. შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთმა ირანს წაართვა დასავლეთი ტერიტორიები და სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ. უზბეკმა ხანებმა შეტევები განაახლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში ყიზილბაში დიდებულების ერთმა ნაწილმა ირანის ტახტზე აიყვანა შაჰ თამაზის შვილიშვილი, 16 წლის აბას I.

სეფიანელების ირანი გაძლიერდა აბას I-ის მმართველობის დროს. სწორედ ამ პერიოდში გახდა შიიტური რელიგია ირანის ოფიციალური რელიგია.

შაჰ აბას I, საფავიდების ლხინი
სასახლის ჭერის ფრესკა; ჩიილ სოტუნი; ისფაჰანი

აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან 1578-1590 წლების ომში მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I-მა ოსმალეთთან დადო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ის შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. აბას I ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ე. წ. ახალი არისტოკრატია ქართველები, სომხები, ჩერქეზები. 1598 წლეს აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან გადაიტანა ისპაანში, რომლის ტარუღა 1618-დან 1722 წლამდე თითქმის ყოველთვის ქართველი იყო.

სამხედრო სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად, რაშიც ინგლისელი კონსულებიც უწევდნენ დახმარებას, შაჰ აბასმა შესძლო ახალი ტიპის არმიის შექმნა. ის წარმატებით უპირისპირდებოდა უზბეკებს აღმოსავლეთით და ოსმალებს დასავლეთით. 1623-1639 წლების ირან-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა მესოპოტამიის, ქურთისტანის და კავკასიის გამო. შაჰ აბასმა რამდენჯერმე ილაშქრა ქართლ-კახეთში და დააბრუნა ეს მხარეები ირანის გავლენაში. შაჰ აბასმა შეძლო პორტუგალიელების განდევნა ბაჰრეინიდან 1602 წელს, გააფართოვა სავაჭრო კავშირები ინგლისთან და ინდოეთთან.

XVII საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო სეფიანთა ირანის ეკონომიკური დასუსტება. თანდათანობით დაეცა სოფლის მეურნეობა, შემცირდა საშინაო ბაზარი, სასაქონლო წარმოება და ვაჭრობა, გამწვავდა კლასობრივი წინააღმდეგობა. მომთაბარეები სისტემატიურად არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებს და ქალაქებს. ანადგურებდნენ მოსახლეობას. ირანის ხელისუფლება ვერ ახერხებდა სახელმწიფოს დაწევრიანების მომხრე ფეოდალების ალაგმას. ფეოდალური ირანის შინაგანი სისუსტე გამოვლინდა სეფიანელთა დინასტიის ყველაზე ძლიერი შაჰის სიკვდილის შემდეგ. სეფიანელთა დინასტიის უკანასკნელი უნიჭო შაჰები არ ცდილობდნენ ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოყვანას. გაფართოვდა დაპყრობილი ხალხების ბრძოლა სეფიანთა წინააღმდეგ. გამწვავდა წინააღმდეგობა შიიტურ სამღვდელოებასა და საერო ფეოდალებს შორის მიწების საკუთრების გამო. შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს ავღანელმა ღილზებმა და თავიდან მოიშორეს სეფიანელთა უღელი. 1722-1723 წლებში მათ დაიპყრეს ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე პერიოდში ირანის წინააღმდეგ ომს აწარმოებდა ოსმალეთიც, რომელმაც 1723 წელს დაიკავა ირანის ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური ოლქები. აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც ირანი საკუთრად მიიჩნევდა, დამყარდა ოსმალობა. ირანის წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია რუსეთის იმპერიამაც. 1722-1723 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-სპარსეთის ომი. რუსეთის იმპერატორს პეტრე I-ს მიზნად დასახული ჰქონდა კასპიის ზღვის აღმოსავლეთი და დასავლეთ ტერიტორიების დაპყრობა. ასეთ მძიმე ვითარებაში დაეცა სეფიანთა დინასტია.

ნადირ შაჰი და მისი მემკვიდრეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნადირ შაჰი

ირანში ავღანელთა საწინააღმდეგო მოძრაობას 1772 წელს სათავეში ჩაუდგა აფშარიდების დინასტიის წარმომადგენელი ნადირ-შაჰი. 1730-1736 წლებში ის ხელმძღვანელობდა ოსმალების განდევნას ირანიდან. 1736 წელს ომში დამარცხებულმა ოსმალეთის იმპერიამ ირანის ახალ შაჰად ცნო ნადირ-შაჰი. ირანმა დაიბრუნა ყველა ის ტერიტორია, რომელიც დაკარგა 1723 წელს. რუსეთმა ნებაყოფლობით დაუბრუნა ირანს პეტრე დიდის დროს დაკავებული ირანული მიწები. 1735-1745 წლებში ნადირ-შაჰმა ქართლის სამეფოში დაამყარა ყიზილბაშობა. 1737—1738 წლებში ნადირ-შაჰმა დალაშქრა ჩრდილოეთ ინდოეთი, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი. ნადირ-შაჰმა მრავალრიცხოვანი დაპყრობების შედეგად შექმნა უზარმაზარი ფეოდალური სახელმწიფო 1747 წელს ნადირ შაჰმა მთელ ირანს აუტანელი გადასახადები დააკისრა. ეს ღონისძიება მისთვის საბედისერო აღმოჩნდა. იმავე წელს ნადირ შაჰი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მის მიერ შექმნილი სახელმწიფო დაინგრა.

ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ ირანი კვლავ არეულობისა და ქაოსის წლებში დაბრუნდა, სადაც ერთმანეთთან გამუდმებული ბრძოლა ჰქონდათ სხვადასხვა ტომებს. ფეოდალური შინააშლილობა გაგრძელდა XVIII საუკუნის შუბოლომდე. გამონაკლისს წარმოადგენდა ზენდების ირანული ტომის ბელადის, ქერიმ-ხანის მმართველობის დრო 1760-1779 წლები. ქერიმ-ხანმა თავდაპირველად სამხრეთ ირანი, შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიმორჩილა. ქერიმ-ხანის მმართველობის დროს ირანში დროებითი სიმშვიდე ჩამოვარდა. იგი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ხელოსნობის აღდგენას ცდილობდა. 1779 წელს ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ირანი 15 წლიანმა ქაოსმა მოიცვა.

ყაჯარების დინასტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ზენდებისა ყაჯარების დაპირისპირებაში გაიმარჯვეს ჩრდილო ირანელმა ყაჯარებმა და ირანში გაბატონდა ჯაყარების დინასტია. 1794 წელს ყაჯარების თავკაცმა, ჭკვიანმა და ენერგიულმა, მაგრამ ვერაგმა და შეუბრალებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ზენდების წინააღმდეგობას ბოლო მოუღო. 1795 წელს მან გაიმარჯვა ერეკლე II–სთან კრწანისის ბრძოლაში, დალაშქრა და დაარბია თბილისი. ამიერკავკასიაში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ აღა-მაჰმად ხანი თეირანში საზეიმოდ ეკურთხა შაჰად. მან მანამდე უცნობი და უმნიშვნელო დასახლებული პუნქტი თეირანი დედაქალაქად გამოაცხადა. 1797 წელს აღა მაჰმად ხანი მცველებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. აღა მაჰმად ხანის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმისშვილი ბაბა-ხანი.

XIX საუკუნეში დასუსტებული ფეოდალური ირანი სხვა სახელმწიფოების კოლონუიური ექსპანსიის ობიექტად იქცა. ირანი იძულებული იყო დაედო მისთვის წამგებიანი ხელშეკრულებები მასზე ძლიერ სახელმწიფოებთან. ბაბა-ხანი 1804-1813 წლებში რუსეთს ეომებოდა. ამ ომში ირანი დამარცხდა. 1813 წელს დაიდო გულისტანის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც ირანმა ცნო კავკასიაში რუსეთის გაბატონება. 1814 წელს ირანმა ხელშეკრულება დადო ინგლისთან 1856 წელს კი აშშ–სთან.

1826 წელს ყაჯარებმა ჩათვალეს რომ ირანის არმია საკმარისად ძლიერი იყო რუსეთთან ომისთვის და ირანმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ომის დასაწყისში ირანმა განჯა დაიკავა, მაგრამ კონტრშეტევაზე გადასულმა რუსეთის ჯარმა აიღო ერევანი და თავრიზი. 1828 წლის ზავით ირანმა საბოლოოდ თქვა უარი კავკასიაზე. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ირანში საელჩო გახსნა. ელჩის, ალექსანდრე გრიბოედოვის ქმედებებით უკმაყოფილო ირანელები 1829 წელს შეიჭრნენ რუსეთის საელჩოში, დაარბიეს ის და ამოხოცეს რუსები, მათ შორის მოკლეს გრიბოედოვი. 1848-1858 წლებში მიმდინარეობდა ბაბიდების აჯანყებები.

ირანის რუკა, ყაჯართა მმართველობის დროს.

ყაჯარებმა ისარგებლეს ყირიმის ომით და 1856 წელს მოაწყვეს ლაშქრობა ავღანეთის ქალაქ ჰერათზე. ყირიმის ომის დამთავრებისთანავე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰერაეთთან დაკავშირებით შეუალი პოზიცია დაიკავა. ინგლისმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ომი გამოუცხადა. ინგლისმა თავისი ფლოტი სპარსეთის ყურეში შეიყვანა და დესანტი გადასხა ირანის სამხრეთით. 1856-1857 წლების ინგლის-სპარსეთის ომი პარიზის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ირანს გაჰყავდა თავისი ჯარი ჰერათიდან, ხოლო ინგლისი ტოვებდა დესანტს სამხრეთ ირანში.

ირანში გაბატონებული მიწის მესაკუთრეები, მულქადარები ცდილობდნენ უცხოური კაპიტალის შეზღუდვას ქვეყანაში. ამავე მიზნებს ემსახურებოდა მირზა თაყი-ხანის რეფორმები, მაგრამ ინგლისის მხრიდან წინააღმდეგობის გამო ამ რეფორმებს შედგი არ მოჰყოლია. XIX საუკუნეში გრძელდებოდა ინგლისისა და რუსეთის მიერ ირანის ეკონომიკური დამორჩილება. ინგლისის და რუსეთის კომპანიებმა მიიღეს ტელეგრაფის, საგზაო და მთელი რიგი სხვა კონცესიები. საუკუნის მიწურულს ირანში აღმოცენება იწყო ფარულმა პატრიოტულმა ორგანიზაციებმა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა უცხოელების წინააღმდეგ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა ინგლისის, შაჰინშაჰის (1899 წელს) და რუსეთის გამსესხებელი (1890) ბანკები. 1901 წელს ინგლისმა მიიღო ირანის ნავთობის ექსპლუატაციის კონცესია. ირანმა რუსეთისა და ინგლისისგან კაბალური პირობებით აიღო სესხი. XIX საუკუნის ბოლოსთვის ირანი გადაქცეული იყო ნახევარკოლონიურ ქვეყნად.

XIX საუკუნის დროს დაიწყო სპარსელების და აზერბაიჯანელების ერებად ჩამოყალიბების პროცესი, იზრდებოდა ეროვნული თვითშეგნება, ძლიერდებოდა ნაციონალიზმის იდეები. ანტიიმპერიული და ანტიფეოდალური წინააღმდეგობები საბოლოოდ აისახა 1905 წლის ირანის რევოლუციაში. ჯარმა უარი თქვა მიტინგების დარბევაზე. შაჰი იძულებილი გახდა მოეწვია პირველი მეჯლისი, რომელმაც შაჰის ძალაუფლება შეზღუდა. 1907 წელს ინგლისმა და რუსეთმა ირანი გაიყვეს ინგლისის და რუსეთის გავლენის სფეროებად და ნეიტრალურ ზონად. 1908 წელს ირანის აზერბაიჯანის მთავარ ქალაქ თავრიზში დაიწყო შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები. მათ მთავრობის ჯარები განდევნეს, რასაც მოყვა რუსეთის კონტრევოლუციური ინტერვენცია. შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები მთელ რიგ ქალაქებს და პროვინციებს მოედო. 1909 წელს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი თეირანი, დაამხეს მოჰამედ ალ შაჰის ხელისუფლება და აღადგინეს კონსტიტუცია. ირანის რევოლუციის დასამარცხებლად ინგლისი და რუსეთი საკუთარ ჯარებს არაერთხელ იყენებდნენ და საბოლოოდ ჩაახშვეს 1911 წელს. ირანში ანტიინგლისური და ანტირუსული განწყობებით სარგებლობას ცდილობდა გერმანიის იმპერია. ირანში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ასევე ცდილობდა აშშ, რომელმაც 1911 წელს ირანში გაგზავნა მისია მ. შუსტერის ხელმძღვანელობით.

პირველი მსოფლიო ომის დროს ირანის ტერიტორია გადაიქცა საომარი მოქმედებების ასპარეზად. 1915 წლის მარტში ინგლისმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს საიდნუმლო შეთანხმებას ირანის ნეიტრალური ტერიტორიის გაყოფის შესახებ. ომის ბოლოსთვის ჩრდილოეთ ირანი ისპაჰანამდე დაკავებული ჰქონდა რუსეთს, ხოლო სამხრეთი ინგლისს. 1918 წელს ირანიდან გავიდა რუსეთის ჯარი, მთელი ირანი დაიკავა ინგლისმა. ინგლისის კონტროლქვეშ შეიქმნა ვოსუყ ალ-დოულეს მთავრობა. 1920-1925 წლებში ირანში ეწყობოდა ანტოკოლონიური აჯანყებები.

ფეჰლევიანთა დინასტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელის 21 თებერვალს სპარსელმა კაზაკებმა ვიცე-პოლკოვნიკ რეზა ფეჰლევი სარდლობით დაიწყეს სამხედრო გადატრიალება. 1921 წლის 26 თებერვალს მოსკოვში ხელი მოეწერა ირანის და საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებით რუსეთს საშუალება ეძლეოდა ირანის ტერიტორიაზე შეეყვანა თავისი ჯარები და განეხორციელებინა საჭირო მოქმედებები, თუ მესამე ქვეყანა შეეცდებოდა ირანის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. 1923 წელს ყაჯართა დინასტიის უკანასკნელმა შაჰმა აჰმედმა რეზა ფეჰლევი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 1925 წლის 31 ოქტომბერს მეჯლისმა ყაჯართა დინასტია დამხობილად გამოაცხადა, ხოლო 12 დეკემბერს რეზა ფეჰლევი შაჰის ტახტზე აიყვანა. 1935 წელს რეზა ფეჰლევმა მოითხოვა, რომ უცხო ქვეყნებს ოფიციალურად გამოეყენებინათ სახელმწიფოს თვითდასახელება ირანი, მანამდე გამოყენებული სპარსეთის ნაცვლად.

ირანში დამყარდა შაჰის დიქტატურა, იდევნებოდა ოპოზიციური მოძრაობა, შაჰმა ულმობლად ჩაახშო ყველა აჯანყება. ამავდროულად შაჰი შეეცადა დაეცვა ქვეყნის ეკონომიკა. დაიწყო რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან სპარსეთის ყურე და კასპიის ზღვა. ჩატარდა რეფორმები განათლების სფეროში, რის შედეგადაც შეიქმნა უფასო დაწყებითი და ფასიანი საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები, განხორციელდა ცვლილებები კულტურისა და ყოფის სფეროში. 1927 წელს დაიდო ირანის და სსრკ–ის ხელშეკრულება. ირანმა განამტკიცა კავშირი ინგლისთან. 1937 წელს შევიდა საადაბადის პაქტში.

1930-იან წლებში ირანი დაუახლოვდა მესამე რაიხს. რეზა ფეჰლევმა მეორე მსოფლიო ომის დროს უარი უთხრა დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ს მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც 1941 წელს მოკავშირეები შეიჭრნენ ირანში. 1941 წლის 16 სექტემბერს რეზა ფეჰლევი იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო. ის გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშთი ირანში გადაიტანა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა. 1942 წლის 29 იანვარს ირანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ინგლისთან და საბჭოთა კავშირთან. იმავე წელს ირანში შევიდნენ აშშ-ის ჯარის ნაწილებიც. აშშ-მ კონტროლი დააწესა სამხრეთ ირანის პორტებზე, რკინიგზებზე და გზებზე.

ომის დასრულების შემდეგ მოკავშირეებმა გაიყვანეს ჯარები ირანიდან. აშშ-სა და ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმაც გაიყვანა ჯარები აღმოსავლეთ აზერბაიჯანიდან და ქურთისტანიდან. ცივი ომის დაწყების დროიდან გაძლიერდა ირანის შიდა საქმეებში აშშ-ის და ინგლისის ჩარევა. ამ ორ ქვეყანას შორის ქიშპობა აშშ-ის გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით მწვავედ მიდიოდა ბრძოლები სამხრეთ ირანის ნავთობისთვის, რომლის ექსპლუატაცია მთლიანად ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ხელში იყო. ეს კომპანია უდიდეს სიმდიდრეს ფლობდა, მისი საკონცესიო ტერიტორია თითქმის 260 ათას კვადრატულ კილომეტრს უდრიდა. აქ 300-ზე მეტი ნავთობის ჭაბურღილი იდგა. კომპანიას აგრეთვე ეკუთვნოდა ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხნებიც. ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის მოთხოვნამ მთელი ქვეყანა მოიცვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1948 წელს დაიწყო გამოსვლები ინგლის-ირანის ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობამ მკაცრი რეპრესიებით უპასუხა. 1949 წელს გადაისინჯა ირანის კონსტიტუცია. გაფართოვდა შაჰის უფლებები და შეიზღუდა ხალხის კონსტიტუციური უფლებები, მოწვეულ იქნა სენატი. 1950-1951 წლებში კვლავ გაიშალა ინგლის-ირანის ნავთობკომპანიის საწინააღმდეგო მოძრაობა. 1951 წელს მთავრობას სათავეში ჩაუდგა ეროვნული ფრონტის ლიდერი მოსადეყი. 1951 წელს ირანის მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ. ამ ყველაფერს ნავთობის მომპოვებელი დიდი კომპანიების ბოიკოტი მოჰყვა. ირანის მთავრობამ ნავთობსარეწებიდან მთლიანად განდევნა ბრიტანელები. 1952 წელს მოსადეყის მთავრობამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ინგლისთან და ქვეყნიდან გააძევა ყველა ინგლისელი.

1953 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა ეროვნული ფრონტის მთავრობა. პრემიერ-მინისტრი გახდა გადატრიალების ხელმძღვანელი გენერალი ზაჰედი. 1953 წლის დეკემბერში აღდგა ურთიერთობები ინგლისთან. 1954 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ირანის მთავრობასა და ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმს შორის, რომლითაც გაიზარდა ირანის დამოკიდებულება უცხოურ სახელმწიფოებზე. ახალმა მთავრობამ ნავთობი 25 წლის ვადით საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა, რომელშიც მთავარ როლს ამერიკული კომპანიები და ინგლის-ირანული კომპანიები თამაშობდნენ. 1955 წელს ირანი შევიდა ბაღდადის პაქტში. 1955 წელს დამტკიცდა კანონი ირანში უცხოური კაპიტალის მოზიდვის შესახებ, გაიცა ახალი კონცესიები. 1959 წელს ირანმა ხელი მოაწერა სამხედრო ხელშეკრულებას აშშ-სთან.

1960-1961 წლებში ფართოდ გაიშალა წინააღმდეგობის მოძრაობა. საქმიანობა განაახლა ეროვნულმა ფრონტმა. მის მოთხოვნებს შორის იყო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, საერთაშორისო კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულების გადახედვა, მეჯლისის საყოველთაო არჩევნების ჩატარება, სოციალური რეფორმების გატარება. საპასუხოდ მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა სოციალ-ეკონომიკური რეფორმების გატარება. ირანი ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა იყო. შაჰმა მხარი დაუჭირა წარმოების ზრდას, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის ზრდას. 1963 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა შაჰის ახალ რეფორმებს, რომელსაც თეთრი რევოლუცია ეწოდა. თეთრი რევოლუციის მთავარი რეფორმა იყო მიწის კანონი, რომელიც შლიდა ფეოდალიზმის ნაშთებს. 1975 წელს ირანი გახდა გაეროს განიარაღების კომიტეტის წევრი. იმავე წლის თებერვალში მოხდა მთავრობის რეორგანიზაცია, შემოიღეს ქალთა მთავრობის მინისტრის პოსტი.

1975 წელს შემოღებულ იქნა ერთპარტიული სისტემა. ირანის მთავრობა სულ უფრო ატარებდა აშშ-ის ინტერესებს. „თეთრი რევოლუციის“ რეფორმებს დაუპირისპირდნენ ულიმები, შიიტი სამღვდელოების პირები, რომლებმაც ეს რეფორმები ისლამური პრინციპების შელახვად და საერთოდ ისლამზე პირდაპირ შეტევად აღიქვეს. შაჰის რეფორმამ ვერ გადაჭრა ქვეყანაში პრობლემები. სურსათი ისევ არ კმაროდა ვინაიდან მოსახლეობის ზრდის ტემპები უსწრებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტემპს. ირანი ვერ გადაიქცა ინდუსტრიულ ქვეყნად. ვერ უშველა ქვეყანას ნავთობის ბუმმა, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა. ქვეყნის შემოსავლები ისევ შემცირდა, სამხედრო ხარჯები კი გაიზარდა. ამას მოჰყვა ინფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების პირობის გაუარესება. ასეთმა მძიმე ვითარებამ გამოიწვია შაჰის ხელისუფლების პოზიციის შესუსტება და მისდამი დაპირისპირებული შიიტი სამღვდელოების გაძლიერება. ირანში გაზრდილმა საპროტესტო მოქმედებებმა შაჰის ხელისუფლება აქცია ავტორიტარულ დიქტატურად. მოსახლეობას აღიზიანებდა შაჰის კარზე არსებული ფუფუნეება, კორუფციის მაღალი დონე. მოსახლეობაში იზრდებოდა ანტიდასავლური განწყობაც. 1978 წელს ირანში დაიწყო დიდი საპროტესტო გამოსვლები, რასაც შაჰის ხელისუფლების დასასრული მოჰყვა 1979 წლის 11 თებერვალს.

ირანის რევოლუცია და ისლამური რესპუბლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხომეინის დაბრუნება ირანში.

ქვეყნის მძიმე მდგომარეობის გამო მოსახლეობაში კიდევ უფრო გაიზარდა სრული ისლამიზაციის მომხრე სასულიერო პირების გავლენა. მათმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა გააკეთა მოწოდება ჭეშმარიტი ისლამური წყობის დამყარების შესახებ. ოპოზიციას შეუერთდა დასავლური ორიენტაციის ინტელიგენცია. ამის მიუხედავად დასავლეთს შაჰის ხელისუფლება სტაბილურად მიაჩნდა და ისინი შაჰის ხელისუფლებას უახლესი იარაღით ამარაგებდნენ. დასავლეთისთვის შაჰის ხელისუფლება ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო.

1978 წლის დასაწყისში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ქალაქ ყუმში. სექტემბერში ქვეყანა მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. 8 სექტემბერს დედაქალაქსა და სხვა 11 ქალაქში სამხედრო წესები გამოცხადდა. დაიწყო დემონსტარანტების შეტაკებები არმიასა და პოლიციასთან. 1979 წლის იანვარში შაჰმა განახორციელა ცვლილებები მთავრობაში და პრემიერ-მინისტრად დანიშნა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. შაჰს ვერ უშველა მთავრობის შეცვლამ. 16 იანვარს ის გაიქცა ქვეყნიდან. 1 თებერვალს საფრანგეთიდან ირანში დაბრუნდა რუჰოლა ხომეინი, რომლის მხარესაც არმია გადავიდა. ხომეინმა ირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. 30-31 მარტს გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ხალხმა მხარი დაუჭირა რესპუბლიკის შემოღებას. 1979 წლის 1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი გახდა აიათოლა ხომეინი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, პირბადეს (ჩადრს) და ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობას.

ქვეყნის საგარეიო პოლიტიკის ლოზუნგი გახდა „არც აღმოსავლეთი არც დასავლეთი“. ირანელების მტრად გამოცხადდა შაჰთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის საელჩოს 52 თანამშრომელი რადიკალურმა მუსლიმმა სტუდენტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები 15 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ირანმა აგრეთვე მტრად გამოაცხადა საბჭოთა კავშირიც.

ხომეინი ყველა ისლამურ ქვეყანას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. რამაც ირანის მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა. განსაკუთრებით გართულდა ირან-ერაყის ურთიერთობები, რაც 1980 წელს ომში გადაიზარდა. ეს ომი ორივე მხარისათვის ძალზედ სისხლიანი იყო, დაღუპა ნახევარი მილიონი ადამიანი. ეს ომი დასრულდა 1988 წელს გაეროს უშუალო შუამავლობით. საზავო ხელშეკრულება 1990 წელს დაიდო. ისლამიზაციამ ქვეყნის ეკონომიკას მაინც ვერ უშველა. 1989 წელს გარდაიცვალა ხომეინი, მოგვარდა ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან.

ისტორიული პერიოდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეფიანთა იმპერიახვარაზმიალავიდებიაკ ყოინლუსელჩუკთა სახელმწიფოფეჰლევიანთა დინასტიაყარა-ყოიუნლუღაზნევიდების სახელმწიფოირანითემურიდების იმპერიაბუიდების დინასტიაკარტიდებისემენიდების დინასტიაყაჯარების დინასტიაჯალიარდების დინატიაზიარიდების დინასტიამანაზეიენდეჰების კულტურააფშარიდების დინასტიამუზაფარიდების დინასტიათაჰრიდების დინასტიაპართიის სამეფომიდიის სამეფოარეტეპროტო-ელამიილხანატიარაბების მიერ ირანის დაპყრობააქემენიდების იმპერიაჯიროფტების სამეფოზენდების დინასტიამონღოლებისაფარიდების დინასტიასასანიდებისელევკიდების იმპერიაელამი
  • კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 207-210.
  • კიკნაძე ო., „ირანი“, თბილისი, 1979
  • შენგელია ლ., „ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს“, თბილისი, 1973
  • შარაშენიძე ზ., „ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში“, თბილისი, 1970
  • გაბაშვილი ვ., „შუასაუკუნეების ახლოაღმოსავლური ქალაქი“ // კრებული: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან, ტ. 2, თბილისი, 1970
  • კუცია კ., „სეფიანთა ირანის ქალაქები და საქალაქო ცხოვრება, ვაჭრობა, საქალაქო გადასახადები“, თბილისი, 1966
  • გაბაშვილი ვ., „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან“, თბილისი, 1957
  • Abrahamian, Ervand (2008). A History of Modern Iran. Cambridge University Press. ISBN 0521821398. 
  • Cambridge University Press (1968–1991). Cambridge History of Iran, (8 vols.). Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521451485. 
  • Daniel, Elton L. (2000). The History of Iran. Westport, CT: Greenwood. ISBN 0313361002. 
  • Del Guidice, Marguerite (August, 2008). „Persia - Ancient soul of Iran“. National Geographic. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |day= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  • Olmstead, Albert T. E. (1948). The History of the Persian Empire: Achaemenid Period. Chicago: University of Chicago Press. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Iran. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-13. ციტირების თარიღი: 2009-10-18.
  2. Islamic Conquest
  3. Encyclopaedia Iranica. R. N. Frye. Peoples of Iran.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-15. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  4. R.M. Savory. Ebn Bazzaz. Encyclopedia Iranica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-29. ციტირების თარიღი: 2009-10-20.