შინაარსზე გადასვლა

ირანის დაპყრობა არაბების მიერ

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანის დაპყრობა არაბების მიერ
არაბების დაპყრობების ნაწილი

ირანისა და მისი მოსაზღვრე ტერიტორიების რუკა არაბთა დაპყრობების დასაწყისში
თარიღი 633-654[1]
მდებარეობა შუამდინარეთი, კავკასია, ირანი და ხორასანი
შედეგი არაბთა სახალიფოს გადამწყვეტი გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
სასანიანთა იმპერიის დაცემა
რამდენიმე დინასტიის აღზევება ტაბარისტანში
მხარეები
სასანიანთა იმპერია არაბთა სახალიფო
ირანის დაპყრობა არაბების მიერ ვიკისაწყობში

ირანის დაპყრობამ არაბთა მიერ წერტილი დაუსვა სასანიანთა იმპერიის არსებობას 651 წელს და გამოიწვია ზოროასტრიზმის თანდათანობითი დაკნინება ქვეყანაში.

მუსლიმთა აღზევება დაემთხვა სასანიდურ ირანში მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო პრობლემების არსებობას. სასანიანთა ირანს, რომელიც ერთ დროს მსოფლიო დონის ძალა იყო, ბიზანტიის იმპერიასთან ათწლეულების განმავლობაში წარმოებული ომების გამო, ამ დროისათვის ამოწურული ჰქონდა თავისი ადამიანური და მატერიალური რესურსები. 628 წლის 28 თებერვალს შაჰ ხოსრო II-ის მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის საშინაო პოლიტიკური მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. მკვლელობიდან ოთხი წლის განმავლობაში ტახტზე ასვლის პრეტენზია ათმა კანდიდატმა გამოთქვა. ეს გარემოება ხაზს უსვამს ირანის შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას ქვეყანაში მუსლიმთა შეჭრამდე.[2]

სასანიანთა ტერიტორიებს არაბი მუსლიმები პირველად 633 წელს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ხალიდ იბნ ალ-ვალიდის სარდლობით შეიჭრნენ შუამდინარეთში (სასანიანთა პროვინცია ასურისტანი, დღევანდელი ერაყი), რომელიც სასანიანთა სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო.[3] მას შემდეგ, რაც ხალიდი ბიზანტიელებთან საბრძოლველად გადაიყვანეს ლევანტში, არაბებმა სასანიდების კონტრშეტევების შედეგად დაპყრობილი მიწები დაკარგეს. მათი ირანის წინააღმდეგ მეორე შეტევა 636 წელს, საად იბნ აბი ვაკასის მეთაურობით დაიწყეს და კადისიის ბრძოლაში მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ, სასანიანთა კონტროლს სამუდამოდ ჩამოაშორეს დასავლეთი ირანი. ამის შემდეგ ხალიფატსა და სასანიანთა იმპერიას შორის ბუნებრივ ბარიერად ზაგროსის მთიანეთი იქცა. ამ ტერიტორიებზე ირანელთა გამუდმებული თავდასხმების გამო, ხალიფა უმარმა 642 წელს სასანიანებზე სრულმასშტაბიანი შეტევის ბრძანება გასცა, რაც 651 წლისათვის ირანის მთლიანად დაპყრობით დასრულდა. მედინიდან გაცემული განკარგულებებით ათას კილომეტრზე მეტად დაშორებულ ბრძოლის ხაზზე ხალიფა ომარის მიერ ირანის სწრაფი დაპყრობა კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული ბრძოლების სერიაში, მისთვის დიდ ტრიუმფად იქცა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისი, როგორც სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგის რეპუტაციის ჩამოყალიბებაში.[2]

ირანელი ისტორიკოსები იცვენ თავიანთ წინაპრებს არაბულ წყაროებთან თანხვედრაში და აღნიშნავენ, რომ „ზოგიერთი ირანელი ისტორიკოსის მტკიცებების საწინააღმდეგოდ, ირანელებმა, რეალურად, დიდხანს და მედგრად იბრძოლეს დამპყრობელი არაბების წინააღმდეგ.“[4] 651 წლისათვის ირანის მიწების საქალაქო ცენტრების უმეტესობა კასპიური პროვინციებისა (ტაბარისტანი) და მავერანაჰრის გამოკლებით, არაბული არმიების მბრძანებლობის ქვეშ მოექცა. დამპყრობელთა წინააღმდეგ მრავალმა ადგილობრივმა იბრძოლა, თუმცა წარმატების მიღწევა ვერავინ შეძლო. ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ არაბებმა ქვეყნის უმეტეს ნაწილზე ჰეგემონია დაამყარეს, მრავალ ქალაქში დაიწყო აჯანყება, რომელთა დროსაც ამოხოცეს არაბი მმართველები და თავს დაესხნენ გარნიზონებს. საბოლოოდ, დამხმარე სამხედრო ძალებმა ჩაახშეს ამბოხებები და დაამკვიდრეს ისლამური კონტროლი. ბუხარის ძალადობრივი დამორჩილება მნიშვნელოვანი მომენტია: ირანის ისლამიზაცია იყო თანდათანობითი პროცესი, რაც გარკვეულწილად, ძალადობრივი წინააღმდეგობით იყო განპირობებული. თუმცაღა ზოროასტრიზმის წმინდა წიგნები დაწვეს, მრავალი ქურუმი კი სიკვდილით დასაჯეს.[5] მიუხედავად ამისა, სპარსელებმა შეძლეს სპარსული ენისა და კულტურის შენარჩუნებით საკუთარი ეთნიკური იდენტობის გადარჩენა, თუმცა მუქარისა და იძულების, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებისა და უბრალოდ რწმენის გამო, ისლამი ბევრმა აღიარა და გვიანდელ შუა საკუნეებში ირანში დომინანტ რელიგიად იქცა.[6][7][8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pourshariati (2008), გვ. 469
  2. 2.0 2.1 The Muslim Conquest of Persia By A.I. Akram. Ch: 1 ISBN 978-0-19-597713-4
  3. Between Memory and Desire. google.nl.
  4. Milani A. Lost Wisdom. 2004 ISBN 978-0-934211-90-1 p.15
  5. (Balāḏori, Fotuḥ, p. 421; Biruni, Āṯār, p. 35)
  6. Mohammad Mohammadi Malayeri, Tarikh-i Farhang-i Iran (Iran's Cultural History). 4 volumes. Tehran. 1982.
  7. ʻAbd al-Ḥusayn Zarrīnʹkūb [1379] (2000). Dū qarn-i sukūt : sarguz̲asht-i ḥavādis̲ va awz̤āʻ-i tārīkhī dar dū qarn-i avval-i Islām (Two Centuries of Silence). Tihrān: Sukhan. OCLC 46632917. 
  8. ʻAbdolhossein Zarrinkoob (2016). Two Centuries of Silence) translated by Avid Kamgar, 1st ed. 2016, Bloomington, USA: AuthorHouse.. ISBN 978-1-52462-253-4.